მთავარი,სიახლეები,სპორტი

მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

03.05.2017 • 4457
მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

16 წლის მარიამ ნოდია საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში. ეს ტიტული მან თბილისში, 10-11 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მარიამი ხელვაჩაურის #1 სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს მკლავჭიდს უთმობს.

მარიამი ამბობს, რომ ეს მისი პირველი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტისადმი მიდრეკილება და გარკვეული ფიზიკური მონაცემებიც ბავშვობიდანვე ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეა, რაც მკლავჭიდით აქტიურადაა დაკავებული.

მარიამის სპორტული კარიერა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა მისი მონაცემები მწვრთნელმა, აჭარის ნაკრების ხელმძღვანელმა, თემურ ლიპარტაშვილმა აღმოაჩინა.
მარიამის გადაწყვეტილება, სპორტის ამ სახეობით დაკავებულიყო, მშობლებს არ გაუპროტესტებიათ. „მე რაც მაინტერესებს და რაც მინდა, იმაზე თანახმა იყვნენ, ჩემი წარმატება ძალიან გაუხარდათ,“ – ამბობს მარიამი.

მარიამ ნოდია. გულნარა კაკაბაძის ფოტო

მარიამ ნოდია. გულნარა კაკაბაძის ფოტო

ვარჯიშზე კვირაში სამჯერ დადის, თუმცა დამოუკიდებლადაც ვარჯიშობს, სახლში. კითხვაზე, რა სირთულეებს აწყდება ვარჯიშისას, მარიამი პასუხობს, რომ უმეტესად სირთულეები ფიზიკურ ვარჯიშთანაა დაკავშირებული:

„ამის მიზეზი გარკვეულწილად მიუჩვევლობაა, რადგან სერიოზული ფიზიკური მომზადება არც თუ ისე დიდი ხანია, რაც დავიწყე.“

ახლა მარიამი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც წელს, ნოემბერში, ბულგარეთში ჩატარდება. ამ მოვლენას მოუთმენლად ელის და სჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამარჯვებული დაბრუნდება:

„არ მეშინია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩემთვის პირველი გამოცდილება იქნება, ამიტომ ცოტას ვღლავ,“ – ამბობს ის.

აჭარიდან მარიამთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლოა  ქედელი ქეთევან შავიშვილიც წავიდეს. ეს მის მონდომებსა და ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. ქეთევანმა საქართველოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში წელს საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ქეთი მეცხრე კლასის მოსწავლეა. იგი 14 წლისაა. მკლავჭიდზე არასოდეს უფიქრია, სამი წლის განმავლობაში ქედის ჩოგბურთის ნაკრების აქტიური წევრი იყო. ამბობს, რომ შემთხვევით გადაწყვიტა ეცადა თავი მკლავჭიდის აჭარის ჩემპიონატზე, რომელიც ქედაში 26 თებერვალს ჩატარდა. გამარჯვებამ დიდი სიხარული და საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი მოუტანა.

ქეთი შავიშვილი

ქეთი შავიშვილი

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელთან ვარჯიშს ვერ ახერხებს ტერიტორიული სიშორის გამო, ქეთი აგრძელებს მკლავჭიდში დამოუკიდებლად ვარჯიშს და დღეში ამ საქმეს ოთხ საათამდე დროს უთმობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში ბათუმში ჩამოსვლასა და მკლავჭიდში სერიოზულ მომზადებას გეგმავს.

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის, გოჩა შავაძის თქმით, ახლა აჭარის ნაკრები მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც პოლონეთში, კატოვიცეში გაიმართება. მისი თქმით, გუნდი უკვე დაკომპლექტებულია და აჭარიდან ჩემპიონატზე ბევრი გამორჩეული სპორტსმენი მიდის, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონები: მარინა ფუტკარაძე, ლევან პოგოსიანი, ზურა თავბერიძე, მერაბ კაკაბაძე, გენადი კვირკვინია, გასული წლის მსოფლიო პრიზიორი ნინო მახარაძე და სხვები.

ამჟამად აჭარაში მკლავჭიდით 200-მდე სპორტსმენია დაკავებული, სამოცდაათი სპორტსმენი აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა შეჯიბრებაში, მათგან 20-მდე გოგონაა. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, გოჩა შავაძის თქმით, სპორტსმენთა უმრავლესობა ოცზე მეტი წლისაა.

აჭარის მკლავჭიდის ფედერაციას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტი აფინანსებს.

ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში საქართველოს ეროვნული მკლავჭიდის ფედერაცია აფინანსებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: