მთავარი,სიახლეები

სასამართლო პროცესი საზღვარგარეთ და საქართველოში დაყადაღებული ქონება

03.05.2017 • 2227
სასამართლო პროცესი საზღვარგარეთ და საქართველოში დაყადაღებული ქონება

ბიზნესმენი ზაქარია ყიფშიძე კანონის იმ ნორმას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია საზღვარგარეთ მიმდინარე სასამართლო პროცესის დროს ქონება საქართველოს საერთო სასამართლომ დააყადაღოს.

„რომ არა ეს ნორმა, თუ ადამიანს აქვს დავა საზღვარგარეთ, მოპასუხეს ექნება საშუალება სადავო ქონება გაასხვისოს,“ – მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას პარლამენტის იურისტმა. დღეს კოლეგია ბიზნესმენის სარჩელზე განხილვას დაასრულებს.

მოსარჩელე ზაქარია ყიფშიძის ინტერესების დამცველი, გიორგი მშვენიერაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოში მოსამართლემ შეიძლება არ იცოდეს კარგად უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს.

„მხოლოდ მიმართვა, რომ მაგალითად კვიპროსის სასამართლომ დავის განხილვა დაიწყო, არ არის იმის საფუძველი, რომ ქონება დააყადაღო,“ – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

მოსამართლე მერაბ ტურავა დაინტერესდა, რატომ შეიძლება არ იცოდეს მოსამართლემ, მაგალითად, კვიპროსის სამართალი.

„თქვენ დღეს საქართველოში კვიპროსის კანონმდებლობას ინგლისურ ენაზეც ვერ იპოვით. ის მხოლოდ ბერძნულ ენაზეა ხელმისაწვდომი… ჩვენს შემთხვევაში, საქართველოში მოსამართლე მოატყუეს,“ – უპასუხა მოსამართლეს მოსარჩელის ინტერესების დამცველმა.

გიორგი მშვენიერაძემ მოსამართლეებს ბიზნესმენის ისტორია გააცნო. მისი თქმით, ზაქარია ყიფშიძემ თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრი 2006 წელს თავის პარტნიორს მართვის უფლებით გადასცა. მოგვიანებით, პარტნიორებს მოუხდათ კონფლიქტი და დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

იმის გამო, რომ კომპანია ვირჯინიის კუნძულებზე იყო დარეგისტრირებული, მოპასუხემ კვიპროსში, ნიქოზიის სასამართლოს მიმართა [ამის უფლებას მას მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება აძლევდა] და როცა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, საქართველოს სასამართლოს სადავო ქონების დაყადაღება სთხოვა, მისთვის ზიანის მიყენების გამორიცხვის არგუმენტით.

„პრობლემა არის ის, რომ სასამართლო ენდო მოქალაქეს და მას არ შეუსწავლია, რას განიხილავდა კვიპროსის სასამართლო. ქართულ ენაზეც კი არ მიუწოდებია მხარეს სასამართლოსთვის ინფორმაცია იმ საქმეზე, რაც წარმოებაში მიიღო ნიქოზიის სასამართლომ“, – აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს საერთო სასამართლოებს ექნებათ ვალდებულება საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ქონების დაყადაღების შესახებ, ან სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები გამოიყენოს, ვიდრე ყადაღა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: