Batumelebi | მოსწავლე მასწავლებლის როლში მოსწავლე მასწავლებლის როლში – Batumelebi
RU | GE  

მოსწავლე მასწავლებლის როლში

დღეს, 3 მაისს, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში იმიტირებული გაკვეთილები ჩატარდა, სადაც მასწავლებლის როლში მოსწავლეები იყვნენ, მასწავლებლები კი მოსწავლეების მერხებზე ისხდნენ. იმიტირებული გაკვეთილის მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში კარიერული დაგეგმვის, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა იყო. იმიტორებული გაკვეთილი მე-12 კლასს ორ საგანში – ისტორიასა და ქართულში ჩაუტარდათ.

ქართულის გაკვეთილის თემა თავისუფლება იყო, რომელსაც მოსწავლეები ვაჟას პოეზიის მიხედვით განიხილავდნენ. გაკვეთილზე მხოლოდ რამდენიმე მოსწავლე აქტიურობდა, თუმცა „ბათუმელებთან“ საუბარში უმეტესობამ აღნიშნა, რომ იმიტირებული გაკვეთილი, სტანდარტულისგან განსხვავებით, მათთვის ბევრად საინტერესო იყო.

„მოსწავლეები“ წრიულად, ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, მასწავლებელი კი ცენტრში იდგა. „მასწავლებელი“ მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართვას კითხვებით ცდილობდა.

„პირველ რიგში, იმიტომ მომეწონა არასტანდარტული გაკვეთილი, რომ ბავშვები უფრო მეტად ვიყავით გახსნილი და ჩვენთვის საინტერესო თემაზე ვსაუბრობდით. სტანდარტული გაკვეთილის პირობებში კი, არ გვეძლევა შესაძლებლობა იმაზე ვისაუბროთ, რაც მოგვწონს და გვინდა. ჩვეულებრივ გაკვეთილზე ნაკლები შესაძლებლობა გავქვს დავსვათ კითხვები,“- გვითხრა ანრიმ.

ლერისთვის ეს გაკვეთილი იმიტომ იყო უჩვეულო, რომ ცოტა ხნით თავიანთი პედაგოგები მოსწავლის როლში იხილეს. „უფრო მეტად კი ის  მომეწონა, რომ ჩვენი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა მოგვეცა. ეს უკვე კომფორტია,“-ამბობს ის.

„მოსწავლე მასწავლებელი“- იმიტირებული გაკვეთილი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში. ფოტო: ლელა დუმბაძე

„მოსწავლე მასწავლებელი“-
იმიტირებული გაკვეთილი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში.
ფოტო: ლელა დუმბაძე

ის მოსწავლეები, რომლებიც თავისუფლების მიუხედავად მაინც ჩუმად ყოფნას ამჯობინებდნენ, ამბობდნენ, რომ მათი სიჩუმის მიზეზი სწორედ გაკვეთილის უჩვეულო ფორმატი იყო.

„ასეთ გაკვეთილებს მიჩვეული არ ვართ. სტანდარტული გაკვეთილების დროს გვიჭირს აზრის გამოხატვა, რადგან ვშიშობთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ. ამიტომ, უფრო ვაკვირდებით პროცესებს,მ ვიდრე ვმონაწილეობთ. ასეთი გაკვეთილების შემთხვევაში კი, უფრო მეტად ვიქნებით გახსნილები,“ – გვეუბნება გიორგი.

მოსწავლეების თქმით,  ისინი რის დეფიციტსაც ყოველდღიურ გაკვეთილებზე განიცდიან, მრავალფეროვნებაა. ისინი მიიჩნევენ, რომ სკოლებში გაკვეთილები ყოველდღიურ რუტინად იქცა და მათში კრეატიულობა  დაკარგულია.

იმიტირებულ გაკვეთილს სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელიაც ესწრებოდა. იგი ამბობს, რომ იმიტირებული გაკვეთილიც კი, რომელიც სტანდარტულისგან გარკვეული დეტალებით განსხვავდებოდა და ბავშვებს მეტ თავისუფლებას აძლევდა, ქართული საგანმანათლებლო სისტემის პრობლემას მაინც ნათლად აჩვენებდა.

„ეს პრობლემაა მონოტონურობა. როცა ცენტრში დგას პედაგოგი და არა მოსწავლე,“- გვითხრა დირექტორმა. თამთას აზრით, იმისათვის, რომ დღეს სკოლამ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს, უფრო შემოქმედებითი და ბავშვზე ორიენტირებული უნდა გახდეს.

მასწავლებლები მოსწავლეების როლში. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა

მასწავლებლები მოსწავლეების როლში. ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა

ანის აზრით, ქართულ სკოლებში გაკვეთილებს „მარილი აკლია“ანუ მრავალფეროვნება.

„არ არის სახალისო და საინტერესო, ყველა გაკვეთილი ერთნაირია. შეიძლება, რაღაც ცოდნას ვიღებთ სკოლაში, მაგრამ შესაძლებელია ეს ცოდნა მივიღოთ უფრო მეტი ხალისით და ინტერესით. გაკვეთილი ცოდნის მიღებასთან ერთად, უნდა გართობდეს. აი, ეს აკლია ჩვენს გაკვეთილებს,“-გვითხრა ანიმ.

მოსწავლეებს იმიტირებული გაკვეთილის დაგეგმვაში საგნის პედაგოგები ეხმარებიან.

მოსწავლეებს სურვილი აქვთ, მასწავლებლის ამპლუაში ყოფნის შესაძლებლობა კიდევ მიეცეთ. სკოლის დირექტორის თქმით, თუკი ისინი წარმოადგენენ გაკვეთილის კარგად გაწერილ გეგმას, მათ დაბალ კლასებში იმიტირებული გაკვეთილების ჩატარების უფლებასაც მისცემენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com