მთავარი,სიახლეები

ომბუდსმენმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

02.05.2017 • 1729
ომბუდსმენმა საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის [EMC] ინფორმაციით, ორგანიზაციის მიერ წარდგენილ განაცხადზე, რაც შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან მუსლიმი თემის წარმომადგენლების მიმართ საზღვრის კვეთის დროს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხებოდა, საქართველოს სახალხო დამცველმა პირდაპირი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაადგინა.

უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციით, მითითებულ უწყებებს საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებისას რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და შემომსვლელ და გამსვლელ პირთა საბაჟო კონტროლის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე გატარების უზრუნველყოფა დაევალა. ამასთან, უწყებებმა თანამშრომლები ეტაპობრივად რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით უნდა გადაამზადონ.

საქმე ეხება სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღოლის, ჯამბულ აბულაძისა და მისი თანმხლები პირების მიერ  2016 წლის თებერვალში გაკეთებულ განცხადებას, როცა მათ თქვეს, რომ სარფის საბაჟოზე ისინი რელიგიური ნიშნით შეურაცხყვეს. განმცხადებლები მიუთითებდნენ საზღვრის კვეთის დროს შექმნილ თვითნებურ ბარიერებზე, გაუმართლებელ და ხანგრძლივ დაყოვნებებზე, რელიგიური კუთვნილების საკითხებზე დაკითხვებსა და რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევის განმეორებად შემთხვევებზე საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან.

საპატრულო პოლიციამ განმცხადებლები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ორი საათის განმავლობაში დააყოვნა, რელიგიურ კუთვნილებასა და თურქეთში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით დაკითხა და პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევით დაემუქრა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საპატრულო შემოწმების საგანი განმცხადებლების რელიგიური კუთვნილება და საქმიანობა მუსლიმად იდენტიფიცირების შემდგომ გახდა. თავის მხრივ, მათი დაყოვნებისა და გამოკითხვის პროცესში სხვა პირები საზღვარს ყოველგვარი გართულებისა და შეჩერების გარეშე კვეთდნენ.

საქმის შესწავლის პროცესში სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტმა საბაჟო კონტროლის განხორციელებისას ცალკეული გადაცდომების მიღმა სისტემური დისკრიმინაციული პრაქტიკების იდენტიფიცირება მოახდინა და შედეგად დაზარალებული სხვა პირებიც გამოკითხა. მათი გამოკითხვის დროს გამოვლინდა ქალების ჩხრეკისა (მათ შორის, გაშიშვლების), დაჯარიმების თაობაზე უსაფუძვლო დაშინების, ისლამოფობიურ წინასწარგანწყობებზე დაფუძნებული ენის გამოყენების შესაძლო ფაქტები.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების რელიგიის თავისუფლებაში ჩარევა მათი მიმოსვლის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით მოხდა. სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ნებაყოფლობით გადაცემულ ნივთების ნუსხაში ყველაზე მცირე რაოდენობით ლიტერატურაა და ისიც მხოლოდ ისლამის შესახებ, მათ შორის, ყურანი. სახალხო დამცველის შეფასებით, რელიგიურ ლიტერატურაზე საკუთრების უფლების ნაბაყოფლობითი დათმობა, ძირითად შემთხვევებში საბაჟო-გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი პირების მხრიდან მუსლიმების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და არარსებული ჯარიმების დაკისრების შიშით, ასევე პირადი ხასიათის შეკითხვების დასმის გზით მიიღწეოდა.

სახალხო დამცელის განცხადებით, მსგავს სიტუაციებში განმცხადებლებსა და სხვა პირებს საკუთარი რეალური სურვილის საწინააღმდეგოდ უწევდათ მოქმედება, რაც, მათ შორის, რელიგიური იდენტობასთან დაკავშირებული პირადი გამოკითხვების გათვალისწინებით, რელიგიის თავისუფლებით დაცულ შიდა სფეროში ჩარევად უნდა შეფასდეს.

რეკომენდაციის თანახმად, განმცხადებლები და სხვა პირები [მუსლიმები], მსგავს ვითარებაში იმყოფებოდნენ, კერძოდ რელიგიური ლიტერატურისა და ატრიბუტიკის შემოტანის შეზღუდვის მიზნით, ყველა მათგანის მიმართ გამოიყენეს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა: საბაჟო გადასახადის გაზრდა, მუფტის წერილობითი თანხმობის მოთხოვნა. გარდა ამისა, სხვა პირებთან შედარებით, ყველა მათგანის მიმართ გამოყენეს შემოწმების ხანგრძლივი პერიოდი, რა დროსაც მათ უსვამდნენ პირადი ხასიათის კითხვებს, გარეგნობის, წარსულისა და თურქეთში კავშირების შესახებ. სახალხო დამცველის შეფასებით, განმცხადებლებისა და სხვა გამოკითხული პირების საზღვრის კვეთისას დაყოვნება, რელიგიური ატრიბუტიკისა თუ ნივთების შემოტანაზე შექმნილი დაბრკოლებები, ემსახურება მათში რელიგიური აქტივობის დათრგუნვას, რასაც მომავალში შესაძლოა გამყინავი ეფექტი ჰქონდეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის უფლებების გაუმჯობესებისკენ სწრაფვაზე.

EMC-ის ინფორმაციით, მუსლიმი თემის დისკრიმინაციის პრობლემაზე სახალხო დამცველის რეკომენდაცია უკვე მეორე გადაწყვეტილებაა. პირველი რეკომენდაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მუსლიმური პანსიონატის შენობის კანალიზაციის სისტემაზე დაერთებაზე დისკრიმინაციული უარის ფაქტს შეეხებოდა. აღნიშნულ საქმეზე საზღვრის კვეთის საქმის მსგავსად, სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს ანტიისლამური წინასწარგანწყობების საპასუხოდ და გასაქარწყლებლად სპეციალური პოზიტიური საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებისკენ მოუწოდა.

EMC-ი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად და აღმოფხვრას საზღვრის კვეთის დროს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დისკრიმინაციული შეზღუდვის პრაქტიკები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

• რეკომენდაციის საფუძველზე უწყებების შესაბამისი თანამშრომლებისთვის მკაფიო ინსტრუქციების მომზადება და სისტემაში მათი ეფექტიანი დანერგვა;
• გენერალური ინსპექციის სამსახურების ეფექტიანი ამუშავება დისკრიმინაციის მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირების, რეაგირებისა და შესაბამისი თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;
• რელიგიური თანასწორობის მხარდაჭერაზე დაფუძნებული თანმიმდევრული საჯარო კამპანიის ორგანიზება, რათა, მათ შორის, მუსლიმი თემისთვის შესამჩნევი გახდეს სახელმწიფო მიდგომების შეცვლა და თანასწორობის მიმართულებით მის მიერ გატარებული ძალისხმევის შედეგები.

EMC – ის ინფორმაციით. ორგანიზაცია დააკვირდება შესაბამისი უწყებების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ორგანიზაცია მომავალშიც შეისწავლის საზღვრის კვეთის დროს, მუსლიმი თემის დისკრიმინაციის შესაძლო შემთხვევებსა და პრაქტიკებს და სამართლებრივი დაცვის საშუალებებს გამოიყენებს მათ აღმოსაფხვრელად.

2016 წლის 19 სექტემბრის რეკომენდაცია შპს „ქობულეთის წყალს“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მუსლიმური პანსიონის წყალანირების სისტემაზე მიერთების სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით დღემდე არ აღუსრულებია კვლავ საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობის არგუმენტით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: