აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ცნობით, ბათუმში აქციაზე დაშავებულთა რაოდენობა ექვსია. უმრავლესობას აღენიშნება დაჟეჟილობა და დაზიანება, რაც, სასწრაფო სამედიცინო სადგურის განმარტებით,  გამოწვეულია დაცემით, ქვის მოხვედრითა და შეხლა-შემოხლით.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

სასწრაფო: აქციაზე დაშავებულია სამი ადამიანი

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ექიმებმა აქციაზე დაშავებული სამი ადამიანი გაიყვანეს, მათგან ორი აქციის მონაწილე და ერთი პოლიციელია, რომელსაც ქვა მოხვდა თავში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანას ქვები დაუშინეს

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს.

როგორ ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტები იტყობინებიან,  პოლიციამ ისინი გააფრთხილა, არ მიუახლოვდნენ შენობას, რადგან მოსალოდნელია შენობის მისამართით ქვების სროლა.

ბათუმში აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა პოლიციის შენობასთან მყოფი პოლიციის სპეციალური რაზმის მისამართით ქვები ისროლეს.

აქციის მონაწილეები მიმოიფატნენ, თუმცა მოკლე ხანში აქცია განახლდა და ამჟამადაც გრძელდება.

 

სახალხო დამცველის წარმომადგენელი: დაკავებულები ამბობენ, რომ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია

სახალხო დამცველის წარმოამდგენელი აჭარაში, ციალა ქათამიძე დღეს, 11 მარტს, აქციაზე დაკავებულებს შეხვდა.

ციალა ქათამიძის განცხადებით, დაკავებულების თქმით, მათ არა აქვთ პრეტენზია პოლიციის მიმართ. რაც შეეხება „პლაზასთან“ დაკავებულ პირს, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ როგორც დაკავებულმა აღნიშნა, მის მიმართ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია. სახალხო დამცველის წარმომადგენლის თქმით, გარეგნულად დაკავებულს არ აღენიშნება ძალადობის კვალი.

შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი მოხდა დღეს, 11 მარტს, „ბათუმი – პლაზასთან“, სადაც თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ აფთიაქთან გააჩერა მანქანა, პატრულმა ის დააჯარიმა და მოქალაქემ პატრულის მისამართით შეიგინა, პატრულის თანამშრომლებმა კი მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „წიხლებით შეტენეს მანქანაში“. 

ინცინდენტიდან მოკლე ხანში „პლაზასთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, სადაც გაისმა მოთხოვნები დაკავებულთა გათავისუფლების და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნით. აქციის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფროსი გორელია, იგი უნდა გადადგეს და „თათრებს“ ეძახის ადგილობრივ მოსახლეობას.

 

ბათუმში აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან სიტუაცია დაძაბულია, აქციის მონაწილეები დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „პლაზასთან“ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომის მოთხოვნითაც.

ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ პოლიციის მისამართით შეიგინა, რასაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.

აქცია „ბათუმი პლაზასთან“ მოკლე ხანში გახდა ხალხმრავალი და პარალელურად აქცია დაიწყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტთანაც.  ორივე აქციაზე სულ ექვსი ადამიანია დაკავებული.

დღეს აქციებზე გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც.

ამ დროისათვის აქცია ბათუმის „პლაზასთან“ აღარ მიმდინარეობს, თუმცა ხალხმრავალია აქცია პოლიციის დეპარტამენტთან. ლაივს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე. 

ამ წუთებში დაკავებულებს ხვდება აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე.

 

“პლაზასთან“ გზა გაიხსნა

ამ დროისათვის (22:00) ბათუმის „პლაზასთან“ გზა გადაკეტილი აღარ არის, პოლიციამ გზა გახსნა და დერეფანი გააკეთა. იკლო აქციის მონაწილეების რაოდენობამაც.

ბათუმის „საბაგირო გზასთან“ მობილიზებულია პოლიცია.

17201410_1638015159561237_1502731311536184819_n

„პლაზასთან“ აქციის პარალელურად აქცია მიმდინარეობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობასთანაც. დღეს აქციებზე სულ 6 ადამიანი დააკავეს.

ბათუმის „პლაზასთან“ დღეს, 11 მარტს, აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ არასწორი პარკირებითვის მოქალაქე დააჯარიმა. თვითმხილველების თქმით, მოქალაქემ პოლიციის მისამართით შეიგინა, რასაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.

ამავე თემაზე: 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

თვითმხილველები: საპატრულოს პოლიციელებმა მოქალაქეს ბათუმის ცენტრში წიხლებით სცემეს

ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, სადაც რამდენიმე წუთის წინ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. აქციაზე  100-ზე მეტი ადამიანია შეკრებული და ითხოვენ დღეს, ჭავჭავაძის ქუჩაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას.

“ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან ნაცემი, არ ვიცით სად ჰყავთ, ვითხოვთ გაგვაგებინონ მათი ამბავი“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან აქციის მონაწილეებთან სასაუბროდ გამოვიდა პოლიციის რამდენიმე, ადგილობრივი თანამშრომელი და მათ სიტუაციის დარეგულირება სცადეს, თუმცა აქცია ისევ გრძელდება.

პოლიციის დეპარტამენტთან გამართული აქციის პარალელურად აქცია გრძელდება ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი-პლაზასთან“, სადაც პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა. 

 

“ბათუმი-პლაზასთან“ პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ მიმდინარე აქციის შორიახლოს პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა. პოლიციელები ამჟამად  „საბაგირო გზის“ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. აქციის მონაწილეების ნაწილი შიშობს, რომ პოლიციის მობილიზება შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ აქცია შეიძლება დაარბიონ, თუმცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იკლებს. აქციის მონაწილეები „პლაზასთან“ დაკავებული ორი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც პოლიციამ დღეს დააპატიმრა.

შს სამინსიტროს განცხადებით, მოქალაქეები პოლიციამ  მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რაც მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირმა გააპროტესტეს და წინააღმდეგობა გაუწეს, ამიტომაც ორი მოქალაქე დააკავეს.

ამავე თემაზე: 

თვითმხილველები: საპატრულოს პოლიციელებმა მოქალაქეს ბათუმის ცენტრში წიხლებით სცემეს

ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა 

ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ბათუმი პლაზასთან“ პოლიციამ ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ ისინი მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რაც მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირმა გააპროტესტეს: „წინაააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ხელი შეუშალეს მოვალეობის შესრულებაში“.

ფოტო: ია ფრანგიშვილი
ფოტო: ია ფრანგიშვილი

საქმე აღძრულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე, ისჯება ჯარიმით 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთიდან ექვს თვემდე. თუ საქმის გარემოებათა გამო დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

თვითმხილველის თქმით, ამ წუთებში „ბათუმი-პლაზასთან“ ქუჩა გადაკეტილია, მოქლაქეები ამბობენ, რომ დაკავებული აფთიაქში იყო შესული, მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა წამალი ახლობლისთვის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ფოტო: ია ფრანგიშვილი
ფოტო: ია ფრანგიშვილი

ენმ-ის წევრი ვარაუდობს, რომ გონიოს გაუმართავი ინფრატრუქტურა აჭარას ტურისტებს დააკარგვინებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ნინო ჯინჭარაძე ხელისუფლებას გონიოს ტურისტული ზონისა და ადლიის დასახლების დაზიანებული ინფრატრუქტურის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში გონიოში ჩამოსულმა ერთმა ტურისტმა შესაძლოა აჭარას ათეულობით სხვა ტურისტი დააკარგვინოს.

„2011-2012 წლებში გაკეთდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ადლიდან გონიოს მიმართულებით სარფამდე პლომინატის გაკეთებას და ტურისტული ინფრატრუქტურის განვითარებას. პლომინატი დაეგო, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში არანარი განვითარება არ მოყოლია ამ პროექტს, დღეს ის ნაგავსაყრელად არის ქცეული, არ არის განთავსებული სკამები, გაუმართავია განათების სისტემა და ღამით ეს ადგილი ჩაბნელებულია. გარდა ამისა, ირგვლივ ჭაობი გაჩნდა, რასაც არავინ აქცევს ყურადღებას.

ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა არამიზნობრივად ხდება საბიუჯეტო ხარჯების გადანაწილება, მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტს აქვს დაახლოებით შვიდი მილიონ 400 000 ლარზე მეტი ბიუჯეტში და ამ თანხებს ხარჯავენ საზღვარგარეთ რეკლამირებისათვის, სხვადასხვა სარეკლამო კამპანიების ფარგლებში ჩამოჰყავთ ტურისტები, მაგრამ ადგილზე ტურისტს ხდება მოუწესრიგებელი გარემო“, – ამბობს ნინო ჯინჭარაძე.

გონიოს და ადლიის დასახლების ინფრატრუქტურაზე ზრუნვა მერიის კომპეტენციაა. პრესსამსახურმა საპასუხო კომენტარზე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან გადაგვამისამართა. თენგიზ პეტრიძე ტელეფონს არ პასუხობს [ზოგადადა, ეს მოხელე ტელეფონს არც სამუშაო დღეებში პასუხობს].

ფოტო:ენმ
ფოტო:ენმ

დეპუტატი ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევასა და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოზე

ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 4 წლის პაციენტი დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახის წევრები ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ.

ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეები აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმების კვალიფიკაციას.

„დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური“ ცენტრი ერთადერთი საბავშვო სამედიცინო დაწესებულებაა ბათუმში. არის თუ არა ეს პრობლემა? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრს, ნუკრი ბეჟანიძეს ესაუბრა.

ბატონო ნუკრი, როგორც დაღუპული ბავშვის ოჯახის წევრები ამბობენ, სასწრაფოს ექიმმა ყურის ტკივილი ივარაუდა, ბავშვთა საავადმყოფოში კი პაციენტს ანალიზები ჩაუტარეს და სახლში გაუშვეს. რამდენიმე საათში კი ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. აქ კომპეტენციის პრობლემა იკვეთება?

მიუხედავად იმისა საჩივარი არის თუ არა შესული, რეგულირება მაინც განიხილავს ამ ფაქტს ნებისმიერ შემთხვევაში. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის აკეთებს ანალიზს, ამიტომ უფრო რეალური იქნება სამინისტროს დაელაპარაკოთ.

ჩვენ გვახსოვს ბევრი შემთხვევის შესახებ, რომელსაც რეგულირების სააგენტო სწავლობს წელზე მეტია და პასუხები დღემდე არ მიუღია საზოგადოებას.

ეს ხანგრძლივი პროცესია, ისინი უცებ არ დადებენ შედეგს. რეგულირება ჩამოდის ადგილზე და სწავლობს შემთხვევას, შემდეგ მიდის ეს საქმე თბილისში და მინიმუმ სამ ექსპერტიზას გადის. ზოგ შემთხვევაში აგზავნიან კიდევ სხვადასხვა ექსპერტთან. იმათ დასკვნებსაც ელოდებიან და მერე გამოაქვთ საერთო აზრი.

თქვენი აზრით, მაინც რა ვადა არის საკმარისი ამ პროცედურისთვის?

ორ კვირას მაინც აძლევენ თითო ექსპერტს. კონკრეტული ვადები არ არის დადგენილი. შემდეგ ამ დასკვნას სამინისტროს საბჭო განიხილავს. შეიძლება საბჭომდე არ ასაჯაროებენ ინფორმაციას.

თქვენ როგორც კანონმდებელი, როგორ ფიქრობთ, ვადები რომ დადგინდეს შეუძლებელია, რომ იცოდეს საზოგადოებამ როდის მიიღებს პასუხს კითხვებზე?

მართიალია დროში იწელება დასკვნების მომზადება, მაგრამ იქ უამარავი საქმეა. ატესტაციიდან დაწყებული ყველაფერს ეს სააგენტო განიხილავს.

მაგრამ ამ სააგენტოს მუშაობას ხომ უკავშირდება მაღალი ხარისხის მიღწევა, პრობლემების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა დროულად.

დროში გაწელვა სხვა საქმეა, მაგრამ ისინი დებენ ყველაზე კვალიფიციურ დასკვნას. საქმეზე მუშაობს შვიდი ან რვა ექსპერტი, მათ დასკვნები უნდა დადონ. ისინი რეალურ ციფრებს მოგცემენ. ყველაზე ადვილია ექიმი დაადანაშაულო, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამოსავალი არ არის. ექიმი ღმერთი ხომ არ არის? – მენინგიტის შემთხვევაში ძალიან მაღალია სიკვდილიანობა. ეს არის სერიოზული ინფექცია და დიაგნოსტიკაც რთულია. შეიძლება ყველაფერი დაიწყოს ყელის, ყურის ნერვის ანთებით, ყველაფერი შეიძლება იფიქრო. ამას მოყვება პირველადი ინფექციის გართულება – ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. სანამ ნერვიული სიმპტომები არ გამოჩნდება, რთული სათქმელია მენინგიტზე. შეიძლება ნევროპათოლოგმა მიიტანოს ეჭვი ამაზე, ჩვეულებრივმა რიგითმა ექიმმა არც მიაქციოს ასეთ სიმპტომებს ყურადღება.

ბათუმში ამ საავადმყოფოს მიმართ ბევრს აქვს პრეტენზია, მაგრამ ბათუმში ბავშვთა მხოლოდ ერთი ერთი საავადმყოფო არსებობს. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე – მას ხომ აქვს უფლება მიიღოს კვალიფიციური მომსახურება…

დიახ, ეს პრობლემაა. ეს ერთია და პრაქტიკულად მონოპოლისტია. ეს პრობლემა მოდის წინა მთავრობიდან, ის რომ ერთ მფლობელს ჩაუვარდა ხელში. ეს უკვე სხვა საქმეა. ჯანდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რომ ეს შეიცვალოს, მაგრამ არის კერძო საკუთრებაც, სხვა თემაში შევდივართ. არ ჩამომართვათ ცალმხივ მსჯელობაში, მაგრამ რაც „ოცნება“ მოვიდა მას შემდეგ ბრძოლაა მაგაზე, რომ როგორმე მივცეთ ხალხს საშუალება, რომ იყოს კიდევ ალტენატიული დაწესებულებები. მაგრამ რამდენი საავადმყოფო უნდა ააშენო უცებ, რომ ეს ალტერნატივა გააჩინო. ეს ძალიან რთულია.

 

ხეებს „ბობოყვათის რეზიდენციის“ ტერიტორიაზე, ანუ არქეოლოგიურ ზონაშიც თხრიან

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზეც თხრიან. ეს რეზიდენცია მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით უკვე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა.

სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ხეების მოთხრამ არქეოლოგიურად უნიკალური ღირებულების ნიმუშების განადგურება გამოიწვიოს.

არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი] ამბობს, რომ სადაც მიმდინარეობს სამუშაოები იქ კულტურული ფენა არ ფიქსირდება: „როგორც კი შეგვატყობინეს სამუშაოების დაწყების შესახებ, ეგრევე დავუკავშირდი სახელმწიფო დაცვის სამსახურს, მათთან ერთად ვიმყოფებოდი ადგილზე. მე როგორც არქეოლოგმა შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სადაც სამუშაოები მიმდინარეობს კულტურული ფენების არსებობა არ დასტურდება. შევთანხმდით, რომ შემდგომი სამუშაოები როცა დაიწყება, მე, პირადად, აუცილებლად დავესწრები ამ სამუშაოებს“.

ლაშა ასლანიშვილის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რამდენი ხის გატანა იგეგმება. ის ასევე აცხადებს, რომ კერძო საკუთრების მიუხედავად, თუ ტერიტორიაზე კულტურული ფენა აღმოჩნდება, არქეოლოგიურ სამუშაოებს აუცილებლად ჩაატარებენ. „სამუშაოებს იქ ატარებენ,  სადაც არის რეზიდენცია… ჩემთვის მთავარია, რომ თუ დადასტურდა არქეოლოგიურ-კულტურული ფენების აღმოჩენა, ჩვენი სამსახური და არქეოლოგები ჩავერთვებით და შევისწავლუთ ტერიტორიას. თუ დადასტურდა კულტურული ფენა, ჩვენ მოვალე ვიქნებით, რომ ძეგლი არ განადგურდეს“.

პეტრა-ციხისძირის არქოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი [1983-1989, 2001 წლები] ნინო ინაიშვილი გასულ წლებში აღნიშნული ტერიტორიისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. „უკვე გამოვლენილი ძეგლები და არქეოლოგიური არტეფაქტები ციხისძირის მიდამოებში შესწავლილ სხვა ძეგლებთან [პეტრას ციხე] კონტექსტში საკმარისზე მეტია იმისთვის, არქეოლოგებს გვქონდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აქ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენაა მოსალოდნელი… იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთაც ევალებათ არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვა, ვთხოვოთ ტერიტორიისთვის არქეოლოგიური ზონის მინიჭებას“, – აცხადებდა ნინო ინაიშვილი 2015 წელს.

ვიდრე ბობოყვათის ტერიტორიას საქართველოს მთავრობა გაასხვისებდა, მანამდე, ორი თვით ადრე, ამ ადგილისთვის არქეოლოგიური ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე წერილი მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმაც მიიღო, როგორც მაშინდელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია თავიდანვე დახურულ ზონად ითვლებიდა – მაშინაც, როცა აქ სამთავრობო რეზიდენცია იყო და ახლაც, როცა ეს ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაშია. ტერიტორიას სამთავრობო დაცვის სამსახური იცავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ყოფილი რეზიდენციის შენობაში დღეს რამდენიმე მონაზონი ცხოვრობს.

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფომ კრწანისის ტყე-პარკში გადაუცვალა. კრწანისის ტყე-პარკი კი მართლმადიდებელ ეკლესიას 2010 წელს 1 ლარად გადასცეს.


ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

ტერიტორია, სადაც ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიყიდა

რეკრეაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილისთვის ხეებს ჭრიან და თხრიან

ივანიშვილმა აჭარიდან ხეების გატანა განაახლა [ფოტო]

7 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა წამოიღოთ პოლიეთილენის პარკი მაღაზიიდან [ინფოგრაფიკა]

სულ ახლახან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, საქართველოში პოლიეთილენის პარკების ქაღალდის ან მრავალჯერადი გამოყენების პარკებით სრულად ჩანაცვლება დააანონსა.

გასულ თვეში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ პოლიეთილენის პარკების მწარმოებლებსა და სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს  საქართველოში, პოლიეთილენის პარკების წარმოებასთან, იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტის პროექტი  გააცნო, რომელიც  პლასტიკის პარკების ეტაპობრივად აკრძალვას და მათ  ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკებით, ქაღალდის პარკებით და  მრავალჯერადი გამოყენების ჩანთებით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

გარემოს დამცველების შეფასებით, ნაჭრის ან სხვა მყარი მასალისგან დამზადებული ჩანთები პოლიეთილენის პარკების ყველაზე კარგ ალტერნატივაა, რადგან ნარჩენების წარმოქმნას თავიდანვე გამორიცხავს.

ამავ თემაზე: ბიოდეგრადირებადი პარკი პოლიეთილენის ნაცვლად

4 წლის ბავშვი მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა

11 მარტს, დილის ხუთ საათზე, 4 წლის ბიჭი, რომელიც 8 მარტს მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზით თბილისში გადაიყვანეს, გარდაიცვალა.

4 წლის ანრის მდგომარეობა თბილისში გადაყვანის დროს მძიმე იყო. ბათუმში „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში“ მიყვანის დროს, როგორც ბავშვის ახლობლები ამბობდნენ, ბავშვს სხეულზე სისხლჩაქცევები ჰქონდა.

ბავშვის ახლობლები ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ, რადგან მათი თქმით, ბავშვი ანალიზების აღების შემდეგ,  მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სახლში გაწერეს.

4 წლის ანრი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. ბათუმში იგი ნათესავის ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა.

ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

_____________________________

ამავე თემაზე:

რა სიმპტომები აქვს მენინგოკოკური ინფექციის ელვისებურ ფორმას

 

 

მეზღვაურთა დასაქმება – თაღლითობის საქმე ბრალდებულის გარეშე

თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პროკურატურა ავთანდილ ა.-ს ედავება. საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი ბრალდებულის გარეშე განიხილავს. ბრალდებული მესამე წელია იძებნება.

საქმის მასალების მიხედვით, ავთანდილ ა.-ს მეზღვაურთა დასაქმების ოფისი ბათუმში ჰქონდა გახსნილი. სასამართლომ უკვე მოისმინა 10-მდე დაზარალებულის ჩვენება. მათი თქმით, ბრალდებული თითოეულ მათგანს 1200-დან 1500 დოლარამდე ახდევინებდა კონკრეტულ გემზე დასაქმების პირობით. საქმეშია ასევე ხელშეკრულებები, რომელსაც ბრალდებული მეზღვაურებს უფორმებდა.

ბრალდებულს სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახური იცავს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას ჯარიმა ელოდება, ან თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7-წლამდე.

თავისუფალი პროექტების კონკურსის ხუთი გამარჯვებული

დღეს 10 მარტს, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, გამარჯვებული თავისუფალი პროექტები გამოავლინა. ოფიციალური ინფორმაციით, კომისიამ 5 თავისუფალი პროექტი გამოარჩია. ესენია:

1. მუსიკალური ფესტივალი – Black Sea Sound – შპს “EREDELI’s Art

2. „არტ საწარმო“ – ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე

3. „ქალები ქვიშიდან“ – სსიპ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

4. „პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFESTYLE” – კულტურის საერთაშორისო ფონდი „არტ კავკასია“

5. „სხვა ცარცის წრე“ – ა(ა)იპ ექსპერიმენტული თეატრი ყველგან.

თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსი 2017 წლის 16 იანვარს გამოცხადდა და განაცხადების მიღება 20 თებერვლის ჩათვლით გრძელდებოდა. „აღნიშნული კონკურსი წელს მეოთხედ ჩატარდა. სამი წლის განმავლობაში კონკურსის ფარგლებში 30-მდე პროექტი დაფინანსდა“.

სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის წლევანდელი ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენს. „გამარჯვებული პროექტები საშუალოდ 20 000 ლარით დაფინანსდება“. 

რა ელის ნურიგელის ტბას

მას შემდეგ, რაც ნურიგელის ტბაში  აერაციის სისტემა დამონტაჟდა, მასში ჟანგბადის შემცველობა დარეგულირდა. ეს ადგილობრივი მეცნიერების ბოლო კვლევის შედეგებით დასტურდება, რომელთა მიხედვითაც ჟანგბადის მაჩვენებელი მასში დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა და დღეს უკვე ნორმის ფარგლებშია.

გარდა ამისა, მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე თევზაძის განმარტებით, რამდენიმე დღეა ტბაში აღარ ჩაედინება დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყალი, რომელიც ტბის წყალში მარილიანობას ზრდიდა და აზიანებდა მიკროფლორას – “რამდენიმე დღეა რაც დელფინარიუმიდან გადავიდა ამ მარილიანი წყლების ჩადინება და ეს ასე უცებ შედეგს ვერ მოგვცემს, იმიტომ, რომ ქვემოთ წყალი არის უკვე ატროფირებული და იქ ახალი წყლის წამოსვლას გარკვეული დრო დასჭირდება” – ამბობს ის. მისივე განმარტებით დელფინარიუმიდან ჩამდინარე წყალი ზღვას არ აბინძურებს – “ეს ზღვიდან ამოსული სუფთა წყალია, შესაბამისად მისი ზღვაში ჩადინება ზღვას ზიანს არ აყენებს, ტბაში კი ამ წყლების წლობით ჩადინებამ მარილიანობის შემცველობა ძალიან გაზარდა”.

ალექსანდრე თევზაძე

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიების მოზღვავებული რაოდენობა შარშან ივნისში დაფიქსირა, რის მთავარ მიზეზადაც სპეციალისტებმა ტბასა და ზღვას შორის შეწყვეტილი წყლის მიმოქცევა დაასახელეს. მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტომ, უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, ტბის გადასარჩენად ხუთპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა, რომელთაგან ორი პუნქტი (აერაციის სისტემა და დელფინარიუმიდან ჩამონადენი მარილიანი წყლის აცილება) უკვე შესრულებულია, ახლა დარჩენილია ტბის სპეციალური პრეპარატებით დამუშავება, რაც თითოეულ წელს სავარაუდოდ 50 000 ლარამდე დაჯდება. ასევე, აუცილებელია ტბის გათევზიანება, რაც ტბაში იმ თევზების ჯიშების მოშენებას გულისხმობს, რომლებიც ამ წყალმცენარეებით იკვებებიან. წინასწარი გათვლით, გეგმის ამ ნაწილზე  20 000 ლარი დაიხარდება. და მესამე, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტი – ტბის წყლის მიმოქცევის აღდგენა ზღვასთან, რაზედაც ქართველი და ბელორუსი სპეციალისტები ერთობლივად მუშაობენ – “ოპერატიულად სამუშაოა, მაგრამ სიჩქარე არ შეიძლება, აქ ყველაფერს სჭირდება პერმანენტული დაკვირვება. ამ ტბის პრობელმაა მთავარი კოლექტორი, რომელმაც გაიარა ზღვასა და ტბას შორის და შეწყვიტა ბუნებრივი მიმოქცევა მათ შორის, ამას დაერთო დელფინარიუმის მილები,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ერთ-ერთ ვერსიად ტბის  დაცლა და მისი ახალი წყლებით შევსებაც განიხილება, თუმცა საამისოდ საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი სამუშაოები და ტუმბოები იქნება საჭირო – “ამასაც ვითვლით, შესაძლებელია თუ არა ამ მიმართულებით წასვლა. ტუმბოების დამონტაჟება, რაც წყლის მიმოქცევას შეუყობს ხელს, ძალიან დიდი ბუჯეტს მოითხოვს, მაგრამ თუ  საჭირო დარჩება, მერია ამისთვისაც მზად არის. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივ კვლევებს საჭიროებს, უცებ ხისტი გადაწყვეტილებების მიღება აქ არ შეიძლება,” – ამბობს ის.

ნურიგელის ტბაში თევზჭერა კვლავ არ არის რეკომენდებული, თუმცა ეს გაფრთხილება მოსახლეობისთვის საკმარისი მაინც არ არის.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ამ ტბაში დაჭერილი თევზი, კარგი თერმოდამუშავების შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.

სპეციალისტების განმარტებით, ტემპერატურის მატება [დათბობა] ტბაში ციანობაქტერიების გამრავლებისა და ყვავილობისთვის ხელსაყრელი პირობაა, შესაბამისად ამ წყალმცენარის შემდეგ ყვავილობას მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში ელოდებიან – „თუმცა, ამ ზაფხულს ჩვენ ველოდებით უკვე უკეთეს შედეგებს, ჩვენც გვაინტერესებს როგორ იმუშავა აერაციამ,” – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

თევზჭერა ამ პერიოდში კვლვა აიკრძალება.

 

ამავე თემაზე:
6 მაისის პარკში ტბა მომწამვლელი წყალმცენარეებით დაიფარა
დახოცილი თევზები ნურიგელის ტბაში [ფოტო]
292 ათასი ლარი ნურიგელის ტბის აერაციისთვის
ნურიგელის ტბაში თევზაობა სასტიკად აკრძალულია [ფოტო+ვიდეო]

სამთავრობო კომისია ბათუმის განაშენიანებაზე: „მდგომარეობა საგანგაშოა“

k2-ის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი} კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობის გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისთვის რეკომენდაციების მომზადებაზე პასუხისმგებელი კომისია დღეს ინვესტორებს შეხვდა. მათგან უმეტესობას კომისიის რჩევით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარი უთხრა.

შეხვედრა კომპანიების წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის დახურული იყო, ამიტომ ჟურნალისტებისთვის უცნობია როგორ წარიმართა დიალოგი მათ შორის, რა კითხვები ჰქონდათ ბიზნესის წამომადგენლებს და რა პასუხები მიიღეს კომისიის წევრებისგან.

შეხვდრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კომისიის წევრმა მანუჩარ მახათაძემ ბათუმში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე სამშენებლო პროექტები შეაფასა, როგორც „ურბანული კატასტროფა“. მან ამ მიმართულებით ბათუმში არსებულ მდგომარეობას „საგანგაშო“ უწოდა:

„ … თქვენ იცით რა სავალალო მდგომარეობაც არის ავტოსადგომებთან დაკავშირებით. რაც მივიღეთ ბოლო ხუთი წლის მანძილზე. ქალაქში მზის სხივების გავრცელების თვალსაზრისით. ეს კასკადური შენობა-ნაგებობები აბსოლუტურად არ არის ქალაქის ცენტრის არქიტექტურა და მითუმეტეს, ბათუმის არქიტექტურას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ამ კუთხითაც გარკვეული შეზღუდვები დავაწესეთ, რაც სიმაღლის განსაზღვრის შემთხვევაში მხოლოდ ორი სართულის კასკადური შეწევაა შესაძლებელი, ასევე შვიდი მეტრით განვსაზღვრეთ, თუმცა ეს არ ითვალისწინებს იმ შეზღუდვებს, რომლებსაც თვითონ არქიტექტურა მოითხოვს კომპოზიციას ექსტერიერის კუთხით. ასეთი არქიტექტურა შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი სივრცეების მიმართ.“

ანგარიშის მიხედვით, მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს მერიასთან შუამდგომლობის თხოვნით 80-მდე ინვესტორმა მიმართა. მათგან დადებითი რეკომენდაცია კომისიამ მხოლოდ შვიდზე გასცა, შვიდიდან სამს კი პატარაძემ უკვე უშუამდგომლა.

მანუჩარ მახათაძის თქმით, რამდენიმე პროექტი  შენიშვნებით უკან დააბრუნეს. თუ ინვესტორი სახეცვლილი პროექტით დაბრუნდება, კომისია მის მოთხოვნას კიდევ ერთხელ განიხილავს და არ არის გამორიცხული, რომ დადებითი რეკომენდაციაც მიიღოს.

კომისიის წევრია დავით ზოიძეც, მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი არქიტექტურის საკითხებში. ის მთავრობის წინა თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მრჩეველიც იყო. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ არ მოგწონდათ ქალაქში მიმდინარე მშენებლობები, რატომ არ ურჩიეთ ყოფილ მთავრობის თავმჯდომარეს არ გაეცა შუამდომლობები კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე? – მან უპასუხა, რომ „შეცდომები ყოველთვის ხდება“. მისივე თქმით, ახლა შეცდომების გამოსწორების დრო დადგა.

კ2 კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობის გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისთვის რეკომენდაციების მომზადებაზე პასუხისმგებელი კომისია განიხილავს, თუ რამდენად შეესაბამება განსახილველი პროექტი ქალაქმშენებლობით პარამეტრებს.

 

 

შემოდგომამდე უმაღლესი საბჭო კანონების მიღებას არ აპირებს

გასული წლის ნოემბერში შეკრებილ კანონმდებლებს ამ ეტაპზე არც ერთი საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირებული არ აქვთ. საგაზაფხულო სესია აჭარის უმაღლეს საბჭოში 7 მარტს გაიხსნა.

„არ გვინდა ისე გამოვიდეს, რომ მივიღოთ კანონი და მერე, შემოდგომაზე ისევ შესაცვლელი დარჩეს“, – გვითხრა დავით გაბაიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ. შემოდგომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას ელოდებიან. დავით გაბაიძე არ მალავს, რომ აქტიური საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად, დეპუტატები ამ პერიოდში ძირითადად სხვადასხვა კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორებით დაკავდებიან.

„მომდევნო კვირისთვის დარეგისტრირდება საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა „ნორმატიული აქტების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში“, – ამბობს ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე. რას მოიაზრებს ცვლილება – დეპუტატი დეტალებს არ ამხელს, რადგან ამ საკითხზეც დეპუტატებს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ აქვთ.

„ჩვენ ვაპირებდით შეგვეცვალა კანონი ტურიზმის შესახებ, ასევე ქონებაზე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სტატუსზე. ბევრია ისეთი კანონი, რომელიც 2006-2007 წლებში მიიღო უმაღლესმა საბჭომ და გადასახედია, მაგრამ მოცემულობა შეიცვალა. პრაქტიკულად მიღწეულია შეთანხმება, რომ საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ, გაცილებით მეტი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული სფეროები. მაგალითად, ჩვენ შეგვეძლება მივიღოთ კანონი სოციალური პოლიტიკის შესახებ. ჩვენი რეგიონის შემოსავლები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები ამ კუთხითაც მივიღოთ“, – ამბობს ნინო ჩხეტია.

საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ ასმათ დიასამიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა, რომელიც ლევან ვარშალომიძის ნაცვლად შევიდა საბჭოში.

რა სიმპტომები აქვს მენინგოკოკური ინფექციის ელვისებურ ფორმას

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მენინგოკოკური ინფექციით საქართველოში წელიწადში 10-15 ადამიანი ავადდება. აჭარაში კი  წლის განმავლობაში  1 – 2 შემთხვევა  ყოველწლიურად ფიქრისდება. ელვისებური მენინგოკოკური ინფექციის დროს,  შემთხვევა ხშირად ლეტალურად სრულდება. რა არის მენინგოკოკური ინფექციის ელვისებური ფორმა და როგორ შეიძლება მისი პრევენცია? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აჭარის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა.

ქალბატონო ნინო, ყველაზე ხშირად, რა ასაკის ადამიანებში გამოვლინდა მენინგოკოკური ინფექცია სტატისტიკის მიხედვით?  

ძირითადად  14 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. დაავადებას გარკვეული სეზონურობა ახასიათებს, შემოდგომიდან იწყება მატება და გაზაფხულზე პიკს აღწევს.

რა წარმოადგენს ინფექციის წყაროს და აქვს თუ არა გამოხატული ნიშნები?

ეს არის მენინგოკოკებით გამოწვეული ინფექცია.  ადამიანი შეიძლება იყოს ნაზოფარინგიტით დაავადებული, სურდოს რასაც ვეძახით, რომელიც მენინგოკოკური ინფექციის ძალიან მსუბუქი ფორმაა და ეს გახლავთ ძირითადად ინფექციის გამავრცელებელი. ასეთი ადამიანი საშიშია იქედან გამომდინარე , რომ რადგან სურდოს მსუბუქი  ფორმაა  აქვს, ადამიანის იზოლირება არ ხდება და ინფექციის კონტროლის ღონისძიებებს არ იცავს, მაგრამ წვეთოვანი გზით ავრცელებს ინფექციას.

ინფექციას ახასიათებს ელვისებური ეფექტი, რა იწვევს ამას და არის შესაძლებელი გართულების თავიდან აცილება?

ელვისებური იმიტომ ჰქვია, რომ ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზოგჯერ პაციენტი ექიმთან მიმართვასაც ვერ ასწრებს, კლინიკური ნიშნებისა და ჩივილების უსწრაფესი განვითარების გამო, რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა. მენინგოკოკური ინფექციისთვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია სისხლჩაქცევები, რომელიც მთელ ტანზეა, მაგრამ  თუკი ეს არის სხეულის ზედა ნაწილზე და სახეზე, ეს არის დაავადების უფრო მძიმე ფორმა.

სისხლჩაქცევების გაჩენამდე თუ აქვს გამოხატული სიმპტომი?

რა თქმა უნდა, მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება მაღალ ნიშნულებამდე – 39-40 გრადუსი, თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება და შემდეგ უკვე იწყება სისხლჩაქცევები. დაავადების განვითარებიდან დაახლოებით ერთი დღის შიგნით, შეიძლება წამოვიდეს სისხლჩაქცევები. აქ უკვე ეჭვი გვაქვს მენინგოკოკცემიაზე. სასურველია, ნებისმიერი მაღალი ტემპერატურის, გაძლიერებული თავის ტკივილის დროს დროულად მიმართოს  პაციენტმა ექიმს, მაგრამ გავრცელების თავისებურებიდან გამომდინარე, რადგან ბავშვებზეა საუბარი,  დროულად უნდა მივიყვანოთ ექიმთან. ყველა შემთხვევა  ლეტალურად არ სრულდება, დაახლოებით 10-დან 20 პროცენტშია სიკვდილიანობა.

თქვენ ამბობთ რომ, დაავადებას აქვს გამოხატული ნიშნები, გუშინ გამოვლენილი შემთხვევის დროს კი, როგორც ახლობლები ამბობენ, დროულად ვერ დაუდგინეს  4 წლის ბავშვს ინფექცია, როგორ ფიქრობთ, რატომ?

უმჯობესია ამაზე ექიმმა ისაუბროს, თუმცა ჩვენ მოვიძიეთ კონტაქტები, რადგან მენინგოკოკცემია გადამდებია და პაციენტთან კავშირში მყოფი ყველა პირი ანტიბიოტიკურ პროფილაქტიკას იტარებს. სხვა მიზეზებზე ვერ ვისაუბრებთ.

როგორც ვიცით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აცრებს პატარა ასაკში,  ამ დაავადების პრევენციისთვის თუ ტარდება აცრა?

კონკრეტულად მენინგოკოკცემიის საწინააღმდეგო აცრა არა, მაგრამ 2-3-4 თვის ასაკში ექვსკომპონენტიანი აცრა კეთდება, რომლის შემადგენლობაშიც შედის მენინგიტის საწინააღმდეგო კომპონენტი, თუმცა სრულყოფილად, მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო აცრა ეროვნული კალენდრით არ გვაქვს.

უნდა იყოს თუ არა, ხედავთ ამის საჭიროებას?

მენინგოკოკი ეს გახლავთ ბაქტერია, რომელიც  ძალიან სუსტია გარემოში და ადვილად იღუპება. თუკი ინფექციის წყარო მატარებელი ან მსუბუქი ფორმით დაავადებული პირია და დახურულ სივრცეში, მჭიდრო კონტაქტში იმყოფება სხვა პირებთან, ამ შემთხვევაშია დაავადების გავრცელება უფრო სახიფათოა. სხვა შემთხვევაში, ამის მართვა და პრევენციაც შესაძლებელია, თუკი რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე. თუმცა ამ დონეზეც შეიძლება შემთხვევა აღმოიფხვრას.

გამოსავალია ის, რომ დროულად მივმართოთ ექიმს, კონტაქტებში აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკური პროფილაქტიკა,  რომელსაც გვირჩევს მკურნალი ექიმი და სანიტარული ღონისძიებების დაცვა. მკურნალობის შემდეგ ინფექცია ორგანიზმში რაიმე გართულებას არ ტოვებს.

როგორია ინფექციის გამოვლენის ბოლო წლების სტატისტიკა აჭარაში?

ბოლო სამი წლის სტატისტიკის მიხედვით, 2014  წელს ინფექციის გამოვლენის 3 შემთხვევა გვქონდა, 2015 წელს-  2 შემთხვევა და გასულ წელს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.  მიმდინარე წელს კი ერთი შემთხვევა გამოვლინდა გუშინ.

 

რატომ თქვა უარი საპატრიარქომ სახელმწიფოსგან 3 მილიონი ლარის მიღებაზე

სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 3,7 მილიონი ლარიდან, სამი მილიონი ლარის მიღებაზე საპატრიარქომ უარი თქვა. რა იყო უარის მიზეზი, არც ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებშია მითითებული და ვერც საპატრიარქოში გავარკვიეთ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან აბაიშვილი აწერს, აღნიშნულია, რომ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი 3 737 400 ლარიდან, 3 მილიონი ლარი დაბრუნდეს მთავრობის სარეზერვო ფონდში.

ეს წერილი 2016 წლის 27 დეკემბრით თარიღდება. ამავე წლის 31 მაისის წერილით კი, იგივე ლევან აბაიშვილი მინისტრის მოადგილეს თხოვდა აღნიშნული თანხა გაენაწილებინათ ეტაპობრივად და პირველ ეტაპზე საპატრიარქოსთვის 1 737 400 ლარი გამოეყოთ.

საპატრიარქოდან ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილები:

0 w1 w

ამ ორი წერილის ასლი რომ მიგვეღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და ფინანსთა სამინისტროდან, თითქმის 2 თვე დასჭირდა.

რატომ თქვა უარი საპატრიარქომ ამ თანხის მიღებაზე? – საპატრარქოში „ბათუმელებს“ ამ კითხვის პასუხად უთხრეს, რომ თავად გადმოგვირეკავენ.

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი თანხიდან არც ერთი ლარი არ გადარიცხულა საპატრიარქოს ანგარიშზე 2016 წლის დეკემბრამდე. დეკემბრის ბოლოს კი, მთავრობამ დაავალა სამინისტროს, საპატრიარქოსთვის გადაერიცხა მხოლოდ 737 400 ლარი.


საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოსთვის 3 მილიონ 737 ათას 400 ლარი უნდა გადაერიცხა. ეს თანხა სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რესტავრაცია-აღდგენას და მასთან დაკავშირებულ ხარჯებს უნდა მოხმარებოდა.

მიმდინარე წლის 13 იანვარს, გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება, რომლის მიღების თარიღად გასული წლის 30 დეკემბერია მითითებული. ამ განკარგულებით საპატრიარქოსთვის, ნაცვლად 3 მილიონ 737 ათას 400 ლარისა, სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 737 ათას  400 ლარი უნდა გადაერიცხათ.

სამშენებლო ნარჩენები ხევებსა და მდინარეებში

საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებს სამოქმედო გეგმა არ აქვთ გაწერილი. კონტროლი მეტ-ნაკლებად მხოლოდ საყოფაცხორებო ნარჩენებზე ხორციელდება. რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს, სოფლებში არავინ აკონტროლებს. ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის ნარჩენებს, როგორც ადგილობრივები, ასევე სამშენებლო კომპანიები ხევებში, მდინარეებსა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყრიან.

ქედის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში, სამშენებლო ნარჩენებს დაბაში, რუსთაველის ქუჩაზე, სასპორტო სკოლის, პარკისა და საბავშვო სკვერის მიმდებარედ ყრიდნენ. სამშენებლო ნაგავსაყრელი ქედის გამგეობამ პირობითად წლების წინ გამოყო და აქ ათეულობით ტონა სამშენებლო ნარჩენი ყრია.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სულიკო სურმანიძე ამბობს, რომ დაბაში არსებულ სამშენებლო ნაგავსაყრელზე ნარჩენების დაყრა დღეს აკრძალულია, ტერიტორია მალე სილით დაიფარება და მოპირკეთდება. სამსახურის უფროსი დასძენს, რომ ქედის გამგეობამ სამშენებლო ნარჩენებისთვის ახალი ტერიტორია სოფელ ცხემნაში, ყოფილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ გასულ წელს გამოყო.

„სამშენებლო ნარჩენებისთვის გამოყოფილი ახალი ტერიტორიის შესახებ ყველა კომპანია გაფრთხილებულია და იქ გააქვთ სამშენებლო ნარჩენები. რაც შეეხება დაბაში არსებულ ტერიტორიას – ნაწილი მოწესრიგდა, დარჩენილი ნაწილი კი გაბიონის მშენებლობისთანავე მოწესრიგდება. გამგეობის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ დამატებით, მუნიციპალიტეტის ოთხ თემში: მერისში, დანდალო-ცხმორისში, დაბისა და მახუნცეთის თემებში ოფიციალურად გამოიყოს ტერიტორია საშენებლო ნარჩენებისთვის,“ – ამბობს სულიკო სურმანიძე.

სამსახურის უფროსის თქმით, ქედაში საფრთხის შემცველი ნარჩენების ნაგავსაყრელი არ არსებობს, საავადმყოფოსა და სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებების ნარჩენები ქედიდან ყოველკვირეულად კომპანიას გააქვს.

საყოფაცხოვრებო თუ სამშენებლო ნარჩენების მართვა კანონით რეგულირდება. იმ შემთხვევაში თუ კომპანია, ან ადგილობრივი მცხოვრები დაბებსა თუ სოფლებში აკრძალულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენებს დაყრის, გამგეობის ზედამხედველობის სამსახური უფლებამოსილია კანონდამრღვევი 80 ლარიდან 5000 ლარით დააჯარიმოს. ჯარიმის ოდენობა იმაზეა დამოკიდებული ვინ არის კანონონდამღვევი – იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ან რა ოდენობის ნარჩენი დაყარა უნებართვო ადგილზე და მერამდენედ. გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ კუთხით ჯერ არავინ დაუჯარიმებიათ, თუმცა გზის სავალი ნაწილის დანაგვიანებისთვის გასულ წელს 4 მძღოლი დაჯარიმდა, რომლებსაც ინერტული მასალები გადაჰქონდათ.

17121884_1284749458287424_856322677_o

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის შესავსებად კონკურსი ცხადდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ სამეთვალყურეო საბჭოს მე-5 წევრის სავარძელი გასული წლის მაისიდან თავისუფალია, მას შემდეგ, რაც ზაზა ხალვაშმა ეს თანამდებობდა დატოვა. აჭარის უმაღლეს საბჭოს ბორდის ახალი წევრი ამ დრომდე არ შეურჩევია. სწორედ ეს უწყება არის უფლებამოსილი „აჭარის ტელევიზიის“ ბორდი დააკომპლექტოს ან დაითხოვოს.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. დავით გაბაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კონკურსი საგაზაფხულო სესიის დროს აუცილებლად გამოცხადდება, თუმცა კონკრეტულად როდის, ჯერ არ იცის. „დავალება მიცემული მაქვს იურისტებისთვის, რომ მოამზადონ შესაბამისი დოკუმენტაცია,“ – გვითხრა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

კონკურსის გამოცხადების გარდა, უმაღლესმა საბჭომ უნდა დააკომპლექტოს კომისია, რომელიც კონკურსში წარმოდგენილი ბორდის წევრობის კანდიდატურებიდან სამ საუკეთესოს შეარჩევს და ისევ უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

ამ შემთხვევაში კანდიდატის დასახელების უფლება აქვს „ქართული ოცნების“ იმ ფრაქციას, რომელიც ყველაზე მეტი წევრითაა წარმოდგენილი. სწორედ ამ ფრაქციიდან იყო დასახელებული ზაზა ხალვაში. ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა [ამ დროისთვის პარტია „ქართულ ოცნებას“ სამი ფრაქცია აქვს საბჭოში, მათ შორის, ყველაზე მსხვილი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“].

რატომ არ გამოაცხადა აქამდე კონკურსი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ? – დავით გაბაიძე განმარტავს, რომ მას ამ კუთხით კანონმდებლობის დახვეწის სურვილი ჰქონდა: „გახსოვთ კრიტიკა კვოტირების წესებთან დაკავშირებით, მაგრამ უმჯობესია კონკურსი გამოვაცხადოთ და პარალელურად კანონის დახვეწაზეც გაგრძელდება მუშაობა. ბორდმა ტელევიზიის დირექტორი აირჩია, რაც აჩვენებს, რომ მეხუთე წევრის არყოლა დაბრკოლებას არ ქმნის.“

ხომ არ აპირებს უმაღლესი საბჭოს „აჭარის ტელევიზიის“ არსებული სამეთვალყურეო საბჭოს, ან მისი რომელიმე წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერებას? [ეს უფლება უმაღლეს საბჭოს აქვს, თუკი ტელევიზიის ბიუჯეტი ვერ სრულდება, ან გამოცხადებული პრიორიტეტები. ავტ.] – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამას გამორიცხავს.

ფოტოზე: „აჭარის ტელევიზიის“ ბორდის გასაუბრება დირექტორობის კანდიდატთან.

 

 

 

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლიდან ექიმებს ათავისუფლებენ

ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტლიდან ზოგერთ ექიმს ათავისუფლებენ. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ლევან სიამაშვილმა დაუდასტურა, ჰოსპიტლის იურისტმა. მისი თქმით, საუბარია 3 ან 4 ექიმის გათავისუფლებაზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„მზადდება გათავისუფლების შესახებ ბრძანებები, თუმცა არ გამოვრიცხავ მათთან მოლაპარაკება შედგეს და თანამშრომლობა გავაგრძელოთ. მიზეზი არის ის, რომ წინა მენეჯმენტის დროს ზოგიერთ ექიმს შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები ჰქონდა დანიშნული. რადგან ჰოსპიტალს შეექმნა ეკონომიკური კრიზისი, ხელფასის შემცირება ერთ-ერთ ოპტიმალურ გამოსავლად მივიჩნიეთ“, – ამბობს ლევან სიამაშვილი.

„ამ ჰოსპიტალს მომავალი აღარ აქვს“, – ამბობს თემურ გაბაიძე, ერთ-ერთი ექიმი, რომელიც მეან-გინეკოლოგიური გაყოფილების ხელმძღვანელი იყო. მას გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე ჩაბარდა. ის კრიზისის მიზეზად ადმინისტრაციას ასახელებს, რომელიც შეუსაბამოდ მაღალ ხელფასს იღებს და სახელფასო ფონდს უსამართლოდ ანაწილებს.

„მიზეზი არაა ჩემთვის ხელფასის შემცირება. პრობლემაა მიდგომა, რომელიც მენეჯმენტს აქვს. ალბათ ყველას გაუშვებენ, ვინც დირექტორს არ ეტყვის, ჩემი ღმერთი ხარო. მენეჯმენტს ამ დრომდე არანაირი კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია, როგორ უნდა გამოვიდეს ჰოსპიტალი კრიზისიდან. სახელფასო ფონდის 40% იხარჯება შვიდ კაცზე და 60%-50 პერსონალზე. ამ ვითარებაში რა სამართლიანობაზეა საუბარი? ჩამოჰყავთ უცხო ქვეყნიდან ექთანი, სხვა ეროვნებაზე გართულება არ მაქვს, მაგრამ იმაზე მეტს უხდიან, ვიდრე ექიმს. მენეჯმენტი დაინტერესებულია არა ოპერაციის შედეგით, არამედ ფული რამდენი შემოდის…“, – გვითხრა თემურ გაბაიძემ.

თემურ გაბაიძეს ანაზღაურების შესახებაც დავუსვით კითხვა. გვითხრა, რომ მისი შემოსავალი თვეში 7500 ლარი იყო და ამას ემატებოდა ყოველი მის მიერ ჩატარებული ოპერაციის ღირებულების 10%.

თემურ გაბაიძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ჰოსპიტლის დირექცია დღეს ექიმების გათავისუფლების შესახებ განცხადების გაკეთებას გეგმავს.

მარტის დასაწყისში ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის რამდენიმე თანამშრომელმა, მათ შორის თემურ გაბაიძემ, ხელშეკრულების პირობების გაუარესება გააპროტესტა.

ამავე თემაზე:

რა ხდება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 

 

ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე

ბათუმის სატუმბო სადგურში, რომელიც საკანალიზაციო სისტემაშია ჩართული, ოთხი ტუმბოდან ორი დაზიანებულია. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, მთელი დატვირთვა მოდის ორ ტუმბოზე, რის გამოც შესაძლოა დაზიანდეს მუშა ტუმბოები, რაც ქალაქის დიდი ნაწილის კანალიზაციის წყლით დატბორვას  გამოიწვევს.

„სატუმბო სადგურზე 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს ოთხი ზედაპირული ტუმბო, საკანალიზაციო სისტემიდან სატუმბო სადგურში ხშირად შეედინება მექანიკური დაბინძურება, რაც იწვევს ტუმბოების ხშირ დაზიანებას. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ამა წლის პირველ მარტს, რამაც გამოიწვია ორი ტუმბოს სრული დაზიანება. სადგური მუშაობს არასრულყოფილად. თუ არ მოხდება ტუმბოებით სრული აღჭურვა, შესაძლებელია მოხდეს საკანალიზაციო სისტემის გადავსება და ბათუმის დიდი ნაწილის ჩამდინარე წყლებით [ფეკალური მასით] დატბორვა, რაც გამოიწვევს ქალაქის დაბინძურებას და დააზარალებს მოსახლეობას.“ – აცხადებენ „ბათუმის წყალში“.

კომპანიის ინფორმაციით, სატუმბო სადგური აღჭურვილია გერმანული წარმოების ტუმბოებით და სათადარიგო ნაწილებსაც  უშუალოდ ტუმბოების მწარმოებელი აწვდის, შესაბამისად, სათადარიგო ნაწილების მოწოდებისა და პრობლემის აღმოფხვრისთვის 4-6 კვირაა საჭირო.

„ამ დროისათვის მოვახდინეთ დაზიანებული ტუმბოების დემონტაჟი, დაშლა, დაზიანებების აღმოჩენა და შესაცვლელი სათადარიგო ნაწილების სიის შედგენა, მივმართეთ მომწოდებელ ფირმას, დავადგინეთ მოსაწოდებელი საქონლის სავარაუდო ღირებულება და მოწოდების ვადა. ამ პერიოდისათვის ვახდენთ მხოლოდ დაზიანებული სათადარიგო ნაწილების შეძენას. რაც შეეხება მუშა ტომბოების სარეზერვოდ შესაძენ სათადარიგო ნაწილებს, მზადდება სატენდეროდ,“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ განცხადებაში, რომელიც შესყიდვების ვებგვერდზეა განთავსებული.

„ბათუმის წყალი“, რომელიც მუნიციპალური საწარმოა, სათადარიგო ნაწილების შეძენას გამარტივებული შესყიდვით გეგმავს, რისთვისაც 20 ათას 183 ევროა საჭირო. შესყიდვების სააგენტომ საკითხი მიმდინარე წლის 15 მარტამდე უნდა განიხილოს.

es


კანონშეუსაბამო ანაზღაურება “ბათუმის წყალში“ – მასალები პროკურატურაშია 

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

შსს: „კანონიერი ქურდის“ სახელით გამოძალვის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.გ., 1981 წელს დაბადებული ბ.დ. და 1973 წელს დაბადებული გ.ო. თბილისში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ევროპაში მყოფი ერთ-ერთი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სახელით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 23600 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს.

ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ მოქალაქეს და მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის დროულად მიტანას სთხოვდნენ. ამასთან, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თანხის დროულად გადაუხდელობის გამო, რადგან მათ მიერ მოთხოვნილ თანხას ელოდებოდა აღნიშნული ე.წ. „კანონიერი ქურდი“, რომლის მეშვეობით ფულის ნაწილი ე.წ. „ქურდულ საერთოში“ უნდა შესულიყო.“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით].

კანონდარღვევა „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერში – სად გაქრა დოკუმენტები

„ასეთი უცნაური რამ აქამდე არ მინახავს. ეს კანონდარღვევაა“, – ასე აფასებს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერს. ამ ორგანიზაციამ 27 თებერვალს ჟურნალ „ჭოროხის“ და ვახტანგ ღლონტის ლექსების კრებულის ბეჭდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. „უცნაურობა“ მდგომარეობს იმაში, რომ 6 მარტს დასრულებული ტენდერი ამ დრომდე გრძელდება.

შემსყიდველს ანუ მწერალთა სახლს არსად აქვს მითითებული, რის გამო გაგრძელდა ტენდერის ვადა, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე. დღეს, 9 მარტს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინტერნეტგვერდიდან ტენდერთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტაციაც გაქრა, მათ შორის, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი, სადაც ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც მომსახურება მწერალთა სახლს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა, კომისიამ მონაცემთა დაზუსტება მოსთხოვა.

 

Sesyidvaaaaaaaa
იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც დღეს, 9 მარტს, შესყიდვების გვერდზე უკვე აღარ დევს.

შესყიდვის ღირებულება 9900 ლარია. 6 მარტს, ტენდერის ამოწურვის შემდეგ, მწერალთა სახლის სატენდერო კომისია შეიკრიბა და ოქმი შეადგინა:

„აღინიშნა, რომ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღებისთვის განსაზღვრულ ვადაში სატენდერო წინადადება წარმოადგინა „ხომლი ენ“ – 9400 ლარი და „პოლიგრაფ 2010“ – 9350“, – ვკითხულობთ სხდომის ოქმში, რომელსაც ამ დროისთვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე, სადაც კანონის მიხედვით უნდა იყოს განთავსებული, ვეღარ იპოვით.

ამავე სხდომაზე სატენდერო კომისიამ კომპანია „პოლიგრაფ 2010“-ს, რომელმაც ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვა: დაზუსტებული ფასების ცხრილი, ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ და ინფორმაცია საქონლის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით.

დოკუმენტების წარმოსადგენად კომპანიას ვადა 10 მარტამდე მიეცა, თუმცა 7 მარტს იგივე ტენდერი 9 მარტამდე გაგრძელდა.

„ტენდერის ვადა გაგრძელდა, რადგან სატენდერო სხდომის შემდეგ, 6 მარტის საღამოს, შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა ლალი კონცელიძეს [მწერალთა სახლის, ასევე სატენდერო კომისიის დირექტორი. ავტ.] და უთხრა, რომ საიტზე არსებობდა ტექნიკური პრობლემა და ვადა უნდა გაგრძელებულიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ სხვა კომპანიებს შესაძლებელია, არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ამ ტენდერში“, – ეს მალხაზ ფაღავამ გუშინ გვითხრა, მწერალთა სახლის სატენდერო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს შესყიდვების სააგენტოში დღეს უპასუხეს. „ტექნიკური ხარვეზი იყო 6 მარტს“, – გვითხრა სააგენტოს პრესსამსახურმა.

რატომ აისახა ხარვეზი მხოლოდ ერთ ტენდერზე [სხვა ტენდერები, რომლის დასრულების ვადაც 6 მარტი იყო, ჩვეულებრივად დასრულდა], ან ამის შესახებ ინფორმაცია რატომ არ არის მითითებული შესაბამის შესყიდვაში? სად გაქრა დოკუმენტები ტენდერის შესახებ? – ეს კითხვები შესყიდვების სააგენტომ  დღეს უპასუხოდ დატოვა. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომპეტენტური პირი შეხვედრებზეა, კომენტარისთვის არ სცალია და პასუხების მისაღებად უწყებიდან საჯარო ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ თუკი ტექნიკური ხარვეზი არსებობდა, ამის შესახებ დოკუმენტი აუცილებლად უნდა გამოექვეყნებინა შემსყიდველ ორგანიზაციას, ანუ „აჭარის მწერალთა სახლს“. ამ შემთხვევაში კი, გაუგებარია, რა სამართლებრივი ურთიერთობა აქვს „მწერალთა სახლს“ ტენდერში ფაქტობრივად გამარჯვებულ კომპანიასთან.

„თუკი ტექნიკური ხარვეზი არსებობდა, გაუგებარია და ეჭვის საფუძველი ჩნდება: როგორ შეეხო იგი მხოლოდ ერთ შესყიდვას. თუ დავუშვებთ, რომ არსებობდა, ამ შემთხვევაში ხდება დაზუსტება და იმავე ვადით უნდა გაგრძელდეს ტენდერის ვადა. მაგალითად, თუკი ტენდერის ვადა იყო 5 დღე, გახანგრძლივებული ვადა ისევ 5 დღე უნდა იყოს. მთავარი პირობა არის ის, რომ ყველა პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც აქვს პასუხისმგებლობა ამ კუთხით, რადგან ის არის სახელმწიფო ორგანო, რომელიც კურირებს ამ თემას“, – განმარტავს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი.

იგი ყურადღებას ამახვილებს იურიდიულ ძალაში შესული დოკუმენტების გაქრობაზე, რაც კანონდარღევაა. მალხაზ ჭკადუას აქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ამ შემთხვევაზე ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს.

ტენდერის დაუსაბუთებლად გადავადების გასაჩივრების უფლება აქვს გამარჯვებულ კომპანიასაც, თუმცა ამ დროისთვის „პოლიგრაფ 2010“-ს გადაწყვეტილი არ აქვს, მიმართავს თუ არა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს.

„მწერალთა სახლის“ ტენდერი ხვალ, 10 მარტს, დილით უნდა დასრულდეს, თუმცა გამორიცხული არ არის ისევ გახანგრძლივდეს. 7 მარტს, როცა დასრულებული ტენდერის წამზომი ხელახლა ჩაირთო, მითითებული იყო, რომ იგი 9 მარტს, ანუ დღეს დასრულდებოდა.

ოქმი, რომელიც ელექტრონული ტენდერების ვებგვერდზე აღარ დევს:

1111111111111111112222222222222222222

 

მაია იორელის მასტერკლასები ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

21 მარტს ავსტრიის საპატიო მოქალაქე ხელოვნებისა და კულტურის დარგში, კინოსა და თეატრის მსახიობი, მომღერალი მაია იორელი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ორდღიან მასტერკლასს ჩაატარებს.

მასტერკლასების შემდეგ კი წარმოდგენილი იქნება მომღერლის შემოქმედებითი ავტოპორტრეტი – „ასე მღერიან მსახიობები“. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი, გიორგი დიასამიძის ხელმძღვანელობით.

მაია იორელი (სასწრაფოშვილი), ავსტრიულ-ქართული თეატრის პრეზიდენტიცაა.

ხეები ამჯერად კომპანია „ანაგმა“ იყიდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის

სახელმწიფოს მიერ 13 ათას ლარად აუქციონზე გამოტანილი სამი ძირი ხე მიმდინარე წლის 6 მარტს გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხეები ამჯერად შპს „ანაგმა“ 13 500 ლარად შეიძინა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული აუქციონის გამოცხადების საფუძველი იყო კონკრეტული დაინტერესება.

„ბათუმელები“ კომპანია „ანაგის“ დაუკავშირდა. „ჩვენ გვაქვს კომერციული ხელშეკრულება გაფორმებული დენდროლოგიურ პარკთან. ვარჩევთ ხეებს, ვყიდულობთ კერძო პირებისგან, ამ შემთხვევაში ვიყიდეთ სახელმწიფოსგან და ეს ხეები შემდეგ გადაგვაქვს დენდროლოგიურ პარკში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „ანაგის“ წარმომადგენელმა დავით ანდღულაძემ.

„ნებისმიერ პირს შეუძლია გამოავლინოს ინტერესი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავი ქონების  ყიდვასთან დაკავშირებით…  სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კანონის ფარგლებში აქვს შესაძლებლობა განიხილოს შემოთავაზებული დაინტერესება და მიიღოს გადაწყვეტილება ქონების განკარგვასთან დაკავშირებით;

სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით განახორციელოს იმ მოძრავი ქონების გასხვისება, რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს;

კანონმდებლობით დასაშვებია ხე-მცენარეების გასხვისება, რომლებიც არ შედის სახელმწიფო ტყის ფონდში“, – აღნიშნულია სააგენტოდან ჩვენთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.


ამ დრომდე სახელმწიფოსგან ხეების შესყიდვის ფაქტს ერთხელ ჰქონდა ადგილი, როცა, აჭარის მთავრობამ 2015 წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. ამ ხეებს შორის იყო ბიძინა ივანიშვილის პარკში გადატანილი პირველი ხე – მრავალწლოვანი ტიტა.

ხეების გადატანას „ზიმო“ „ანაგისგან“ დამოუკიდებლად აგრძელებს.

ფოტოზე: „ანაგის“ მიერ ნაყიდი ევკალიპტის ხე / ელ. აუქციონის ვებგვერდიდან

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 482 ადამიანი დაჯარიმდა, მათ შორის  378 პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 62 – ნიშანში დგომისთვის, 26 ტროტუარზე დგომის გამო, 11  დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და კიდევ 5 ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის.


ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობში.

ტერიტორია, სადაც ივანიშვილისთვის ხეებს თხრიან, სახელმწიფომ ოფშორულ კომპანიას მიყიდა

ჩაქვში, პლაჟის მიმდებარე მიწის ნაკვეთები, სადაც მრავალწლოვან ხეებს ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადასატანად თხრიან, სახელმწიფომ უპირობო აუქციონითა და პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა.

ამ ნაკვეთებთან არის მოწყობილი დროებითი ნავმისადგომიც, საიდანაც ციხისძირში, ბუკნარსა თუ ჩაქვში ამოთხრილი მრავალწლოვანი ხეები ურეკში გემით გადააქვთ. ნავმისადგომის მოსაწყობად კი ნაპირდამცავი რკინაბეტონის ნაგებობის ერთი მონაკვეთიც დაანგრიეს. ტერიტორია შემოსაზღვრულია და შიგ გარეშე პირთა შესვლა აკრძალულია.

IMG_20170221_111110
ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / თედო ჯორბენაძის ფოტო

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე 5436 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები [484,8 კვ/მ] პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 400 ათას ლარად საკუთრებაში გადაეცა ტარიელ ფაღავას,“ – ეს არის ამონარიდი მთავრობის 2016 წლის სექტემბრის განკარგულებიდან, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს.

ამ განკარგულებით ტარიელ ფაღავამ [რომელსაც ვერ დავუკავშირდით] საპრივატიზებო თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა გადაიხდოს.

17200102_1754401168206889_684929083_o
ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ /მანანა ქველიაშვილის ფოტო

მთავრობის განკარგულებაში ხაზგასმულია, რომ ფაღავამ „პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე მოაწყოს არანაკლებ 4 კოტეჯი  [თითოეულ კოტეჯში არანაკლებ 4 სასტუმრო ნომერი], სპორტული მოედანი, კვების ობიექტი, არანაკლებ 20  ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი… ამასთან, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, არანაკლებ  500 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელოს“.

რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტარიელ ფაღავასთან ნასყიდობის ხელშეკრულება 2016 წლის 18 ოქტომბერს გაფორმდა, დაახლოებით ერთ თვეში კი ქონება იპოთეკით დაიტვირთა – იპოთეკარია „ბანკი ქართუ“.

IMG_20170221_111442
ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / თედო ჯორბენაძის ფოტო

ტარიელ ფაღავას სახელმწიფომ პირობებში „ნარგავების გაშენების“ ვალდებულებაც ჩაუდო, თუმცა, ადგილზე ჩანს, რომ მრავალწლოვანი ხეები აქ მოჭრილიცაა და ზოგს თხრიან ურეკში გადასატანად. ამასთან, ფაღავასთვის პირდაპირი მიყიდვით გადაცემული ქონება და იქვე, კიდევ ერთი შპს-ს – „სისაიდის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ამ კომპანიამ უპირობო აუქციონზე შეისყიდა სახელმწიფოსგან, ფაქტობრივად, ერთი ღობითაა შემოსაზღვრული და პერიმეტრს დაცვაც აკონტროლებს.

შპს „სისაიდი“ 2015 წელსაა დარეგისტრირებული და მისი დირექტორია გელა კობერიძე, 100% წილის მფლობელი კი შპს „ოლდ სითი დიველოპმენტ“.

ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / თედო ჯორბენაძის ფოტო
ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / თედო ჯორბენაძის ფოტო

თავის მხრივ, „ოლდ სითი დიველოპმენტ“-ის დირექტორი არის ირაკლი ქარსელაძე, ხოლო ამ შპს-ს 100% წილის მფლობელია პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.

ირაკლი ქარსელაძე თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამავე ფონდის მიერ დაარსებული ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. თანაინვესტირების ფონდი კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში.

მიწის სამი ნაკვეთი, საერთო ფართობით 3817 კვ/მ, სახელმწიფომ ყოველგვარი პირობის გარეშე აუქციონზე 296 ათას ლარად გაიტანა და 362 ათას ლარად გაიყიდა 2016 წლის 13 დეკემბერს. ამ ტერიტორიის მესაკუთრე დღეს შპს „სისაიდია“.

17193959_1754401984873474_188694041_o
ჩაქვი. ტერიტორია საიდანაც ხეები გადააქვთ / მანანა ქველიაშვილის ფოტო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ ზღვისპირა ზოლში  გასხვისებულ ტერიტორიაზე კი, რომელიც ინვესტორს რეკრეაციული დანიშნულებით უნდა გამოეყენებინა, მრავალწლიანი ხეები ზოგი მოჭრეს, ზოგს კი თხრიან და იმ პარკში გადასატანად ამზადებენ, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს.

რეკომენდაციები მათთვის, ვისაც თხილის ბაღი აქვს ან აპირებს გაშენებას

ავტორები: ზაურ გაბრიჩიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა, დოქტორი პროფესორი; ანგელინა ნიკოლაშვილი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

საქართველო თხილის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება. 2016 წელს თხილის დაბალმა და უხარისხო მოსავალმა სერიოზული საფიქრალი გაუჩინა თხილის მწარმოებლებს. რა არის მათი შეშფოთების მიზეზი და როგორ დავაღწიოთ თავი ასეთი მოვლენებისაგან?

პლანეტაზე გლობალური დათბობის დასაწყისი გამოხატულებას პოულობს იმ კლიმატური კატაკლიზმებით, რომელიც გახშირდა წყალდიდობების, მეწყერული მოვლენების, ტემპერატურათა მკვეთრი მერყეობის, ცუნამებისა და სხვათა სახით, რასაც უზარმაზარი მსხვერპლი და მატერიალური ზარალი მოაქვს კაცობრიობისთვის.

თუ კი დავაკვირდებით და გავაანალიზებთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში აგროკლიმატური ფაქტორების მიმდინარეობას ბოლო ათწლეულში, დავრწმუნდებით იმაში, რომ განსაკუთრებით სავეგეტაციო პერიოდში კლიმატი ძალზე ცვალებადი გახდა, ერთი წელი არ გავს მეორეს და ა.შ. მაგალითად, თუ 2013, 2014, 2015 წლების სავეგეტაციო პერიოდი მკვეთრად გამოხატული გვალვებით და მაღალი ტემპერატურებით ხასიათდებოდა, 2016 წლის სავეგეტაციო პერიოდი პირიქით, უხვნალექიანობით, დაბალი ტემპერატურებითა და ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობით გამოირჩეოდა. ამას თან ახლდა დღეღამური ტემპერატურების მკვეთრი მერყეობა. მაგალითად, 14 ივნისს მზეზე დაფიქსირდა +35+360C; მეორე დღეს კი ტემპერატურა +18+190C-მდე დაეცა. ტემპერატურის ასეთ რყევას მოყვა მაგნიტური ქარიშხალი, რამაც გამოიწვია კულტურული ნარგავების და მათ შორის თხილის კულტურის მექანიკური დაზიანება, ტოტების ხლეჩვა, ნაყოფების ცვენა. ანალოგიური  მდგომარეობა დაფიქსირდა 16 მაისს, 14 აგვისტოს. 2016 წელს წვიმიან დღეთა რაოდენობამ 130-ს გადააჭარბა.

კლიმატური პირობების ასეთი ცვლილების ფონზე განსაკუთრებით საშიში გახდა მავნებელ-დაავადებათა გააქტიურება, გაძნელდა მათ წინააღმდეგ ბრძოლა.

თხილის კულტურაზე გამოვლენილი 300 მავნებლიდან საქართველოში 100-ზე მეტი სახეობაა აღნიშნული. მათ შორის დიდი უარყოფითი ეკონომიკური მნიშვნელობით გამოირჩევა სხვადასხვა სახის ფოთლიჭამია, ჩრჩილები, მზომელები, ბუგრები, ხარაბუზები, ამერიკული თეთრი პეპელა, ტკიპები, ცხვირგრძელები და სიდამპლის გამომწვევი სოკო-ორგანიზმები. დასავლეთ საქართველოში აღნიშნულია 20-ზე მეტი დაავადება, რომელთაგან აღსანიშნავია ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლეები, ფოთლის სილაქავე, ფუზარიუმი. ბოლო ხანებში აღინიშნა ტრაქეომიკოზური ვერტიცილური ხმობა, ფოთლის ვირუსული დაავადებანი და სხვა. ამ მრავალფეროვანი სახეობების განვითარება-გამრავლება და ბრძოლის კალენდარული ვადები ხვადასხვაა, ამიტომ ის უნდა გაერთიანდეს კომპლექსურად და ჩატარდეს იმ ვადებში, რომელიც შეეფარდება ფოთოლმცვენ თხილის კულტურას.

დღეს, როდესაც საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ფერმერები, გლეხები დასაქმებული არიან თხილის, ციტრუსების, ჩაის საექსპერტო პროდუქციის წარმოებაში. მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული თითოეული ამ კულტურის და მავნე ორგანიზმის ბიოლოგიური თავისებურებანი, მათი ადაპტირების უნარი აგროკლიმატური რისკ-ფაქტოტების მიმართ. თითოეული ფერმერი და გლეხი მზად უნდა იყოს შეებრძოლოს  მოსალოდნელ კლიმატურ რეალობას, იცოდეს როდის რა გააკეთოს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან ასაცილებლად. ყველაფერი რომ რიგზე არა აქვთ ჩვენს ფერმერებსა და გლეხებს, ამაზე მეტყველებს 2016 წლის სავეგეტაციო პერიოდში განვითარებული არასტაბილური კლიმატური ფაქტორების მიერ თხილის პლანტაციების დაზიანებისა და თხილის მოსავლის შემცირების საყოველთაო მოვლენა.

ზარალი გაცილებით ნაკლები იქნებოდა,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაშენებული თხილის ბაღები რომ აკმაყოფილებდნენ სტანდარტულ პირობებს. თხილის პროდუქციაზე მაღალი შესასყიდი ფასების გამო მოსახლეობამ სპონტანურად დაიწყო ბაღების გაშენება – ნიადაგის წინასწარი შესწავლა-მომზადების, დარაიონებული ჯიშების გაშენებისა და მოვლა-მოყვანის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობით. შედეგად რა მივიღეთ? სუსტად განვითარებული პლანტაციები, ხელმეორედ დაჭაობებული ფართობები, გამჟავებული ნიადაგები. 4-5-წლიან ბაღებში მასიურად შეიმჩნევა დაკოჟრილი, მღიერებით და ხავსმოკიდებული, წვეროებწამხმარი თხილის ღეროები-მოსავალი კი დაბალი და არასტანდარტული.

ჩვენ არ გვინდა ამით გავაღიზიანოთ მოსახლეობა, მაგრამ როდესაც საკითხი ეხება თხილის პროდუქციაზე ევროპული სტანდარტების მოთხოვნებს, უნდა დავფიქრდეთ და  პლანტაციების გაშენებისას ვიხელმძღვანელოთ მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.

თხილის პლანტაციების გაშენების, მოვლისა და ექსპლოატაციის პროცესებში დაშვებული შეცდომები თვალნათლივ გამოჩნდა 2016 წლის სავეგეტაციო პერიოდში, როდესაც ივნის-ივლის-აგვისტოს თვეში განვითარებულმა არასტაბილურმა კლიმატურმა პირობებმა მასიურად ხელი შეუწყო მავნებელ-დაავადებათა ინტენსიურ განვითარებას. განსაკუთრებით მასიურად გამოვლინდა თხილის ნაცრისფერი და ყავისფერი სიდამპლე და თხილის ნაცარი. მიუხედავად იმისა, რომ თხილის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები, სააქციო საზოგადოებები ნარგავეს წამლავდნენ, ზარალი მაინც მნიშვნელოვანი იყო, ხოლო იმ ნაკვეთებში, სადაც ნარგაობა სუსტად განვითარებული და შეუწამვლელია ნაცრისფერი სიდამპლითა და ნაცრით განადგურდა არა მარტო მოსავალი, არამედ მცენარეთა აქტიური ვეგეტატიური ყლორტებიც კი. დაავადებათა გავრცელებას ასევე ხელი შეუწყო ზედმეტად ხშირმა ნარგაობამ, გადაზრდილმა ტოტებმა, ვარჯში ჰაერაციისა და სინათლის დეფიციტმა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ თხილის ბაღების გაშენების დროს ოპტიმალური სიხშირე-გაადგილება და ყოველწლიურად ვარჯის გასხვლა-ფორმირება აუცილებელია.

საბაზრო ლიბერალიზაციის პირობებში ფერმერი უნდა მიეჩვიოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მკაცრი სტანდარტების დაცვას. ბაღის მეპატრონე, რომელიც დაუდევრობის გამო საკუთარ ბაღში არ ატარებს მონიტორინგსა თუ წამლობას, ამით ის ხელს უწყობს მავნებელ-დაავადებათა აქტიური კერის გაჩენას, რითაც ზარალდება მომიჯნავე წარმატებული ფერმერების კარგად მოვლილი და შეწამლული თხილის ბაღებიც კი. აქედან გამომდინარე მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა თხილის ბაღებში უნდა გახდეს საყოველთაო და აუცილებელი, როგორც ეს ციტრუსებშია.

დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს თხილის ბაღების შემოწმებას, რათა ქვეყანაში შემოჭრილი ახალი სახეობის მავნებელ-დაავადება არ იქნას აღნიშნული, რაზედაც მაშინვე განგაში უნდა ატეხოს მეპატრონემ.

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი – თხილის კრეფის პერიოდი ივლისის მესამე დეკადა – აგვისტოს თვეა. თუ კი ამ პერიოდში კლიმატი ნაყოფის მშრალად შეგროვების საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია სველი ნაყოფის ხელოვნურ გაშრობაზე გადაყვანა. სამწუხაროდ, თხილის ბევრ მწარმოებელს ხელოვნური შრობის საშუალება არ გააჩნია, ნახევრად სველ თხილის ნაყოფს ინახავს ტომრებში და შემდეგ გააქვთ სარეალიზაციოდ. 2016 წლის მოსავალში, რომელიც ასეთ პირობებში იყო დამზადებული, მიუხედავად ნაყოფის კარგი ვიზუალური შეხედულებისა, თხილის გულის მასიური დაავადება-ლპობა იქნა გამოვლენილი. ამ დროს თხილის გულში ვითარდება ობიანი სოკოები-მიკოტოქსინები (აფლოტოქსინი), რომლებიც წარმოადგენენ კანცეროგენულ ნივთიერებებს და იწვევენ თირკმლის კიბოს. სამწუხაროდ, საკარანტო ღონისძიებების გაუტარებლობამ გამოიწვია სოჭიდან საქართველოში საშიში პოლიფაგი მავნებლის – მარმარა ბაღლინჯოს (Hალყომორპჰა ჰალყს შტალ) შემოჭრა, რომლის დაზიანების შედეგად მცენარეთა ნაყოფები კარგავენ საბაზრო ღირებულებას.

მომავლში ბაღლინჯოს ეს სახეობა მოითხოვს ჩვენს პირობებში ბიოეკოლოგიის დეტალურად შესწავლას და ბრძოლის ღონისძიებების გატარებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ გვინდა თხილის მაღალმოსავლიანი სტაბილური ბაღების გაშენება, მკაცრად უნდა დავიცვათ გაშენების, მოვლისა და ექსპლოატაციისათვის მეცნიერულად შემუშავებული რეკომენდაციები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შემდეგ საკითხებს:

  • პლანტაციის გაშენებამდე მონიტორინგის ჩატარება ნაკვეთების შესარჩევად, პირველადი დამუშავება, ნიადაგის არეს (მჟავიანობა) რეაქციის შესწავლით;
  • ახალი პლანტაციის გასაშენებლად საღი (გაუვნებელყოფილი) ნერგების შერჩევა, რათა მავნე ორგანიზმებს არ მიეცეთ გავრცელების საშუალება.
  • თხილის ჯიშების ჰეტეროზიგოტულობის გამო, ახლადგაშენებულ პლანტაციებში დარღვეულია კულტურის ჯიშობრივი სიწმინდე, სარგავი მასალის სტანდარტულობა და კრიტერიუმები, რომლებიც ხელს უშლიან თხილის მაღალი მოსავლის მიღებას და ნაყოფების ხარისხის შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან;
  • პლანტაციების ოპტიმალური სიხშირე-გაადგილების დაცვა;
  • ახალგაზრდა და ზრდასრულ პლანტაციაში ვარჯის გამოხშირვა, გასხვლა-ფორმირება;
  • ნიადაგის დამუშავება, განოყიერების დიფერენცირებული სისტემის გამოყენება;
  • საჭიროების შემთხვევაში მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარება კალენდარული ვადების დაცვით;
  • თხილის ნაყოფების დამზადება, შრობა, რეალიზაცია;
  • შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ნარგავების გაწმენდა, გასუფთავება, გამხმარი და ნასხლავი ტოტების გამოტანა თხილნარების გარეთ და დაწვა. ორგანულ-მინერალური სასუქების შეტანა და ნიადაგში ჩაკეთება;
  • კვალიფიციური სპეციალისტების მიერ ბაღის ფიტოსანიტარული მონიტორინგის ჩატარება, ნიადაგის ქიმიური ანალიზის ჩატარება-დიაგნოსტირება.

აი ეს საკითხები მებაღეებმა უნდა იცოდნენ და დაუყოვნებლივ ასრულებდნენ. ამ თემებზე გამოქვეყნებულია სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, ინსტრუქციები. ტარდება ტრენინგები. პრაქტიკული დახმარებისთვის მათ შეუძლიათ მიმართონ რეგიონალურ საკონსულტაციო სამსახურებს და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, რომლებიც მათ აღმოუჩენენ კვალიფიციურ დახმარებას.

ოზურგეთი – ანასეული  

 

სოფელ ძენწმანში ლოჯისტიკური ცენტრი მოეწყობა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობს გეგმავს.

ლოჯისტიკური ცენტრის მოსაწყობად სოფელ ძენწმანში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 800 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ქედის გამგეობამ აჭარის მთავრობას საკუთრებაში 24 თებერვალს უსასყიდლოდ გადასცა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა.ა.(ი).პ აგროსერვისცენტრის ქედის სამსახურის უფროსის, სოსო შერვაშიძის ინფორმაციით, ქედის ლოჯისტიკური ცენტრი ხილის დახარისხება-შეფუთვისა და სამაცივრე მოწყობილობებით აღიჭურვება, რაც ქედელ ფერმერებს საშუალებას მისცემს, ადგილზე გადაამზადონ და შეინახონ ხილი სარეალიზაციოდ.

ლოჯისტიკური ცენტრი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში, ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

ლოჯისტიკური ცენტრის მოწყობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში აქვს დაგეგმილი, ცენტრი კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იქნება.

ვაჟა ბოლქვაძე ქედის წყალკანალს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

ქედის საკრებულოს წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ვაჟა ბოლქვაძე  შპს „ქედის წყალკანალის“ მიერ განხორციელებულ 15 000-ლარიანი სახელმწიფო შესყიდვის გაუქმებას მოითხოვს. მისი თქმით, ელექტრონული ტენდერი, რომლითაც შპს-ს მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი უნდა შეეძინა კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

„წყალკანალის მიერ ავტომობილის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის ტექნიკურ პარამეტრებში ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება, რითაც სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, აღსანიშნავია ისიც, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი ინდმეწარმე იღებს მონაწილეობას და თან ერთ თეთრსაც კი არ აკლებს, და საერთოდ რატომ ყიდულობს მუნიციპალიტეტი უაზის ტიპის ავტომობილს, მაშინ როდესაც მის ბალანსზე არსებული, მუშა მდგომარეობაში მყოფი ამ ტიპის ავტომობილი გამგეობის ეზოში ორი წელია დგას,“ – აცხადებს ვაჟა ბოლქვაძე.

ვაჟა ბოლქვაძის ბრალდებასთან დაკავშირებით ქედის წყალკანალის უფროსი ემზარ ბერიძე ამბობს, რომ ელექტრონულ ტენდერში კორუფციულ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება შესასყიდი ავტომობილის ტექნიურ მოთხოვნებს, მისი თქმით პარამეტრები სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე გაწერეს.

„ეს არის წყალკანალი, კანალიზაცია კი მოგეხსენებათ რასაც ნიშნავს, როცა ავტომობილს ამ სფეროში მომუშავე თანამშრომლები გადაჰყავს სპეციალური გაწმენდვა სჭირდება და თუ მხედველობაში ვაჟა ბოლქვაძეს ტყავის სავარძლები აქვს აღებული, ვუპასუხებ, მოთხოვნაში იმიტომ ჩავდეთ, რომ შესაბამისად გაირეცხოს და სავარძლები არ დასველდეს,“ – ამბობს ემზარ ბერიძე.

მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილის შესაძენად გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ქედის წყალკანალმა სავარაუდო თანხით -15 000 ლარით 27 თებერვალს გამოაცხადა.

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილი, რომელსაც ქედის წყალკანალი შეისყდდა, არანაკლებ 1999 წელს გამოშვებული, 2400 დან-2500 მდე ძრავის მოცულობის, ბენზინზე მომუშავე, ტყავის სალონით, ოთხი უსაფრთხოების ღვედით, არაუმეტეს 100000 კილომეტრი გარბენი, 7- ადგილიანი, 4- ცილინდრიანი, მარცხენა საჭით, არანაკლებ 5- სიჩქარიანი და 4/5 -კარიანი, 4 ახალი და ერთი ახალი სათადარიგო საბურავით უნდა ყოფილიყო, ამავდროულად ავტომობილი არ უნდა ყოფილიყო ნაავარიევ-შენადუღები.

ამ პარამეტრებით ქედის წყალკანალის მიერ გამოცხადებული ტენდერი 6 მარტს დასრულდა, ტენდერში მონაწილეობა კი მხოლოდ ერთმა – ინდმეწარმე დათო საკანდელიძემ მიიღო 15 000 ლარით.

ქედის წყალკანალს ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმესთან ავტომობილის შესყიდვაზე ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია, ემზარ ბერიძე ამბობს, რომ ტენდერი კანონიერად ჩატარდა და ტენდერის გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, უაზის ტპის ავტომობილი, რომელიც გამგეობის ეზოში დგას, ჩამოსაწერია და მას მუნიციპალიტეტი მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში იყენებს.

 

ქობულეთში ზღვაზე გადასასვლელები მოეწყობა

ქობულეთში,  ზღვის სანაპიროზე, 5 გადასასვლელი მოეწყობა, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და მოეწყობა განათების სისტემა. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 765 996 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

Exit mobile version