მთავარი,სიახლეები

“ვახტანგ წულაძე დასჯის ნაცვლად წაახალისეს”

17.08.2016 • 2468
“ვახტანგ წულაძე დასჯის ნაცვლად წაახალისეს”

ვახტანგ წულაძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად “ქართულმა ოცნებამ” გასულ კვირას დაასახელა. ვახტანგ წულაძე აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსია, რომლის უკანონო გადაწყვეტილებაც აჭარის მთავრობამ რეაგირების გარეშე დატოვა.

საუბარია გარემოს დაცვის სამმართველოში მომხდარ სექსუალური ძალადობის მცდელობაზე, რომლის საპასუხოდ სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ ძალადობის მსხვერპლი ორსული ქალი დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა. “უღირსი საქციელი” და “საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია” – ეს გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომელიც საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

ამ თემაზე “ბათუმელები” მიმდინარე წლის 13 მარტს წერდა. მაშინ აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, დავით გაბაიძემ გვითხრა, რომ ვახტან წულაძის საქმეს მთავრობის აპარატი მაშინ შეისწავლიდა, როცა უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის განაცდურის თანხის გადახდის მოთხოვნა შევიდოდა მთავრობის აპარატში. დღეს დავით გაბაიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ვახტანგ წულაძის საქმე აჭარის მთავრობას არ შეუსწავლია და არც განაცდურის გადახდის მოთხოვნის წერილი შესულა მათთან. “არ ვიცი, როგორც ჩანს, წულაძემ მოახერხა სამმართველოს ხარჯებიდან ამ განაცდურის დაფარვა. რატომ არ განიხილა მთავრობამ მისი საკითხი, ამას ვერ გიპასუხებთ, მე არ ვარ პასუხისმგებელი,” – ამბობს დავით გაბაიძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში” მიაჩნიათ, რომ ვახტანგ წულაძემ განზრახ მიაყენა ბიუჯეტს ზიანი. ანა ბერძენიშვილი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტი: „რომც არ ყოფილიყო ეს ზიანი, მინიმუმ აქ გამოჩნდა მენეჯერული სისუსტე. უფრო მთავარი კი ისაა, რომ აჭარის მთავრობა იზიარებს ვახტანგ წულაძის პასუხისმგებლობას, როცა მან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სამსახურიდან სრულიად უკანონოდ დაითხოვა. ამით ვლინდება მთავრობის უპასუხისმგებლო მიდგომა. სახელმწიფომ რეაგირების ნაცვლად, წაახალისა საჯარო სამსახურებში სექსუალური ძალადობა”.

რატომ არ შეისწავლა აჭარის მთავრობამ ვახტანგ წულაძის შემთხვევა? – კითხვა აჭარის მთავრობამ უპასუხოდ დატოვა. მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ავტომატურად გათავისუფლებული ვახტანგ წულაძე ხელახლა დანიშნა სამმართველოს უფროსად.

ვახტანგ წულაძის გადაწყვეტილებაზე რეაგირებას მოითხოვდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, რომელიც გათავისუფლებულის ინტერესებს სასამართლოში იცავდა, ასევე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და საქართველოს სახალხო დამცველი. “ვახტანგ წულაძე დასჯის ნაცვლად წაახალისეს,” – ასეთი განცდა აქვს იურისტს, ანა ბერძენიშვილს ვახტანგ წულაძის დეპუტატობის კანდიდატად დასახელებაზე.

ანა ბერძენიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება 18 თებერვალს მიიღო, ხოლო უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი სამსახურში 7 ივნისს აღადგინეს. ამ თვეების განმავლობაში  ვახტანგ წულაძემ ნებაყოფლობით არ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება და კიდევ უფრო გაიზარდა განაცდურის ფასი.

უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – სასამართლომ გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენა მოითხოვა ტოლფასს თანამდებობაზე, სადაც ის გათავისუფლებამდე მუშაობდა. ასეთი იყო მოთხოვნა, იმის მიუხედავად, რომ ვახტანგ წულაძემ სამსახურიდან გათავისუფლებულის შტატიც გააუქმა, როცა სასამართლოში მის წინააღმდეგ შევიდა საქმე.

ამ დროისთვის აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს აღდგენილი თანამშრომლისთვის გადახდილი აქვს დაახლოებით 17 ათასი ლარი, თუმცა აღსრულების პროცესი არ დასრულებულა. ვახტანგ წულაძემ სამსახურში დაბრუნებულ ქალს იმ შტატის მიხედვით გადაუხადა განაცდური, სადაც აღადგინა და არა იმ ხელფასის მიხედვით, რასაც უკანონო გათავისუფლებამდე თანამშრომელი იღებდა. სხვაობა დაახლოებით 2400 ლარს შეადგენს, რაზეც ვახტანგ წულაძეს უკვე მიუმართავს საჩივრით აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის – ის ამ სხვაობის გადახდას არ აპირებს. ანა ბერძენიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან” ამბობს, რომ ათანხის გადახდა წულაძეს მაინც მოუწევს, რადგან “უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა”.

ვახტანგ წულაძეს პასუხი არ გაუცია აღდგენილი თანამშრომლის კიდევ ერთი წერილისთვის, რაც დეკრეტულ შვებულებას და კანონით განსაზღვრული 1000 ლარის ჩარიცხვას შეეხება. აღდგენილი თანამშრომელი ასევე აპირებს მოითხოვოს პრემია, რომელსაც ის აიღებდა, თუკი სამმართველოს თანამშრომელი იქნებოდა. “პრემია უნდა გაიცეს, რადგან ის გაიცემოდა არა ინდივიდუალური დამსახურებების მიხედვით, არამედ დღესასწაულებზე ყველასთვის. მართალია, სასამართლოს ამ კუთხით არ უმსჯელია, მაგრამ არსებობს ამ მოთხოვნის კანონიერი საფუძველო,“ – განმარტავს ანა ბერძენიშვილი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: