60 გონიოელის საკითხს სასამართლო ხვალ გადაწყვეტს


გონიოში მცხოვრები 60 ოჯახის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლო ხვალ, 4 საათზე განიხილავს. სასამართლო ამ შემთხვევაში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებას შეაფასებს, რომლის მიხედვითაც გონიოელებს მიწის დაკანონებაზე უარი ეთქვათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ უნდა მიიღოს.

გონიოს მიწების საქმეზე 31 მარტს 4 გონიოელის სარჩელი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს ერთიანი პრაქტიკა ექნება და ცხრათვიანი ლოდინის შემდეგ 60 გონიოელის სარჩელსაც დააკმაყოფილებს.  ეს ორგანიზაცია სასამართლოში გონიოელების ინტერესებს იცავს.

„სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის კომისია ვალდებული იქნება, ინდივიდუალურად, ხელახლა შეისწავლოს გონიოში მცხოვრები ადამიანების შემთხვევა და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი კომისია იმავე წრეზე წავა და ისევ უარს ეტყვის მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში, გონიოელები მიმართავენ სასამართლოს საკუთრების მოწმობის აღდგენის მოთხოვნით. თუკი ხვალ სასამართლო გონიოელების სარჩელს არ დააკმაყოფილებს, გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში,“ – განმარტავს ანა ბერძენიშვილი.

2010 წელს გონიოში 271 ოჯახს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ჯერ გადასცეს, ხოლო შემდეგ ჩამოართვეს. რამდენიმე მათგანს საკუთრების უფლება აღუდგა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილებით.

ამავე თემაზე:

საკრებულოს გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი