მთავარი,სიახლეები

განათლების სამინისტრო 7,9 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს

04.03.2017 • 2488
განათლების სამინისტრო 7,9 მილიონი ლარის გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს

შესყიდვები საჯარო სკოლის მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურებას უკავშირდება. სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 წლის სასწავლო წლის მეორე სემესტრის სატრანსპორტო მომსახურების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოაცხადა 6 ელექტრონული ტენდერი, მათ შორის 4  ელექტრონული ტენდერი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ერთი – არ შედგა, ხოლო ერთი შეწყდა.

„…საჯარო სკოლები ვეღარ ასწრებენ ტენდერების გამოცხადებას და მხოლოდ მოკლე პერიოდზე ახდენენ შესყიდვას, სანამ მონეტარული ზღვარი აძლევთ საშუალებას [5000 ლარამდე], შემდგომ რთულდება პროცესი და შესაძლოა დიდი რისკის ქვეშ დადგეს ცალკეულ სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი.“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ზემოაღნიშნულ შეწყვეტილ ტენდერთან დაკავშირებით კი, სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპისათვის ხორციელდება, შესაბამისი პროცედურები მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეძენასთან დაკავშირებით.

„სამინისტროს ან საჯარო სკოლების მიერ გამარტივებული შესყიდვის მოცულობა არ გადააჭარბებს 7 მილიონ 900 ათას ლარს.“ – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თეიმურაზ მურღულიას მიერ შესყიდვების სააგენტოში გაგზავნილ წერილში. გამარტივებულ შესყიდვებს კი ამ სააგენტოს თანხმობა სჭირდება.

საჯარო სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტით ფაქტობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ:

  • იმერეთი, რაჭა-ლჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონები;
  • სამეგრელო, ზემო სვანეთი, აფხაზეთის რეგიონები;
  • კახეთი, თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლის რეგიონები;
  • შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი რეგიონები;
  • აჭარის რეგიონი;
  • გურიის რეგიონი.

„სამინისტროს მიერ გამოცხადებულმა ტენდერებმა აჩვენა, რომ სატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე, ასეთი მოცულობის მომსახურების განსახორციელებლად დაინტერესებული ოპერატორების/ეკონომიკური აგენტების რიცხვი ძალიან მცირეა, რაც ართულებს სატენდერო პროცედურებით მომსახურების შესყიდვას“ – აღნიშნულია მინისტრის მოადგილის წერილში.

სამინისტრო ხაზს უსვამს იმასაც, რომ არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც მიმწოდებელი არ, ან ვერ ასრულებს მარშრუტებს რამდენიმე დღე… „მაგრამ მიუხედავად სანქციებისა, მაინც ვერ ხდება სახელმწიფოს მიზნის მიღწევა, რომ ყველა მარშრუტით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელეს მაქსიმალურად შეუფერხებლად და უწყვეტად“.

სახელმწიფო აუდიტის აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებული ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით კი: „სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურების წესი და პირობები რეალური ბიზნესპრაქტიკის გათვალისწინებით იძლევა გაწეული მომსახურების მიხედვით საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური „მოგების ნორმის“ წარმოშობის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ ხარჯვის რისკებს“;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვას 2013 წლიდან ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს პროგრამაში ჩართული იყო 335 საჯარო სკოლა 578 მარშრუტით, ხოლო მიმდინარე ეტაპზე – 1213 საჯარო სკოლა 3503 მარშრუტით, საერთო ჯამში 66 000 მოსწავლეზე მეტი სარგებლობს უფასო ტრანსპორტით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: