მთავარი,სიახლეები

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ დაჯარიმების სისტემას აუმჯობესებს

26.04.2017 • 5220
„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ დაჯარიმების სისტემას აუმჯობესებს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“, რომელიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, დაჯარიმების სისტემაში ცვლილებების შეტანას აპირებს. ცვლილებების შესახებ დადგენილებას საკრებულოს მომავალ სხდომაზე წარადგენენ. რა იგეგმება კონკრეტულად? – ამის შესახებ „ბათუმელებთან“ „ბათუმის ავტოტრანსპონტის“ დირექტორმა, პაატა დუმბაძემ  ისაუბრა.

ბატონო პაატა, კონკრეტულად რა იცვლება დაჯარიმების სისტემაში?

ხელშეკრულება მომსახურებაზე ადრე გვქონდა „ლიბერთი ბანკთან“, ამ ხელშეკრულებას ვადა გასდის და სამომავლოდ მომსახურებას გაგვიწევს „საქართველოს ბანკი“, სადაც შესაძლებელი იქნება ბარათების  აღება. ამავდროულად, ვიზრუნეთ იმაზეც, რომ დაჯარიმების უფრო უკეთესი სისტემა გვქონოდა, ვიდრე აქამდე გვქონდა. ბათუმის საკრებულოში შეგვაქვს საკითხი, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის გამოწერა მოხდება  ელექტრონულად, აქამდე კი ხელით ხდებოდა ქვითრის შევსება.  კონტროლიორებს სპეციალური მოწყობილობები ექნებათ, მათ შორის პრინტერიც და ავტომატურად დაუბეჭდავს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. უბილეთო მგზავრს ჩამოიყვანს კონტროლიორი ავტობუსიდან და შემდეგ მოხდება მისი დაჯარიმება.

გარდა ამისა, მგზავრის მონაცემების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ მივიღებთ იუსტიციის სახლის ბაზიდან, ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები იუსტიციასთან და სერვისთან გვექნება წვდომა. ამისთვის გვჭირდება საკრებულოს დადგენილება და გადაწყვეტილება, რომ ამ ბაზასთან გვქონდეს წვდომა. პიროვნების იდენტიფიცირებას უფრო ადვილად მოახდენს, რადგან სურათიც გამოჩნდება მონაცემთა ბაზაში.

დღის განმავლობაში რამდენჯერ შეიძლება დაჯარიმდეს მგზავრი?  იყო შემთხვევები, როცა დაჯარიმების შემდეგ მაინც მგზავრობდნენ  ადამიანები უბილეთოდ.  

მგზავრი იმდენჯერ დაჯარიმდება დღის განმავლობაში, რამდენჯერად  იმგზავრებს უბილეთოდ.  სამჯერაც შეიძლება დაჯარიმდეს და ათჯერაც, თუ ბილეთს არ აიღებს.

ხელმეორედ დაჯარიმების შემთხვევაში თანხა იზრდება, თუ სტანდარტულია?

საჯარიმო თანხა არის 5 ლარი.  მეორედ დაჯარიმების შემთხვევაშიც და მეხუთედაც. თუ ჯარიმის გადახდის ვადას დაარღვევს, რომელიც 30 კალენდარული დღეა, მაშინ  გადაიხდის პირი საურავს, 50 ლარის ოდენობით.

არასრულწლოვნებთან დაკავშირებით რაიმე შეიცვალა? უფასოდ მგზავრობენ ისევ თუ არა?

სკოლის მოსწავლეები მგზავრობის საფასურს არ იხდიან, ოღონდ მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მოსწავლის სამგზავრო ბარათები. მგზავრებს საფასურის გადახდა შეუძლიათ მეტრომანის ბარათების მეშვეობითაც.

თუ ბარათი არ აქვს და ისე იმგზავრა, დაჯარიმდება?

ბარათი თუ არ აქვს, დაჯარიმდება.

როგორ მოხდება ეს, მოსწავლეს ხომ არ აქვს შემოსავალი, როგორ გადაიხდის ის ჯარიმას?

6-დან 15 წლამდე ბავშვების შემთხვევაში მშობელს ეწერება ჯარიმა, თუ არ ახლავს მშობელი ავტობუსში ბავშვს, მაშინ შეიძლება ვერ დაჯარიმდეს. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვებსაც აქვთ პირადი ნომერი და მათი მონაცემებიც არსებობს იუსტიციის ბაზაში, შესაძლებელია მათი დაჯარიმებაც. თუმცა ამ დეტალებს იურიდიულად გავივლით.

როგორია დაჯარიმების მაჩვენებელი, იზრდება თუ იკლებს?

დაჯარიმების მაჩვენებელმა იკლო, გამომდინარე იქედან, რომ  კონდუქტორის სისტემის დანერგვის შემდეგ მგზავრები ვეღარ არიდებენ თავს ბილეთის აღებას. კონდუქტორის მოვალეობაა, რომ ადგილზე შეაძენინოს ბარათი მგზავრს და თუ არ აიღებს ბილეთს მგზავრი, მაშინ კონდუქტორი გამოუწერს ჯარიმას.

საკრებულოში წარსადგენ დოკუმენტში ნახსენებია „მოწმის ხელმოწერა საჯარიმო ქვითარზე“.  ეს რას ნიშნვს, მგზავრმა უნდა მოუწერს ხელი კონდუქტორს?

ეს კანონიდან ამოღებული ფრაზაა,  მოწმის ხელმოწერა სავალდებულო არ არის, ნებაყოფლობითია.

თქვენ თქვით, რომ ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ კონდუქტორებს ექნებათ პრინტერებიც, რამდენია ბიუჯეტი გათვალისწინებული ტექნიკური ცვლილებებისთვის?

პირველ ეტაპზე 2 ცალი სატესტო პრინტერი გვექნება, რომლებსაც „საქართველოს ბანკი“ გვჩუქნის, შემდეგ კი, როცა სისტემა აეწყობა, იმის მიხედვით გავითვალისწინებთ ბიუჯეტს მომავალში.

როდის იქნება ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული?

საკითხი ბიუროზე გატანილია და საკრებულოზე განხილვის შემდეგ, იმედია, მომდევნო სხდომაზე დამტკიცდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: