მთავარი,სიახლეები

ვახტანგ ღლონტის „წამოკრულები“ და სარგებელი ბიუჯეტიდან

03.03.2017 • 5565
ვახტანგ ღლონტის „წამოკრულები“ და სარგებელი ბიუჯეტიდან

ჟურნალ „ჭოროხის“ 6 ნომრის და კიდევ ერთი წიგნის დასაბეჭდად „აჭარის მწერალთა სახლმა“ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 9900 ლარია. აქედან ჟურნალის ერთი ნომრის ბეჭდვისთვის მაქსიმუმ 1400 ლარი დაიხარჯება, წიგნისთვის – 1500 ლარი. წიგნის ავტორი პოეტი, ბათუმის საკრებულოს კონსულტანტი და „სალონური საღამოების“ წამყვანი – ვახტანგ ღლონტია. „აჭარის მწერალთა სახლი“ წელს მხოლოდ მისი წიგნის დაბეჭდვას აპირებს ბიუჯეტის ფულით.

„ეს იყო პირველი თხოვნა, რომელიც მწერალთა სახლმა მიიღო თავად ავტორისგან,“ – გვიყვება ლალი კონცელიძე, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორი. მისი თქმით, გასულ წელს აჭარის განათლების სამინისტრომ 13 მწერლის წიგნის გამოცემა დააფინანსა, მაგრამ „ვახტანგ ღლონტმა წიგნზე მუშაობის დასრულება ვერ მოასწრო. ფაქტობრივად, 12 წიგნი გამოიცა. ეს თანხა მოგვცა განათლების სამინისტრომ და ჩავსვით იმ 130 ათას ლარში, რომელიც წელს მწერალთა სახლს აქვს“,  – ამბობს ლალი კონცელიძე.

ა(ა)იპ „აჭარის მწერალთა სახლი“ გასული წლის ბოლოს დააფუძნა აჭარის განათლების სამინისტრომ. გაიზარდა რამდენიმე მწერლის დაფინანსება 82 ათასიდან 130 ათასამდე. გაზრდილი ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი – 87 ათასი ხელფასებისთვის დაიხარჯება, მათ შორის, დავით თედორაძისთვის, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

ვახტანგ ღლონტის ლექსების კრებული „წამოკრულები“ 208 გვერდი იქნება და 300 ეგზემპლარად დაიბეჭდება. ლალი კონცელიძე, „აჭარის მწერალთა სახლის“ დირექტორი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი წიგნის დაბეჭდვაზე განათლების სამინისტროსთან ერთად მიიღო. ვერ გვეუბნება კრიტერიუმს, როგორ შეარჩიეს მწერალი, ვისი ნამუშევარიც ბიუჯეტის ფულით უნდა დაიბეჭდოს.

წიგნის დაბეჭდვის მოთხოვნით, მწერალთა სახლისთვის წელს ასევე მიუმართავთ ზურაბ გორგილაძისა და ემენ დავითაძის ოჯახის წევრებსაც. „ამ წიგნების დაბეჭდვას მომავალი წლისთვის მოვახერხებთ, ალბათ. წლის ბოლოს შევაჯამებთ გაწეულ სამუშაოს და ბიუჯეტში გავითვალისწინებთ სხვა ავტორებს, ვისაც წიგნის დაბეჭდვის სურვილი ექნება“, – გვითხრა ლალი კონცელიძემ.

ბოლო სამი წელია აჭარის ბიუჯეტის მხარდაჭერით ვახტანგ ღლონტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში  „სალონურ საღამოებსაც“ მართავს. მაგალითად, წელს, მხოლოდ იანვარ-თებერვალში ვახტანგ ღლონტს ხელფასის სახით 6 ათასი ლარი მიუღია სამი საღამოს მასპინძლობისთვის. აქედან არც ერთ საღამოზე ბილეთი არ გაყიდულა.

ბათუმის მუსიკალური ცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პროექტის „სალონური საღამოების“ ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ვახტანგ ღლონტის ხელფასზე იხარჯება. 2016 წელს პროექტის საერთო ბიუჯეტი 20 519 ლარი იყო, აქედან ვახტან ღლონტის ანაზღაურება – 18 500 ლარი.

2015 წელს ვახტანგ ღლონტმა სალონური საღამოების მასპინძლობისთვის 16 832 ლარი მიიღო. ამ წელს საღამოებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 17 241 ლარი დაიხარჯა. ბოლო სამ წელიწადში “სალონური საღამოების” მთლიანი ბიუჯეტი 54 592 ლარია.

2015 წლიდან დღემდე ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა სულ 23 სალონური საღამო გამართა. აქედან მხოლოდ 7 საღამოზე გაიყიდა ბილეთები. ბილეთებიდან შემოსული თანხა სამი წლის განმავლობაში ჯამში 605 ლარია.

ვახტანგ ღლონტი მუშაობს ბათუმის საკრებულოშიც. ის ხელშეკრულებით დაქირავებული პირია, არის კონსულტანტი განათლებისა და კულტურის სფეროში და მისი ანაზღაურება თვეში 1100 ლარს შეადგენს.

ვახტან ღლონტი ბოლო წლებში გამოირჩევა იმით, რომ თავისი პოეზიით უპირისპირდება სამოქალაქო სექტორს. გუშინ, 2 მარტს, ვახტანგ ღლონტმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კიდევ ერთი სალანძღავი ლექსი მიუძღვნა:

**ჰაუ,მესამე სექტორი…

ჰაუ,ჰაუ,ნაგვისმაძიებელთა ორდენის წევრებო…
ყველა გათახსირებულმა და უნიჭომ ასე ერთად როგორ
მოიყარეთ თავი?! რატომაა რომ თქვენთან მოსული -კაცი
კაცს არ ჰგავს და ქალი – ქალს?! რატომ ებრძვით ყველა
იმათ, ვინც ჯერ ქართველია და მერეა მსოფლიო მოქალაქე?!
რატომაა, სადაც ნაგავს ვერ პოულობთ – იქ თავად მიგაქვთ
ნაგავი და ყრით და, მერე საქვეყნოდ გაჰყვირით, რომ ეს
თქვენი ნაგავი, ვითომ, თქვენი კი არა,- იმისია, ვისი გასვრაც
და განადგურებაც დაგავალეს?! რამდენს გიპასუხოთ და
მერამდენედ… რა იმდენს გიხდიან თქვენი არაქართველი
მყიდველები – სამშობლოს ერთგულები რომ ვადაზე ადრე
ჩაიყვანოთ მიწაში?!
ასე ძნელი არასოდეს ყოფილა ქართველობა!..ასე თვით
კომუნისტების დროსაც არ გამჭირვებია,როცა თქვენნაირი
მონები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ და ჩუმად უთითებდნენ
ჩემზე და ჩემნაირებზე – აი სწორედ ესენია ჩასაქოლიო…
არასდროს მინატრია უკან – ახალგაზრდობაში დაბრუნება,
ხელახლა იმ ტანჯვებს რა გაივლის…მაგრამ, ბოლოხანს
არაერთხელ მიფიქრია ამაზე,- ჩამოვაყალიბებდი ე,წ,
,,სანიტარულ ბრიგადას” და ყველა ხმაურიან უნიჭოს, ყველა
აქტიურ ცრუპენტელას და ცილისმწამებელს, ყველა რენეგატსა
და არამზადას, უბრალოდ, ფეხქვეშ გაგიდებდით…იქნებ არც
ახლაა გვიან?!
თქვე სამარცხვინოებო…თქვენთვის ხომ, საკუთარი თავის გარდა,
ყველა და ყველაფერი სულერთია, თქვენ ხომ სასიკვდილო
სარეცელზე მყოფსაც არ დამანებებთ თავს…კი ბატონო, – ჩემს
სიკვდილსაც შეესწრებით, მაგრამ, გარწმუნებთ – აღდგომასაც…
მაგრამ, თავად რა გეშველებათ, მკვდრადშობილებს, ჩემთან
ომით და კამათით რომ ფიქრობთ რეინკარნაციას და თავის
დამკვიდრებას?!

გადაბეჭდვის წესი