მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

შუახევის გამგეობის ეზოში ეკლესიას აშენებენ

04.05.2017
შუახევის გამგეობის ეზოში ეკლესიას აშენებენ

დაბა შუახევში, თვითმმართველი ორგანოს შენობის გვერდით, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა განთავსებული, ეკლესია შენდება, რომელსაც სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონი აშენებს.

თამარ მეფის ქუჩის #30-ში, 646 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წელს, 99 წლით სარგებლობის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში მიწის ნაკვეთი  დროებით სარგებლობაში მიიღო, 22 მეტრი სიმაღლის გუმბათოვანი ეკლესიის ასაშენებლად გამგეობას პროექტი წარუდგინა, გამგეობამ კი, სხალთის ეპარქიას 2015 წლის 23 იანვარს ეკლესიის ასაშენებლად ნებართვა მისცა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე გამგეობის ეზოში ეკლესიის მშენებლობისთვის გაცემული ნებართვის საჭიროებას ასე განმარტვას:

„შუახევის დაბასა და ახლო სოფლებში ბევრი მრევლია, არ იყო ეკლესია, სადაც შეიძლებოდა მრევლს ელოცა, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,“ – ამბობს ის.

დაბის გარდა შუახევის თვითმმართველობამ 2014 წელს საპატრიარქოს 99 წლით სარგებლობის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით სოფელ ოლადაურში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 478 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული 293 კვადრატული შენობა -ნაგებობა გადასცა. ამასთანავე,  საპატრიარქოს, იმავე რიცხვში, ანალოგიური პირობით გამგეობამ საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოფელ ფურტიოში 1191 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 993,6 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა გადასცა.

ტარიელ ებრალიძე, რომლის გამგებლობის პერიოდში  გადაეცა მიწის ნაკვეთები თუ მასზე არსებული შენობა- ნაგებობები საპატრიარქოს შუახევში, ამბობს, რომ სოფელ ოლადაურში საპატრიარქოს მიწის ნაკვეთი საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ხოლო ფურტიოში ტაძრის მშენებლობისთვის გადასცა.

„სოფელ ოლადაურში ეკლესია ჩემამდე  აშენდა, სადაც მცირე ფართობი იყო დარჩენილი, რომელიც ეკლესიის ინფრასქტრუქტურისთვის იყო საჭირო. ფურტიოში, ელვაურის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა , რომელიც ექვემდებარებოდა დემონტაჟს, საპატრიარქოს ტაძრის მშენებლობისთვის გადავეცით“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: