კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

მუსლიმი სასულიერო პირების სავარაუდო დისკრიმინაცია სარფის საბაჟოზე

27.02.2016 • 2260
მუსლიმი სასულიერო პირების სავარაუდო დისკრიმინაცია სარფის საბაჟოზე

„საქართველოში თუ მუსლიმანი ხარ, ესე იგი, არაფერს ნიშნავ“, – ეს განცდა სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარს – ჯამბულ აბულაძეს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა თურქეთიდან დაბრუნებულს სარფის საბაჟოზე 2 ყურანისა და 4 ლოცვანის შემოტანის გამო პრობლემები შეუქმნეს. ჯამბული ამბობს, რომ საბაჟოზე არაფორმალური დაკითხვა მოუწყვეს, შეურაცხყვეს და საათობით ლოდინით დაღლილს არც კი უთხრეს, რა უნდოდათ მისგან. პროტესტი სოციალურ ქსელში სასულიერო პირმა უპასუხოდ დარჩენილი კითხვების შემდეგ გამოხატა.

სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღოლმა, ჯამბულ აბულაძემ, საქართველო-თურქეთის საზღვარი პირველ თებერვალს გადაკვეთა. ის თურქეთში მიდიოდა. სასულიერო პირი წერს, რომ როცა მის პასპორტს მებაჟემ დახედა, უთხრა, ვერ გაუშვებდა, ვიდრე მის პირად მონაცემებს არ გაარკვევდა. „რა თქმა უნდა, დავემორჩილე მებაჟის ამ მოთხოვნას და დაველოდე. ამასობაში დაახლოებით ასამდე მოქალაქე გაატარეს უპრობლემოდ. მე კი, როგორც დამნაშავე და გაურკვეველ ვითარებაში მყოფი, შეურაცხყოფილად ვიდექი და ველოდებოდი“, – ყვება ჯამბულ აბულაძე. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ჯამბულ აბულაძემ ოპერატორს ჰკითხა, როდის აპირებდნენ მის გაშვებას. ამ კითხვის საპასუხოდ „უფროსმა“ უთხრა: „თუ არ დაემორჩილებით წესებს, სიტუაცია დაიძაბება. თქვენი საქმე თბილისში იხილება და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ გაგიშვებენ, ისე – არაო“.

ჯამბულ აბულაძის შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ მონაცემებით, სარფის საბაჟოზე ღირსების შემლახავ მოპყრობაზე კიდევ 5 მუსლიმანი პირი საუბრობს. „ამ პირების თქმით, საბაჟოზე ხდება ამ პირების არაფორმალური დაკითხვა და დისკრიმინაციული მოპყრობა არამხოლოდ რელიგიური შინაარსის ლიტერატურის შემოტანის გამო. იყო შემთხვევა, როცა მუსლიმი ქალი გააშიშვლეს. როგორც ეს ქალბატონი ყვება, გაურკვეველი იყო და არავის აუხსნია, რას უკავშირდებოდა ეს „შემოწმება“, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი და ტრავმატული იყო მისთვის“, – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ამ ისტორიებს სწავლობს და არ გამორიცხავს, რომ დეტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ დარღვევის მოტივით სასამართლოს მიმართოს.

„დაგველოდეთ!“ – მებაჟის ეს მოთხოვნა თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებულ ჯამბულ აბულაძეს აღარ გაკვირვებია. ამბობს, რომ მებაჟეებთან ერთად ამჯერად პროცესში სხვა პირებიც ჩაერთნენ, რომლებმაც ვინაობა და სტატუსი არ დაასახელეს, მაგრამ უთხრეს, რომ „ზემოთ უნდა გაირკვეს“, რა მიზნით შემოჰქონდა მუსლიმ სასულიერო პირს 2 ცალი ყურანი და 4 ლოცვანი. „მებაჟემ [მელაძე] ასე ამიხსნა: ბატონო, ორი ვარიანტი გაქვთ, ან დავლუქავთ ამ წიგნებს თქვენს თვალწინ და როცა წარმოადგენთ მუფთისგან წერილობით მომართვას, მაშინ წაიღებთ, ან მეორე: ეს წიგნები უკან დააბრუნეთ, სადაც იყიდეთო“, – იხსენებს ჯამბულ აბულაძე.  შეთავაზებაზე უარი უთქვამს, მაგრამ მაინც არ გამოუშვეს, „მაღლა რაღაცები უნდა გაირკვესო“.

ჯამბულ აბულაძემ რელიგიური ლიტერატურის საქართველოში შემოტანა მოახერხა.

ამ დამოკიდებულებას რადიკალიზაციის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. „ეს არ შეიძლება დასაბუთდეს, როგორც უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესი. არ შეიძლება გონივრული დასაბუთების გარეშე დაკითხო ადამიანი და მას დისკრიმინაციულად მოექცე. მსგავსი დამოკიდებულება აძლიერებს ჩაგვრის შეგრძნებას მუსლიმ თემში“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

რა რეგულაციები არსებობს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, როცა პირს რელიგიური ხასიათის ლიტერატურა შემოაქვს და ჰქონდა თუ არა სავარაუდო დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი სარფის საბაჟოზე მუსლიმანი პირების მიმართ – „ბათუმელების“ ამ კითხვას არ უპასუხეს „შემოსავლების სამსახურში“. უწყების პრესსამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, მსგავსი შემთხვევები ასე გამორიცხა: „კამერები აფიქსირებს ყველაფერს“, – გვითხრა მან, თუმცა ამაში დასარწმუნებლად ვიდეოჩანაწერები არ მოგვაწოდა. უწყებამ ამ დრომდე არც „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ წერილობით მიმართვას უპასუხა. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, მოქმედებს თუ არა რაიმე შიდა ბრძანება, რაც საზღვარზე რელიგიური ლიტერატურის შემოტანა-გატანას კრძალავს.

თამთა მიქელაძე: „სამართლებრივად ამ კუთხით არ არსებობს რეგულაცია, რითაც მებაჟეები ან სასაზღვრო პოლიცია იხელმძღვანელებენ და რელიგიური ლიტერატურის ან ატრიბუტიკის შემოტანას გააკონტროლებენ. ფაქტია, რომ მებაჟეებსა და პოლიციელებს შორის გარკვეული კოორდინაცია არსებობს და საბაჟოზე აქვთ მონაცემთა ბაზაც. ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ბოლო ორი წელია ფიქსირდება“.

სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობა პოლიციელთა მხრიდან ასევე გამორიცხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. თამთა მიქელაძემ შსს-ს გენერალურ ინსპექციას 12 თებერვალს მიმართა, თუმცა უწყების პრესსამსახურმა 18 თებერვალს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ინსპექციას წერილი არ მიუღია.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ შსს-ს გენინსპექცია ამ შემთხვევებს გამოიძიებს და თავის თანამშრომლებს დასჯის. აშკარაა, ხელისუფლებას უჭირს სეკულარული პოლიტიკის გატარება“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

სარფის საბაჟოზე სავარაუდო დისკრიმინაციული ფაქტების შესახებ ინფორმირებული არიან სახალხო დამცველის აპარატშიც, თუმცა ომბუდსმენს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიწყებს თუ არა მოკვლევას. „ჯამბულ აბულაძემ და სხვა პირებმა მოგვმართეს 16 თებერვალს. თავდაპირველ ეტაპზე ხდება დასაშვებობის ცნობა და შემდეგ – არსებითი განხილვა. ჩვენ გვაქვს ამისთვის 10 სამუშაო დღე და ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება დასაშვებად ცნობის შესახებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ მაკა სტივენსონმა, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

DSCN3539

სარფის გამშვები პუნქტი / ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: