მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიასა და საკრებულოს წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი

02.03.2017 • 2466
ბათუმის მერიასა და საკრებულოს წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი

ბათუმის საკრებულოს და მერიას მიმდინარე წელს 146 ტონა საწვავის შეძენა აქვთ დაგეგმილი. აქედან საკრებულოს გეგმა, ანუ წლიური ლიმიტია 43 ტონა, ხოლო მერიის – 103 ტონა. მერიისდან და საკრებულოდან მიღებული მონაცემების შედარებით კი ჩანს, რომ რეალურ ხარჯსა და წლიურ ლიმიტს შორის საკმაო განსხვავებაა.

მაგალითად, ბათუმის მერიაში გასულ წელს 87 ტონა საწვავი გაიხარჯა, წლიური ლიმიტი კი შარშან 110 ტონა იყო, ანუ 23 ტონით მეტის შეძენა იყო დაგეგმილი. რატომ არის ასეთი სხვაობა დაგეგმილ ლიმიტსა და ხარჯს შორის?

„ზუსტ ციფრებს დეტალურად ახლა ვერ გეტყვით, მაგრამ მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით, ზოგიერთ სამსახურს უმცირდება და ზოგიერთ სამსახურს ეზრდება ლიმიტი. კეთილმოწყობის სამსახურს ვუზრდით, ვთქვათ, მაგრამ არქიტექტურის, ან სხვა სამსახურს არა… ამასთან, მაგალითად, ზედამხედველობის სამსახურში მანქანები ჩამოვწერეთ, მაგრამ ახალი მანქანები ვერ ვიყიდეთ.  სამსახურმა თავისი მოვალეობა ხომ უნდა შეასრულოს? – პირობითად ვამბობ – იქ, ვთქვათ, თანამშრომელს ჰყავს კერძო სატრანსპორტო საშუალება, აგვყავს ეს მანქანა ბალანსზე და როგორც სახელმწიფო ტრანსპორტისთვის, ამ მანქანისთვისაც ხდება საწვავის გამოყოფა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა.

მერის განცხადებით, საწვავის წლიური ლიმიტი არ გაზრდილა: „საერთო ლიმიტს რაც შეეხება, არ ვზრდით და არც გაგვიზრდია.  მაგრამ, ზოგიერთი სამსახური, როცა მისაბუთებს საწვავის გაზრდის აუცილებლობას, განცხადებას ვაკმაყოფილებ“.

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, „გასულ წელს საწვავის წლიური ლიმიტი იყო – 110 ტონა, წელს კი, ლიმიტი ნაკლებია – 103 ტონა“.

ეს 103 ტონა კი, შარშან მერიის მიერ შეძენილი საწვავის რაოდენობაზე თითქმის 16 ტონით მეტია. ქალაქის ბიუჯეტის შედგენისას რატომ არ ხდება წინა წლის მონაცემების გათვალისწინება და რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა? – ამ კითხვაზე მერიიდან პასუხი ვერ მივიღეთ. საწვავს მერია, კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ისევე როგორც შარშან, მიმდინარე წელსაც „რომპეტროლ საქართველოსგან“ შეიძენს.

წლიური ლიმიტი არის იმის კანონიერი საფუძველი, რომ სახელმწიფო უწყებამ ის მთლიანად აითვისოს. თუ მერიამ, მაგალითად, შარშან 87 ტონა საწვავი გახარჯა, წელს მას აქვს უფლება 103 ტონა საწვავი გახარჯოს. მიმდინარე წელი თვითმართველობის არჩევნების წელია, თუმცა ამ კუთხით საწვავის ხარჯის გაზრდას ბათუმის მერი გამორიცხავს: „რა შუაშია არჩევნები… ვთქვათ, კეთილმოწყობის სამსახური თუ საწვავს გახარჯავს, ეს სამსახურეობრივი საჭიროებისთვისაა და ქალაქის საქმეს ხმარდება“.

რამდენი ლიტრი საწვავი გაიცა გასულ წელს ავტომანქანისთვის, რომელიც ქალაქის მერს ემსახურება? – ბათუმის მერიისგან მიღებული მონაცემებით, მერს ემსახურება ავტომანქანა Toyota Camry, სახელმწიფო ნომრით LLQ-260, რომლისთვისაც გასულ წელს გაიცა 5 525 ლიტრი საწვავი, აქედან 1 150 ლიტრი მივლინებებისთვის.

რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ფაქტობრივ ხარჯსა და გეგმას შორის? – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „შესაძლებელია რაღაც პერიოდისთვის იმდენი საწვავი არ დასჭირდა და შემდეგ, ვთქვათ უფრო მეტი სჭირდება… თუ არ დაიხარჯება, ჩვეულებრივ ჩამოიწერება, სახლში არავის არ მიაქვს. როცა გეგმა დგება, მივლინებებიდან გამომდინარე შესაძლებელია დაემატოს რაღაც რაოდენობა წინა წელთან შედარებით… აპარატის უფროსი გააკეთებს კომენტარს“.

საკრებულოს აპარატის იუფროსის მოვალეობას ამ დროისთვის საკრებულოს იურისტი, სულიკო შვენთიძე ასრულებს: „გეგმის შედგენისას, ძირითადად, ეყრდნობიან იმ ლიმიტს, რაც თითოეული ავტომანქანისთვისაა დადგენილი და ამას, ძირითადად, ემატება იმ საწვავის სავარაუდო ოდენობა, რაც მივლინებებისთვის იქნება საჭირო. რაც შეეხება ხარჯვას,  მერიაში შესაძლოა იყოს რაღაც სამსახურები, მაგრამ საკრებულოში ლიმიტზე მეტი ვერ გაიხარჯება ფიზიკურად“.

საწვავის გეგმა, ანუ ლიმიტი, ქალაქ ბათუმის საკრებულოშიც გაზრდილია წინა წელთან შედარებით. აქ გასულ წელს მთლიანობაში 33 731 ლიტრი საწვავი დაიხარჯა, ღირებულებით – 50 544 ლარი. მიმდინარე 2017 წელს კი ბათუმის საკრებულო 10 ტონით მეტი, ანუ სულ  43,3 ტონა საწვავის ყიდვას აპირებს, ღირებულებით 64 ათასი ლარი. „საწვავის შეძენა ხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, გადახდა – უნაღდო ანგარიშსწორებით; საწვავის გაცემა წარმოებს „აგაი“ სისტემით [პლასტიკური ბარათების მეშვეობით]“, – მოგვწერეს საკრებულოდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: