ამერიკული კუთხე ტაქსის მძღოლებსა და ბანკის თანამშრომლებს ინგლისურს უფასოდ შეასწავლის

ტაქსის მძღოლებისთვის სასაუბრო ინგლისურის, ხოლო ბანკის თანამშრომლებისთვის ბიზნესინგლისურის უფასო ინტენსიური კურსის დაწყების შესახებ ინფორმაციას ბათუმის ამერიკული კუთხე ავრცელებს.

ამერიკული კუთხის ინფორმაციით, ენის კურსები დაიწყება შემდეგი კვირიდან. თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 20 მსმენელის დასწრება არის დასაშვები.

ბიზნესინგლისურის გაკვეთილები ჩატარდება: შაბათი 16:30- 17:30; კვირა 12:00- 13:00; სასაუბრო კურსი ტაქსის მძღოლებისთვის: ორშაბათი 16:00- 17:00; ხუთშაბათი 15:00- 16:00

ამერიკულ კუთხეში ინგლისურს უფასოდ 10 წლამდე ბავშვებსაც ასწავლიან.

ამერიკული კუთხის ინფორმაციით, რეგისტრაციის მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონზე [551 52 20 54] ან დაუკავშირდნენ ინტერნეტით.

მშენებარე კორპუსები დამცავი ბადეების გარეშე და დაჯარიმების სტატისტიკა ბათუმში

ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა. მიუხედავად ამისა, ბათუმში მშენებარე მაღლივი კორპუსების დიდ ნაწილზე დღესაც არ არის დამაგრებული დამცავი ბადეები, რომლებიც უზრუნველყოფდა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას და ასევე, შეამცირებდა სამშენებლო მტვრის გავრცელებას გარემოში.

მშენებლობაზე დამცავი ბადის არქონის შემთხვევაში, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით, დაჯარიმების შემდეგ დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი მშენებარე კომპანია 1500 ლარით ჯარიმდება.

მშენებარე კორპუსი მელიქიშვილის ქუჩაზე
მშენებარე კორპუსი მელიქიშვილის ქუჩაზე

როგორც ბათუმის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, წელს ბათუმში, ამ მიზეზით 19 ობიექტზე დაფიქსირდა სამშენებლო სამართალდარღვევა, მათგან 6-მა კომპანიამ გამოასწორა დარღვევა, 7 – დაჯარიმდა, 6-ზე კი მიმდინარეობს საქმის წარმოება – „ანუ ნაწილს დაკისრებული აქვს საჯარიმო სანქცია, ნაწილზე კი მიცემულია გონივრული ვადა, რათა აღმოფხვრან სამართალდარღვევა. გონივრულ ვადას ადგილზე გასული თანამშრომლები აფასებენ, თუ  რა სიდიდის ობიექტია, თუ რა დრო სჭირდება დარღვევის გამოსწორებას…“ – ამბობს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ხედამხედველობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თენგიზ ბოლქვაძე.

გასულ წელს ბათუმში ასეთი 58 დარღვევა დაფიქსირდა, მათგან 11 ობიექტზე კი დღემდე გრძელდება საქმის წარმოება.

ამავე თემაზე: 

როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)

პატიმრის დედა: ჩემს შვილს ევროსასამართლოდან საჩივრის გამოთხოვას აიძულებენ

პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს  ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეტანილი საჩივრის უკან გამოთხოვას აიძულებენ. ცირა გოდერძიშვილის თქმით, დაწესებულების თანამშრომლები მის შვილს ემუქრებიან ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. ოქროპირიძის საჩივარს, როგორც ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, ევროსასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. ევროსასამართლოს კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან კონვენციის მე-5 მუხლის ნაწილში ხვალ, 5 მაისს იწურება.

„გიორგის ემუქრებიან ოჯახის გამწარებით, ცეცხლს გავუჩენთ სახლში, როცა არ იქნებიანო, დედაშენს სამსახურიდან გაათავისუფლებენო (უნივერსიტეტში ვმუშაობ), მოიტაცებენ და კოჯრის ტყეში მოკლავენ ისე, რომ ვერც იპოვიანო. ჩემზე აქვთ აქცენტი, რადგან ვარ მისი [გიორგი ოქროპირიძის] წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში. სახელმწიფო რომ არ გამოჩნდეს, “კრიმინალებს” მიუშვებთ შენს მშობლებთან, ჩვენ არ გამოვჩნდებითო, თითქოს კრიმინალებმა მოკლესო“, – აცხადებს ცირა გოდერძიშვილი მისი შვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის თაობაზე.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მე-6 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართან  27 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ოქმში, რომელიც ომბუდსმენის თანამშრომლებს აქვთ შედგენილი, გიორგი ოქროპირიძე ასახელებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენენ.

ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი ოქროპირიძეს „პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, თუმცა მას არ განუმარტეს საფუძველი, თუ რის გამო განესაზღვრა აღნიშნული რისკი, რასაც მიიჩნევს უკანონოდ. მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ იგი არ არღვევს დაწესებულების რეჟიმს… და აღნიშნული ბრძანება არის დასჯის ღონისძიება“.

გიორგი ოქროპირიძის მიმართ შესაძლო ზეწოლის თაობაზე სახალხო დამცველის პრესცენტრში აცხადებენ, რომ „საკითხს სწავლობენ“.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრიდან კი გიორგი ოქროპირიძის განცხადებასთან დაკავშირებით წერილობით გვაცნობეს:

„პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია 2015 წლის ივლისიდან დაიწყო, რომლის პირველი ეტაპი 2017 წლის ივლისში უნდა დასრულდეს. მსჯავრდებულთა რისკის შეფასებას რისკების შეფასების გუნდი დადგენილი კრიტერიუმების  მიხედვით ახდენს.

რისკების შეფასების გუნდის მიერ მსჯავრდებულ გ.ო.-ს გუნდში წარდგენილი მასალებისა და განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, საშიშროების მაღალი რისკი დაუდგინდა. შესაბამისად, ის განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

საშიშროების მაღალი რიკის მქონეა მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ვრცელდება ის ნორმები, რომელიც აღნიშნული დაწესებულების რეჟიმიდან გამომდინარე, მისი დებულებითაა განსაზღვრული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს საშუალება აქვს შეუფერხებლად ისარგებლოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურებით,  ხანმოკლე პაემნით, ამანათების მიღება/გაგზავნით, სატელეფონო საუბრით და ა.შ. მსჯავრდებულს ასევე, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით, თუმცა საშიშროების მაღალი რისკიდან გამომდინარე გარკვეული სახის ნივთების მოხმარება დაშვებულია დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობითა და კონტროლით. აღნიშნული ნივთები საკნის კარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში ინახება.

მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული რისკის გადაფასება გუნდის მიერ ყოველ 12 თვეში, სავალდებულო წესით ხდება. იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება შემცირდება, მას შესაბამისი რისკის დაწესებულებაში განათავსებენ“.

გიორგი ოქროპირიძეს მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამოუტანეს ვერდიქტი. მას 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას ეს მკვლელობა არ ჩაუდენია. გიორგი ოქროპირიძემ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა მის მიმართ კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევის თაობაზე. დედის თქმით, ევროსასამართლომ მათი საჩივრები დასაშვებად ცნო, ხოლო მათგან ერთ-ერთზე, მე-5 მუხლის დარღვევაზე, კომუნიკაცია ხვალ უნდა დასრულდეს.

კანალიზაციის ახალი სისტემა ახალი პრობლემებით „ჭაობის“ უბანში

ბათუმში, ლადო ასათიანის ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემის შეცვლის მიუხედავად, მთელს ქუჩაზე არის აუტანელი სუნი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა გასულ კვირას წერილობით მიმართეს ქალაქის მერიასაც, მაგრამ მათთვის ამ დრომდე პასუხი არ გაუციათ.

„ბათუმის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლადო ასათიანის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში ჩატარდა წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და სახლების დაერთებას ახალ ქსელში ეტაპობრივად განახორციელებს „ბათუმის წყალი“. რაც შეეხება ცისტერნებსა და ამოტუმბვას, რადგან დაერთებული არ არის სახლები ახალ ქსელზე, აქ ხშირად საჭირო ხდება ძველი ჭების ამოტუმბვა, რისთვისაც მოსახლეობა გვიკავშირდება ცხელ ხაზზე. შესაბამისად, სპეციალური მანქანები გადიან ამოსატუმბად, თუმცა ჭების გაწმენდის მიზნით გამოძახებები არის, როგორც აღნიშნულ უბანში, ასევე ქალაქის სხვა ქუჩებიდანაც, ამიტომ ისეთი ვითარება, რომ ამან შეიძლება მაგ უბანში კატასტროფული სიტუაცია შექმნას, არ არის.“

მოქალაქეების თქმით, ქუჩაზე ერთ-ერთი ჭა ჩავარდნილია სირღმეში და ამ ჭას სპეციალური მანქანითაც ვერ ტუმბავენ. შესაბამისად, ამიტომაც დგას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში აუტანელი სუნი ქუჩაში.

„ბათუმის წყალში“ ვერ გვითხრეს ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყება და დასრულდება ამ უბანში არსებული სახლების საკანალიზაციო ქსელის დაერთება ახალ სისტემაზე: „დაერთებებს ვახორციელებთ სხვადასხვა ადგილებში, ერთ ქუჩაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდება მომდევნო ქუჩაზე და ასე ეტაპობრივად… ზოგადად, ქუჩაზე სამუშაოების დასრულების დრო კი დამოკიდებულია იმაზე, ამ ქუჩის რამდენი სახლი არის დასაერთებელი ახალ სისტემაზე“.

რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აღნიშნულ უბანში [მელიქიშვილი-მთისძირის-თავდადებულის-ოსტროვსკის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია] სახლების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან უნდა დაიწყოს [თუმცა, ლადო ასათიანის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი – მელიქიშვილის ქუჩიდან „ხოფის“ მიმართულებით – შესაძლოა უფრო ადრეც].

„დაერთების სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია კოლექტორის მშენებლობლობაზე, რომელიც გრაფიკის მიხედვით აგვისტოში უნდა დასრულდეს. ცენტრალური კოლექტორი, რომელშიც ამ უბნის ქსელი ერთვება, უნდა გაგრძელდეს ოსტროვსკის და ლუკა ასათიანის კვეთიდან მელიქიშვილის ქუჩამდე, სადაც მოხდება გადაერთება [დარჩენილია ვაჟა-ფშაველას კვეთა და 26 მაისის კვეთა]“ – ამბობს ჯაბა ტუღუში, ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

ახალ სისტემაზე სახლების დაერთებების ზუსტი გრაფიკი არც ბათუმის მერიაში აქვთ.

წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა].


პასუხობს თუ არა ქალაქის ზრდის მასშტაბებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის ის სისტემები, რომელთა რეაბილიტაციაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს? რამდენადაა ადაპტირებული მშენებარე მაღლივი კორპუსები ქალაქის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, რომელიც მთელ რიგ უბნებში არც არსებობს? – ამ და სხვა საკითხების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ბათუმის უნივერსიტეტში

8 მაისს, ორშაბათს, 12 საათზე, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო განხილვა გაიმართება. განხილვას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია გეგმავს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვაზე საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია:

„ყველა დაინტერესებული მხარის – მოქალაქეების, პროფესიული წრეების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დასწრება არათუ სასურველია, ვფიქრობ, აუცილებელია, რადგან კომისიამ და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელმა მმართველმა გუნდმა, რაც შეიძლება კრიტიკული და მრავალფეროვანი მოსაზრებები მოისმინოს და გაიზიაროს“-ამბობს მალხაზ ჭკადუა.

საკონსტიტუციო პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი სამსჯელო საკითხები – პარლამენტის საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი განიხილება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მოსაზრებებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მოსამზადებლად მომუშავე კომისიასა და თავად პროექტზე, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე. 

500-მდე დაჯარიმებული პარკირების წესების დარღვევისთვის – დღის სტატისტიკა ბათუმში

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 5 მაისს,  17:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე  455 მძღოლი დაჯარიმდა. მათ შორის ყველაზე ბევრი – 372 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 –  დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 40 – ნიშანში დგომისთვის, 16 – ტროტუარზე დგომისთვის, 5 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო, 20 კი დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის.

“ბათუმის აქციის საქმეზე” სასამართლოში ბრალდებულები შესაძლოა არ მიიყვანონ

“ბათუმის აქციის საქმეზე” 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 8 მაისს არის ჩანიშნული, თუმცა როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი გადაიდება. მიზეზი სასჯელაღსრულების სამინისტროა, რომელიც ბრალდებულების სასამართლოში წარმოდგენას ვერ ახერხებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე ადასტურებს, რომ წერილობითი შეტყობინება სასჯელაღსრულების სამინისტროსგან უკვე მიიღო.

“მოგვწერეს, რომ არა მხოლოდ ბათუმის აქციის საქმეზე, არამედ, ზოგადად, 8 მაისს დაგეგმილ პროცესებზე ბრალდებულებს ვერ წარმოადგენენ. მიზეზი გარკვეული ღონისძიებაა, რასაც ბრალდებულები უნდა დაესწრონ. შესაძლოა, რამდენიმე ბრალდებულის წარმოდგენა მოხერხდეს. 8 მაისს დაგეგმილი სხდომა გადაიდება, თუკი რომელიმე მათგანის წარმოდგენა ვერ მოხერხდება,”- განმარტავს ინგა ფუტკარაძე.

სასამართლოს მენეჯერმა არ დააკონკრეტა, რა მიზეზით არ წარმოადგენს სასჯელაღსრულება სასამართლოში წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრში კი აღნიშნავენ, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ბრალდებულები არ წარმოადგინონ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პრესცენტრი საკითხის გარკვევას დაგვპირდა.

“ბათუმის აქციის საქმეზე” პროკურატურამ ბრალი ჯამში 21 პირს წაუყენა, მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან. მათ საქმეს სასამართლო სხვა პროცესზე განიხილავს.

ამ საქმეში ბრალდებული კიდევ ორი პირი არასრულწლოვანია. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე შედგა.

ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია

ბათუმში, ვარდების სკვერში, გარკვეულ მონაკვეთზე ქვაფენილი ამოყრილია, რაც დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს.

ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, სკვერში ქვაფენილისა და სკამების დამაგრება 6 მაისისთვის არის დაგეგმილი.

„გეგმიური სამუშაოები ყველა სკვერში გვაქვს დაგეგმილი. „ვარდების სკვერშიც“ შაბათს, 6 მაისს, მოხდება სკამების და ფილების დამაგრება,“ – ამბობს ალექსანდრე თევზაძე.

ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია

ვარდების სკვერში ქვაფენილი ამოყრილია.

ვარდების სკვერი. ბათუმი
ვარდების სკვერი. ბათუმი
ამოყრილი ქვაფენილი ვარდების სკვერში
ამოყრილი ქვაფენილი ვარდების სკვერში

დღეს თამარის გზატკეცილზე მოძრაობა 16 საათამდე შეიზღუდება

5 მაისს, დილის 09:00-დან 16:00 სთ-მდე, ცალმხრივად გადაიკეტება თამარის გზატკეცილი ბარცხანის ხიდიდან ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრამდე.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გზაზე მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი საგზაო მონიშვნის სამუშაოები ანუ ზებრა გადასასვლელებისა და გზის გამყოფი ზოლების განახლება/გადაღებვაა.

60 გონიოელის საკითხს სასამართლო ხვალ გადაწყვეტს

გონიოში მცხოვრები 60 ოჯახის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ, 4 საათზე განიხილავს. სასამართლო ამ შემთხვევაში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას შეაფასებს, რომლის მიხედვითაც გონიოელებს მიწის დაკანონებაზე უარი ეთქვათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უნდა მიიღოს.

გონიოს მიწების საქმეზე 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს ერთიანი პრაქტიკა ექნება და ცხრათვიანი ლოდინის შემდეგ 60 გონიოელის სარჩელსაც დააკმაყოფილებს.  ეს ორგანიზაცია სასამართლოში გონიოელების ინტერესებს იცავს.

„სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის კომისია ვალდებული იქნება, ინდივიდუალურად, ხელახლა შეისწავლოს გონიოში მცხოვრები ადამიანების შემთხვევა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი კომისია იმავე წრეზე წავა და ისევ უარს ეტყვის მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში, გონიოელები მიმართავენ სასამართლოს საკუთრების მოწმობის აღდგენის მოთხოვნით. თუკი ხვალ სასამართლო გონიოელების სარჩელს არ დააკმაყოფილებს, გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში,“ – განმარტავს ანა ბერძენიშვილი.

2010 წელს გონიოში 271 ოჯახს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ჯერ გადასცეს, ხოლო შემდეგ ჩამოართვეს. რამდენიმე მათგანს საკუთრების უფლება აღუდგა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილებით.

ამავე თემაზე:

საკრებულოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე

 

 

 

 

შუახევის გამგეობის ეზოში ეკლესიას აშენებენ

დაბა შუახევში, თვითმმართველი ორგანოს შენობის გვერდით, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა განთავსებული, ეკლესია შენდება, რომელსაც სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონი აშენებს.

თამარ მეფის ქუჩის #30-ში, 646 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წელს, 99 წლით სარგებლობის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში მიწის ნაკვეთი  დროებით სარგებლობაში მიიღო, 22 მეტრი სიმაღლის გუმბათოვანი ეკლესიის ასაშენებლად გამგეობას პროექტი წარუდგინა, გამგეობამ კი, სხალთის ეპარქიას 2015 წლის 23 იანვარს ეკლესიის ასაშენებლად ნებართვა მისცა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე გამგეობის ეზოში ეკლესიის მშენებლობისთვის გაცემული ნებართვის საჭიროებას ასე განმარტვას:

„შუახევის დაბასა და ახლო სოფლებში ბევრი მრევლია, არ იყო ეკლესია, სადაც შეიძლებოდა მრევლს ელოცა, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,“ – ამბობს ის.

დაბის გარდა შუახევის თვითმმართველობამ 2014 წელს საპატრიარქოს 99 წლით სარგებლობის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით სოფელ ოლადაურში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 478 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული 293 კვადრატული შენობა -ნაგებობა გადასცა. ამასთანავე,  საპატრიარქოს, იმავე რიცხვში, ანალოგიური პირობით გამგეობამ საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ ფურტიოში 1191 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 993,6 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა გადასცა.

ტარიელ ებრალიძე, რომლის გამგებლობის პერიოდში  გადაეცა მიწის ნაკვეთები თუ მასზე არსებული შენობა- ნაგებობები საპატრიარქოს შუახევში, ამბობს, რომ სოფელ ოლადაურში საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ხოლო ფურტიოში ტაძრის მშენებლობისთვის გადასცა.

„სოფელ ოლადაურში ეკლესია ჩემამდე  აშენდა, სადაც მცირე ფართობი იყო დარჩენილი, რომელიც ეკლესიის ინფრასქტრუქტურისთვის იყო საჭირო. ფურტიოში, ელვაურის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა , რომელიც ექვემდებარებოდა დემონტაჟს, საპატრიარქოს ტაძრის მშენებლობისთვის გადავეცით“.

 

მოსამართლეებმა ბულვარში ნერგები უნებართვოდ დარგეს

წითელი ნეკერჩხლის, კამელიისა და მაგნოლიის ნერგები ბათუმის ძველ ბულვარში მოსამართლეებმა დარგეს. გამწვანების აქციაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძე და მისი მოადგილე – თეიმურაზ ტუღუში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ნებისმიერი სამუშაოს წარმოებას, რაც ბულვარს ეხება, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვა სჭირდება. ნერგები მოსამართლეებმა ბულვარში უნებართვოდ დარგეს.

„ნერგების დარგვა ბულვარში სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მირზა ცეცხლაძემ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს იურისტმა. მისი თქმით, ნეკერჩხლების დარგვის შესახებ სააგენტო ინფორმირებულია, თუმცა წერილობითი მოთხოვნა ბულვარის ადმინისტრაციისგან ნებართვის მიღებაზე არ მიუღიათ. გამწვანების აქციის ორგანიზატორი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაა. სწორედ ამ აქციაში ჩაერთო დღეს საკონსტიტუციო სასამართლო.

სააგენტოს იურისტი განმარტავს, რომ უნებართვოდ განხორციელებული სამუშაო დარღვევას წარმოადგენს, თუმცა ვერ გვითხრა, რატომ არ რეაგირებს დარღვევაზე სააგენტო. „ჩვენ ვამზადებთ გაფრთხლების წერილს. საკითხის გამოკვლევა მიდის, ჩვენ ველოდებით მათგან დოკუმენტაციის წარმოდგენას…“ – გვითხრა მირზა ცეცხლაძემ.

რატომ არ მიიღო ნებართვა სააგენტოსგან ბულვარის ადმინისტრაციამ? – „სააგენტოსთან სიტყვიერად შეთანხმებული ვიყავი, დაგეგმარების პროექტი ვერ მოესწრო და ნერგები უკვე მიღებული მქონდა, ამიტომ აღარ დავლოდებივარ ნებართვას. დარგვის შესაბამისად ხდება პროექტის დაგეგმარება. შესაძლოა, ისე არ გამოვიდეს კარგი, როგორც თეორიულად ფიქრობ. ასე რომ, ამ დოკუმენტს უახლოეს დღეებში წარვადგენ სააგენტოში“, – აღნიშნა ეთერ მაჭუტაძემ, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის უფროსმა.

მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა დარგულ მცენარეებს სიმბოლურად სასამართლოს გერბიანი ლენტებიც შეაბეს.

 

zaza tavadze
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და მისი მოადგილე თეიმურაზ ტუღუში ბათუმის ძველ ბულვარში ნერგებს რგავენ.

zazaz

tugushi
თეიმურაზ ტუღუში – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე

sasamartlo

 

mosamartleebi saerto

 

ფოტოები: საკონსტიტუციო სასამართლოს ფეისბუქგვერდიდან

ქართველი და უცხოელი მხატვრების ბათუმური გაზაფხული და ზაფხული

2-დან 14 მაისამდე ბათუმის ქუჩებში ოცი მხატვარი ღია ცის ქვეშ ახალ ნამუშევრებს შექმნის. „ბათუმური გაზაფხული“ – ასე ეწოდება საერთაშორისო პლენერის – „მეგობრობის პალიტრა – ბათუმი 2017“ – პირველ ეტაპს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას.

პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] პირველი ეტაპი 14 მაისს დასრულდება, 2 ივნისიდან 14 ივნისამდე კი მხატვრები ბათუმურ ზაფხულს დახატავენ – ეს პროექტის მეორე ეტაპია.

პლენერი აჭარაში მეხუთედ ტარდება. წელს მასში 20 მხატვარი მონაწილეობს, მათგან ათი უცხოელია.

ბათუმის გარდა მხატვრებს მიეცემათ საშუალება მოინახულონ აჭარის რეგიონის სხვადასხვა ადგილი, უმეტესად მაღალმთიანი ხულოს მიდამოები და იქაც იმუშაონ.

თითოელი ეტაპის დასრულების შემდეგ იგეგმება ღონისძიების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, რომელიც ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის ბათუმი სამხატვრო სკოლაში მოეწყობა.

პროექტი მონაწილეებითვის მასტერკლასებისა და ღონისძიებების მრავალფეროვან პროგრამას ითვალისწინებს. სამხატვრო სკოლის დირექტორის გურამ ფუტკარაძის თქმით, მასტერკლასები უმეტესად ფერწერასა და ხატვაში ჩატარდება, რომლებსაც პროფესიონალი მხატვრები ჩაუტარებენ სამხატვრო სკოლის სტუდენტებს.

პროექტს ახორციელებს „საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდი“ ლიტვურ ორგანიზაციასთან – „ARTCOMAS“-სთან და პოლონელ მხატვართან, ედვარდ გალუსტოვთან თანამშრომლობით.

პლენერის დასრულების შემდეგ პარტნორების ხელშეწყობით დაიგეგმება ადგილობრივი მხატვრების ვიზიტი ლიტვასა და პოლონეთში.

პროექტი ხორციელდება აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის – „კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა“ – ფარგლებში და მიზნად ისახავს ქართველი მხატვრებისათვის პროფესიული კონტაქტების დამყარებაში ხელშეწყობას უცხოელ მხატვრებთან.

როდის გაწმენდენ “არდაგანის ტბას” [ფოტო]

ბათუმში, ე.წ. არდაგანის ტბაზე მოზღვავებული რაოდენობის შლამისა და ფეკალური მასების დაგროვების გამო მძიმე სუნი დგას, დაბინძურებულია წყლის ზედაპირი. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტენდერი „არდაგანის ტბის“ გაწმენდისთვის გუშინ, 3 მაისს გამოცხადდა და მასში გამარჯვებული კომპანია 10 მაისს გამოვლინდება: „ჯამში უნდა ამოვიღოთ 6000 კუბური მეტრი  შლამი და ფეკალური მასა და გავიტანოთ ნაგავსაყრელზე. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება არის 190 000 ლარი“ – ამბობს სსიპ-ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე გოჩა მჟავანაძე.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არსებული სამუშაოების შესრულებისთვის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის  ვადა აქვს.

„ეს არის შემკრები აუზი, სადაც უნდა შიკრიბოს ქალაქის სანიაღვრე სისტემებიდან მოსული მასები, გაიწმინოდს და გავიდეს ზღვაში, ეს დანიშნულება აქვს მას. აქ მერიას სატუმბი სადგურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი, იქამდე კი აუზი ფიზიკურად უნდა გაიწმინდოს ექსკავატორით და  სპეციალური ტექნიკის საშალებით“ – ამბობს გოჩა მჟავანაძე.

არდაგანის ტბის მარცხენა მხარე შედარებით უფრო ნაკლებად არის დაბინძურებული.

ტბის ამ ნაწილში მოსახლეობა პერიოდულად თევზაობს კიდეც. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზაობის ამკრძალავი საინფორმაციო დაფა არ არის განთავსებული.

 

5 მაისს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის დასახლებებს

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 5 მაისის დილის 07:00 საათიდან, 15:00 საათამდე სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის დასახლებებს.

„შპს „ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია ჩაქვში 1200 მმ-იან მილსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას განაგრძობს. მაგისტრალურ მილსადენზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება 5 მაისის დილის 07:00 საათიდან, 15:00 საათამდე შეუწყდება განთიადისა და მახინჯაურის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

11-12 მარტის აქციის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაკითხეს

ბათუმის აქციის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები: გია აბულაძე, რეზო ხარაზი, გიორგი კირთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი დაკითხეს. მოწმის სახით თითოეულმა მათგანმა ჩვენება გამოძიებას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მისცა.

„ცალ-ცალკე დაგვკითხეს და ჩვენების მიცემა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ჩვენ აქამდეც მოვითხოვდით დაკითხვას. პროცედურები დაცული იყო, ჩვენ ადვოკატი არ გვყოლია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გია აბულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჩვენების მისაცემად კაბინეტში მიაკითხეს, რაც მიუღებელი ფორმაა.

11-12 მარტის აქციის საქმეზე პროკურატურამ სისხლის სამართლის წესით 21 პირი დააკავა, მათ შორის, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით. დაკავებულების წინასასამართლო სხდომა 8 მაისს გაიმართება.

ამავე თემაზე:

რა მოხდა ბათუმში – 11-12 მარტის ქრონიკა

გაუქმდება თუ არა პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის

„პატიმრობა არის რეპრესია ნარკომომხმარებლისთვის და არა პრევენცია,“ – მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ომბუდსმენის სარჩელს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ციხეში ვეღარ ჩასვამენ. სარჩელით გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც 15 დღემდე ადმინსტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რაც ნებისმიერი სახის ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანას გარდა) მოხმარებაზე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე აპელირებს ბექა წიქარიშვილის შესახებ, რომლის შემდეგაც მარიხუანას მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა.

„კანონმდებელი არ განასხვავებს მარიხუანას სხვა ნარკოტიკისგან. ერთ მუხლშია მოქცეული ამ საკითხის რეგულირება. შესაძლოა, ჰაშიში ან კოკაინი უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ საფრთხეს და ლეგიტიმურ მიზანს, რომ ამის გამო ადამიანი იზოლაციაში მოაქციო“, – თქვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

„რადგან ნარკოტიკის მომხმარებელი ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს, ამიტომ აღარ უნდა მოხდეს მისი დაპატიმრება?“ – იკითხა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

„თუკი ადამიანი თავს იკლავს, მაგალითად, ხიდიდან ხტება, პოლიციელი ვალდებულია, ის გადაარჩინოს და არა ციხეში ჩასვას,“ – უპასუხა მოსამართლეს სახალხო დამცველის იურისტმა.

პარლამენტის წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის მე-17 მუხლზე, რითაც ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის მომხმარებლის დაპატიმრებით მისი ფუნდამენტური უფლება არ ირღვევა და კანონის მიზანია „საზოგადოებრივი კეთილდღეობის და ადამიანების ჯანმრთელობაზე გაფრთხილება“.

სახალხო დამცველის პოზიციით, სახელმწიფო რეგულირების გარეშე არ უნდა დარჩეს ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის.

მოსამართლეებმა პარლამენტის იურისტს ასევე ჰკითხეს, თუ რა არის პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმური მიზანი.

„მაშინ ღვედის გარეშე ავტომანქანის მართვაზე რატომ გვაქვს ჯარიმა? ის ადამიანიც საკუთარ თავს აყენებს ზიანს…“ – აღნიშნა პარლამენტის წარმომადგენელმა.

მოპასუხე მხარე, ანუ პარლამენტი აქცენტს სისხლის სამართლის სადავო მუხლზე აკეთებს, რომელიც  მოსამართლეს სასჯელის შეფარდების დროს  არჩევანს აძლევს. კანონის ეს ნორმა მცირე ოდენობით ნარკოტიკის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გარდა ითვალისწინებს ჯარიმის, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შეფარდებას.

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 4 მაისს, დაასრულებს სახალხო დამცველის სარჩელის განხილვას. გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

შსს: ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული მ.კ. ბათუმში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

Sss

განახლებული პირობები სესხებზე „ფინკა“ ბანკში და მეტი შესაძლებლობები მომხმარებლებს

ფინკა ბანკში სიახლეა – მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებსა და ანაბრებზე.

ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ფინკა ბანკში გაიზარდა უგირავნო სესხის მოცულობა და ყველა ტიპის სესხზე შემცირდა საპროცენტო განაკვეთები.

40 000 ლარამდე სესხის აღება უკვე შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მიზნობრიობა არ არის შეზღუდული – მომხმარებლებს შეუძლიათ  ფინკა ბანკის სესხი გამოიყენონ როგორც ბინის რემონტისა და საოჯახო ტექნიკის შესაძენად, ასევე სწავლის საფასურის და სხვა პირადი  მიზნების დასაფინანსებლად.

უგირავნო სესხები ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესის მქონე პირებისათვის და მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი დანადგარების და აღჭურვილობის შეძენა, მარაგების შევსება თუ ბიზნესის გაფართოება. საპროცენტო განაკვეთების შემცირების შედეგად, მცირე ბიზნესის მქონე პირებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა მარტივად და სწრაფად მიიღონ თანხა  და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს – მომხმარებლებს თავად შეუძლიათ დაგეგმონ გადახდის გრაფიკი და  იგი შემოსავლებს მოარგონ.

კიდევ ერთი სიახლე, გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურა, ფინკა ბანკში 3000 ლარამდე სესხის აღებას 30 წუთი სჭირდება, გაუქმდა მცირე სესხების დამტკიცების საკომისიო – ამჟამად 0 % -ია.

სესხებზე პირობების განახლება, პროცედურების გამარტივება მომხმარებლების მხრიდან წამოსული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა.

გიორგი სამადაშვილი
გიორგი სამადაშვილი

გიორგი სამადაშვილი, ფინკა ბანკის საოპერაციო დირექტორი ამბობს, რომ ბანკისთვის მომხმარებლის უკუკავშირი პრიორიტეტულია. „ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენგან აღებული დაფინანსებით ცდილობენ გააუმჯობესონ მცირე ბიზნესი და უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. სწორედ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა რამდენიმე ცვლილება. გავზარდეთ უგირავნო სესხის მოცულობა 40 000 ლარამდე, კიდევ უფრო შევამცირეთ საპროცენტო განაკვეთები, მომხმარებლებს სესხი შეუძლიათ აიღონ ნებისმიერი მიზნობრიობით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება დადებითად აისახება მომხმარებლებზე და მეტად ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას რომელი საფინანსო ინსტიტუტის საბანკო პროდუქტებით ისარგებლონ, აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია ფინკა ბანკის შემოთავაზების შესახებ, შეადარონ პირობები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება“.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხო დეპოზიტებსაც, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე, ფინკა  ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს პაკეტურ  შეთავაზებასაც, რომელიც წარმოადგენს პროდუქტების და მომსახურების  ერთობლიობას და მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად და მინიმალურ ფასად ისარგებლონ ყველა სერვისითა და პროდუქტით.

ფინკა ბანკი საბანკო პროდუქტების განახლებული პირობების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მათ შორის სესხზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ვებ გვერდის და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში – 224 49 49.

მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ბათუმის საკრებულომ ახალი დადგენილება დაამტკიცა.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათიანი მგზავრობა, სამგზავრო პლასტიკური ბარათები ყოველგვარი ცნობის წარდგენის გარეშე აიღონ უშუალოდ იმ ბანკში, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული „ბათუმის ავტოტრანსპორტს“. ბანკს კი შესაბამის მონაცემთა ბაზებზე ექნება წვდომა.

დადგენილების მიხედვით, ასეთ მონაცემთა ბაზებზე უნდა ჰქონდეს წვდომა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს [ან მის კონტრაქტორს]. ეს კონტრაქტორები კი ამ ეტაპზე არიან: „საქართველოს ბანკი“ და მისი შვილობილი შპს „მეტროსერვის+“.

მაგალითად პედაგოგს, მოსწავლეს არ დასჭირდება ცნობა სკოლიდან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ცნობის აღება სოცსააგენტოსგან და. ა.შ. მათ შესახებ მონაცემებზე წვდომა ექნება „საქართველოს ბანკს“ და „მეტროსერვის+“-ს. შესაბამისად, მოქალაქეები, სამგზავრო პლასტიკური ბარათების ასაღებად პირდაპირ ამ კომპანიების ოფისებში მივლენ და მხოლოდ პირადობის მოწმობას წარადგენენ. ამ სისტემის, ასე ვთქვათ, აწყობაზე, ანუ მონაცემთა ბაზებთან თავისუფალ წვდომაზე მუშაობა – შესაბამის უწყებებთან მემორანდუმების გაფორმება, უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება ტარიფებს და შეღავათებით მოსარგებლეთა კატეგორიებს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ განცხადებით, ფაქტობრივად არ შეცვლილა.

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები:

[checklist]

  • 2-მგზავრობიან ბილეთზე – 0,6 ლარი, ხოლო ავტობუსში ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 0,8 ლარი;
  • 6-მგზავრობიან ბილეთზე – 1,7ლარი;
  • 15-მგზავრობიან ბილეთზე – 4,0 ლარი;
  • სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 სტანდარტული მგზავრობა – 0,3 ლარი;
  • სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 შეღავათიანი მგზავრობა – 0,15 ლარი;
  • სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის  საშუალებით  ნულოვანი ტარიფით მგზავრობა – უფასო.

[/checklist]

ცალკეული კატეგორიები ტარიფის შესაბამისად:

[checklist]

  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები – უფასო;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – უფასო;
  • ქ. ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები – უფასო;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები – უფასო;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები – უფასო.

[/checklist]

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, რომელიც ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მერიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დაწესებული კატეგორიების მიხედვით უფასო [ნულოვანი] და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.

თავის მხრივ, ბათუმის მერიამ, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სტანდარტული ოდენობის [M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,3 ლარი] შესავსებად თანხების ანაზღაურება.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 16 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. რაც შეეხება მოძრაობის გრაფიკს, სამუშაო დღეებში და შაბათ-კვირას ეს გრაფიკი ყველა მარშრუტზე განსხვავებულია.

მუნიციპალურ ტრანსპორტში დაჯარიმების სისტემაც შეიცვალა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის თქმით, მთავარი სიახლე ისაა, რომ საჯარიმო ქვითარი გამოიწერება ელექტრონულად, აქამდე კი ხელით ხდებოდა ქვითრის შევსება.

მიუხედავად გარკვეული სიახლეებისა, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი გაჩერებებთან დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებისა თუ ელექტროტაბლოების განახლება ან დამატება. წელს მოსაცდელებზე არც ისეთი საინფორმაციო დაფების განთავსებაა დაგეგმილი, რომლებზეც ქალაქის რუკა, სამარშრუტო ხაზები და მოძრაობის გრაფიკი იქნება მითითებული.

ბათუმის ორ სკოლაში აუდიტის სამსახური მოქალაქეების საჩივრებს იკვლევს

ბათუმის ორ  – პირველ და მე-11 საჯარო სკოლაში აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური შევიდა. სამსახურის უფროსის განმარტებით, სკოლებში შესვლის საფუძველი საჩივრები იყო.

ბათუმის მე-11 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახური რამდენიმე საჩივარს იკვლევს. ერთ-ერთი საჩივარი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისგან არის.

„მოქალაქეების თქმით, სკოლის ირგვლივ არსებული გარევაჭრობა სასწავლო პროცესზე ცუდ გავლენას ახდენს, სკოლის ადმინისტრაცია კი ვერ აკონტროლებს სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლას. იყო თამბაქოს მოხმარების და სკოლის ტუალეტის გამოყენების ფაქტები უცხო პირების მიერ“ – გვითხრეს აუდიტის სამსახურში.

შემდეგი საჩივარი უკავშირდებოდა სასწავლო პროცესს და ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს.

„სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტები არ გამოკვეთილა, თუმცა იყო სახელმწიფო შესყიდვებთან და ხელფასებთან დაკავშირებული ხარვეზები. სახელმწიფო შესყიდვებში იყო ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებული ხარვეზები, ასევე ხელფასების გამოწერაში – გამოწერილი იყო კუთვნილზე მეტი ხელფასი. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია დასკვნაში და გადაგზავნილია სამინისტროში,“ – ამბობს სამინისტროს აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი ალექსანდრე მჟავანაძე.

რაც შეეხება პირველ საჯარო სკოლას, აქ შესვლის საფუძველი ცხელ ხაზზე შესული შეტყობინებები იყო.

„მოსწავლის მშობელმა დარეკა ცხელ ხაზზე და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მეორე მიზეზი კი იყო სკოლის თანამშრომლის საჩივარი“-ამბობს აუდიტის სამსახურის უფროსი. მისივე თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა: „მოკვლევას ალბათ დასჭირდება 1-2 კვირა, ამის შემდეგ გავახმაურებთ დეტალებს“.

 

ფრინველების დასაფრთხობად აეროდრომებზე კომიტეტები შეიქმნება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი“ დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ წესმა უნდა უზრუნველყოს „სამოქალაქო აეროდრომებზე ფრენის უსაფრთხოება – აეროდრომის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებით“.

[checklist]

  • აეროდრომის შემოგარენი – აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან მიმდებარე ტერიტორია 13 კმ. რადიუსის ფარგლებში;
  • ველური ბუნების წარმომადგენლები – ფრინველები, ძუძუმწოვრები, მათ შორის ღამურები, მღრღნელები, რომლებმაც შეიძლება პოტენციური საფრთხე შეუქმნან საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებას;
  • ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა – აეროდრომზე და აეროდრომის შემოგარენში, საჰაერო ხომალდთან ველური ბუნების წარმომადგენლების ხუთი და მეტი შეჯახება კალენდარული წლის განმავლობაში.

[/checklist]

ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი ვრცელდება სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტებზე და მიმდინარე წლის 2 მაისიდან შევიდა ძალაში, გარდა რამდენიმე პუნქტისა, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

სექტემბრიდან ძალაში შედის შემდეგი პუნქტები:

[checklist]

  • აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია იმ აეროდრომებზე, სადაც დადგენილია ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა, საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შეიმუშაოს, დანერგოს და განახორციელოს ველური ბუნებით გამოწვეული რისკების მართვის პროგრამა;
  • შექმნას ველური ბუნების მართვის კომიტეტი;
  • უზრუნველყოს ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების მართვის პროცესში ჩართული პერსონალის მომზადება ამ წესის შესაბამისად, შესაბამისი პროგრამის მიხედვით;

[/checklist]

ველური ბუნების მართვის კომიტეტი იქმნება იმ აეროდრომებზე, სადაც დადგენილია ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა. კომიტეტი იქმნება დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის გაძლიერებისა და კვალიფიციური პერსონალის ჩართულობის მიზნით.

ველური ბუნების მართვის კომიტეტში მოწვეულნი უნდა იქნენ საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების, საავიაციო უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები და სხვა იმ უწყებების/ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა ჩართულობასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს აეროდრომის ექსპლუატანტი.

აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია იქონიოს ველური ბუნების მართვისათვის საჭირო აღჭურვილობა და შესაბამისი აღჭურვილობის ეფექტურობის დასადგენად ყოველწლიურად განახორციელოს მათი სრული შემოწმება; შეისწავლოს აეროდრომსა და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების ზუსტი ტრაექტორია, გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერები, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი რესურსი ეფექტური შედეგის მისაღწევად და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს რისკის შეფასება.

ველური ბუნების წარმომადგენლების იმ სახეობების მიმართ, რომლებიც აეროდრომის რაიონში საჰაერო ხომალდების ექსპლუტაციას უქმნიან  საფრთხეს, გამოიყენება აქტიური ღონისძიებები, რომლებიც, დამტკიცებული წესის მიხედვით, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • ველური ბუნების წარმომადგენლების დაფრთხობის ტაქტიკის გამოყენებას [მაგალითად: ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა, მტაცებლის ჭყივილის იმიტაცია, პიროტექნიკა, აირის ქვემეხი და ა.შ.];
  • ველური ბუნების წარმომადგენლების დაფრთხობის საშუალებების მოდელირებას [მაგალითად: სატყუარა, მტაცებელი, სპეციალურად მომზადებული ძაღლები, ულტრაბგერითი საშუალებები და ა.შ.];
  • ველური ბუნების წარმომადგენლების დაჭერას/გაძევებას.

[/checklist]

პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ფოტო: თვითმფრინავის დაშვება ბათუმის აეროპორტში

„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში ოფისი გახსნა

„დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ უნდა მოვასწროთ საკუთარი სახის დამკვიდრება,“ – მიმართა მხარდამჭერებს დავით ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. ამ პარტიამ დღეს, 3 მაისს, ბათუმში პარტიული ოფისი გახსნა.

შეხვედრაზე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მთავარი ამოცანებიც გააჟღერა: „პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ შეგვიძლია შევცალოთ ხელისუფლება მშვიდად, რყევების გარეშე და მეორე: ხალხს უნდა დავანახოთ, რას ვიზამთ მერე. ესაა მთავარი“.

გიგა ბოკერიასთან და დავით ბაქრაძესთან ერთად, მხარდამჭერებს მიმართეს რაულ თავართქილაძემ და პეტრე ზამბახიძემ. ისინი ამ პარტიის სახეებად უკვე მოიაზრებიან რეგიონში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ვინ იქნება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი აჭარაში, დავით ბაქრაძემ გვიპასუხა: „იქნება ის, ვისაც ხალხი გადაწყვეტს… ამ ეტაპზე ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის.“

როგორ მიიღებენ პარტიაში ახალ წევრებს? – რაულ თავართქილაძემ გვითხრა, რომ პარტიისთვის „წითელი ზოლი“ რუსეთი იქნება: „თუკი ადამიანი არ აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია და პუტინის მოტრფიალეა, ის ჩვენს რიგებში ვერ ჩადგება“.

შეხვედრის დაწყებამდე, „ბათუმელები“ ეცადა გაერკვია, რა ტიპის მხარდამჭერები დახვდნენ  დღეს ლიდერებს. შეკრებილებმა თქვეს, რომ ისინი, ძირითადად, ლიდერების გამო მივიდნენ „ევროპულ საქართველოსთან“ და არა რომელიმე ღირებულების გამო.

„მიმაჩნია, რომ ეს არის ნათელი სხივი… ამ პარტიის ლიდერები იზრუნებენ საქართველოზე და იმაზე, რაც საზოგადოებას სჭირდება. თავის დროზე, როცა ხელეწიფებოდათ, აკეთებდნენ საქმეს. ამიტომაც ვენდობი… დანარჩენი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ“, – გვითხრა ქალაბატონმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი მხარდამჭერი, ქეთი გოდელაძე ამბობს, რომ პროფესიონალიზმის გამო ენდობა ამ პარტიას: „ჩემი დაქალის მამაა ამ პარტიაში, ვენდობი და მეც წამოვედი შეხვედრაზე. ყოველთვის დავუჭერ მხარს ასეთ ადამიანებს“.

დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა იმაზეც, რომ ლიდერების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები არიან. იმედი აქვს, რომ პარტია სხვა, ახალი სახეების დაინტერესებასაც შეძლებს.

„ჩვენი მიდგომა არის ის, რომ ხელისუფლებაში კი არ უნდა დავბრუნდეთ, არამედ უნდა მოვიდეთ ხელახლა. ხალხს უნდა გაუჩნეს განცდა, რომ ჩვენ ისევ საჭირო ვართ პოლიტიკაში. ეს არის მნიშვნელოვანი სხვაობა იგივე „ნაციონალური მოძრაობისგან“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველო“ გათვლას ელექტორატის იმ ნაწილზე აკეთებს, რომელიც „ქართული ოცნების“ საქმიანობით უკმაყოფილოა და მიიჩნევს, რომ არჩევანი არ აქვს.

პარტიის ლიდერები მთავარ აქცენტს გადასახადების შემცირებასა და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე აკეთებენ, თუმცა რა ფინანსური რესურით მოხერხდება სოციალური პროგრამების გაუმჯობესება, ამის შესახებ ჯერ არაფერი წერია პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ გამოცემულ ბუკლეტში. ლიდერებს შეხვედრაზე არც იმაზე უსაბრიათ, თუ რით იქნებიან ისინი უპირატესი სხვა პარტიებისგან, ვისაც ანალოგიური დაპირებები აქვთ ამომრჩეველთან.

განსხვავებული დაპირება, რაც „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში მოცემულ ბუკლეტში ამოვიკითხეთ, არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის სრული ამოქმედება და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, ანუ სუს-ის გაუქმება.

EVROPULI

მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16 წლის მარიამ ნოდია საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში. ეს ტიტული მან თბილისში, 10-11 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მარიამი ხელვაჩაურის #1 სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს მკლავჭიდს უთმობს.

მარიამი ამბობს, რომ ეს მისი პირველი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტისადმი მიდრეკილება და გარკვეული ფიზიკური მონაცემებიც ბავშვობიდანვე ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეა, რაც მკლავჭიდით აქტიურადაა დაკავებული.

მარიამის სპორტული კარიერა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა მისი მონაცემები მწვრთნელმა, აჭარის ნაკრების ხელმძღვანელმა, თემურ ლიპარტაშვილმა აღმოაჩინა.
მარიამის გადაწყვეტილება, სპორტის ამ სახეობით დაკავებულიყო, მშობლებს არ გაუპროტესტებიათ. „მე რაც მაინტერესებს და რაც მინდა, იმაზე თანახმა იყვნენ, ჩემი წარმატება ძალიან გაუხარდათ,“ – ამბობს მარიამი.

მარიამ ნოდია. გულნარა კაკაბაძის ფოტო
მარიამ ნოდია. გულნარა კაკაბაძის ფოტო

ვარჯიშზე კვირაში სამჯერ დადის, თუმცა დამოუკიდებლადაც ვარჯიშობს, სახლში. კითხვაზე, რა სირთულეებს აწყდება ვარჯიშისას, მარიამი პასუხობს, რომ უმეტესად სირთულეები ფიზიკურ ვარჯიშთანაა დაკავშირებული:

„ამის მიზეზი გარკვეულწილად მიუჩვევლობაა, რადგან სერიოზული ფიზიკური მომზადება არც თუ ისე დიდი ხანია, რაც დავიწყე.“

ახლა მარიამი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც წელს, ნოემბერში, ბულგარეთში ჩატარდება. ამ მოვლენას მოუთმენლად ელის და სჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდება:

„არ მეშინია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩემთვის პირველი გამოცდილება იქნება, ამიტომ ცოტას ვღლავ,“ – ამბობს ის.

აჭარიდან მარიამთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა  ქედელი ქეთევან შავიშვილიც წავიდეს. ეს მის მონდომებსა და ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. ქეთევანმა საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში წელს საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ქეთი მეცხრე კლასის მოსწავლეა. იგი 14 წლისაა. მკლავჭიდზე არასოდეს უფიქრია, სამი წლის განმავლობაში ქედის ჩოგბურთის ნაკრების აქტიური წევრი იყო. ამბობს, რომ შემთხვევით გადაწყვიტა ეცადა თავი მკლავჭიდის აჭარის ჩემპიონატზე, რომელიც ქედაში 26 თებერვალს ჩატარდა. გამარჯვებამ დიდი სიხარული და საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი მოუტანა.

ქეთი შავიშვილი
ქეთი შავიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელთან ვარჯიშს ვერ ახერხებს ტერიტორიული სიშორის გამო, ქეთი აგრძელებს მკლავჭიდში დამოუკიდებლად ვარჯიშს და დღეში ამ საქმეს ოთხ საათამდე დროს უთმობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში ჩამოსვლასა და მკლავჭიდში სერიოზულ მომზადებას გეგმავს.

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის, გოჩა შავაძის თქმით, ახლა აჭარის ნაკრები მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც პოლონეთში, კატოვიცეში გაიმართება. მისი თქმით, გუნდი უკვე დაკომპლექტებულია და აჭარიდან ჩემპიონატზე ბევრი გამორჩეული სპორტსმენი მიდის, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონები: მარინა ფუტკარაძე, ლევან პოგოსიანი, ზურა თავბერიძე, მერაბ კაკაბაძე, გენადი კვირკვინია, გასული წლის მსოფლიო პრიზიორი ნინო მახარაძე და სხვები.

ამჟამად აჭარაში მკლავჭიდით 200-მდე სპორტსმენია დაკავებული, სამოცდაათი სპორტსმენი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა შეჯიბრებაში, მათგან 20-მდე გოგონაა. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, გოჩა შავაძის თქმით, სპორტსმენთა უმრავლესობა ოცზე მეტი წლისაა.

აჭარის მკლავჭიდის ფედერაციას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აფინანსებს.

ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში საქართველოს ეროვნული მკლავჭიდის ფედერაცია აფინანსებს.

ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ევროკავშირის პროექტთან – „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ თანამშრომლობის ფარგლებში, პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთათვის ტრენინგები დაიწყო.

პრობაცია. სარეაბილიტაციო პროგრამები. PPTC-EU (2)

სწავლების მიზანია პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს ბაზაზე არსებული  სარეაბილიტაციო პროგრამების გაცნობა, რაც გულისხმობს ყველა სარეაბილიტაციო პროგრამის მიზნის, სტრუქტურის, ფორმატის, სამიზნე ჯგუფისა და სავარჯიშოების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.

სარეაბილიტაციო მოდულების დეტალურად გაცნობის შედეგად პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შეძლებენ, ბენეფიციართა რისკისა და საჭიროების უკეთ იდენტიფიცირებასა და სარეაბილიტაციო პროგრამების მნიშვნელობის უკეთ გააზრებას; მეტად ჩაერთვებიან ბენეფიციართა სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შედგენის პროცესში და შეძლებენ, სრულყოფილად მიაწოდონ მათ ინფორმაცია  აღნიშნულ გეგმასთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუწყობს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პროცესის გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესზე.

cover photo. პრობაცია. სარეაბილიტაციო პროგრამები. PPTC-EU

ტრენინგების დაწყებას სასწავლო ცენტრში პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თეიმურაზ მაღრაძე, სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი ნინო ტყეშელაშვილი და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე თინათინ უფლისაშვილი დაესწრნენ.

თეიმურაზ მაღრაძე  მსმენელებს ესაუბრა გადამზადების მნიშვნელობაზე და ხაზგასმით აღნიშნა მიმდინარე ტრენინგების როლი პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი სარეაბილიტაციო პროგრამების წარმატებით განხორციელების საქმეში.

პრობაცია. სარეაბილიტაციო პროგრამები. PPTC-EU (4)სასწავლო ცენტრში აღნიშნული პროგრამით გადამზადებას გაივლის  პრობაციის ეროვნული თანამშრომელთა 8 ჯგუფი – 168 ოფიცერი, 16  სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სწავლების პროცესი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი

მოსწავლე მასწავლებლის როლში

დღეს, 3 მაისს, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში იმიტირებული გაკვეთილები ჩატარდა, სადაც მასწავლებლის როლში მოსწავლეები იყვნენ, მასწავლებლები კი მოსწავლეების მერხებზე ისხდნენ. იმიტირებული გაკვეთილის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში კარიერული დაგეგმვის, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა იყო. იმიტორებული გაკვეთილი მე-12 კლასს ორ საგანში – ისტორიასა და ქართულში ჩაუტარდათ.

ქართულის გაკვეთილის თემა თავისუფლება იყო, რომელსაც მოსწავლეები ვაჟას პოეზიის მიხედვით განიხილავდნენ. გაკვეთილზე მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე აქტიურობდა, თუმცა „ბათუმელებთან“ საუბარში უმეტესობამ აღნიშნა, რომ იმიტირებული გაკვეთილი, სტანდარტულისგან განსხვავებით, მათთვის ბევრად საინტერესო იყო.

„მოსწავლეები“ წრიულად, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, მასწავლებელი კი ცენტრში იდგა. „მასწავლებელი“ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვას კითხვებით ცდილობდა.

„პირველ რიგში, იმიტომ მომეწონა არასტანდარტული გაკვეთილი, რომ ბავშვები უფრო მეტად ვიყავით გახსნილი და ჩვენთვის საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით. სტანდარტული გაკვეთილის პირობებში კი, არ გვეძლევა შესაძლებლობა იმაზე ვისაუბროთ, რაც მოგვწონს და გვინდა. ჩვეულებრივ გაკვეთილზე ნაკლები შესაძლებლობა გავქვს დავსვათ კითხვები,“- გვითხრა ანრიმ.

ლერისთვის ეს გაკვეთილი იმიტომ იყო უჩვეულო, რომ ცოტა ხნით თავიანთი პედაგოგები მოსწავლის როლში იხილეს. „უფრო მეტად კი ის  მომეწონა, რომ ჩვენი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს უკვე კომფორტია,“-ამბობს ის.

„მოსწავლე მასწავლებელი“- იმიტირებული გაკვეთილი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. ფოტო: ლელა დუმბაძე
„მოსწავლე მასწავლებელი“-
იმიტირებული გაკვეთილი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ის მოსწავლეები, რომლებიც თავისუფლების მიუხედავად მაინც ჩუმად ყოფნას ამჯობინებდნენ, ამბობდნენ, რომ მათი სიჩუმის მიზეზი სწორედ გაკვეთილის უჩვეულო ფორმატი იყო.

„ასეთ გაკვეთილებს მიჩვეული არ ვართ. სტანდარტული გაკვეთილების დროს გვიჭირს აზრის გამოხატვა, რადგან ვშიშობთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ. ამიტომ, უფრო ვაკვირდებით პროცესებს,მ ვიდრე ვმონაწილეობთ. ასეთი გაკვეთილების შემთხვევაში კი, უფრო მეტად ვიქნებით გახსნილები,“ – გვეუბნება გიორგი.

მოსწავლეების თქმით,  ისინი რის დეფიციტსაც ყოველდღიურ გაკვეთილებზე განიცდიან, მრავალფეროვნებაა. ისინი მიიჩნევენ, რომ სკოლებში გაკვეთილები ყოველდღიურ რუტინად იქცა და მათში კრეატიულობა  დაკარგულია.

იმიტირებულ გაკვეთილს სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელიაც ესწრებოდა. იგი ამბობს, რომ იმიტირებული გაკვეთილიც კი, რომელიც სტანდარტულისგან გარკვეული დეტალებით განსხვავდებოდა და ბავშვებს მეტ თავისუფლებას აძლევდა, ქართული საგანმანათლებლო სისტემის პრობლემას მაინც ნათლად აჩვენებდა.

„ეს პრობლემაა მონოტონურობა. როცა ცენტრში დგას პედაგოგი და არა მოსწავლე,“- გვითხრა დირექტორმა. თამთას აზრით, იმისათვის, რომ დღეს სკოლამ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს, უფრო შემოქმედებითი და ბავშვზე ორიენტირებული უნდა გახდეს.

მასწავლებლები მოსწავლეების როლში. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა
მასწავლებლები მოსწავლეების როლში. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა

ანის აზრით, ქართულ სკოლებში გაკვეთილებს „მარილი აკლია“ანუ მრავალფეროვნება.

„არ არის სახალისო და საინტერესო, ყველა გაკვეთილი ერთნაირია. შეიძლება, რაღაც ცოდნას ვიღებთ სკოლაში, მაგრამ შესაძლებელია ეს ცოდნა მივიღოთ უფრო მეტი ხალისით და ინტერესით. გაკვეთილი ცოდნის მიღებასთან ერთად, უნდა გართობდეს. აი, ეს აკლია ჩვენს გაკვეთილებს,“-გვითხრა ანიმ.

მოსწავლეებს იმიტირებული გაკვეთილის დაგეგმვაში საგნის პედაგოგები ეხმარებიან.

მოსწავლეებს სურვილი აქვთ, მასწავლებლის ამპლუაში ყოფნის შესაძლებლობა კიდევ მიეცეთ. სკოლის დირექტორის თქმით, თუკი ისინი წარმოადგენენ გაკვეთილის კარგად გაწერილ გეგმას, მათ დაბალ კლასებში იმიტირებული გაკვეთილების ჩატარების უფლებასაც მისცემენ.

ზემო აჭარაში 50 ათასამდე მოქალაქე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს

აჭარაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, 48 262 მოქალაქეს აქვს. „მთის კანონს“ აჭარის მთაში ყველაზე მეტი ბენეფიციარი ხულოს მუნიციპალიტეტში ჰყავს, ამ დროისთვის აქ აღნიშნული სტატუსით 21 257 მოქალაქე  სარგებლობს.

პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, მთაში მცხოვრებთა სტატუსი ავტომატურად  ხულოს მუნიციპალიტეტში 20 444 მოქალაქეს მიანიჭეს, ხოლო სტატუსის მისაღებად პირადი განცხადებით მუნიციპალიტეტს 1 976-მა მოქალაქემ მიმართა განცხადებით. აქედან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით სტატუსი 1 766-ს მიენიჭა. კანონის ამოქმედებიდან ხულოში, მთაში მცხოვრებთა სტატუსი 525 მოქალაქეს შეუჩერდა, 428-ს კი შეუწყდა.

„კანონით, სტატუსი სტუდენტს ავტომატურად უჩერდება. იმ შემთხვევაში კი, თუ [ყოფილი] სტუდენტი მოიტანს შესაბამის ცნობას, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით გაწერილ მოთხოვნებს, მთის სტატუსი მაქსიმუმ ერთ თვეში აღუდგება. რაც შეეხება სტატუსის შეწყვეტას, შეწყვეტის მიზეზი გარდაცვალება, ან რეგისტრაციის ადგილის ცვლილებაა,“ – ამბობს ხულოს გამგეობაში მოქმედი „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ წევრი თამილა დეკანაძე.

2 მაისის მონაცემებით ქედის მუნიცპალიტეტში მთის სტატუსით 14 399 მოქალაქე სარგებლობს, კანონის ამოქმედებიდან დღემდე აქ სტატუსი სულ 203 მოქალაქეს შეუჩერდა, ხოლო 451-ს შეუწყდა, შეწყვეტის მიზეზად 264 შემთხვევაში გარდაცვალება, ხოლო 187 შემთხვევაში საცხოვრებელი ადგილის მონაცვლეობა ფიქსირდება.

ქედის მუნიციპალიტეტში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარის, მერაბ ტაკიძის თქმით, სტატუსით მოსარგებლე მოქალაქეთა მაჩვენებელი ქედაში იზრდება, რასაც მისი განმარტებით, ძირითადად, რეგისტრაციის ადგილის ცვლილება განაპირობებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები წლებია  ქედაში ცხოვრობენ, მათი რეგისტრაციის ადგილად ქალაქი იყო მითითებული, კანონით გაწერილი შეღავათის მისაღებად შეცვალეს რეგისტრაციის ადგილი და დღეს სტატუსით სარგებლობენ, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებიც სხვადასხვა უწყებებმა გადმოგვიგზავნეს, მთის სტატუსი აქ 907 მოქალაქეს პირადი განცხადების საფუძველზე მიენიჭა,“ – ამბობს მერაბ ტაკიძე.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ მთის სტატუსით 12 612 მოქალაქე სარგებლობს, პირველადი რეგისტრაციის დროს სტატუსი 12 576 მოქალაქეს მიენიჭა, ხოლო 2016 წლის 14 იანვრიდან დღემდე სტატუსი 508 მოქალაქეს შეუწყდა, 408-ს – შეუჩერდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის, იურიდიულ და საკადრო საკითხთა განყოფილების უფროსი, ჯიმშერ აბაშიძე: „მას შემდეგ, რაც პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე მოქალაქეებს ავტომატურად მიენიჭათ სტატუსი, დაიწყო მონიტორინგი. აღმოჩნდა, რომ ბევრი რეგისტრირებულ ადგილზე არ ცხოვრობდა, სტატუსის შეწყვეტის მიზეზი – საცხოვრებელი ადგილის მონაცვლეობა და გარდაცვალება, 508 შემთხვევაში, თითქმის თანაბარია“.


მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მქონე მოქალაქეები, საქართველოს კანონმდებლობით, გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ, მათ შორის მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის გადახდის დროს.

აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო.

პრესის თავისუფლების დღეს „აჭარის ტელევიზიამ“ კონფერენცია მოაწყო

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ზოგადად, მედიის თავისუფლების პრობლემებზე სასაუბროდ „საზოგადოებრივი მაუწყებლის – აჭარის ტელევიზიამ“ კონფერენცია მოაწყო. კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს [3 მაისი] მიეძღვნა.

კონფერენციაზე მოხსენებების მოსმენის პარალელურად გაიმართა დისკუსიაც, რომლის გახანგრძლივების გამოც წინასწარ განსაზღვრული ვიდეო ჩანაწერებისთვის აღარ მოუსმენიათ. ვიდეო ჩანაწერებში მედიის გამოწვევებზე საუბრობდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, აშშ-ს ელჩი საქართველოში, სახალხო დამცველი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელმძღვანელი.

მიწისძვრა საქართველოში – ეპიცენტრი დაღესტანში იყო

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს, 3 მაისს, მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე – დაღესტანში იყო და იგი აღმოსავლეთ საქართველოშიც იგრძნობოდა, განასაკუთრებით კი, აზეირბაიჯანთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე.

სეისმურ ცენტრში ვერ გვითხრეს, საქართველოში რა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

ახალი წიგნები მაკულატურის ნაცვლად – აქცია ბათუმში

4-5 მაისს ბათუმში, „ბიბლუსის“ მაღაზიაში, მემედ აბაშიძის #62-ში, აქცია გაიმართება, რომელიც მაკულატურის ახალ წიგნებში გაცვლას გულისხმობს. ღონისძიება პროექტ  „მაკულიტერატურის“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობა შეძლებს ჩააბაროს ძველი წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, სანაცვლოდ კი, ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ახალი წიგნები. 1 კილოგრამ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი 1 ქულას მიიღებს, ანუ ერთ „ნერგს“. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი „ნერგის” რაოდენობა, რომელიც 4-დან 100 „ნერგამდე“ მერყეობს.

მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელი იქნება 11:00-დან 18:00 სთ-მდე.

ბათუმში მაკულატურის ჩაბარება ასევე შესაძლებელია დ. აღმაშენებლის 52 ნომერში, ყოველ დღე, კვირის გარდა.

სასამართლო პროცესი საზღვარგარეთ და საქართველოში დაყადაღებული ქონება

ბიზნესმენი ზაქარია ყიფშიძე კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საზღვარგარეთ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს ქონება საქართველოს საერთო სასამართლომ დააყადაღოს.

„რომ არა ეს ნორმა, თუ ადამიანს აქვს დავა საზღვარგარეთ, მოპასუხეს ექნება საშუალება სადავო ქონება გაასხვისოს,“ – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას პარლამენტის იურისტმა. დღეს კოლეგია ბიზნესმენის სარჩელზე განხილვას დაასრულებს.

მოსარჩელე ზაქარია ყიფშიძის ინტერესების დამცველი, გიორგი მშვენიერაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში მოსამართლემ შეიძლება არ იცოდეს კარგად უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.

„მხოლოდ მიმართვა, რომ მაგალითად კვიპროსის სასამართლომ დავის განხილვა დაიწყო, არ არის იმის საფუძველი, რომ ქონება დააყადაღო,“ – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

მოსამართლე მერაბ ტურავა დაინტერესდა, რატომ შეიძლება არ იცოდეს მოსამართლემ, მაგალითად, კვიპროსის სამართალი.

„თქვენ დღეს საქართველოში კვიპროსის კანონმდებლობას ინგლისურ ენაზეც ვერ იპოვით. ის მხოლოდ ბერძნულ ენაზეა ხელმისაწვდომი… ჩვენს შემთხვევაში, საქართველოში მოსამართლე მოატყუეს,“ – უპასუხა მოსამართლეს მოსარჩელის ინტერესების დამცველმა.

გიორგი მშვენიერაძემ მოსამართლეებს ბიზნესმენის ისტორია გააცნო. მისი თქმით, ზაქარია ყიფშიძემ თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრი 2006 წელს თავის პარტნიორს მართვის უფლებით გადასცა. მოგვიანებით, პარტნიორებს მოუხდათ კონფლიქტი და დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

იმის გამო, რომ კომპანია ვირჯინიის კუნძულებზე იყო დარეგისტრირებული, მოპასუხემ კვიპროსში, ნიქოზიის სასამართლოს მიმართა [ამის უფლებას მას მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება აძლევდა] და როცა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, საქართველოს სასამართლოს სადავო ქონების დაყადაღება სთხოვა, მისთვის ზიანის მიყენების გამორიცხვის არგუმენტით.

„პრობლემა არის ის, რომ სასამართლო ენდო მოქალაქეს და მას არ შეუსწავლია, რას განიხილავდა კვიპროსის სასამართლო. ქართულ ენაზეც კი არ მიუწოდებია მხარეს სასამართლოსთვის ინფორმაცია იმ საქმეზე, რაც წარმოებაში მიიღო ნიქოზიის სასამართლომ“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოებს ექნებათ ვალდებულება საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ქონების დაყადაღების შესახებ, ან სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები გამოიყენოს, ვიდრე ყადაღა.

ავტოავარიის შედეგად გონიოში ორი ადამიანი დაიღუპა

3 მაისს, დილით, გონიოში ავტოავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მისულ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ორი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ იქ დაშავებული სხვა არავინ იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„ბათუმის წყალი“ 1,1 მილიონ ლარად სამ მანქანა-ცისტერნას შეიძენს

სამი ერთეული სპეციალური დანიშნულების საასენიზაციო (დასუფთავების) მანქანა-ცისტერნის შესყიდვაზე ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალმა“ ტენდერი გამოაცხდა. მანქანა-ცისტერნების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება, ჯამში, 1 მილიონ 154 ათას 320 ლარია.

„ბათუმის წყალს“ სატენდერო პირობებში მითითებული აქვს, რომ შესყიდვა ჩანაცვლების წესით განხორციელდება, ანუ მომწოდებლის მიერ შეთავაზებულ თანხას იმ ავტომანქანის ღირებულება გამოაკლდება, რომელსაც „ბათუმის წყალი“ გადასცემს ტენდერში გამარჯვებულს.

ეს ავტომანქანაა MERCEDES-BENZ 2426-ია, რომლის ღირებულებაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა.

„ბათუმის წყალი“ ვალდებულია მიიღოს საქონელი და გადაიხადოს ავტომანქანების ჩანაცვლების შემდგომ წარმოქმნილი ფასთა სხვაობა. ტენდერში გამარჯვებულისთვის გადასაცემი ავტომანქანების საბაზრო ღირებულება, ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შეადგენს 14 ათას ლარს, რომელიც ანაზღაურდება ავტომანქანების „მიმწოდებელზე“ გადაცემით, ხოლო დანარჩენი თანხა უნაღდო ანგარიშსწორებით,“ – აღნიშნულია სატენდერო განაცხადში.

eqspertizaa baTumis wyali

 

 

 

ქედაში 1 ლარად გადაცემულ მიწაზე საპატრიარქო ტაძრის მშენებლობას იწყებს

დაბა ქედაში, შერვაშიძის ქუჩაზე, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, სანგრების გასაწმენდად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათი თქმით, ტერიტორიას ეკლესიის ასაშენებლად ასუფთავებენ. აქ მცხოვრებთა ინფორმაციით კი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონი რეზიდენციის მოწყობას გეგმავს. მეორე ვერსიით, აქ საპატრიარქო საკათედრო ტაძრის მშენებლობას აპირებს.

ფოტო: ეკა ბარამიძე
ფოტო: ეკა ბარამიძე

ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია 5206 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და ხუთ შენობას მოიცავს, რაც მთლიანობაში 1180,36 კვადრატული მეტრია.

დაბა ქედაში, შერვაშიძის ქუჩაზე, ყოფილი საბჭოთა სამხედრო ბაზა ე.წ. კომენდატურის შენობას, ორ საცხოვრებელ სახლს და სპეციალური დანიშნულების შენობებს აერთიანებდა. ბაზის დაშლის შემდეგ ორივე საცხოვრებელი სახლი სამხედრო პირების ოჯახებმა დაისაკუთრეს, ხოლო ე.წ. კომენდატურის შენობის გვერდით არსებული შენობები ჩამოიშალა. შენობის უკანა ნაწილში კი დღემდე შემორჩენილია სამხედროების საწვრთნელად გათხრილი სპეციალური სანგრები, ზოგან ჯერ კიდევ აწყვია სილით სავსე ტომრები.

ტერიტორია, რომელიც წლების წინ მესაზღვრეებს ეკავათ ორი საცხოვრებელი სახლის გარდა, ახლა უკვე საპატრიარქოს საკუთრებაა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრში განმარტეს, რომ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები საპატრიარქოს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ერთ ლარად გადაეცა.

რის გაკეთებას გეგმავს საპატრიარქო ქედაში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე? – ამ კითხვით საპატრიარქოს ტბელ აბუსერისძის სახელობის ხიჭაურის უნივერისტეტის პრესსამსახურს მივმართეთ, სადაც სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონია რექტორი, თუმცა უშედეგოდ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ეპისკოპოსს რეზიდენციები ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში აქვს მოწყობილი…
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის დასაწყებად საჭიროა ნებართვის მიღება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურისგან.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ სხალთის ეპარქიას ნებართვა უკვე აქვს. მისივე ინფორმაციით, სხალთის ეპარქია ქედაში, ყოფილ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ეკლესიის მშენებლობას გეგმავს:

„საქართველოს წმიდა სინოდის, ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის მიერ დამუშავდა გუმბათოვანი ეკლესიის პროექტი ამ ტერიტორიის შესაბამისად, რომელიც საპატრიარქოს არქიტექტურის სამსახურმა დაამტკიცა. მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით გამგეობაში წარმოადგინეს ნახაზი, როლის მიხედვითაც 26-მეტრიანი გუმბათოვანი ტაძარი უნდა აშენდეს. ეს იქნება ქედის საკათედრო ტაძარი, მშენებლობის თანხმობა მიეცა ეპარქიას – ნახაზთან და არქიტექტურასთან დაკავშირებით ჩვენ შენიშვნები არ გვქონია, რაც შეეხება ტერიტორიაზე რეზიდენციის მოწყობას, მსგავს ინფორმაციას არ ვფლობ“.

გუმბათოვანი ტაძრის გარდა სხვა შენობების მოსაწყობად ქედის გამგეობაში საპატრიარქოს ამ დრომდე სხვა პროექტები არ წარუდგენია.

ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია საპატრიარქოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 ნოემბრის [ N38 ] განკარგულებით გადაეცა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.

18296916_1346957185399984_511372913_o

ე.წ. კომენდატურის ყოფილი შენობა ქედაში
ე.წ. კომენდატურის ყოფილი შენობა ქედაში

4 ავტომობილი ხელვაჩაურის პირველადი დახმარების ცენტრებისთვის

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: აჭარისწყლის, კირნათის, თხილნარისა და ორთაბათუმის პირველადი დახმარების ცენტრებს მაღალი გამავლობის ახალი ავტომობილები გადასცეს.

სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ,,ნივის” მარკის ავტომობილები ექიმებმა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის -„სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“  ფარგლებში მიიღეს.

ავტომანქანების შენახვის, საწვავის ხარჯებსა და მძღოლის ხელფასს მუნიციპალიტეტი დაფარავს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სულ 16 ამბულატორია აქვს და მიმდინარე წელს კიდევ 5 მანქანის შეძენა იგეგმება.

ომბუდსმენმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ წარდგენილ განაცხადზე, რაც შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა, საქართველოს სახალხო დამცველმა პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა.

უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციით, მითითებულ უწყებებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისას რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და შემომსვლელ და გამსვლელ პირთა საბაჟო კონტროლის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გატარების უზრუნველყოფა დაევალა. ამასთან, უწყებებმა თანამშრომლები ეტაპობრივად რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით უნდა გადაამზადონ.

საქმე ეხება სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღოლის, ჯამბულ აბულაძისა და მისი თანმხლები პირების მიერ  2016 წლის თებერვალში გაკეთებულ განცხადებას, როცა მათ თქვეს, რომ სარფის საბაჟოზე ისინი რელიგიური ნიშნით შეურაცხყვეს. განმცხადებლები მიუთითებდნენ საზღვრის კვეთის დროს შექმნილ თვითნებურ ბარიერებზე, გაუმართლებელ და ხანგრძლივ დაყოვნებებზე, რელიგიური კუთვნილების საკითხებზე დაკითხვებსა და რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევის განმეორებად შემთხვევებზე საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

საპატრულო პოლიციამ განმცხადებლები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ორი საათის განმავლობაში დააყოვნა, რელიგიურ კუთვნილებასა და თურქეთში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით დაკითხა და პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევით დაემუქრა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საპატრულო შემოწმების საგანი განმცხადებლების რელიგიური კუთვნილება და საქმიანობა მუსლიმად იდენტიფიცირების შემდგომ გახდა. თავის მხრივ, მათი დაყოვნებისა და გამოკითხვის პროცესში სხვა პირები საზღვარს ყოველგვარი გართულებისა და შეჩერების გარეშე კვეთდნენ.

საქმის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტმა საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ცალკეული გადაცდომების მიღმა სისტემური დისკრიმინაციული პრაქტიკების იდენტიფიცირება მოახდინა და შედეგად დაზარალებული სხვა პირებიც გამოკითხა. მათი გამოკითხვის დროს გამოვლინდა ქალების ჩხრეკისა (მათ შორის, გაშიშვლების), დაჯარიმების თაობაზე უსაფუძვლო დაშინების, ისლამოფობიურ წინასწარგანწყობებზე დაფუძნებული ენის გამოყენების შესაძლო ფაქტები.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა მათი მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით მოხდა. სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნებაყოფლობით გადაცემულ ნივთების ნუსხაში ყველაზე მცირე რაოდენობით ლიტერატურაა და ისიც მხოლოდ ისლამის შესახებ, მათ შორის, ყურანი. სახალხო დამცველის შეფასებით, რელიგიურ ლიტერატურაზე საკუთრების უფლების ნაბაყოფლობითი დათმობა, ძირითად შემთხვევებში საბაჟო-გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან მუსლიმების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და არარსებული ჯარიმების დაკისრების შიშით, ასევე პირადი ხასიათის შეკითხვების დასმის გზით მიიღწეოდა.

სახალხო დამცელის განცხადებით, მსგავს სიტუაციებში განმცხადებლებსა და სხვა პირებს საკუთარი რეალური სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდათ მოქმედება, რაც, მათ შორის, რელიგიური იდენტობასთან დაკავშირებული პირადი გამოკითხვების გათვალისწინებით, რელიგიის თავისუფლებით დაცულ შიდა სფეროში ჩარევად უნდა შეფასდეს.

რეკომენდაციის თანახმად, განმცხადებლები და სხვა პირები [მუსლიმები], მსგავს ვითარებაში იმყოფებოდნენ, კერძოდ რელიგიური ლიტერატურისა და ატრიბუტიკის შემოტანის შეზღუდვის მიზნით, ყველა მათგანის მიმართ გამოიყენეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: საბაჟო გადასახადის გაზრდა, მუფტის წერილობითი თანხმობის მოთხოვნა. გარდა ამისა, სხვა პირებთან შედარებით, ყველა მათგანის მიმართ გამოყენეს შემოწმების ხანგრძლივი პერიოდი, რა დროსაც მათ უსვამდნენ პირადი ხასიათის კითხვებს, გარეგნობის, წარსულისა და თურქეთში კავშირების შესახებ. სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლებისა და სხვა გამოკითხული პირების საზღვრის კვეთისას დაყოვნება, რელიგიური ატრიბუტიკისა თუ ნივთების შემოტანაზე შექმნილი დაბრკოლებები, ემსახურება მათში რელიგიური აქტივობის დათრგუნვას, რასაც მომავალში შესაძლოა გამყინავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის უფლებების გაუმჯობესებისკენ სწრაფვაზე.

EMC-ის ინფორმაციით, მუსლიმი თემის დისკრიმინაციის პრობლემაზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია უკვე მეორე გადაწყვეტილებაა. პირველი რეკომენდაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მუსლიმური პანსიონატის შენობის კანალიზაციის სისტემაზე დაერთებაზე დისკრიმინაციული უარის ფაქტს შეეხებოდა. აღნიშნულ საქმეზე საზღვრის კვეთის საქმის მსგავსად, სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს ანტიისლამური წინასწარგანწყობების საპასუხოდ და გასაქარწყლებლად სპეციალური პოზიტიური საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

EMC-ი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად და აღმოფხვრას საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვის პრაქტიკები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

• რეკომენდაციის საფუძველზე უწყებების შესაბამისი თანამშრომლებისთვის მკაფიო ინსტრუქციების მომზადება და სისტემაში მათი ეფექტიანი დანერგვა;
• გენერალური ინსპექციის სამსახურების ეფექტიანი ამუშავება დისკრიმინაციის მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირების, რეაგირებისა და შესაბამისი თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;
• რელიგიური თანასწორობის მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანმიმდევრული საჯარო კამპანიის ორგანიზება, რათა, მათ შორის, მუსლიმი თემისთვის შესამჩნევი გახდეს სახელმწიფო მიდგომების შეცვლა და თანასწორობის მიმართულებით მის მიერ გატარებული ძალისხმევის შედეგები.

EMC – ის ინფორმაციით. ორგანიზაცია დააკვირდება შესაბამისი უწყებების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ორგანიზაცია მომავალშიც შეისწავლის საზღვრის კვეთის დროს, მუსლიმი თემის დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებსა და პრაქტიკებს და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს გამოიყენებს მათ აღმოსაფხვრელად.

2016 წლის 19 სექტემბრის რეკომენდაცია შპს „ქობულეთის წყალს“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მუსლიმური პანსიონის წყალანირების სისტემაზე მიერთების სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით დღემდე არ აღუსრულებია კვლავ საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის არგუმენტით.

Exit mobile version