მთიანი აჭარა

სოფელი, რომელსაც ლოდები ემუქრება

23.03.2015 • 2823
სოფელი, რომელსაც ლოდები ემუქრება

 

 

 

ქვები რომელიც სოფელს ემუქრება

 

სოფელ ქვედა აგარას შიდა სასოფლო გზაზე გასული წლის შემოდგომაზე ჩამოვარდნილი ქვის ლოდი ახლაც აგდია. იქვე არის კიდევ ერთი ლოდი და მიწის მასა. სოფლის მკვიდრი სულიკო თებიძე მიხსნის, რომ უზარმაზარი ლოდები ამ ადგილზე გასულ წელს ჩამოიშალა და რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელში მიმოსვლა ჩაიკეტა. აქაური ზაზა დევაძე კი ამბობს, რომ სოფელში გზა მეწყრული პროცესების გამო ხშირად იკეტება.

 

„გასულ წელს, ქვები რომ ჩამოცვივდა, 10 დღის შემდეგ გაწმინდეს სავალი ნაწილი, ჩვენი ძალებით ვერ მოვახერხეთ გაწმენდა. გზის ჩაკეტვა ზამთარში ჩვენთან ხშირი მოვლენაა, გათოვდება თუ გაწვიმდება, პრობლემა გვექმნება გადაადგილებაში“, – ამბობს ზაზა.

ადგილობრივების თქმით, ქვათა ცვენისა და ზვავის შემთხვევა სოფელში ხშირია, მოსახლეობა გეოლოგიური პროცესების გააქტიურებას საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მიწის გადარეცხვით ხსნის.

ჯერ კიდევ 2013 წლის ბოლოს საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის თხოვნით, ქედის გამგეობაში 48 განაცხადი შევიდა. 2014 წლის თებერვალში სოფელში ასულმა გეოლოგთა ჯგუფმა ვითარება შეისწავლა და ქედის გამგეობას მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით არსებული ლოდების გაუვნებელყოფის, სასოფლო გზაზე დამცავი გაბიონების მოწყობის რეკომენდაცია მისცა. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, მაგრამ ქედის გამგეობას გეოლოგების რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია.

 

სოფლის მკვიდრი 53 წლის მურმან თებიძე ამბობს, რომ სოფელს გეოლოგი ბოლოს სამი თვის წინ ეწვია, ქვების გაუვნებელყოფის დაპირებაც მისცა, მას შემდეგ პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში მისული სპეციალისტი აღარავის უნახავს.

 

„ნებისმიერ დროს შეიძლება წამოვიდეს ლოდები და საფრთხე შეგვიქმნას, არამარტო ჩემს საცხოვრებელს, ბევრ სახლს დააზიანებს, ეს ერთი და ორი ოჯახის პრობლემა არ არის. გეოლოგებმა გვითხრეს, რომ, სადაც ჩამოსასხმელი დამცავი ბარიერი და გასამაგრებია გავაკეთებთ, ლოდებს აფეთქებით დავშლითო. გეოლოგის მერე ამფეთქებელი მოვიდა, იმანაც ნახა, გვითხრა შევისწავლითო და წავიდა. მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არავინ მოსულა. ზამთარში ქვებს ჩვენ თვითონ ვამტვრევთ, ზოგი იმდენად დიდია, ვერ დავშლით, მაგრამ ჩვენი ძალები რასაც გასწვდება, იმას ვაკეთებთ, სხვანაირად არ გამოვა ცხოვრება, საშიშია“, – ამბობს მურმან თებიძე.

 

მურმანის მეუღლე გიული თებიძე ამბობს, რომ მათ პრობლემას ისიც დაემატა, რომ ბოლო რამდენიმე წელია წვიმის დროს სახლის სარდაფი იტბორება.
მურმან თებიძის მეზობლად მცხოვრებ ზაურ თებიძის ოჯახსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, თუმცა ამ ოჯახის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ სახლი, სადაც ხუთი სული ცხოვრობს, 2012 წელს მიწისძვრის დროს დაზიანდა – სახლს გამაგრება სჭირდება, სოციალურად დაუცველი თებიძეები კი, სახლის გამაგრებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ.

 

„ყორე, რომელზეც სახლია დაშენებული, მიწისძვრაზე დაიბზარა და გადაიხარა. შესაძლებლობა რომ მქონდეს, ამდენხანს თვითონ გავამაგრებდი და ასეთ სახლში არ ვიქნებოდი მცრეწლოვან ბავშვებთან ერთად, მაგრამ რომ ვერ შევძელი, ამიტომ ვთხოვე დახმარება ხელისუფლებას, – მეუბნება ზაური და სახლის ფასადს მაჩვენებს. ზაურის მეუღლე ინდირა თებიძე კითხულობს ციტატებს გეოლოგის დასკვნიდან: „2012 წლის მიწისძვრის დროს სახლი დეფორმირდა, მოშლილია ხის საყრდენი ბოძები და ყორე, შენობის მდგრადობის შესანარჩუნებლად აუცილებელია უახლოეს ხანში ჩაუტარდეს აღდგენა- გასამაგრებელი სამუშაოები ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“.

 

როგორც ინდირა ამბობს, ოჯახი თავს დედამთილის (ეთერ ბოლქვაძის) პენსიითა და საარსებო შემწეობით ირჩენს, თუმცა ამ დროისთვის ოჯახი ვერც ამ პენსიას სარგებლობს, რადგან 18-თვით პენსია ოჯახმა ხანდაზმულის სამკურნალოდ წინასწარ გამოიტანა.

„დედამთილი ავად გახდა, თბილისში იყო წასაყვანი… არავინ მუშაობს, ქმარი ავადაა, ფიზიკური შრომა არ შეუძლია“, – ამბობს ინდირა.
ამ ოჯახის გარდა გეოლოგებმა სახლის გამაგრების რეკომენდაცია ორი წლის წინ იზოლდა ცინცაძისა და ხასან თებიძის სახლებზეც გასცეს, თუმცა არც ამ სახლებს ჩატარებია რაიმე სახის გამაგრებითი სამუშაოები.

 

ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, დავით თედორაძის თქმით, 2012 წელს მიწისძვრამ აგარაში ექვსი სახლი დააზიანა და ზარალმა 10 862 ლარი შეადგინა. დავით თედორაძის თქმით, საკითხი განსახილველად სამთავრობო კომისიას გადაეგზავნა. სოფელ აგარაში მცხოვრებ ორ ოჯახს – მურმან და ადემ თებიძეებს ხელისუფლებამ 2013 წელს ქედის ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში ბინა გადასცა. დავით თედორაძის თქმით, ამ ოჯახებს ბინები საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის გამო მისცეს და არა – ქვათა ცვენის. ადრე ამ სოფელში ხევა თებიძის ოჯახსაც დაეხმარენ, თუმცა როგორც მოხუცებული ამბობს, 2011 წელს მიღებული ფულადი დახმარება იმდენად მწირი იყო, რომ უსაფრთხო გარემოს შექმნა ოჯახმა ვერ შეძლო.

 

„წვიმასა და თოვლში შიშისგან ვერ დამიძინია. ჩემი ოჯახი სტიქიამ ჯერ კიდევ 2010 წელს დააზარალა. სახლის კედელი ჩამოშალა. ხელისუფლება სახლის მონაცვლეობისთვის 3000 ლარით დაგვეხმარა, მაგრამ აქ ისეთი ადგილი არ არის, სახლი გადამეტანა, ვუთხარი მომეცით ნებართვა სახლი ახლოს გადავიტანო-მეთქი, ნებართვა ვერ მომცეს, სხვაგან კი, მიწა არ მქონდა, თანაც ქვის სახლი სად წამეღო? იმ 3000 ლარის გამო საარსებო შემწეობაც მომიხსნეს. წასასვლელი რომ არ გვქონდა, სახლი შევაკეთეთ და დღემდე აქ ვცხოვრობთ“, – ამბობს ხანდაზმული.

 

„მე ფულად დახმარებას არ ვითხოვ – შეგვიქმნან უსაფრთხო გარემო. რამდენიმე დღის წინ გამგებელი იყო ამოსული, მაგრამ მე ეს არ ვიცოდი, რომ დავინახე შეხვედრაზე მოსული კაცი იცინოდა, ვუთხარი თქვენ იცინით, მაგრამ მე ღამეში ძილი არ მაქვს-მეთქი. ეს რომ ვთქვი, მეზობლებმა მითხრეს, გამგებელია და ასეთი ლაპარაკი სირცხვილიაო. გამგებელმა კი მითხრა, რომ ქვეყანა ინგრევა და ამიტომ ყველას უნდა მოვემსახუროთო“, – მეუბნება თინა ფარტენაძე.  „დაწერეთ, რასაც გეუბნებით, არავის არ მერიდება, ასე გვპასუხობს გამგებელი“.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ადასტურებს, რომ რამდენიმე დღის წინ მართლაც შეხვდა სოფლის მოსახლეობას, მაგრამ ამბობს, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა. გამგებლის თქმით, მოსახლეობის შიში უსაფუძვლოა: „მოსახლეობას საფრთხე რომ ავარიდოთ, აფეთქებითი სამუშაოების წარმოებისთვის პერიოდულად ვაცხადებთ ტენდერს, მაგალითად, სოფელ ახოში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ლოდი, მაგრამ მისი აფეთქება შეუძლებელია, ასევეა ეკნარას უბანშიც. გაბურღვითი სამუშაოები რომ დაიწყეს, საშიშროება შეიქმნა, ფატალური შემთხვევა რომ არ გვქონოდა, სამუშაოები აღარ გავაგრძელეთ. ამ კონკრეტულ სოფელში, სადაც საფრთხე არის, თუმცა არა ისეთი, რომ განსახლებას საჭიროებდეს, პრევენციული ღონისძიებაა გასატარებელი. ზოგადად, თუ თოვლის საფარი 80 სანტიმეტრი იქნება, აფეთქებისას რისკი მცირდება, ამიტომ გადავწყვიტეთ მაშინ აგვეფეთქებინა, როცა თოვლი მოვიდოდა, მაგრამ ამ ოდენობის ნალექი არ მოსულა. გაბურღვითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ აწარმოა, რადგან ტექნიკის მიტანა ადგილზე ვერ მოხერხდა, მიუვალ ადგილზეა. ინჟინრები კიდევ ერთხელ შეისწავლიან, თუ რა ზომები შეიძლება გავატაროთ, რომ პრობლემა მოვაგვაროთ, სადაც შესაძლებელია აფეთქება – ავაფეთქოთ და სადაც არა – ქვები გავამაგროთ.

 

ოჯახს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, კომისიის გადაწყვეტილებით ბინები გადაეცა. რაც შეეხება 2012 წლის მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს, რამდენადაც ვიცი, თანხას ოჯახები უახლოეს ხანში მიიღებენ. ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ ეს თანხა საცხოვრებლების გამაგრებას მოხმარდეს“.

 

ინდირა თებიძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: