მთავარი,სიახლეები

დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა

15.12.2016
დავით თარხან-მოურავს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსი შეუწყდა

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, „პატრიოტთა ალიანსის“  ლიდერს, დავით თარხან-მოურავს  უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა.

გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა 16 ხმით მიიღეს. კენჭისყრისას წინააღმდეგი მხოლოდ ორი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე და გია აბულაძე აღმოჩდნენ. საკითხი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარადგინა.

მისი განმარტებით, „დავით თარხან-მოურავმა უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი განცხადებით უსკო-ს 28 ნოემბერს მიმართა.  მისი ანალოგიური განცხადება, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში შემოვიდა, 30 ნოემბრით თარიღდება და ის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის სახელზეა“.

დავით თარხან-მოურავის ნაცვლად უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეორე ნომერი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი უნდა შევიდეს, თუმცა მისი უფლებამოსილების ცნობისთვის შესაბამისი წერილი [თარხან-მოურავის მონაცვლეობის შესახებ] უმაღლეს საბჭოში უსკომ უნდა წარადგინოს. უსკოს კი თავის მხრივ უმაღლესმა საბჭომ უნდა მიმართოს, რომ დავით თარხან-მოურავს უფლებამოსილება შეუწყდა.

უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ლევან ვარშალომიძემაც, რომელიც  უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო.  თუ ლევან ვარშალომიძე უარს იტყვის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე, პარტიული სიით საბჭოს წევრი ასმათ დიასამიძე უნდა გახდეს.

ნინო ჩხეტიას თქმით, ლევან ვარშალომიძეს შესაბამისი განცხადებით უმაღლესი საბჭოსთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.

15 დეკემბრის პლენარული სხდომით აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია დაიხურა. უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობისა თუ მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დასამტკიცებლად საგანგებო სხდომებზე შეიკრიბება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: