Batumelebi | ბათუმში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა ბათუმში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი გაიხსნა

საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა დღეს პირველი პაციენტი მიიღო.  ჰოსპიტლის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან კლინიკა სრული დატვირთვით ამოქმედდა. საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მრავალპროფილურია, სადაც გათვალისწინებულია მაღალი ხარისხის ამბოლატორიული და სტაციონარული მომსახურება.

ჰოსპიტალში მუშაობს მიმღებ-დიაგნოსტიკური ცენტრი, კარდიოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა  და ზოგადი ქირურგიის, მეან-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის, ოფთალმოლოგიის, უროლოგიისა და რადიოლოგიის განყოფილებები, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია.

„ჰოსპიტალი უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მსოფლიო ბრენდების თანამედროვე ციფრული აპარატურა ზუსტი კვლევებისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა,“-ნათქვამია ჰოსპიტლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

IUHB -ში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი ბათუმელი და თბილისელი მაღალკვალიფიციური მედიკოსებით, თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა. „მედიკოსები უწყვეტი გადამზადების პროცესში არიან ჩართულნი და მუდმივად ეცნობიან იმ ინოვაციებს, რაც მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება“.

კარდიოლოგია ჰოსპიტლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მას სტამბოლში მოღვაწე ცნობილი კარდიოლოგი ისმეთ მიქელაძე-დინდარი უხელმძღვანელებს.  პაციენტებს დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის აღარ მოუწევთ დედაქალაქის კლინიკებისთვის მიმართვა ან უცხოეთში გამგზავრება და დამატებითი ხარჯების გაღება.

ჰოსპიტალში მეან-გინეკოლოგიურ მიმართულებას თემურ გაბაიძე ხელმძღვანელობს,  სამკურნალო-დიაგნოსტიკური საქმიანობა კი რეპროდუქტოლოგის მეჰმედ ჯან ასლანჯას მეთვალყურეობით წარიმართება. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებას მაჰირ ბალაქიშიევი უხელმძღვანელებს.

ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.