მთავარი,სიახლეები

კანალიზაციის ახალი სისტემა ახალი პრობლემებით „ჭაობის“ უბანში

04.05.2017
კანალიზაციის ახალი სისტემა ახალი პრობლემებით „ჭაობის“ უბანში

ბათუმში, ლადო ასათიანის ჩიხში მცხოვრებლები ამბობენ, რომ საკანალიზაციო სისტემის შეცვლის მიუხედავად, მთელს ქუჩაზე არის აუტანელი სუნი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეებმა გასულ კვირას წერილობით მიმართეს ქალაქის მერიასაც, მაგრამ მათთვის ამ დრომდე პასუხი არ გაუციათ.

„ბათუმის წყლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლადო ასათიანის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში ჩატარდა წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია და სახლების დაერთებას ახალ ქსელში ეტაპობრივად განახორციელებს „ბათუმის წყალი“. რაც შეეხება ცისტერნებსა და ამოტუმბვას, რადგან დაერთებული არ არის სახლები ახალ ქსელზე, აქ ხშირად საჭირო ხდება ძველი ჭების ამოტუმბვა, რისთვისაც მოსახლეობა გვიკავშირდება ცხელ ხაზზე. შესაბამისად, სპეციალური მანქანები გადიან ამოსატუმბად, თუმცა ჭების გაწმენდის მიზნით გამოძახებები არის, როგორც აღნიშნულ უბანში, ასევე ქალაქის სხვა ქუჩებიდანაც, ამიტომ ისეთი ვითარება, რომ ამან შეიძლება მაგ უბანში კატასტროფული სიტუაცია შექმნას, არ არის.“

მოქალაქეების თქმით, ქუჩაზე ერთ-ერთი ჭა ჩავარდნილია სირღმეში და ამ ჭას სპეციალური მანქანითაც ვერ ტუმბავენ. შესაბამისად, ამიტომაც დგას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში აუტანელი სუნი ქუჩაში.

„ბათუმის წყალში“ ვერ გვითხრეს ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყება და დასრულდება ამ უბანში არსებული სახლების საკანალიზაციო ქსელის დაერთება ახალ სისტემაზე: „დაერთებებს ვახორციელებთ სხვადასხვა ადგილებში, ერთ ქუჩაზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამუშაოები გაგრძელდება მომდევნო ქუჩაზე და ასე ეტაპობრივად… ზოგადად, ქუჩაზე სამუშაოების დასრულების დრო კი დამოკიდებულია იმაზე, ამ ქუჩის რამდენი სახლი არის დასაერთებელი ახალ სისტემაზე“.

რამდენადაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აღნიშნულ უბანში [მელიქიშვილი-მთისძირის-თავდადებულის-ოსტროვსკის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია] სახლების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან უნდა დაიწყოს [თუმცა, ლადო ასათიანის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი – მელიქიშვილის ქუჩიდან „ხოფის“ მიმართულებით – შესაძლოა უფრო ადრეც].

„დაერთების სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია კოლექტორის მშენებლობლობაზე, რომელიც გრაფიკის მიხედვით აგვისტოში უნდა დასრულდეს. ცენტრალური კოლექტორი, რომელშიც ამ უბნის ქსელი ერთვება, უნდა გაგრძელდეს ოსტროვსკის და ლუკა ასათიანის კვეთიდან მელიქიშვილის ქუჩამდე, სადაც მოხდება გადაერთება [დარჩენილია ვაჟა-ფშაველას კვეთა და 26 მაისის კვეთა]“ – ამბობს ჯაბა ტუღუში, ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში.

ახალ სისტემაზე სახლების დაერთებების ზუსტი გრაფიკი არც ბათუმის მერიაში აქვთ.

წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ბათუმში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით 2007 წლიდან ხორციელდება [სესხის მოცულობა დაახლოებით 80 მილიონი ევროა].


პასუხობს თუ არა ქალაქის ზრდის მასშტაბებს ბათუმის წყლისა და კანალიზაციის ის სისტემები, რომელთა რეაბილიტაციაც რამდენიმე წელია მიმდინარეობს? რამდენადაა ადაპტირებული მშენებარე მაღლივი კორპუსები ქალაქის მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასთან, რომელიც მთელ რიგ უბნებში არც არსებობს? – ამ და სხვა საკითხების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

რატომ დგება ბათუმი კანალიზაციის წყლით დატბორვის საფრთხის წინაშე 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: