მთავარი,სიახლეები

ახალი ჰოსპიტალი ბათუმში პირველ თებერვალს გაიხსნება

22.01.2016 • 5999
ახალი ჰოსპიტალი ბათუმში პირველ თებერვალს გაიხსნება

2016 წლის პირველი თებერვლიდან ბათუმში, ახალი, მრავალპროფილური ჰოსპიტალი ამოქმედდება. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო კლინიკაში თებერვლიდან იმუშავებს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.

ისმეთ მიქელაძე-დინდარი

ისმეთ მიქელაძე-დინდარი

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ისინი ჰოსპიტალში ეტაპობრივად ამოქმედდება.   ჰოსპიტალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი იქნება კარდიოლოგია და მას თურქეთში, სტამბოლში მოღვაწე ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ მიქელაძე-დინდარი უხელმძღვანელებს.

„ჰოსპიტალში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ პაციენტს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის აღარ მოუხდეს დედაქალაქის კლინიკებისთვის მიმართვა ან უცხოეთში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაღება“ – ამბობს ისმეთ მიქელაძე-დინდარი.

ჰოსპიტალის ინფორმაციით, მეან-გინეკოლოგიურ მიმართულებას თემურ გაბაიძე ხელმძღვანელობს; რეპროდუქტიულ განყოფილებაში უნაყოფობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე და ეფექტური მეთოდებია დანერგილი; სამკურნალო-დიაგნოსტიკური საქმიანობა რეპროდუქტოლოგ მეჰმეთ ჯან ასლანჯას მეთვალყურეობით წარიმართება; გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებას მაჰირ ბალაქიშევი უხელმძღვანელებს.

ფოსპიტალში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. „სამედიცინო პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში იქნებიან და მუდმივად გაეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება. პერიოდულად მოვიწვევთ სპეციალისტებს საზღვარგარეთიდანაც“ – აცხადებენ ჰოსპიტალში.

„ბათუმელების“ კითხვას, ხო არ არის გაფორმებული შესაბამისი მემორანდუმები ევროპის კლინიკებთან, ისმეთ დინდარიმ უპასუხა: „ამ ეტაპზე მემორანდუმები, როგორც ასეთი, გაფორმებული არ არის, თუმცა პირადად მაქვს ისეთი კავშირები, რომ საჭირო სპეციალისტის საჭირო დროს ჩამოყვანა პრობლემა არ იქნება“.

ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში, მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ახალი სამედიცინო კლინიკის სერვისები მოქალაქეებისთვის? – ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მომსახურების მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, ფასებიც დაახლოებით 10%-ით მაღალი იქნება ვიდრე სხვა სამედიცინო დაწესებულებებშია საქართველოში. ჰოსპიტალში ამოქმედდა პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტიც.

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე ჰოსპიტალის თურქული ინვესტიციით გახსნა 2014 წლისთვის იგეგმებოდა. ჰოსპიტალმა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა გასული წლის ბოლოს მიიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: