სიახლეები

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

07.07.2015 •
ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

 

ბათუმში მრავალსართულიან შენობებს ისე აშენებენ, რომ დაგეგმვა-დაპროექტების პროცესში „ბათუმის წყალს“ არ რთავენ, წყლის ერთადერთ მიმწოდებელ კომპანიას მხოლოდ პოსტფაქტუმ მიმართავენ და წყლისა და კანალიზაციის ქსელში ჩართვას თხოვენ.

 

ინვესტიცია იდება ქალაქის იმ უბნებშიც, სადაც საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს. მაგალითად, ახალი ბულვარის გასწვრივ, სადაც „ორბი ჯგუფი“, „ატლას ჯორჯია“ და სხვა კომპანიები უზარმაზარ კომპლექსებს აშენებენ და ათეულ მილიონობით დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის მერს შენობების სართულიანობის გაზრდის შუამდგომლობით 91-ჯერ მიმართა, ანუ ბათუმი სიმაღლეშიც გაიზარდა.

 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მშენებლებმა მაღალ სართულებზე წყლის მიწოდება თავად, საკუთარი ტუმბოთი უნდა უზრუნველყონ. რაც შეეხება კანალიზაციას, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, რეაბილიტირებული ქსელი ნებისმიერ დატვირთვას გაუძლებს, დანარჩენ უბნებში კი დაგეგმილია ან/და უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ იმ უბნებში, სადაც საკანალიზაციო ქსელი არ არის, შესაბამისი შესწავლა-დაპროექტება დაწყებულია.

 

ახალი აბონენტების [ობიექტების] ქსელზე მიერთება ფასიანია და მიერთების წესს სემეკი არეგულირებს. მსხვილი ობიექტის წყალმომარაგების ქსელზე მიერთებისთვის, 110 მმ დიამეტრის მილის შემთხვევაში, მეპატრონეს მიმწოდებლისთვის გადასახადი აქვს 5700 ლარი, ხოლო 150 მმ დიამეტრის მქონე მილის შემთხვევაში – 6 000 ლარი. რაც შეეხება წყალარინების ქსელზე მიერთებას, 150 მმ დიამეტრის მქონე საკანალიზაციო მილის შემთხვევაში მიერთების საფასურია 11 500 ლარი, ხოლო 200 მმ-იანი მილის შემთხვევაში – 20 500 ლარი. ყველა გადასახადი ერთჯერადია.

 

მაგალითისთვის: სასტუმრო „ჰილტონმა“, „ბათუმის წყლის“ ვებგვერდის მონაცემებით, მაისში 19 345 ტონა წყალი მოიხმარა [41 ათასი ლარის ღირებულების, წყალარინების მომსახურების ჩათვლით], ხოლო სასტუმრო „შერატონმა“ გახარჯა 6 170 ტონა [ღირებულებით _ 24 680 ლარი].

 

ბათუმის წყალმომარაგება

 

„ბათუმის წყალს“ ქალაქისთვის წყლის მიწოდება მაქსიმუმ მე-12 სართულამდე შეუძლია – ეს თვითდინებით, ტუმბოს გარეშე.

 

„მე-12 სართულს ზემოთ სახლებისა თუ სასტუმროების მეპატრონეებმა ტუმბოთი წყლის მიწოდება თავად უნდა უზრუნველყონ. ან აუზები უნდა მოაწყონ. რაც შეეხება წყლის მიწოდებას თუ რაოდენობას, მაგ მხრივ პრობლემა არ არის. ჩვენ 24-საათიან მიწოდებას თავისუფლად ვუზრუნველვყოფთ“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ კახა რუსიძე, „ბათუმის წყლის“ დაგეგმარებისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.

 

ბათუმს დღეს ორი საწნევო-სარეზერვუარო პარკი აქვს – სალიბაურსა და ინჯალოში, რომლებიც დაახლოებით 60 მეტრზეა ზღვის დონიდან. ეს კი, დანაკარგების  ჩათვლით, უზრუნველყოფს წყლის 35 მეტრ სიმაღლეზე თვითდინებით მიწოდებას.

დღე-ღამეში ბათუმში ამ ეტაპზე 50 ათასიდან 60 ათას კუბ/მეტრ-მდე წყალი იხარჯება. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ წყალი ყველას ყოფნის და თუ რამე პრობლემაა მიწოდებაში, ეს ქსელის რეაბილიტაციის გამოა. წყლის სისტემა ქალაქის მოსახლეობამ  200 ათასსაც რომ გადააჭარბოს, დატვირთვას მაინც გაუძლებს.

 

წყალარინება – საკანალიზაციო ქსელი

 

ბათუმში სასმელი წყლის მიწოდების სისტემა „ბათუმის წყლის“, საკუთრივ „ბათუმის წყალი“ კი ბათუმის მერიის საკუთრებაშია [კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი მერიაა], წყალარინების, ანუ საკანალიზაციო ქსელი კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, „გადმოცემის პროცესშია და დეტალები ზუსტდება“.

 

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი რაიმე განსაკუთრებულ ნაგებობებსა თუ გვირაბებს მიწის ქვეშ არ მოიცავს. ქსელი, ძირითადად, ლითონის მილების, კოლექტორებისა და სატუმბი სადგურებისგან შედგება. გორგასლის ქუჩის მთელს სიგრძეზეა შემკრები კოლექტორი, ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩებზეა სატუმბი სადგურები, სადაც კანალიზაციის წყლები თვითდინებით მიდის. ამ სადგურებიდან კი მასა იქაჩება ადლიის გამწმენდ ნაგებობაში.

 

საკანალიზაციო სისტემაში, სასმელი წყლის ქსელისგან განსხვავებით, რთული სიტუაციაა. ქალაქის დიდ ნაწილში კანალიზაცია არ არის ჩართული ცენტრალურ სისტემაში, სარეაბილიტაციოა, ან  საკანალიზაციო ქსელი უბრალოდ არ არსებობს.

 

წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა]. პროექტი თავის დროზე სამ ფაზად დაიყო. პირველი და მეორე ფაზა დასრულებულია და ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მე-3 ფაზა.

 

წყლისა და კანალიზაციის სისტემა სრულადაა რეაბილიტირებული ე.წ. ძველ ბათუმში და მის მიმდებარედ _ გოგებაშვილის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვის ქუჩებითა და ზღვისპირით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე. გრიბოედოვის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე მონაკვეთში კი [ლუდის ქარხნის დასახლება, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა, „ხოფა“] სისტემა ნაწილობრივაა რეაბილიტირებული; ე.წ. ჭაობის უბანში, ბონი-გოროდოკისა და ბარცხანა-ბენზეს დასახლებებში სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე, მე-3 ფაზაში განხორციელდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია პუშკინის ქუჩიდან.

აღსანიშნავია, რომ თამარის [ბენზეს], ბარცხანისა და გოროდოკის დასახლებებიდან საკანალიზაციო წყლები ფეკალიებთან ერთად მდინარეების [ყოროლისწყალი, ბარცხანა] გავლით ყოველგვარი გაწმენდის გარეშე, პირდაპირ შავ ზღვაში ჩაედინება. იგივე სიტუაციაა მახინჯაურშიც. მაგალითად, ბენზეს დასახლება 1 წამში 80-85 ლიტრ წყალს მოიხმარს, რაც თვეში 200 000 კუბ/მეტრზე მეტია. ფაქტობრივად, თვეში, ამავე რაოდენობის დაბინძურებული კანალიზაციის წყალი [ფეკალიებთან ერთად] ზღვაში მარტო ბენზეს დასახლებიდან  ჩადის.

 

ბენზე, ბარცხანა, ბონი, გოროდოკის უბნებთან დაკავშირებით, ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მერიას მოლაპარაკებები აქვს გამარჯვებულ კომპანიასთან [შპს „ფაიფერი“], მოლაპარაკების შედეგებს გადააგზავნიან დონორთან [გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი], რომლის თანხმობის შემდეგაც, 40 დღეში დაიწყება სამუშაოები.

 

„სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დაიყოფა სექციებად და 28-თვიდან 38-თვემდე პერიოდში დასრულდება. ამაში შედის საგარანტიო ვადებიც. პარალელურად სამუშაოები დაიწყება ყველგან და დასრულების შემდეგ ეს ქსელიც შეუერთდება ადლიის გამწმენდ ნაგებობას“, – ამბობს ჯაბა ტუღუში.

 

რაც შეეხება ე.წ. შემოერთებულ ტერიტორიებს – ახალი ბულვარისა და კაჩინსკების ქუჩის მიმდებარედ – ყოფილი სოფელი მინდა, ადლია, კახაბერი, ასევე მეჯინისწყალი, აქ საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს.

მერიაში ამბობენ, რომ საუბარია მე-4 ფაზაზე, ამ უბნებში ქსელის დაპროექტებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამასთან, სამთავრობო შეთანხმების ხელშეკრულების პროექტებს ამზადებს დონორი, რომელსაც საქართველოს მთავრობა განიხილავს და მოხდება რატიფიცირება პარლამენტში.

 

აღნიშნული პროცედურების გათვალისწინებით და დამატებით სესხის [`ბათუმელების~ ინფორმაციით, 30 მილიონამდე ევრო] აღების საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, როგორც მერის მრჩეველი ამბობს, სამუშაოები 2016 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. რაც შეეხება დასრულების ვადებს, ჯაბა ტუღუშის თქმით, „ის, თუ რა პერიოდი დასჭირდება დასრულებას, შესწავლის შემდეგ გვეცოდინება. ზოგადად, მე-3 და მე-4 ფაზების დასრულებას 2018-2020 წლებში ვვარაუდობთ“.

 

რაც შეეხება კახაბრის შემოერთებულ [ხელვაჩაურთან ახლოს]  უბნებს, აქ ჯერჯერობით მხოლოდ ტერიტორიას სწავლობენ და საკანალიზაციო ქსელის დაპროექტების საკითხიც ამის შემდეგ გადაწყდება.

 

მერიაში აცხადებენ, რომ კანალიზაციის მხრივ პრობლემა გადაჭრილია სარფი-კვარიათი-გონიოს დასახლებებში [დარჩენილია მცირე მონაკვეთი, რომელიც მე-3 ფაზაში გაკეთდება, ხოლო მე-4 ფაზაში წყალმომარაგების საკითხი მოგვარდება]. საკანალიზაციო სისტემა აქ ექსპლუატაციაში 2012 წელში შევიდა და სისტემა ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება. კანალიზაციის წყლის გადაქაჩვა კი სისტემაზე მოწყობილი შვიდი საშუალედო სატუმბი სადგურის საშუალებით ხდება.

 

უშუალოდ გამწმენდი ნაგებობა [რომელიც პლაჟთან ახლოს, აეროპორტის ასაფრენ ზოლსა და ჭოროხის შესართავს შორის მდებარეობს] „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღე-ღამეში 60 ათასამდე კუბ/მეტრ საკანალიზაციო წყალს ამუშავებს, მაშინ, როცა შეუძლია დაახლოებით 120-130 ათასი კუბ/მეტრი გადაამუშაოს. გაფილტრული წყალი გამწმენდი ნაგებობიდან ზღვაში მილების საშუალებით ნაპირიდან 100 მეტრში ჩაედინება.

 

სანიაღვრე არხები

 

ზღვაში, მახინჯაურიდან ადლიამდე მონაკვეთში, ღია თუ დახურული სანიაღვრე არხებით 20-მდე ადგილას ჩაედინება წვიმის წყალიც. სანიაღვრე არხები ამ ეტაპზე მთლიანად მერიის საკუთრებაშია და ამ ინფრასტრუქტურის მოვლა-ექსპლუატაციას „ბათუმის წყალი“ სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის დროს წყლის გამტარუნარიანობა გაძნელებულია „ამ კუთხით ტრადიციულ ადგილებში“ – აღმაშენებლის ქუჩის ბოლოში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში [თუმცა აქ რეაბილიტაცია ჩატარდა და აღარ უნდა დადგეს წყალი], ასევე ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის კვეთაში. რაც შეეხება საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებიდან წყლების შერევას, „ბათუმის წყალში“ ამბობენ: „ვცდილობთ მაქსიმალურად გავმიჯნოთ. რეაბილიტირებულ ადგილებში მთლიანად გამიჯნულია“.

 

„სანიაღვრეზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, შემდეგ სატენდერო დოკუმენტაციას გავამზადებთ და დაახლოებით სექტემბერში გამოვაცხადებთ ტენდერს. უნდა მოეწყოს სატუმბი სადგურები, შემაკავებელი ავზებით, გამცხრილავებით და ა.შ. ოღონდ ამ ეტაპზე მხოლოდ ჟილინის არხსა და არდაგნის ტბის მიმდებარე ადგილებში“, – ამბობს ჯაბა ტუღუში.

 

ბათუმის მერიამ ამ დღეებში მდინარე მეჯინისწყლისა და ხახულის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხის კალაპოტის ამოწმენდა-რეაბილიტაციაზე ჯამში 1 მილიონ 600 ათასლარიანი ტენდერი გამოაცხადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“ ბათუმის მერიას მისცა თანხმობა, ეს შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელოს. გამარჯვებულებს მერია 30 ივნისს გამოავლენს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: