მთავარი,სიახლეები

“ბათუმის აქციის საქმეზე” სასამართლოში ბრალდებულები შესაძლოა არ მიიყვანონ

04.05.2017 • 1915
“ბათუმის აქციის საქმეზე” სასამართლოში ბრალდებულები შესაძლოა არ მიიყვანონ

“ბათუმის აქციის საქმეზე” 17 ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა 8 მაისს არის ჩანიშნული, თუმცა როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, სასამართლო პროცესი გადაიდება. მიზეზი სასჯელაღსრულების სამინისტროა, რომელიც ბრალდებულების სასამართლოში წარმოდგენას ვერ ახერხებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერი, ინგა ფუტკარაძე ადასტურებს, რომ წერილობითი შეტყობინება სასჯელაღსრულების სამინისტროსგან უკვე მიიღო.

“მოგვწერეს, რომ არა მხოლოდ ბათუმის აქციის საქმეზე, არამედ, ზოგადად, 8 მაისს დაგეგმილ პროცესებზე ბრალდებულებს ვერ წარმოადგენენ. მიზეზი გარკვეული ღონისძიებაა, რასაც ბრალდებულები უნდა დაესწრონ. შესაძლოა, რამდენიმე ბრალდებულის წარმოდგენა მოხერხდეს. 8 მაისს დაგეგმილი სხდომა გადაიდება, თუკი რომელიმე მათგანის წარმოდგენა ვერ მოხერხდება,”- განმარტავს ინგა ფუტკარაძე.

სასამართლოს მენეჯერმა არ დააკონკრეტა, რა მიზეზით არ წარმოადგენს სასჯელაღსრულება სასამართლოში წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრში კი აღნიშნავენ, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ბრალდებულები არ წარმოადგინონ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. პრესცენტრი საკითხის გარკვევას დაგვპირდა.

“ბათუმის აქციის საქმეზე” პროკურატურამ ბრალი ჯამში 21 პირს წაუყენა, მათ შორის ორს – მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებიან. მათ საქმეს სასამართლო სხვა პროცესზე განიხილავს.

ამ საქმეში ბრალდებული კიდევ ორი პირი არასრულწლოვანია. მათი წინასასამართლო სხდომა უკვე შედგა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: