პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა, ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, რომ მის შვილს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეტანილი საჩივრის უკან გამოთხოვას აიძულებენ. ცირა გოდერძიშვილის თქმით, დაწესებულების თანამშრომლები მის შვილს ემუქრებიან ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. ოქროპირიძის საჩივარს, როგორც ცირა გოდერძიშვილი აცხადებს, ევროსასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა. ევროსასამართლოს კომუნიკაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან კონვენციის მე-5 მუხლის ნაწილში ხვალ, 5 მაისს იწურება.
„გიორგის ემუქრებიან ოჯახის გამწარებით, ცეცხლს გავუჩენთ სახლში, როცა არ იქნებიანო, დედაშენს სამსახურიდან გაათავისუფლებენო (უნივერსიტეტში ვმუშაობ), მოიტაცებენ და კოჯრის ტყეში მოკლავენ ისე, რომ ვერც იპოვიანო. ჩემზე აქვთ აქცენტი, რადგან ვარ მისი [გიორგი ოქროპირიძის] წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოში. სახელმწიფო რომ არ გამოჩნდეს, “კრიმინალებს” მიუშვებთ შენს მშობლებთან, ჩვენ არ გამოვჩნდებითო, თითქოს კრიმინალებმა მოკლესო“, – აცხადებს ცირა გოდერძიშვილი მისი შვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის თაობაზე.
სასჯელაღსრულების სამინისტროს მე-6 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმართან 27 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ოქმში, რომელიც ომბუდსმენის თანამშრომლებს აქვთ შედგენილი, გიორგი ოქროპირიძე ასახელებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენენ.
ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი ოქროპირიძეს „პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანებით განესაზღვრა განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, თუმცა მას არ განუმარტეს საფუძველი, თუ რის გამო განესაზღვრა აღნიშნული რისკი, რასაც მიიჩნევს უკანონოდ. მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ იგი არ არღვევს დაწესებულების რეჟიმს… და აღნიშნული ბრძანება არის დასჯის ღონისძიება“.
გიორგი ოქროპირიძის მიმართ შესაძლო ზეწოლის თაობაზე სახალხო დამცველის პრესცენტრში აცხადებენ, რომ „საკითხს სწავლობენ“.
სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესცენტრიდან კი გიორგი ოქროპირიძის განცხადებასთან დაკავშირებით წერილობით გვაცნობეს:
„პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაცია 2015 წლის ივლისიდან დაიწყო, რომლის პირველი ეტაპი 2017 წლის ივლისში უნდა დასრულდეს. მსჯავრდებულთა რისკის შეფასებას რისკების შეფასების გუნდი დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ახდენს.
რისკების შეფასების გუნდის მიერ მსჯავრდებულ გ.ო.-ს გუნდში წარდგენილი მასალებისა და განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, საშიშროების მაღალი რისკი დაუდგინდა. შესაბამისად, ის განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იხდის სასჯელს.
საშიშროების მაღალი რიკის მქონეა მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულზე ვრცელდება ის ნორმები, რომელიც აღნიშნული დაწესებულების რეჟიმიდან გამომდინარე, მისი დებულებითაა განსაზღვრული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულს საშუალება აქვს შეუფერხებლად ისარგებლოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის სრული სამედიცინო მომსახურებით, ხანმოკლე პაემნით, ამანათების მიღება/გაგზავნით, სატელეფონო საუბრით და ა.შ. მსჯავრდებულს ასევე, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს პირადი ჰიგიენისთვის საჭირო ნივთებით, თუმცა საშიშროების მაღალი რისკიდან გამომდინარე გარკვეული სახის ნივთების მოხმარება დაშვებულია დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობითა და კონტროლით. აღნიშნული ნივთები საკნის კარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში ინახება.
მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული რისკის გადაფასება გუნდის მიერ ყოველ 12 თვეში, სავალდებულო წესით ხდება. იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება შემცირდება, მას შესაბამისი რისკის დაწესებულებაში განათავსებენ“.
გიორგი ოქროპირიძეს მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამოუტანეს ვერდიქტი. მას 20-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას ეს მკვლელობა არ ჩაუდენია. გიორგი ოქროპირიძემ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა მის მიმართ კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევის თაობაზე. დედის თქმით, ევროსასამართლომ მათი საჩივრები დასაშვებად ცნო, ხოლო მათგან ერთ-ერთზე, მე-5 მუხლის დარღვევაზე, კომუნიკაცია ხვალ უნდა დასრულდეს.