მთავარი,სიახლეები

პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება

26.04.2017 •
პროკურორის კითხვები მერაბ ღოღობერიძეს და მოსამართლის გადაწყვეტილება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია. ორივე მათგანს 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად.

„სთხოვდით თუ არა ადამიანებს შეეცვალათ თქვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენება?“ – ჰკითხა პროკურორმა რამაზ შავაძემ ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძეს.

„არანაირად, – კატეგორიული უარის ნიშნად თავი გაიქნია ბრალდებულმა, – თუ გაქვთ რამე მტკიცებულება, წარმოადგინეთ“.

კითხვები ბრალდებულთან პროკურორ ფრიდონ ქარცივაძესაც ჰქონდა, თუმცა ადვოკატმა პაატა შავაძემ შეახსენა მას, რომ დღეს სასამართლო მხოლოდ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა.

მერაბ ღოღობერიძემ დაკავება თავის სამოქალაქო აქტიურობას დაუკავშირა: „ყოველთვის ვაქტიურობდი და პროტესტს გამოვხატავდი. მიშას დროს ვერ გამაჩუმეს და ახლა უნდა დავისაჯო იმის გამო, რომ ჩემი უკმაყოფილება გამოვთქვი?“

ირაკლი ჩხვირკიამ კი თავის გამოსვლაში თქვა, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა: „იმის გამო ვისჯები, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ვიყავი, თორემ პოლიციელს ყველას პატივს ვცემ. ოთხი წელი გამომძიებლად ვმუშაობდი და 26 მაისის აქციის დაშლის დროსაც იქ ვიყავი“.

ირაკლი ჩხვირკიას მტკიცებით, ის 12 მარტის დილის ხუთ საათზე ჩამოვიდა ბათუმში და მანამდე მხოლოდ სოციალური ქსელიდან ადევნებდა თვალს მოვლენებს.

„საქმეში არაა არანაირი მტკიცებულება, რასაც მე გავეცანი და რაც დაადასტურებდა ჩემი მხრიდან მასობრივი არეულობის ორგანიზებას. თუ ასეთი არსებობს, მაჩვენეთ… პროკურორის დრამატურგია, რომ ცეცხლის ალში იყო გახვეული აბუსერიძის ქუჩა, იმედია თქვენზე არ იმოქმედებს, ქალბატონო მოსამართლევ,“ – თქვა ირაკლი ჩხვირკიამ, რომელიც ემოციურად საუბრობდა და ხშირად ეხებოდა ხელით ბრალდებულის საკნის გისოსებს.

მერაბ ღოღობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან ერთად ალიანსში მოქმედების დაბრალება. „ეს ჩემი ღირსების შეურაცხყოფაა. სულ ამ პარტიას ვებრძოდი,“- მიმართა მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძემ.

„შეექმნა თუ არა გამოძიებას მერაბ ღოღობერიძესთან თანამშრომლობის პრობლემა, დაიბარეთ და არ მოვიდა? რით ადასტურებთ, რომ მისგან მიმალვის საფრთხე არსებობს, გადაკვეთა მან თუნდაც ერთხელ ქვეყნის საზღვარი?“ – ეს კითხვები პროკურორებს ადვოკატმა პაატა შავაძემ დაუსვა.

პროკურორმა რამაზ შავაძემ აღნიშნა, რომ დაკავებამდე მერაბ ღოღობერიძე ცდილობდა გამოძიება შეცდომაში შესულიყო.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე, მოსართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ განმარტება გააკეთა, სადაც ორჯერ ახსენა „პოლიტიკური გავლენა“. მოსამართლის მტკიცებით, პოლიტიკურ პროცესებს არავითარი გავლენა არ აქვს სასამართლოზე.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ ფაქტების სინამდვილეს დღევანდელ პროცესზე სასამართლო ვერ დაადგენდა და გადაწყვეტილება „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტის შესაბამისად მიიღო.

მოსამართლეს არ დაუკონკრეტებია, რატომ მიიჩნია მან პროკურორების ვარაუდი დასაბუთებულად, ადვოკატების – არა. ვიოლეტა ფორჩხიძემ ხაზი მხოლოდ იმას გაუსვა, რომ „მიმალვის საფრთხე არსებობს“.

სასამართლო სხდომა 4 საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ გააკეთა. თქვა, რომ მტკიცებულებები არსებობს და გამოძიება განაგრძობს მუშაობას. მან არ უპასუხა „ბათუმელების“ შეკითხვას: რატომ არ იყო საუბარი საბრალდებო დასკვნაში მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით, რაზეც პროკურორმა რამაზ შავაძემ მერაბ ღოღობერიძეს ჰკითხა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაურით შეხვდა ირაკლი ჩხვირკიას დედა. ის პროკურორების მისამართით გამოხატავდა საყვედურს. ბრალდებულის დედა მანდატურებმა გაიყვანეს შენობიდან. პროკურორებმა კი გვერდითი გასასვლელიდან დატოვეს სასამართლოს შენობა.

IMG_20170425_225038

IMG_20170425_190203

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: