მთავარი,სიახლეები

ფრინველების დასაფრთხობად აეროდრომებზე კომიტეტები შეიქმნება

03.05.2017 • 3025
ფრინველების დასაფრთხობად აეროდრომებზე კომიტეტები შეიქმნება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა „საქართველოს სამოქალაქო აეროდრომებზე ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი“ დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ წესმა უნდა უზრუნველყოს „სამოქალაქო აეროდრომებზე ფრენის უსაფრთხოება – აეროდრომის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირებით“.

[checklist]

  • აეროდრომის შემოგარენი – აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან მიმდებარე ტერიტორია 13 კმ. რადიუსის ფარგლებში;
  • ველური ბუნების წარმომადგენლები – ფრინველები, ძუძუმწოვრები, მათ შორის ღამურები, მღრღნელები, რომლებმაც შეიძლება პოტენციური საფრთხე შეუქმნან საჰაერო ხომალდის ფრენის უსაფრთხოებას;
  • ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა – აეროდრომზე და აეროდრომის შემოგარენში, საჰაერო ხომალდთან ველური ბუნების წარმომადგენლების ხუთი და მეტი შეჯახება კალენდარული წლის განმავლობაში.

[/checklist]

ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ შექმნილი საფრთხეების შემცირებისა და მართვის წესი ვრცელდება სერტიფიცირებული სამოქალაქო აეროდრომების ექსპლუატანტებზე და მიმდინარე წლის 2 მაისიდან შევიდა ძალაში, გარდა რამდენიმე პუნქტისა, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

სექტემბრიდან ძალაში შედის შემდეგი პუნქტები:

[checklist]

  • აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია იმ აეროდრომებზე, სადაც დადგენილია ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა, საწარმოს უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შეიმუშაოს, დანერგოს და განახორციელოს ველური ბუნებით გამოწვეული რისკების მართვის პროგრამა;
  • შექმნას ველური ბუნების მართვის კომიტეტი;
  • უზრუნველყოს ველური ბუნების წარმომადგენლების მიერ გამოწვეული საფრთხეებისა და რისკების მართვის პროცესში ჩართული პერსონალის მომზადება ამ წესის შესაბამისად, შესაბამისი პროგრამის მიხედვით;

[/checklist]

ველური ბუნების მართვის კომიტეტი იქმნება იმ აეროდრომებზე, სადაც დადგენილია ველური ბუნების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი აქტიურობა. კომიტეტი იქმნება დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციის გაძლიერებისა და კვალიფიციური პერსონალის ჩართულობის მიზნით.

ველური ბუნების მართვის კომიტეტში მოწვეულნი უნდა იქნენ საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების, საავიაციო უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები და სხვა იმ უწყებების/ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა ჩართულობასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს აეროდრომის ექსპლუატანტი.

აეროდრომის ექსპლუატანტი ვალდებულია იქონიოს ველური ბუნების მართვისათვის საჭირო აღჭურვილობა და შესაბამისი აღჭურვილობის ეფექტურობის დასადგენად ყოველწლიურად განახორციელოს მათი სრული შემოწმება; შეისწავლოს აეროდრომსა და მის შემოგარენში ველური ბუნების წარმომადგენლების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების ზუსტი ტრაექტორია, გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერები, გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი რესურსი ეფექტური შედეგის მისაღწევად და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს რისკის შეფასება.

ველური ბუნების წარმომადგენლების იმ სახეობების მიმართ, რომლებიც აეროდრომის რაიონში საჰაერო ხომალდების ექსპლუტაციას უქმნიან  საფრთხეს, გამოიყენება აქტიური ღონისძიებები, რომლებიც, დამტკიცებული წესის მიხედვით, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

[checklist]

  • ველური ბუნების წარმომადგენლების დაფრთხობის ტაქტიკის გამოყენებას [მაგალითად: ხმოვანი სასიგნალო მოწყობილობა, მტაცებლის ჭყივილის იმიტაცია, პიროტექნიკა, აირის ქვემეხი და ა.შ.];
  • ველური ბუნების წარმომადგენლების დაფრთხობის საშუალებების მოდელირებას [მაგალითად: სატყუარა, მტაცებელი, სპეციალურად მომზადებული ძაღლები, ულტრაბგერითი საშუალებები და ა.შ.];
  • ველური ბუნების წარმომადგენლების დაჭერას/გაძევებას.

[/checklist]

პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო დადგენილ მოთხოვნათა შესრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ფოტო: თვითმფრინავის დაშვება ბათუმის აეროპორტში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: