მთავარი,სიახლეები

როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)

29.04.2017 • 4376
როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ყოფილი ენგელსი], ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში რამდენიმე მაღლივი კორპუსი შენდება. ამ ქუჩაზე არც ერთ მშენებარე ობიექტს არ აქვს დამცავი ბადეები, რაც უზრუნველყოფდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში როგორც სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების გავრცელების შემცირებას, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა.

20170429_100651 20170429_100747 20170429_100914 20170429_100919

ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე პასუხისმგებელმა პირმა – მამუკა გაბაიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „ხვალ აპირებს ბადეების გაკეთებას“. მენაშენის თქმით, მასთან უკვე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის ზედამხედველობიდან. „ბადეების არქონის შემთხვევაში ჯარიმა, როგორც მახსოვს, 500 ლარი უნდა იყოს“, – ამბობს მამუკა გაბაიძე.

სამშენებლო ობიექტებზე დამცავი ბადეების განთავსებას საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება ავალდებულებს მენაშენეებს.

ერთი წლის წინ გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა ბათუმში გამართულ გარემოსდაცვით მინისტერიალზე განაცხადა, რომ ჰაერის მტვრით დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მშენებლობებია, კერძოდ კი ის, რომ მშენებლობები არ არის შემოსაზღვრული სპეციალური დამცავი ბადეებით.

„ხშირად ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია დაკავშირებულია მშენებლობებთან. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ მნიშვნელოვანი ინიციატივები გვაქვს განსახორციელებელი მშენებლობის პროცესებთან დაკავშირებით… ინტენსიური მშენებლობებია როგორც თბილისში, ისე ბათუმში“, – აღნიშნა მინისტრმა გასული წლის მაისში გამართულ მინისტერიალზე.

ამ დროისთვის ბათუმში, მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩაზე და მის კვეთაში არსებულ სხვა ქუჩებზე 10-ზე მეტი მაღლივი კორპუსი შენდება.

სამშენებლო სტანდარტების დაცვაზე მეთვალყურეობა ბათუმში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებაა.

20170429_100959 20170429_101510 20170429_101522 20170429_101536

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: