კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“

13.03.2016 • 2597
დაისჯება თუ არა ვახტანგ წულაძე „თვითნებობისთვის“

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ყველა ინსტანციის სასამართლო წააგო ქალის წინააღმდეგ, რომელიც სამმართველოს უფროსმა, ვახტანგ წულაძემ, დაახლოებით ორი წლის წინ გაათავისუფლა. „უღირსი საქციელი“ და „საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია“ – ეს „ბრალდებები“ ვახტანგ წულაძის გამოცემულ ბრძანებაში წერია. ეს ბრძანება უზენაესმა სასამართლომ გააბათილა და სამმართველოს უკანონოდ გათავისუფლებული მ.მ.-ს აღდგენა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ წულაძის უწყებამ დაზარალებულს ნაცდური ხელფასი – დაახლოებით 20 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. „სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ზოგმა მოიგოს, ზოგმაც – წააგოს“, – ასე გრძნობს პასუხისმგებლობას ვახტანგ წულაძე სასამართლოში წაგებული საქმის შემდეგ.

გარემოს დაცვის სამმართველოს წინააღმდეგ მ.მ. ისევ აპირებს სასამართლოს მიმართოს, ამჯერად მოთხოვნა საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის მორალური კომპენსაციის მიღება იქნება. თუკი ამ საქმესაც მ.მ. მოიგებს, 20 ათასს ლარს მორალური ზიანისთვის გასაცემი თანხაც დაემატება. სამსახურიდან გათავისუფლებამდე, მ.მ.-მ სამმართველოს უფროსს, ვახტანგ წულაძეს, 2014 წლის იანვარში მიმართა წერილით და თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა.

უფროსის რეაგირება სამხურიდან ორსული მ.მ.-ს გათავისუფლებაში გამოიხატა – მას ვახტანგ წულაძემ საჯარო სამსახურის დისკრედიტაცია დააბრალა. „არანაირი კორპორატიული საღამო არ ყოფილა, როგორც ამას ამბობენ. შემოვიდა თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ არაფერს ვმალავთ. იმ დღესვე ეს ინფორმაცია გადავუგზავნეთ შესაბამის სამსახურებს“, – ეს კომენტარი ვახტანგ წულაძემ „ბათუმელებთან“ 2014 წლის 10 თებერვალს გააკეთა.

მაშინ სამმართველოს უფროსმა თქვა ისიც, რომ საჯარო მოხელემ, ვის წინააღმდეგაც შევიდა ახსნა-განმარტებითი ბარათი, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„შესაბამისმა სამსახურებმა“, ანუ გამოძიებამ ფაქტზე მოკვლევა 6 თვის დაგვიანებით დაიწყო. სამმართველოს თანამშრომლებმა გამოძიებასთან ორსულ ქალზე ძალადობა არ დაადასტურეს. „გამოძიება შეწყდა, რადგან პროკურატურამ ძალადობის ფაქტი დაადგინა, მაგრამ ვერ დაინახა მასში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი, ვინც სასამართლოში მ.მ.-ს სამართლებრივ დახმარებას უწევდა. მ.მ.-ზე სექსუალური ძალადობის ფაქტი დაადასტურა სახალხო დამცველმაც, თუმცა მისი რეკომენდაციები, ისევე როგორც არსამთავრობო ორგანიზაციების მითითებები, ვახტანგ წულაძისთვის არ აღმოჩნდა გასათვალისწინებელი. ვახტანგ წულაძე მ.მ.-ს გათავისუფლების დროს შიდა აუდიტის დასკვნას დაეყრდნო, სადაც გამოძიებისგან თუ სახალხო დამცველისგან განსხვავებით აღნიშნულია, რომ სამმართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მას შემდეგ, რაც სამსახურიდან გათავისუფლებულმა ორსულმა სასამართლოს მიმართა, ვახტანგ წულაძემ სამმართველოში მისი შტატიც გააუქმა. სამოქალაქო სექტორში ამ მიდგომას „მანკიერ პრაქტიკად“ აფასებენ, რადგან ნათლად იკითხება თანამდებობის პირის სურვილი, ალაგმოს საკუთარი „გემოვნებით“ გათავისუფლებული თანამშრომლის სასამართლოს გზით უკან დაბრუნება. აქამდე არსებულ შემთხვევებში, სასამართლო დავის მოგების მიუხედავად, ადამიანები სამსახურს ვერ უბრუნდებოდნენ, თუკი ადგილი, სადაც ისინი მუშაობდნენ, აღარ არსებობდა.

„ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ კუთხით არის პრეცედენტული. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია „მოჩვენებითი რეორგანიზაცია“, რომელიც ფესვგადგმულია ჩვენს რეალობაში. ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება და დღევანდელმაც მოირგო ეს მავნე პრაქტიკა. ამჯერად გარემოს სამმართველოს მოუწევს მ.მ.-ს სამსახურში დაბრუნება იმის მიუხედავად, რომ მისი შტატი ამ უწყებაში აღარ არსებობს. აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარის მთავრობაც ხელს უწყობდა მისდამი დაქვემდებარებული სამმართველოს უფროსს. შტატის გაუქმების არანაირი დასაბუთება არ არსებობდა და ვახტანგ წულაძემ ეს აჭარის მთავრობის ნებართვის საფუძველზე გააკეთა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ანა ბერძენიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან~.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე ანგარიშის გაწევა მოუწევთ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებსაც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ თანამდებობის პირებისთვის სავალდებულო გახდება საჯარო მოხელის გათავისუფლებისას იხელმძღვანელონ იმ პრინციპებითა და სტანდარტებით, რომლებიც დაადგინა უზენაესმა სასამართლომ ამ კონკრეტულ საქმეზე.

უნდა დაისაჯოს თუ არა ვახტანგ წულაძე იმისთვის, რომ მან, ერთი მხრივ, სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი დაცვის ნაცვლად სამსახურიდან გაათავისუფლა და მეორე მხრივ, იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება ხალხის ჯიბეს მინიმუმ 20 ათასი ლარით დააზარალებს? – კითხვას მივლინებაში მყოფმა ვახტანგ წულაძემ სატელეფონო საუბრის დროს მოკლედ უპასუხა: „ჯერ არ ჩაგვბარებია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. წავიკითხავ და მერე ვიმსჯელოთ. თუ სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, მაშინ დადგება. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ზოგმა მოიგოს, ზოგმა – წააგოს“.

„როცა ვახტანგ წულაძე წერილით მოგვმართავს და მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფას განაცდურის ასანაზღაურებლად, აჭარის მთავრობა აუცილებლად დაუსვამს მას კითხვებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, დავით გაბაიძემ. თუმცა მას არ ახსოვს პრაქტიკიდან ვინმეს თანამდებობა დაეკარგოს საჯარო მოხელის უკანონოდ გათავისუფლებისთვის: „ასეთ შემთხვევაში მთავრობის აპარატი სწავლობს საქმეს და თუკი კანონმდებლობის უხეში დარღვევა იკვეთება, პირის დისციპლინური პასუხისმგებლობა დგება. ძირითად შემთხვევებში, ეს არის – გაფრთხილება. გააჩნია ასევე, რა ტიპის უხეშ დარღვევასთან გვექნება საქმე. ეს შეფასებაზეა დამოკიდებული. ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ჯერ არ ვიცნობ და ვერაფერს გეტყვით. შესაძლოა, თანამდებობის პირის მოქმედებამ წყალში ჩაყაროს ყველაფერი, რასაც მთავრობა აკეთებს. სამართლებრივად და ფინანსურად რომ ზიანია, ეს უკვე გასაგებია“, – ამბობს დავით გაბაიძე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – არჩილ ხაბაძე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ პასუხისგება აუცილებელია, რადგან მის გარეშე თანამდებობის პირების „გემოვნებაზე“ ვიქნებით ისევ დამოკიდებული. „თუ არ იქნება პასუხისმგებლობაზე საუბარი, შეუძლებელია თანამდებობის პირთა ქცევის ეფექტური კონტროლი განვახორციელოთ. საქმიანობის პროცესში არავინ არის დაცული შეცდომებისგან, მაგრამ როდესაც ამ შეცდომას მიზანმიმართულად ჩადიხარ, ეს საჭიროებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. არაერთი გათავისუფლება გვინახავს, რომელიც დაკავშირებული იყო თანამდებობის პირთა პირად „გემოვნებაზე“. უკანონო გათავისუფლებების შედეგად არამხოლოდ ზიანი ადგება სახელმწიფო ბიუჯეტს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებსაც, ვინაიდან საზოგადოებას ასეთი უწყებების მიმართ უჩნდებათ ნიჰილისტური დამოკიდებულება. სახელმწიფო ორგანოების გამართული მუშაობა პირდაპირ პროპორციულია დემოკრატიის ხარისხზე“, – განმარტავს საია-ს იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ კანონით უნდა განისაზღვროს მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილების მიმღები პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის რეგულირების საკითხი, ოღონდ კარგად უნდა გაანალიზდეს ყველა ის რისკი, რაც შეიძლება პასუხიმგებლობის ფორმის დადგენამ გამოიწვიოს.

პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ მანანა კობახიძე არ მიიჩნევს, რომ სამართლებრივი რეგულაციის პრობლემა არსებობს. ის ამბობს, რომ თუკი სასამართლო საჯარო მოხელის უკანონო გათავისუფლებას ცალსახად ადასტურებს, შესაძლოა, ამით გამოძიება დაინტერესდეს: „მნიშვნელოვანია, გამოირკვეს, რამდენად ჰქონდა განზრახვას ადგილი. თუ ასეა, ეს რეალურად არის კრიმინალი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მანანა კობახიძემ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეაგირება მთავრობისვე ინტერესში უნდა შედიოდეს. თუ მთავრობა არ მოქმედებს, გამოდის, რომ სამოქალაქო საზოგადოებაა უმოქმედო და ჯერ კიდევ ვერ გახდა იგი შესაბამისად ანგარიშგასაწევი: „ეს არ უნდა განიხილოს ვინმემ, როგორც კონკრეტული ქეისი. მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და აქტიური დისკუსია ამ თემაზე. აჭარის მთავრობამ უნდა იგრძნოს ზეწოლა საზოგადოების მხრიდან თანამდებობის პირების ასეთ თვითნებობებზე. თუ ამჯერადაც არავინ დაისჯება, სხვა თანამდებობის პირის თვითნებობას ვნახავთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: