მთავარი,სიახლეები

გაუქმდება თუ არა პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის

04.05.2017
გაუქმდება თუ არა პატიმრობა ნარკოტიკების მოხმარებისთვის

„პატიმრობა არის რეპრესია ნარკომომხმარებლისთვის და არა პრევენცია,“ – მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ომბუდსმენის სარჩელს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ციხეში ვეღარ ჩასვამენ. სარჩელით გასაჩივრებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც 15 დღემდე ადმინსტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რაც ნებისმიერი სახის ნარკოტიკული ნივთიერების (მარიხუანას გარდა) მოხმარებაზე ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე აპელირებს ბექა წიქარიშვილის შესახებ, რომლის შემდეგაც მარიხუანას მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა.

„კანონმდებელი არ განასხვავებს მარიხუანას სხვა ნარკოტიკისგან. ერთ მუხლშია მოქცეული ამ საკითხის რეგულირება. შესაძლოა, ჰაშიში ან კოკაინი უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ იმ საფრთხეს და ლეგიტიმურ მიზანს, რომ ამის გამო ადამიანი იზოლაციაში მოაქციო“, – თქვა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

„რადგან ნარკოტიკის მომხმარებელი ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს აყენებს, ამიტომ აღარ უნდა მოხდეს მისი დაპატიმრება?“ – იკითხა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

„თუკი ადამიანი თავს იკლავს, მაგალითად, ხიდიდან ხტება, პოლიციელი ვალდებულია, ის გადაარჩინოს და არა ციხეში ჩასვას,“ – უპასუხა მოსამართლეს სახალხო დამცველის იურისტმა.

პარლამენტის წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციის მე-17 მუხლზე, რითაც ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის მომხმარებლის დაპატიმრებით მისი ფუნდამენტური უფლება არ ირღვევა და კანონის მიზანია „საზოგადოებრივი კეთილდღეობის და ადამიანების ჯანმრთელობაზე გაფრთხილება“.

სახალხო დამცველის პოზიციით, სახელმწიფო რეგულირების გარეშე არ უნდა დარჩეს ნარკოტიკების მოხმარება, მაგრამ პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის.

მოსამართლეებმა პარლამენტის იურისტს ასევე ჰკითხეს, თუ რა არის პატიმრობის გამოყენების ლეგიტიმური მიზანი.

„მაშინ ღვედის გარეშე ავტომანქანის მართვაზე რატომ გვაქვს ჯარიმა? ის ადამიანიც საკუთარ თავს აყენებს ზიანს…“ – აღნიშნა პარლამენტის წარმომადგენელმა.

მოპასუხე მხარე, ანუ პარლამენტი აქცენტს სისხლის სამართლის სადავო მუხლზე აკეთებს, რომელიც  მოსამართლეს სასჯელის შეფარდების დროს  არჩევანს აძლევს. კანონის ეს ნორმა მცირე ოდენობით ნარკოტიკის მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გარდა ითვალისწინებს ჯარიმის, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შეფარდებას.

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 4 მაისს, დაასრულებს სახალხო დამცველის სარჩელის განხილვას. გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: