მთავარი,სიახლეები

საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს

04.03.2017
საფრთხეში მყოფი ოჯახებისთვის აგარაში შესაძლოა სოციალური სახლი აშენდეს

აჭარის მთავრობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარედ სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს.

ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი, რომლებიც განსახლებას საჭიროებენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 25 000-ლარიან პროგრამით სარგებლობაზე უარს ამბობს, სანაცვლოდ კი, ამ თანხით ხელისუფლებას სოფელ აგარასთან მისასვლელ გზაზე სოციალური სახლის აშენებას სთხოვენ.

„აგარაში მცხოვრები 11 ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაშია რეგისტრირებული, გეოლოგიური დასკვნით ყველა მათგანი განსახლებას საჭიროებს. მოსახლეობის მოთხოვნას – სოციალური სახლის აშენებასთან დაკავშირებით – აქტიურად გავდივართ აჭარის მთავრობასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, მათთვის ერთსართულიანი სოციალური სახლის მოწყობის საკითხი სამთავრობო კომისიაზეც განვიხილეთ, თუმცა, საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვეტილა როგორ და ვისი დაფინანსებით აშენდება სოციალური სახლი. მთავრობა მოსახლეობის მოთხოვნას ოპტიმისტურად მიუდგა. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, იქ, სადაც სოციალური სახლის მოწყობა იგეგმება, ოჯახებს არც სასმელი წყლის და არც გათბობის პრობლემა არ შეექმნებათ, ბუნებრივი გაზის საკითხი რეალურად გადაწყვეტილია, მთავარი მაგისტრალი კი იმ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, სადაც მთავრობა აგარელებისთვის სოციალური სახლის მშენებლობის საკითხს განიხილავს,“ – ამბობს დავით დუმბაძე.

რაც შეეხება გაზსადენს. ბათუმი-ქედის მონაკვეთზე ბუნებრივი აირის მილსადენის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა და ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილე ერთადერთ კომპანიასთან ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს. კომპანია შპს „გაზპროექტი 2009“ სამინისტროს მომსახურებას 147 777 ლარად სთავაზობს.


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი აგარა ქვათა ცვენის საფრთხის წინაშე წლებია დგას. დროთა განმავლობაში ფერდობებზე გადარეცხილი ლოდების მდგომარეობა 2014 წლის თებერვალში სოფელში გეოლოგებმა შეისწავლეს და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ქედის გამგეობას საფრთხის შემცველი ლოდების გაუვნებელყოფისა და სასოფლო გზაზე დამცავი გაბიონების მოწყობის რეკომენდაცია მისცეს.

ქედის გამგეობამ ქვების  გაუვნებელყოფისთვის თანხა 2015 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო, თუმცა ლოდების ასაფეთქებლად სოფელში ასულმა ამფეთქებელმა უსაფრთხოდ არ მიიჩნია აფეთქება. რაც შეეხება ქვების გამაგრებას რკინა-ბეტონის სპეციალური კედლებით ვერ მოხერხდა, რადგანაც როგორც ქედის გამგეობაში განმარტავენ, საფრთხის შემცველი ლოდები ავტომობილისთვის მიუვალ ფერდობებზეა და მისი გამაგრება შეუძლებელია, საბოლოოდ გეოლოგებმა 11 ოჯახის უსაფრთხოებისთვის განსახლების დასკვნა მოაზმადეს.

ამავე თემაზე:

სოფელი, რომელსაც ლოდები ემუქრება

ფოტო: სოფელი აგარა. „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: