მთავარი,სიახლეები

მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

04.05.2017 •
მგზავრობის საფასური და შეღავათები ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფების, ფასდაკლების სისტემის და მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ბათუმის საკრებულომ ახალი დადგენილება დაამტკიცა.

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის განცხადებით, დადგენილების მიღება აუცილებელი გახდა იმისთვის, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც ეკუთვნით შეღავათიანი მგზავრობა, სამგზავრო პლასტიკური ბარათები ყოველგვარი ცნობის წარდგენის გარეშე აიღონ უშუალოდ იმ ბანკში, რომელთანაც კონტრაქტი აქვს გაფორმებული „ბათუმის ავტოტრანსპორტს“. ბანკს კი შესაბამის მონაცემთა ბაზებზე ექნება წვდომა.

დადგენილების მიხედვით, ასეთ მონაცემთა ბაზებზე უნდა ჰქონდეს წვდომა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტს [ან მის კონტრაქტორს]. ეს კონტრაქტორები კი ამ ეტაპზე არიან: „საქართველოს ბანკი“ და მისი შვილობილი შპს „მეტროსერვის+“.

მაგალითად პედაგოგს, მოსწავლეს არ დასჭირდება ცნობა სკოლიდან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ცნობის აღება სოცსააგენტოსგან და. ა.შ. მათ შესახებ მონაცემებზე წვდომა ექნება „საქართველოს ბანკს“ და „მეტროსერვის+“-ს. შესაბამისად, მოქალაქეები, სამგზავრო პლასტიკური ბარათების ასაღებად პირდაპირ ამ კომპანიების ოფისებში მივლენ და მხოლოდ პირადობის მოწმობას წარადგენენ. ამ სისტემის, ასე ვთქვათ, აწყობაზე, ანუ მონაცემთა ბაზებთან თავისუფალ წვდომაზე მუშაობა – შესაბამის უწყებებთან მემორანდუმების გაფორმება, უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება ტარიფებს და შეღავათებით მოსარგებლეთა კატეგორიებს, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ განცხადებით, ფაქტობრივად არ შეცვლილა.

მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ტარიფები:

[checklist]

  • 2-მგზავრობიან ბილეთზე – 0,6 ლარი, ხოლო ავტობუსში ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 0,8 ლარი;
  • 6-მგზავრობიან ბილეთზე – 1,7ლარი;
  • 15-მგზავრობიან ბილეთზე – 4,0 ლარი;
  • სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 სტანდარტული მგზავრობა – 0,3 ლარი;
  • სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის საშუალებით 1 შეღავათიანი მგზავრობა – 0,15 ლარი;
  • სატრანსპორტო პლასტიკური ბარათის  საშუალებით  ნულოვანი ტარიფით მგზავრობა – უფასო.

[/checklist]

ცალკეული კატეგორიები ტარიფის შესაბამისად:

[checklist]

  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები – უფასო;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული პირები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პენსიონერები – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საბავშვო ბაღებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს – 0,15 ლარი;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – უფასო;
  • ქ. ბათუმის ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები – უფასო;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები – უფასო;
  • ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები – უფასო.

[/checklist]

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“, რომელიც ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მერიას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დაწესებული კატეგორიების მიხედვით უფასო [ნულოვანი] და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ.

თავის მხრივ, ბათუმის მერიამ, წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სტანდარტული ოდენობის [M3 კატეგორიის ავტობუსებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას – 0,3 ლარი] შესავსებად თანხების ანაზღაურება.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები 16 სამარშრუტო ხაზზე მოძრაობენ. რაც შეეხება მოძრაობის გრაფიკს, სამუშაო დღეებში და შაბათ-კვირას ეს გრაფიკი ყველა მარშრუტზე განსხვავებულია.

მუნიციპალურ ტრანსპორტში დაჯარიმების სისტემაც შეიცვალა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის თქმით, მთავარი სიახლე ისაა, რომ საჯარიმო ქვითარი გამოიწერება ელექტრონულად, აქამდე კი ხელით ხდებოდა ქვითრის შევსება.

მიუხედავად გარკვეული სიახლეებისა, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი გაჩერებებთან დამონტაჟებული საინფორმაციო დაფებისა თუ ელექტროტაბლოების განახლება ან დამატება. წელს მოსაცდელებზე არც ისეთი საინფორმაციო დაფების განთავსებაა დაგეგმილი, რომლებზეც ქალაქის რუკა, სამარშრუტო ხაზები და მოძრაობის გრაფიკი იქნება მითითებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: