მთავარი,სიახლეები

#ჩემიფოტოძველბათუმში – ჰეშთეგი და ფოტოაქცია ძველი ბათუმის გადასარჩენად

01.03.2017 • 2541
#ჩემიფოტოძველბათუმში – ჰეშთეგი და ფოტოაქცია ძველი ბათუმის გადასარჩენად

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბათუმი“ – ქალაქის ისტორიული ნაწილის დასაცავად ფოტოაქცია – „ჩემი ფოტო ძველ ბათუმში“ – დაიწყო. 28 თებერვალს ბათუმში პირველი ფოტოაქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ფოტოგრაფებმა აქციის მონაწილეებს ძველი ბათუმის ქუჩებში გადაუღეს ფოტოები. აქციის მონაწილეები ფოტოებს ფეისბუქზე ათავსებენ ჰეშთეგით – #შენიფოტოძველბათუმში.

„დაიცავი ძველი ბათუმი“, „ნუ ანგრევ“, „ძველი არ ნიშნავს უვარგისს“, „შევინარჩუნოთ ისტორია“ – ეს არის სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი. ადრესატი ბათუმის მერიაა, რომლისგანაც  საინიციატივო ჯგუფი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობაზე მორატორიუმს მოითხოვს და პეტიციის საშუალებით, ხელმოწერებს აგროვებს.

საინიციატივო ჯგუფის წევრი, ჟურნალისტი სოფო ჟღენტი ყვება, რომ ფოტოაქცია სწრაფად დაიგეგმა და მეორე დღესვე შედგა:

„ჯერ ვამბობდით, რომ ფეისბუქზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიული სახლებისა და ადგილების ფოტოები გამოგვექვეყნებინა. განხილვაში  ფოტოგრაფები ჩაერთვნენ, რომლებიც  ამბობდნენ,  რომ თუ კი ბათუმში უნდა გადაიღონ ფოტო, არა მხოლოდ შენობის, არამედ, მაგალითად, ფოტომოდელის, აუცილებლად მიდიან ძველ ბათუმში, იქ, სადაც ხდება ქალაქის იდენტიფიკაცია. აქედან გაჩნდა  ფოტოაქციის იდეა, რაზეც იქვე დაგვთანხმდა ოპერატორი და ფოტოგრაფი ედო კოჩალიძე, რომელმაც თქვა, რომ თუ ადამიანები მოვლენ, მე სიამოვნებით გადავიღებ მათ ფოტოებსო.  სპონტანურად დაგეგმილი აქცია მეორე დღესვე გაიმართა და ასამდე ადამიანი ჩაერთო.“

ოპერატორი ედო კოჩალიძე ამბობს, რომ ფოტოაქციაზე ფოტოებს სხვა ფოტოგრაფებთან ერთად იღებდა. ედო ამბობს, რომ მისთვის, როგორც ოპერატორისთვის, რომელიც უკვე წლებია კადრებს იღებს ძველ ბათუმში, ცვლილებები ქალაქში ძალიან ადვილი შესამჩნევია:

„ხუთი წლის წინ სულ სხვა იყო ბათუმი. ძველ ფოტოებს რომ გადავხედოთ, თუ ძველად ლამაზად იყო შენობები ჩაწყობილი, ახლა სოკოებივითაა ახალი შენობები, ზოგი მაღალი, ზოგი – დაბალი…  ძველ ბათუმში ჯერ კიდევ დაცულია ის, რომ არ გვხვდება ძალიან მაღალი შენობები და ამის გადარჩენა, შენარჩუნება,  ვფიქრობ, შესაძლებელია.“

ჰეშთეგთამაშში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია. ამისათვის საჭიროა ფეისბუქზე განათავსოთ ძველ ბათუმში გადაღებული ფოტო, მისცეთ ჰეშთეგი – #ჩემიფოტოძველბათუმში და გამოიწვიოთ სამი მეგობარი. ამ სახით თამაშში ის ადამიანებიც ჩაერთვნენ, რომლებიც ამჟამად ბათუმში არ იმყოფებიან.

„ჰეშთეგი მთლიანი აქციის – „დაიცავი ძველ ბათუმი“ – ერთ-ერთი მცირე ნაწილია.  არიან ადამიანები, რომელთაც უნდათ საკუთარი პოზიციის გამოხატვა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ ახერხებენ. ზოგი არ არის ქალაქში, ზოგს სამუშაო გრაფიკი არ აძლევს საშუალებას უფრო მეტად აქტიური იყოს. მათ უნდათ გამოხატონ თავისი პოზიცია, უნდათ ხმა მიაწვდინონ მერიას და ეს არის ერთგვარი საშუალება, თქვან, რომ მათთვის ღირებულია ძველი ბათუმი. ეს არ არის 15 კაცის ახირება და მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის ნაწილი დაკანონდეს, როგორც ისტორიული ზონა,“  – ამბობს სოფო ჟღენტი.

საინიციატივო ჯგუფი მსგავს ფოტოაქციას ისევ გამართავს, ამჯერად შაბათს ან კვირას, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს აქციაში მონაწილეობა.

„აქციის დასრულების შემდეგ ბევრმა ადამიანმა მოგვწერა, რომ ვერ მოახერხეს მოსვლა, რადგან იყო სამუშაო და გვიან გაიგეს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ერთ შაბათ-კვირას ისევ გაიმართება ასეთი აქცია, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება მოვიდნენ და მათ პროფესიონალმა ფოტოგრაფებმა გადაუღონ  ფოტო ძველ ბათუმში. უბრალოდ  ჩვენ  შევთავაზებთ ბანერებს და თავად შეარჩევენ, რომელი სლოგანით უნდათ ფოტოს გადაღება,“ – ამბობს სოფო.

18 17 16 15 13 14 12 10 11 9 8 7 6 5 4 3 1

გადაბეჭდვის წესი


ასევე: