მთავარი,სიახლეები

შეღავათები ელექტროენერგიის გადასახადზე მაღალმთიან დასახლებაში უკვე ამოქმედდა

10.01.2017
შეღავათები ელექტროენერგიის გადასახადზე მაღალმთიან დასახლებაში უკვე ამოქმედდა

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებით ისარგებლებენ.

მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

ანუ:

  • მაღალმთიან დასახლებაში აბონენტებს უკვე თებერვლის თვეში მიუვათ იანვრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი, რომელშიც ეს შეღავათი ასახული იქნება. მაგალითად, თუ ერთმა აბონენტმა იანვრის თვეში მოიხმარა დავუშვათ 120 და მეორემ 250 კვტ.სთ ელექტროენერგია, გადასახადი მიუვათ შესაბამისად – 60 და 150 კვტ/სთ-ის [ამ შემთხვევაში ენერგოკომპანიას იმ 60 და 100 კვტ.სთ-ის საფასურს სახელმწიფო აუნაზღაურებს];
  • თუ აბონენტმა მაღალმთიან დასახლებაში თვეში მოიხმარა 100 კვტ.სთ-ზე ნაკლები, ვთქვათ, 90 კვტ.სთ, მაშინ გადაიხდის მოხმარებული 45 კვტ.სთ-ის საფასურს [ნახევარს კი სახელმწიფო დაფარავს];
  • მოხმარებული 100 კვტ.სთ-ის შემთხვევაში კი, ნახევარს აბონენტი გადაიხდის, ხოლო ნახევარს [ანუ 50 კვტ.სთ-ის საფასურს] სახელმწიფო.

აჭარის რეგიონში „ენერგო პრო ჯორჯია“ ოპერირებს, ამ კომპანიის მომხმარებლებისთვის კი დენის ტარიფი გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა.

აჭარიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობდა.

შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს.


როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

შეღავათები მეწარმეს მაღალმთიან დასახლებაში

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.