ბათუმის საკრებულოს კომისიებმა ბათუმის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს

ბათუმის საკრებულოს კომისიებმა დღეს ბათუმის მერის მიერ წარმოდგენილი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს.

გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა
გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა

გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საკრებულოს წევრებს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ წარუდგინა. მისი ინფორმაციით, „2017 წელს პრიორიტეტული ქალაქის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსება იყო. საბიუჯეტო დაფინასების ძირითად სფეროებს, ასევე, წარმოადგენდა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხები“.

არჩილ ვანაძის განცხადებით,  „საანაგრიშო პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 168,473.3 ათასი ლარი, ფაქტიური შესრულება კი 168,637.5 ათასი ლარია, რაც  შესრულების 100%-ია. ხოლო, ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 168,577.2 ათასი ლარი, ფაქტიურმა შესრულებამ კი – 162,700.4 ათასი ლარი, რაც შესრულების  97%-ია“.

წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო 20 აპრილს, მორიგ სხდომაზე მიიღებს
წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო 20 აპრილს, მორიგ სხდომაზე მიიღებს

2017 წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან  განხორციელდა  შემდეგი პროგრამების დაფინანსება:

ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება:

[checklist]

  • საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება – 36,860.6 ათასი ლარი;
  • სატრანსპორტო ინფრასტურქტურის და სერვისის განვითარება – 8,983.6 ათასი ლარი;
  • საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის და სერვისების განვითარება – 19,178.4 ათასი ლარი;
  • ქალაქის გაფორმება და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – 14,651.9 ათასი ლარი;
  • ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა, ბინათმშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია, დემონტაჟი – 8,820.8 ათასი ლარი;
  • მუნიციპალური სასაფალოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა – 1,845.9 ათასი ლარი;
  • ქალაქის დაგეგმარება – 679.6 ათასი ლარი;
  • მუნიციპალური სერვისების განვითარება – 145.1 ათასი ლარი.

[/checklist]

განათლება

[checklist]

  • სკოლამდელი განათლება – 13,210.8 ათასი ლარი;
  • პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობა – 139.9 ათასი ლარი;

[/checklist]

კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი:

[checklist]

  • სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 11,695.4 ათასი ლარი;
  • კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 4,450.6 ათასი ლარი;
  • საზოგადოებირივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა – 2 ათასი ლარი.

[/checklist]

 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა:

[checklist]

  • ჯანმრთელობის დაცვა – 3,916.6 ათასი ლარი;
  • სოციალური უზრუნველყოფა – 8,626.3 ათასი ლარი;
  • სანიტარული ზედამხედველობა და ეპიდსიტუაციის მართვა – 586.4 ათასი ლარი.

[/checklist]

საკრებულო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას 20 აპრილის მორიგ სხდომაზე მიიღებს.

აინტერესებთ თუ არა მასწავლებლების აზრი სამინისტროში – ლია გიგაური რეფორმაზე

იღებს თუ არა გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო მასწავლებელთა უშუალო მონაწილეობის, მათი აზრის გათვალისწინების გარეშე და რა შეუძლია სკოლას გადაწყვიტოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საუბრობს.

ქალბატონო ლია, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე „ბათუმელებთანაც“ ხშირად აღნიშნავენ პედაგოგები, განათლების სფეროს სპეციალისტები, რომ სამინისტრო მათ სიახლეებს პოსტფაქტუმ, მათი ჩართულობისა და პროცესის გაანალიზების გარეშე სთავაზობს. რატომ ხდება ასე?

მე, პირადად, ბევრ სკოლაში დავდივარ, სხვადასხვა ჯგუფთან, – იქნება ეს სქემის ჯგუფი თუ სასწავლო გეგმის ჯგუფი და ვისმენ მასწავლებლების მოსაზრებებს. როცა რაიმე სიახლე ხორციელდება, ყველა სკოლას ერთდროულად ეგზავნება პროექტები და ეძლევათ გარკვეული დრო უკუკავშირისთვის.

თუ სკოლაში არ ხდება მათი ჩართულობა, ეს უკვე კონკრეტული სკოლის პრობლემაა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სკოლის დირექტორმა, ვთქვათ, არ მიაწოდა ინფორმაცია, პედაგოგი ხომ უნდა იყოს დაინტერესებული მიმდინარე მოვლენებით. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ხომ უნდა ნახულობდეს სიახლეებს. ვებგვერდზე გვიდევს განსახილველად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა. თუკი მშობელი შემოდის და გამოხატავს თავის პოზიციას, ახერხებს დაკავშირებას, მასწავლებელსაც შეუძლია გააკეთოს იგივე. თუკი რომელიმე დირექტორი მასწავლებლების გარეშე გვაწვდის უკუკავშირს, ესეც იმ კონკრეტული სკოლის პრობლემაა.

გარდა ვებგვერდზე დაკომენტარებისა, არსებობს სხვა ფორმატი, სადაც შეუძლიათ პედაგოგებს დისკუსიაში ჩართვა, თავიანთი პოზიციის უფრო სიღრმისეულად გამოხატვა?

რა თქმა უნდა. ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ფოკუსჯგუფს და ვისმენთ მათ მოსაზრებებს. ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვის დროს, ვერ ვიტყვი, რომ 66 ათასი მასწავლებელი შემოვიდა საკუთარი აზრის გამოსახატად, მაგრამ გამოხმაურება იყო მაღალი. განსაკუთრებით ადმინისტრაციულ საკითხებზე 20 ათასამდე გამოხმაურება გვქონდა. ახალი საათობრივი ბადის პროექტი როცა დავდეთ, 120 კომენტარი და 100-მდე შეკითხვა შემოვიდა.

ამაზე როგორ რეაგირებს სამინისტრო. შეგიძლიათ დაგვისახელოთ საკითხი, სადაც პედაგოგების რეკომენდაციები გაითვალისწინეთ?

ყველაზე მეტი კრიტიკა გამოითქვა მე-7 და მე-8 კლასებში არჩევითი საგნების დამატებასთან დაკავშირებით. პედაგოგები გვწერდნენ, რომ ეს გამოიწვევდა საათობრივი ბადის კიდევ უფრო გადატვირთვას და აზრი არ ჰქონდა ამ საგნების დამატებას, რადგან მოსწავლეები არ დარჩებოდნენ ამ გაკვეთილებზე. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები და ეს გაკვეთილები ამოვიღეთ საათობრივი ბადედან.

რატომ არ განიტვირთა ახალი საათობრივი ბადე? ახლის მიზანი ხომ სწორედ ეს იყო. პედაგოგები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობენ, რომ ბადე  გართულებულია.

ალბათ იშვიათია პედაგოგი, რომელიც ამბობს, რომ ბადე არ გამარტივდა. ვინც წაიკითხა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის როგორც სტანდარტების, ასევე რეკომენდებული პროგრამები, ამას ვერ იტყვის. შესრულებულია დაპირება, რომელიც იყო პროგრამების განტვირთვაზე. ეს პრობლემა ჰქონდა აქამდე არსებულ სასწავლო გეგმას. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ ისინი ვერ ასწრებდნენ ახსნილი მასალის განმტკიცებას, ვერც მოსწავლეები ასწრებდნენ ახალი ცოდნის გააზრებას და მათ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში გადატანას, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა პროგრამულ დონეზე გადაჭრილია.

გარდა შინაარსობრივ დონეზე გამარტივებისა, აქ საუბარი იყო იმაზეც, რომ მე-6 და მე-7 გაკვეთილები არაეფექტური, არაპროდუქტიულია, რადგან ამ დროისთვის მოსწავლეები გადაღლილები არიან და ინტერაქტივი თითქმის არ არსებობს. ამ თვალსაზრისით რამე გამარტივდა?

სკოლამ უნდა დაალაგოს ცხრილი ისე, რომ მოსწავლეს არ ჰქონდეს გადაღლილობის განცდა. თუ ყველა გაკვეთილი იქნება ინტერაქტიული და სახალისო, ეს პრობლემაც აღარ იქნება.

როგორ უნდა დალაგდეს, შეგიძლიათ მაგალითი დაგვისახელოთ?

შეიძლება დავალაგოთ ისე, რომ მხოლოდ ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების საგნები არ იყოს მოქცეული პირველ ნაწილში. საგნების მონაცვლეობა საინტერესო უნდა იყოს.

ქართულსა და მათემატიკაში რამ გამოიწვია საათების გაზრდა?

ეს არ მომხდარა ერთბაშად, სწორედ ამიტომ დასჭირდა სასწავლო გეგმის შემუშავებას ორი წელი, რომ იყო მსჯელობა მასწავლებლებთან, საგნობრივ ასოციაციებთან და ამის შემდეგ შევჯერდით. ყველა საგნის პედაგოგებისგან იყო მოთხოვნა, რომ მათ მიმართულებას უფრო მეტი საათი სჭირდებოდა.

პედაგოგს შეიძლება სჭირდება საათები, რადგან მისი ანაზღაურება ამაზეა დამოკიდებული, მაგრამ აქ ხომ ბავშვის ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია?

დიახ, ბავშვის ინტერესი უნდა იყოს მთავარი და მათ არ უნდა ჰქონდეთ დაძაბულობის განცდა. ვიღაც არ უნდა გრძნობდეს თავს იგნორირებულად, არ უნდა ფიქრობდეს, რომ მას არასდროს ეკითხებიან და მასთან ინდივიდუალურად არ მუშაობს მასწავლებელი. სწორედ ამიტომ, ყველა მიღებული ინფორმაცია გადავამუშავეთ და შევაჯერეთ.

მოვისმინე მოსაზრება, რომ „ინფორმაციული ტექნოლოგიების“  დამატება ცალკე საგნად არ არის სწორი და ამ უნარების შესწავლა სხვა ფორმატშიც შეიძლება. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

სამინისტრო გადაწყვეტილებას მხოლოდ 1-2 სკოლაზე და იქ დასაქმებული ადამიანების შესაძლებლობებზე დაყრდნობით არ იღებს. გავითვალისწინეთ ის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან თუნდაც მაღალმთიანი რეგიონების მოსწავლეები, ის ბავშვები, ვისაც არ აქვთ ტექნოლოგიებთან წვდომა, სახელმწიფომ არ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ასწავლოს? თუკი რომელიმე სკოლა ფიქრობს, რომ მის მოსწავლეებს არ სჭირდებათ ამ საგნის სწავლება, შეუძლია სასკოლო-სასწავლო გეგმის ფარგლებში დააზუსტოს ეს საკითხი და 25-პროცენტიანი გადაადგილების ფარგლებში, ეს საგანი არ დაამატოს.

მეორე საგანი, რომელიც დაემატა, ეს არის „მოქალაქეობა“, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებში გაწერილია მკაფიოდ, რომ მიზანი არის 21-ე საუკუნის მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ასეთ ცვალებად სამყაროში.

ქიმია მე-7 კლასში საერთოდ აღარ ისწავლება, რატომ?

მანამდე არ ისწავლებოდა ფიზიკა. იყო მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ორჯერ ისწავლებოდა. მაგალითად, სითბური მოძრაობა, ნივთიერების აგებულება, ნივთიერების მდგომარეობა და ა.შ. ისწავლებოდა ქიმიაშიც და ფიზიკაშიც. ამიტომ სპეციალსიტები შეჯერდნენ, რომ ის ნაწილი, რომელიც საერთოა ქიმიისა და ფიზიკისთვის, მოსწავლეები ფიზიკით ისწავლიან.

შემცირდა ისტორიაც, რადგან სამოქალაქო განათლების საკითხები ამოვიდა იქედან. მე-7, მე-9 კლასებში ისწავლება საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან დღემდე, ოღონდ მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. ექსპერტების შეფასებით, ყველა საგანს ზუსტად იმდენი საათი აქვს დათმობილი, რამდენიც სჭირდება.

თქვენ ამბობთ, რომ სკოლებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა და როგორ დაალაგონ შიგნით. მაგრამ როცა საგაკვეთილო ბადის განტვირთვაზე იყო საუბარი, აქ იგულისხმებოდა ისიც, რომ მოსწავლეს არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს დიდი დასვენებით, მიიღოს ჯანსაღი საკვები სკოლაში ან თუნდაც ჰქონდეს სრულფასოვანი სპორტის გაკვეთილი, სადაც ის ძალების აღდგენას ან განტვირთვას მოახერხებს. ამ მიმართულებით რას ცვლის სამინისტრო?

დიდი დასვენება არის სკოლებში, განსაზღვრულია მინიმუმ 10-წუთიანი დასვენება. გარდა იმ სკოლებისა, სადაც რამდენიმეცვლიანი სასწავლო პროცესია.

ასეთ სკოლებში მინიმუმ ათასი-ათასხუთასი ბავშვი სწავლობს. მათაც ხომ სჭირდებათ ნორმალური რეჟიმი?

დიახ, მაგრამ რომელი მშობელი იტყვის, რომ ამ სკოლიდან ბავშვი უნდა გადაიყვანოს გარეუბანში? ყველას უნდა, რომ სახლთან ახლოს იაროს სკოლაში. თუმცა, გეთანხმებით, რომ სკოლის შენობების გადატვირთულობა ჩვენთვის გამოწვევაა და უნდა ვიფიქროთ ახალი სკოლების აშენებაზე. რაც შეეხება კვებას, სამინისტრო არ არის სკოლებში კვების პროვაიდერი, მაგრამ არის ჯანსაღი ცხოვრების პოლიტიკის მომხრე, ამიტომ მივეცით სკოლებს რეკომენდაციები.

რაც შეეხება სპორტს, ჩვენ ვერ დაველოდებით, რომ 3 400 შენობაში საშხაპე და გამოსაცვლელები გვქონდეს, ამის გამო უარს ვერ ვიტყვით სპორტზე. სწორედ ამიტომ დავამატეთ ახალი სასწავლო გეგმით ფიზიკური აღზრდა. გეგმაში ხაზგასმულია, რომ თუკი მაღალკლასებში სკოლებს შეუძლიათ 25-პროცენტიანი გადაადგილების ფარგლებში რაღაც საგანი შეამცირონ, ახალი სასწავლო გეგმით, ფიზიკურ აღზრდას და  ხელოვნებას, ვერც ერთ საათს ვერ მოაკლებენ. არასწორი იყო, როცა ამ კლასებში ისწავლებოდა სპორტი და არა ფიზიკური აღზრდა, აქამდე სკოლები ერთ რომელიმე მიმართულებას ირჩევდნენ, ამიტომ იყო, რომ მოსწავლეების ნაწილი არ ესწრებოდა ამ გაკვეთილებს, ამ შემთხვევაში კი ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები იქნება სხვადასხვა აქტივობაზე მორგებული, მხიარული სტარტების მსგავსი და ყველა მოსწავლეს შესაძლებლობა ექნება პროცესში ჩაერთოს.

ხშირია კრიტიკა იმას გამოც, რომ განათლების რეფორმა არათანმიმდევრულია, ცვლილებების მიზანი კი – ბუნდოვანი. რას უპასუხებთ ამაზე?

არ ვიცი, რომელ ცვლილებებს გულისხმობენ. თუ სქემაზეა საუბარი, ვფიქრობ, სქემას არ დაუკარგავს თავისი მიზანი. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი რომელიმე კოლეგა სკოლაში ყოფნას არ იმსახურებს, ამისთვის არსებობს შეფასების ინსტრუმენტები და სუბიექტურ მოსაზრებას არ უნდა დავეყრდნოთ. ჩვენ ვგეგმავთ ბარიერების მოხსნას მასწავლებლის პროფესიაში შესასვლელად და გვაქვს ბევრი სხვა ცვლილება, სადაც გათვალისწინებულია სპეცილისტების აზრი.

 

 

 

 

 

20 წლის ბიჭი თბილისიდან დაცლილ თუშეთს უბრუნდება

გიორგი სეხნიაიძე 20 წლის თუშია, წლების წინ დაინტერესდა თუშეთის მცენარეების სამკურნალო თვისებებით. შეიტყო, რომ გვირილას, ბეგქონადარას, თავშავას, დეკასა და სხვებს სასიამოვნო გემოს გარდა ადამიანისთვის ჯანმრთელობაც მოაქვს. გადაწყვიტა შეეგროვებინა ყველა მცენარე, რომლებისგანაც  თუშეთში ყოველდღიურად ამზადებენ ნაყენს და ბარის ადამიანებამდე ცხელი სასმლის სახით მიეტანა თუშეთის მთების არომატი.

თავიდან მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, შენაქოში, მის სახლში მოსულ უცხოელ ტურისტებს დაეგემოვნებინათ თუშური ჩაი. დააკვირდა, რომ ყველას მოსწონდა და გადაწყვიტა ბარშიც შეეთავაზებინა დეკის, გვირილის, თავშავას, კრაზანასა და ბეგქონდარას ჩაი.

18 წლის იყო გიორგი, როცა დედასთან ერთად 2016 წელს მცენარეების შეგროვება დაიწყო. შესაფუთი მასალებიც შეიძინა, რომელზეც ამ მცენარეების სამკურნალო თვისებებია დატანილი და თბილისის სუპერმარკეტებში, ტურისტულ ზონებში დაიწყო ჩაის დარიგება.

გიორგი თბილისში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს, მუშაობს და ჩაი „უშაროს“ აწარმოებს. დედისერთაა. მას და დედას, ნანო სეხნიაიძეს, საქმე განაწილებული აქვთ: დედა ჩაის კრეფს, აფასოებს და ფუთავს, გიორგი – მარკეტინგულ ნაწილზე ზრუნავს.

გიორგის თქმით, მცენარეების კრეფისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, აუცილებელია მაკრატლით მოიჭრას მცენარის ახალწამოსული ყლორტები, რომ ფესვიანად არ ამოიძირკვოს. ასევე სასურველია შეძლებისდაგვარად სხვადასხვა ადგილას დაიკრიფოს მცენარე ყოველ სეზონზე, რომ ერთსა და იმავე ნაკვეთზე კრეფის გამო არ გადაშენდეს.

ფოტოზე: გიორგი სეხნიაიძე

გიორგის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც თუშეთს უკავშირდება. ამბობს, რომ მისი წინაპრები დიდი ხნის წინ დასახლდნენ თუშეთში, შენაქოში და პაპის პაპების ამბებს ჰყვება:

„მერვე-მეცხრე თაობის თუში ვარ. ჩემი წინაპარი შენაქოში გადმოსულა საცხოვრებლად. თუშური წესების მიხედვით, აქ გადმოსულ ადამიანს სოფელში მაშინვე არ ადგმევინებდნენ სახლს, სამი წელი სოფლის განაპირას უნდა ეცხოვრა ახალმოსულს. შენაქოსა და ომალოს შორის ხევი ყოფილა, სადაც კოშკი იდგა, სიყვარულის კოშკს ეძახდნენ, იქ უცხოვრია ჩემს  წინაპარს, შენაქოელი ქალი შეურთავს ცოლად. სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ თუშები ახალმოსულ სტუმარს, ამ დროის განმავლობაში თეთრი მოზვერი უნდა გაეზარდა და დაეკლა, ნიშნად იმისა, რომ მის გადმოსახლებაში ღვთის ხელი ერია. მერე რომელიმე თუშურ გვარს უნდა დანათესავებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა სოფლის მკვიდრად და ხმასაც ვეღარავინ გასცემდა, ასეთი ყოფილა მაშინდელი წესი.

ერთხელ შენაქოელებს ბრძოლა ჰქონიათ და ჩემი წინაპრისთვის, როგორც უცხოსთვის არ დაუძახნიათ, თავისით წასულა და თავიც გამოუჩენია. ამის შემდეგ თემის ნამდვილ წევრად მიუღიათ“, – ჰყვება გიორგი.

მათი სახელები არ ახსოვს, მაგრამ იცის რომ, პაპის პაპა სეხნიაიძე ლადო იყო. როგორც თვითონ ამბობს, „დიდ პაპა ლადო სეხნიაიძე” ფოტო ბიძისგან აქვს სახსოვრად. ლადო პაპა ფოტოზე მარცხნიდან პირველია.

ფოტოზე: თუში პაპები

თუშეთი ახლა დაცლილია. როგორც გიორგი გვეუბნება, შენაქოში სულ სამი ადამიანი ცხოვრობს მუდმივად, მთელ თუშეთში კი, როგორ თუშეთში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი, ლადო კახოიძე ამბობს,  მუდმივად მცხოვრები, ზამთარსაც თუშეთში რომ ატარებს, ასეთი წელს მხოლოდ 22 კაცი იყო.  60-იანი წლების ფოტოზე ჩანს, რომ ამ პერიოდში სოფელი შენაქო ცოცხლობდა და სახლებიც საცხოვრებლად  გამართული იყო.

ფოტოზე: 60-იოანი წლების შენაქო/გიორგი სეხნიაიძის ფოტოარქივიდან

უკვე ერთი წელია, რაც თუშეთში კვირაში ერთხელ დაფრინავს ვერტმფრენი, არის ინტერნეტიც, რამაც ადამიანებს გაუადვილა ყოფა: თუ ზამთრიდან მოყოლებული ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში თუშეთთან კავშირი წყდებოდა, ახლა იქ მყოფებს მუდმივი კავშირი აქვთ ახლობლებთან.

20 წლის გიორგის საოჯახო სასტუმროსა და კაფეს მოწყობის გეგმაც აქვს, ამისთვის პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გრანტი მოიპოვა და შენაქოს მამაპაპისეული სახლი აგვისტომდე უნდა შეაკეთოს, გაალამაზოს. მისი გათვლებით, ივლისის ბოლოდან თუშეთში უკვე საკუთარ სასტუმროსა და კაფეში უმასპინძლებს უცხოელ ტურისტებს.

ფოტოზე: გიორგი სეხნიაიძის სახლი თუშეთში, შენაქო

ჩაიზე ნელ-ნელა მოთხოვნა იზრდება და როცა გიორგის დედა, ნანო სეხნიაიძე, მცენარეების კრეფასა და შეფუთვას ვერ უმკლავდება, მკრეფავ-შემგროვებლებს ქირაობენ თუშეთში. გიორგიმ 2017 წელს ასე დაასაქმა თუშეთში ზაფხულის სეზონზე სამი ადამიანი.

თუშური ჩაის შესახებ უცხოელი ტურისტები ფესტივალებიდანაც იგებენ, ახლაც შაბათ-კვირას, 21-22 აპრილს, მთაწმინდის ჩაის ფესტივალი იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ჩაისთან ერთად თუშური სურნელიც დატრიალდება.

ფოტოზე: გიორგი სეხნიაიძე ჩაი ,,უშაროს” დახლთან, ერთ-ერთ ფესტივალზე

20 წლის გიორგი მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში გაუმართლა, აკეთებს იმას, რაც მოსწონს და ყველა საქმიანობა საოცნებო ადგილს – თუშეთს უკავშირდება. თუშეთის სივრცითი დაგეგმარების პროექტშია ჩართული, რაც ბევრ რამეს გულისხმობს, მათ შორის 12 სოფლის განაშენიანების გეგმის დამუშავებას, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა-ძიებას, აღწერას და ა.შ.

გიორგის საოცნებო მომავალი თუშეთია. „ჯერ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი და სამსახურია. სწავლას რომ მოვრჩები, ერთი წლის შემდეგ, თუშეთში  ვაპირებ დასახლებას, იქ ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ, სხვანაირად გრძნობ თავს, თუშისთვის ბარი ჯოჯოხეთია… გაუქმებული და დატოვებული სახლიდან რომ კვამლი ამოვა, მეტი რა უნდა ვინატრო? ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს გიორგი.

ცოტა ხნის წინ ბათუმს ესტუმრა. აქ შეხვდა პირველად ზღვას, როცა ვკითხე, რას ნიშნავდა თუშისთვის ზღვასთან პირველი შეხვედრა-მეთქი, მიპასუხა: „ბევრი წყალია ერთად დაგროვილი და მოძრაობს, სხვა რაო“, თან იცინოდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ თუშები ბევრს არასდროს ლაპარაკობენ და ვერავინ გაიგებს სინამდვილეში რას ფიქრობს მთის ხალხი ზღვაზე.

საკრებულოს სხდომათა დარბაზს ლუკა ასათიანის სახელი მიენიჭება

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის დღეს გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც სხდომათა დარბაზისთვის ლუკა ასათიანის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.

განკარგულების პროექტი, ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი აბრის – „ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი“ – შესასვლელ კარზე განთავსებასა და სხდომათა დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე ლუკა ასათიანის პორტრეტის გამოფენას.

ბათუმის პირველი ქალაქისთავი - ლუკა ასათიანი
ბათუმის პირველი ქალაქისთავი – ლუკა ასათიანი

კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის განცხადებით, „1901 წელს, როდესაც ლუკა ასათიანი გარდაიცვალა, მაშინდელი ქალაქის სათათბიროს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბათუმის სათათბიროს სააქტო დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე გამოფენილიყო ლუკა ასათიანის პორტრეტი და შემდეგში ეს გადაწყვეტილება აღასრულეს კიდეც. ჩვენ ვეცადეთ, გაგვერკვია ამ პორტრეტის ბედი, თუმცა, ჯერჯერობით, ხელმოსაჭიდ წყაროებს ვერ მივაკვლიეთ. ვფიქრობთ, რომ სხდომათა დარბაზისთვის ლუკა ასათიანის სახელის მინიჭება და დარბაზში მისი პორტრეტის განთავსება, ბათუმის წინაშე მისი ღვაწლის დაფასების კიდევ ერთი დადასტურება იქნება, მით უმეტეს, რომ 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსის მინიჭებიდან 130 წელი უსრულდება. თუკი საკრებულო ამ საკითხზე მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, 28 აპრილს აბრა დარბაზის კარზე განთავსდება, ხოლო, რაც შეეხება პორტრეტს, აპარატი და კომისია მოიწვევს დარგის სპეციალისტებს და გადაწყდება, ვინ უნდა შექმნას ლუკა ასათიანის პორტრეტი“.

აღნიშნული განკარგულების პროექტის ინიციატორი განათლების, კულტურის, ტურიზმისა და  სპორტის საკითხთა კომისიაა, ხოლო პროექტის ავტორი – ბათუმის საკრებულოს აპარატი.

განკარგულების პროექტს ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილს, მორიგ სხდომაზე განიხილავს.

1 მილიონზე მეტი ვიზიტორი ბათუმის კაზინოებში და 39 მილიონი ლარი ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 

2017 წელს აჭარაში მოქმედ სამორინეებში ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამურად 1 მილიონ 96 ათასი კაცი შეადგინა, რაც 668 560-ით [61%] მეტია წინა წელთან შედარებით. ვიზიტორთა 68% [745 280] უცხო ქვეყნის, დანარჩენი [32%] კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. ამ მაჩვენებლებს რეგიონში მოქმედი სამორინეებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

2017 წელს აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ფუნქციონირებდა 9 სამორინე. აღნიშნული სამორინეების მიერ ბათუმის ბიუჯეტში გადახდილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ჯამურმა თანხამ შეადგინა 24,1 მილიონი ლარი. მთლიანობაში კი, ბათუმის ბიუჯეტში, გასულ წელს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 30 მილიონ 630 ათას 200 ლარი შევიდა.

2017 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალურ ბიუჯეტში ჩარიცხულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა შეადგინა 555 700 ლარი, ხოლო ქობულეთის მუნიციპალურ ბიუჯეტში – 129 100 ლარი.

2017 წელს აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში რეგიონში მოქმედი სამორინეების მიერ გადახდილია 7,7 მილიონი ლარი.

მთლიანობაში, გასულ წელს, სათამაშო ბიზნესიდან გადახდილმა თანხამ აჭარაში 39 015 000 ლარი შეადგინა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სათამაშო ბიზნესი ბიზნესსექტორის ნაწილია, რომელსაც რეგიონის ეკონომიკისათვის გააჩნია
ფისკალური, საინვესტიციო, ტურიზმის ხელშემწყობი, დასაქმებითი და ზოგადეკონომიკური ეფექტები:

„საქართველოში, საკუთრივ კი აჭარის რეგიონში, სათამაშო ბიზნესს გააჩნია შემდეგი უპირატესობები:-

[checklist]

  • სათამაშო ბიზნესის ხელშემწყობი კანონმდებლობა
  • ნაკლები რეგულაციები და შეზღუდვები ბიზნესში
  • მეზობელ ქვეყნებში არსებული აკრძალვა სათამაშო ბიზნესზე
  • ლიბერალური სავიზო პოლიტიკა
  • მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესგარემო.“

[/checklist]

აჭარის მთავრობა ზღვისპირას მიწის ნაკვეთებს ყიდის

აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვში, ზღვასთან ახლოს, 363 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 21 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 500 ლარი. მთავრობის ინფორმაციით, საუკეთესო წინადადებად ჩაითვლება გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, გასაყიდ ფართობზე ჩაქვში, ნინოშვილის #2-ში, დაწყებულია მშენებლობა.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მთავრობა 18 კვადრატულ მეტრ არსასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ყიდის, ასევე, გონიოს დასახლებაში, ზღვასთან ახლოს. პირობებში მითითებულია ასევე, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კერძო მესაკუთრის შენობის ნაწილი. ქონების საწყისი ფასი 7000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 150 ლარი.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ ბიუჯეტში გასულ, 2017 წელს, მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 25 მილიონ 516 ათას 900 ლარი შეადგინა.

სარჩელი საპოლიციო კონტროლის წესების შესაცვლელად

სარჩელი საპოლიციო კონტროლის წესების შესაცვლელად საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეებმა მარიამ ბეგაძემ და გურამ იმნაძემ შეიტანეს. ისინი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სამართლებრივი ნორმების არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვენ, რომლებიც ქვეყანაში პოლიციურ კონტროლს ადგენს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ არსებული მოდელი სახელმწიფოს მხრიდან პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას უშვებს.

„პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალური საპოლიციო კონტროლი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია, ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა“; „სპეციალური საპოლიციო კონტროლი არის პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, აგრეთვე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ტერიტორიაზე და სათანადო დროით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად განხორციელებული შემოწმება…“ – ეს კანონის ის მუხლია, რომელსაც მოსარჩელეები სადავოდ ხდიან.

საკონსტიტუციო სარჩელში გურამ იმნაძე და მარიამ ბეგაძე აღნიშნავენ, რომ „ამ ღონისძიების გამოყენება ქმნის ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის გადამეტების საფრთხეს.“

„სადავო ნორმები პრობლემურია, რადგან ის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევას უშვებს თანაზომიერების პრინციპის უგულებელყოფით, კერძოდ, არ ითვალისწინებს საპოლიციო უფლებამოსილების შეზღუდვის რაიმე ფორმას სამართლებრივი საფუძვლით, საფრთხის სერიოზულობით, სივრცით, დროით,“ – წერენ მოსარჩელეები.

სარჩელში მითითებულია, რომ 2016-2017 წლებში სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიება ცხრაჯერ განხორციელდა და ცხრავე შემთხვევაში ღონისძიება გავრცელდა მთლიანად საქართველოში. ორი წლის განმავლობაში გამოყენებული საპოლიციო კონტროლის ღონისძიებების ხანგრძლივობა 2-3 დღემდე მერყეობდა.

მოსარჩელეები სადავოდ ხდიან გარემოებას, რომ საპოლიციო კონტროლის დასაწყებად საკმარისია იმის ვარაუდი, რომ ჩადენილია, ან ვინმე დანაშაულის ჩადენას აპირებს.

„სპეციალური საპოლიციო კონტროლის დაწყების საფუძველს წარმოადგენს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა. თავად ამ სტანდარტის განმარტება მოცემულია ამავე კანონში: „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის – ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად“.

ეს ნიშნავს, რომ დანაშაულთან/სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის ვრცელდება არა კონკრეტული პირების, არამედ ტერიტორიის მიმართ. კერძოდ, რომელიმე ტერიტორიაზე შესაბამისი ვარაუდის შემთხვევაში, ამ ადგილას მოხვედრილი თითოეული პირი დაექვემდებარება განსაკუთრებული რეჟიმს. საკმარისი საფუძვლის ეს განმარტება გულისხმობს ობიექტური დამკვირვებლის დაკმაყოფილებას, ნებისმიერი დანაშაულის ან სამართალდარღვევის ჩადენის/საფრთხის შესახებ. ამდენად, სპეციალური საპოლიციო ღონისძიების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს არა კონკრეტული პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის, არამედ ზოგადად დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ ვარაუდი რომელიმე ტერიტორიასთან მიმართებით,“  – ვკითხულობთ  კონსტიტუციურ სარჩელში.

მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ ევროპულ პრაქტიკაზე, სადაც მიჩნეულია, რომ „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ისე არ უნდა იყოს გამოყენებული, რომ საგამოძიებო ორგანოების საქმიანობა „თევზაობას“ დაემსგავსოს.“

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Shimovolos v. Russia, პირის თავისუფლების უფლებაზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ დაუშვებს ზოგადი პრევენციის პოლიტიკას პირის ან პირთა კატეგორიის მიმართ, რომელთაც ხელისუფლება, სწორად თუ არასწორად, საფრთხის შემცველად, ან დანაშაულისადმი მიდრეკილად აღიქვამს. სასამართლოს განმარტებით, პრევენციული მოქმედებები, როგორიცაა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების შემოწმება, გასაუბრება და პოლიციის განყოფილებაში ერთი საათით დაყოვნება, კონვენციით დაშვებულია მხოლოდ კონკრეტული, სპეციფიკური დანაშაულის აღსაკვეთად.

 

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა აჭარაში პოპულარულ ტურისტულ ადგილზე [ფოტო]

აჭარის მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მახუნცეთის ჩანჩქერია. მახუნცეთში ტურისტების სიმრავლე წლის ნებისმიერ სეზონზე შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მოუწესრიგებელია ჩანჩქერისა და „თამარის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორია, გზები და ბილიკები.

მახუნცეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ქედის მერია საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს – გასულ წელს 680 ათასი, ხოლო წელს 450 ათასი ლარია გამოყოფილი.

ქედის მერის მოადგილე, როლანდ ბერიძე ამბობს, რომ „თამარის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ხელშეკრულებით 3 ივნისამდე დასრულდება. რაც შეეხება პარკს, მერის მოადგილის თქმით, თაღისა და მიმდებარე ტერიტორიის მოსაწერიგებლად მერია პროექტზე მუშაობს – თამარის ხიდის მიმდებარედ არსებულ კიბეს არემონტებენ, აწყობენ პანდუსსა და გარე განათებას.

„ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადებული გვაქვს, ასევე მოეწყობა ორსართულიანი შენობა, რომლის მეორე სართულზე თემის რწმუნებულის ოფისი განთავსდება. პირველი სართული ღია სივრცეს დაეთმობა, სადაც შესაძლოა საგამოფენო სივრცე ან სავაჭრო ცენტრი მოეწყოს.

ხე-მცენარეები და ბალახები „კომუნალურსერვისმა“ მოცელა და ამ წუთისთვის გატანილია. რაც შეეხება პარკის კეთილმოწყობას, საპროექტო დავალება მიცემული მაქვს და დაახლოებით 30 აპრილს გვექნება პარკის განვითარების პროექტი. აქ ისეთი პარკი უნდა მოეწყოს, რომ არ დასჭირდეს შემდგომში გადაკეთება და რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის. წინასწარი გათვლებით, პარკის მოწესრიგებას ნახევარი მილიონი ლარი დასჭირდება, რასაც პროექტის დამუშავების შედეგ მოვიძიებთ“. – ამბობს როლანდ ბერიძე.

მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია. ეკა ბარამიძის ფოტო
მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია. ეკა ბარამიძის ფოტო
მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია. ეკა ბარამიძის ფოტო
მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია. ეკა ბარამიძის ფოტო
მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია. ეკა ბარამიძის ფოტო

 

სესხის დამტკიცებაზე SMS შეტყობინებაში საპროცენტო განაკვეთის მითითება სავალდებულო იქნება

მიმდინარე წლის 14 მაისიდან თუ თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ დაგიმტკიცდათ სესხი, სავალდებულოა, რომ ამ შეტყობინებაში ასევე იყოს მითითებული ამ შეთავაზების წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.

თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ დაგიმტკიცდათ 1000 ლარი სესხი:

ამ შეტყობინებას 14 მაისიდან აუცილებლად უნდა ახლდეს ასევე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია.

მაგალითად:

თქვენ იღებთ სესხს 1000 ლარის ოდენობით ერთი წლით, წლიური საპროცენტო განაკვეთი – 20%, ყოველთვიური შენატანი – 92,63 ლარი, სესხის გაცემის საკომისიო – 2% [20 ლარი]. ამ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის – 26,9%.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის სხვა მაგალითები იხილეთ ბმულზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით მომზადდა ცვლილებები „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“, რომელთა გათვალისწინებაც ფინანსურ ორგანიზაციებს 2018 წლის 14 მაისიდან მოუწევთ.

ამ ცვლილებების მიხედვით, გამკაცრდა მომხმარებლის ინფორმირების მოთხოვნები სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტების შეთავაზებისას. კერძოდ, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ.

აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება, მათ შორის, ისეთი დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით პროდუქტის შეთავაზებაზე, როგორიცაა, მაგალითად, ინტერნეტ-ბანკი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკები და ბანკომატები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა.შ.

„ცვლილებამდე მოქმედი რედაქციით, ამგვარი ვალდებულება ფინანსურ ორგანიზაციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუ შეთავაზებაში პროდუქტის ფასის განმსაზღვრელ ნებისმიერ პარამეტრს მიუთითებდნენ“ – აცხადებს ეროვნული ბანკი – „ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის დისტანციური კომუნიკაციის საშუალებებით ხელშეკრულებების დადების წესი, რაც, მათ შორის, გულისხმობს მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და შეთავაზების პირობების წინასწარ მიწოდებასა და ამ ინფორმაციის შემდგომ ხელმისაწვდომობას, ასევე მომხმარებელთან ზეპირი კომუნიკაციის სტანდარტებს“.

ბანკის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად ასევე, დაზუსტდა ხელშეკრულების ფორმების ნიმუშები მათი შინაარსის უფრო ცხადად გამოხატვისა და მომხმარებლის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით.

ამინდის პროგნოზი: ბათუმში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 20-21 აპრილს ბათუმში დროგამოშვებით იწვიმებს.

იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი  
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში კვირას, 22 აპრილს გამოიდარებს.

ბოლო მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა 12 გრადუსია.

_______________

თორნიკე თავაძის ფოტო 

წაბლანის ტრაგედია – მეწყერში დამარხული სოფლის ისტორია

წაბლანის ტრაგედიის შემდეგ. 1990. უჩა ოქროპირიძის ფოტო. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”

1989 წლის 19 აპრილს აჭარის მაღალმთიან სოფელ წაბლანაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად  23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.

მაშინდელმა ხელისუფლებამ წაბლანელები ბათუმში, სხვაადსხვა პანსიონატში შეასახლა იმის პირობით, რომ მათთვის საცხოვრებელს გამოყოფდა.

პანსიონატებში შეხიზნული წაბლანელების პრობლემის მოგვარებაზე არც ერთმა ხელისუფლებამ არ იმუშავა.

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მხოლოდ 2015 წელს გამოუყეს ნიწის ნაკვეთი ბათუმში.

შეიქმნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა – „წაბლანა 2015“- ს, რომლის წევრი სოფელ წაბლანაში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ოჯახია, რომელთაც აჭარის მთავრობამ სამი წლის წინ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, 5001 კვ.მ მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო 1 550 000 ლარი გამოუყო.

საცხოვრებელ სახლში, რომელიც ტაბიძის ქუჩაზე, 7/9-ში მდებარეობს, დაახლოებით 456 ბინა მოეწყობა, რომლებიც 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2ბილდინგი“ აწარმოებს. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ის 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართობის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 26 მარტს დაიწყო და 25 აპრილამდე გრძელდება.

აჭარის მაღალმთიანეთში კვლავ რჩება მეწყერსაშიში ზონები, სადაც მოსახლეობა საფრთხის ქვეშაა. მთავრობის პროგრამის ფარგლებში მათი განსახლება უსაფრთხო ადგილებში ეტაპობრივად ხორციელდება.

წაბლანელთა უფლებების დასაცავად მიტინგი/ წაბლანელები ბინით დაკმაყოფილებას ითხოვენ. უჩა ოქროპირიძის ფოტო. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”
სტიქიით დაზარალებულ წაბლანელთა ჭირისუფალნი. 1990. უჩა ოქროპირიძის ფოტო. წყარო: ციფრული ბიბლიოთეკა “ივერიელი”

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/42118/

ბინები დაზარალებული წაბლანელებისთვის

„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“ – წაბლანელების აქცია

 

წაბლანის სტიქიას გადარჩენილი

 

 

ყოფილი სამხედროს თვითმკვლელობა და დაპატიმრების ახალი სერია თურქეთში

თურქული მედიის ცნობით, 17 აპრილს, თურქეთში, ქალაქ იზმირში, თავი მოიკლა ყოფილმა სამხედრო პირმა, ფატიჰ უგურმა. იგი ყოფილი ლეინტენანტია, რომელიც სამსახურიდან დაახლოებით ორი თვის წინ დაითხოვეს, მას შემდეგ, რაც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ „ფეტოსთან“ დაკავშირებული გამოძიების გამო დააკავეს.

ყოფილი სამხედრო, 17 აპრილს, გვიან საღამოს მივიდა შენობასთან, სადაც ადრე მუშაობდა, მცველს სამსახურეობრივი იარაღი წაართვა და ტყვია დაიხალა. იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

ამ ფაქტის პარალელურად, თურქეთში, „ფეტოსთან“ დაკავშირებული დაკავებების სერია გრძელდება. თურქული მედია ოფიციალურ ანკარაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროკურატურის ვერსიით, საჰაერო ძალების სამხედრო პირებს  კავშირი ჰქონდათ ე.წ. „იმამების დაჯგუფებასთან“, რომელიც თავის მხრივ „ფეტოსთან“ არის კავშირში.

გამოძიების შედეგად დააკავეს ათეულობით სამხედრო პირი, მათგან 16 პოლკოვნიკი და 9 ვიცე-პოლკოვნიკი. დაკავებულთა სასამართლო პროცესები ანკარაში და თურქეთის სხვა ექვს ქალაქში გაიმართება.

Тurkeypurge.com-ის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით თურქეთში 64 998 ადამიანია დაკავებული, მათი უმრავლესობა სამხედრო პირია. დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტები, მასწავლებლები, აკადემიკოსები, მოსამართლეები და ა.შ.

____________________

2016 წლის ივლისში თურქეთში სამხედრო ძალებს გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ ძალების უკან მუსლიმი იმამი ფეთულა გიულენი და მისი ორგანიზაცია „ფეტო“ დგას.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო „ფეტოსთან“ კავშირისა და ტერორიზმში მონაწილეობის ბრალდებით.

ადამიანების უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა თურქეთი არაერთხელ გააკრიტიკეს დაპატიმრებების პროცესში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო.

___________________

მთავარი ფოტო: EPA/STR 

ხუთი რობოტი, რომელიც შეგიძლიათ 300$-ის ფარგლებში გამოიწეროთ

რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა რობოტები მხოლოდ შორეული მომავლის პერსპექტივა იყო, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც 30-100 დოლარად, ონლაინ შოპინგის მეშვეობით, პერსონალურ რობოტს შეიძენდა. ახლა ეს სავსებით შესაძლებელია.

ჩვენ ხუთი პატარა რობოტი მოვძებნეთ, რომელთა ფასიც 300 დოლარამდეა. რა თქმა უნდა, ისინი ადამიანის აღნაგობისა არ არიან, თუმცა უნარებითა და ფუნქციურობით – ჩვენი გართობა და დახმარებაც შეუძლიათ.

1. WowWee-ს რობოტი ძაღლი CHiP-ი

თუ ძალიან პატარა ბინა გაქვთ, ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო სახლში ძაღლის ყოლა არ შეგიძლიათ, შესაძლოა თქვენ ან თქვენმა შვილებმა რობოტი CHiP-ი დაიმეგობროთ. ამ რობოტს შეუძლია გადაადგილდეს, შემოგეგებოთ სახლში მოსულს, გამოხატოს ალერსი, გაგიხახუნოთ ცხვირი, ზოგჯერ დაგიყეფოთ კიდეც და, უბრალოდ, გახდეს თქვენი მეგობარი. CHiP-თან კომუნიკაცია ხდება სპეციალური სამაჯურის საშუალებით.

ახალი CHiP რობოტი Amazon-ზე 200-250 დოლარი ღირს, მეორადი კი 100 დოლარის ფარგლებში.

WowWee CHiP Robot Toy Dog || Shopping on amazon

 2. Appbot Riley 2.0 –რობოტიზირებული დაცვა თქვენი სახლისთვის

ეს რობოტი სიგნალიზაციისა და სახლის სათვალთვალო კამერების ალტერნატივაა. wifi-სთან კავშირის საშუალებით Riley მოგზაურობს სახლში, იყენებს ღამის ხედვის კამერას და მოძრაობის დეტექტორებს, რათა დაიჭიროს ნებისმიერი საეჭვო აქტივობა და გამოაგზავნოს განგაშის სიგნალი თქვენს მობილურ ტელეფონზე. რობოტს ასევე გააჩნია შიგნით ჩაშენებული მიკროფონი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოისმინოთ თუ რა ხდება სახლში.
Appbot Riley 2.0-სი ფასი 170 დოლარამდეა.

 

Appbot Riley Ad on Indiegogo

3.  Cue – რობოტი ხასიათით

25 სანტიმეტრის სიმაღლის Wonder Workshop-ის რობოტი Cue აღჭურვილია ემოციური ინტელექტით, რომელსაც ავატარების მიხედვით “ხასიათები” (მამაცი, გიკი ან მომხიბვლელი) და შესაძლებლობები შეგიძლიათ შეურჩიოთ.

Cue CleverBot-ს ეკონტაქტებით ტექსტური შეტყობინებებით, მას შეუძლია გიპასუხოთ ხუმრობებით, მახვილგონივრული პასუხებითა და მემეებითაც კი. Cue მუშაობს iOS-თან, ანდროიდთან და Kindle Fire HD (8, 10)-თან.

ამ რობოტის შეძენა  Amazon-ზე, 200 დოლარადაა შესაძლებელი.

Meet Cue Robot | Wonder Workshop

 4. Anki-ს Cozmo – პატარა რობოტი ემოციებით

პატარა, მომხიბვლელი და ჭკვიანი რობოტიზირებული მეგობარი, რომელიც იკვლევს, იმახსოვრებს, გეთამაშებათ და ძალიან საინტერესოდ რეაგირებს მის ირგვლივ არსებულ გარემოზე.
მოწყენილობის დროს შეგიძლიათ მას თამაშებში შეეჯიბროთ და დააკვირდეთ მის ბრაზიან ემოციებს წაგების დროს. Cozmo-ს თვალები მუშაობს როგორც პატარა ვიდეოკამერები, ასე რომ ზოგჯერ შეგიძლიათ მობილური ტელეფონით დააკვირდეთ გარემოს, მისი პერსპექტივიდან.

ცოტათი რთული ასახსნელია თუ რა არის Cozmo. მისი შემქმნელების შეფასებით Cozmo არის ხელოვნური ინტელექტის მქონე პატარა რობოტიზებული მანქანა, რომელსაც აქვს ხასიათი და თუ საკმარის ყურადღებას არ მიაქცევთ, გაღიზიანდება და გაგიწყრებათ კიდეც. იგი ცოტათი Pixar-ის wall-eს ჩამოჰგავს.

Cozmo-ს აპლიკაცია ერგება iOS-სა და Android-ს. Cozmo-ს ფასი Amazon-ზე 170-დან 250 დოლარამდეა.

COZMO - World's Cutest Robot With Emotions

5. რობოტი-მტვერსასრუტი Roomba 690

IRobot-ის Roomba 690 შეგიძლიათ გააკონტროლოთ მობილური ტელეფონიდან wifi-ს საშუალებით, ასევე მიამაგროთ Amazon Alexa-ს.

ჭკვიანი სენსორების საშუალებით რობოტი წმენდს ავეჯის ქვეშ, მოძრაობს მის ირგვლივ, რათა სრულად მოასუფთავოს იატაკი. Roomba-ს ფილტრები ეფექტურად იჭერენ სხვადასხვა ნამცეცსა და წვრილ მტვერსაც კი.

რობოტი ავტომატურად ახდენს თავისი სიმაღლის ადაპტირებას ხალიჩებისა და მყარი იატაკების უფრო ეფექტური წმენდისთვის. თქვენ შეგიძლიათ მობილური აპლიკაციის საშუალებით მართოთ იგი სახლში მიუსვლელადაც. ასევე დააპროგრამოთ იგი ყოველდღიურ წმენდაზე, ასეთ რეჟიმში Roomba-ს შეხსენებაც არ დასჭირდება იატაკის დასასუფთავებლად.

წმენდის დროს, Roomba-ს შეუძლია ამოიცნოს და დაიმახსოვროს ის ადგილები, სადაც განსაკუთრებულად დაბინძურებულია იატაკი. რობოტს შეუძლია თავისით ჩაირთოს თავი ელემენტის დამტენ სადგურში და წმენდა გააგრძელოს მას შემდეგ, როცა ელემენტები კვლავ სავსე ექნება.

IRobot-ის უახლესი მოდელის Roomba – რობოტების ფასი 700 დოლარამდეა,  Roomba 690კი  Amazon-ზე 299 დოლარად  შეგიძლიათ შეიძინოთ.

Cleans hard, so you don’t have to | Roomba® 600 series | iRobot®

ბათუმის მერი: უკანონო მშენებლობის „გაპრავება“ აღარ მოხდება

უკანონოდ აშენება-მიშენების ფაქტები ბათუმში ისევ ხშირია. ასეთი მშენებლობები მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაფრთხილებისა და დაჯარიმების მიუხედავად მაინც გრძელდება. ბათუმში ამ დრომდე არსებული პრაქტიკით კანონდამრღვევი მოქალაქეები და სამშენებლო კომპანიებიც იმედოვნებენ, რომ უკანონოდ აშენებულ ფართობებს მერია მოგვიანებით დააკანონებს. მსგავსი ფართობების დაკანონების შესაძლებლობას კანონმდებლობა მერიას აძლევს, შესაბამისი პროექტის წარდგენის შემთხვევაში.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე არ უარყოფს, რომ პრობლემა აქტუალურია და მერიას მისი გადაჭრის კომპეტენცია შეზღუდული აქვს:

„კონკრეტულ მშენებლობებზე ზედამხედველობისა და მუნიციპალიტეტის კომპეტენციები შეზღუდულია. ჩვენ ვმოქმედებთ და ვრეაგირებთ იმ მოთხოვნების ფარგლებში, რისი უფლებაც გვაქვს. იმისთვის, რომ გავზარდოთ უფლებამოსილება და ჩვენი ინსტრუმენტები გამოვიყენოთ, ამ ინიციატივით მივმართეთ აჭარის უმაღლეს საბჭოს იმისათვის, რომ გაგვიწიონ შუამდგომლობა, საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მუშაობის პროცესში მქონდა ისეთი შემთხვევა, როდესაც მიუხედავად სამჯერ გაფრთხილებისა, მაინც მოახერხა მშენებელმა წვიმიან ამინდში კუსტარულად დაესხა ზედმეტი სართული. მე შემიძლია მის გასაგონადაც და ნებისმიერი სხვა დამრღვევის გასაგონადაც ვთქვა,  რომ არავითარი შემდგომი „გაპრავება“, შემდგომი ჩარჩოებში მოქცევა ასეთი ამბების აღარ მოხდება. ეს არის პრინციპული საკითხი“.

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით დღეს, პეტრას ციხეზე,  ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მათთვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: ,,ჩემი მემკვიდრეობა’’, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია  კულტურული მემკვიდრეობის რაობის, კლასიფიკაციის, მნიშვნელობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური

კვირეულის ფარგლებში გამართული აქტივობები ხელს შეუწყობს აჭარის ტერიტორიაზე არსებული

ისტორიული ძეგლებისა და მუზეუმების პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ცნობიერების გაზრდას. ეს დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.

ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდა.

როგორ შეიცვალა ოჯახების საარსებო მინიმუმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 155 ლარია, მრავალსულიანი [ექვსი და მეტი სულისგან შემდგარი] ოჯახის საარსებო მინიმუმი კი – 412 ლარი.

ერთსულიანი ოჯახების საარსებო მინიმუმი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ 22 ლარითაა გაზრდილი, მრავალსულიანი [ექვსი და მეტი სულისგან შემდგარი] ოჯახების კი – 57 ლარით. ინფოგრაფიკაზე მოცემულია ყოველი წლის პირველი, იანვრის თვის მონაცემები.

ბათუმის მერი არქიტექტურის სამსახურის უფროსს კონკურსით შეარჩევს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მერია 18 ვაკანსიაზე კონკურსს გამოაცხადებს. მისივე ინფორმაციით, ეს გარკვეულწილად შეეხება ყველა სამსახურს „სხვადასხვა რაოდებობებით“, მათ შორის მერმა დაასახელა არქიტექტურის სამსახურიც.

ამ სამსახურის მიმართ მაღალი საზოადოებრივი ინტერესი არსებობს – ქალაქში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები ერთ-ერთი მწვავე კრიტიკის საგანია.

ამ დროისთვის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე მირიან მეტრეველი ასრულებს.  ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მერს უფლება აქვს ერთპიროვნულად დანიშნოს სამსახურის უფროსი. ამის მიუხედავად, ლაშა კომახიძემ არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ისევე როგორც სხვა რამდენიმე ვაკანტური თანამდებობის პირის შერჩევა კონკურსით გზით გადაწყვიტა.

ლაშა კომახიძის თქმით, კონკურსი ასევე შეეხება მუნიციპალური სტრატეგიების მართვისა და რისკების მართვის, აუდიტის, ქონების მართვის, განათლებისა და კულტურის სამსახურებს.  გარდა ამისა, მერიას ვაკანსიები აქვს ადმინისტრაციაშიც:  „ერთი ორი გამონაკლისის გარდა ყველა სამსახურში არის გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები“, –  განაცხადა ლაშა კომახიძემ.

მერი მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებსა და რესტრუქტურიზაციის შესახებ 2017 წლის ოქტომბერშივე, მერის პოსტზე უფლებამოსილების ცნობისთანავე აანონსებდა.  პირველ მარტს ასი სამუშაო დღის შეჯამებისას მერმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მერია გეგმავდა კონკურსის გამოცხადებას ვაკანტურ თანამდებობებზე, კონკრეტული თარიღი მერს არც დღეს დაუსახელებია.

 

 

 

 

ბათუმის მერია ინდუსტრიული საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია ინდუსტრიული საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს. მისივე განმარტებით, ეს იმ პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მერია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს:

„ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში ჩვენ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ეს არის მეწარმეობისა და ინოვაციების სტიმულირება საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობა და ადგილობრივი განვითარების ფორუმების ორგანიზება.“

მერის ინფორმაციით, ბიზნესცენტრისთვის აჭარის  მთავრობამ გონიოს ხიდის მიმდებარედ ხუთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოყო.

„მერიამ უკვე დაიწყო ამ ტერიტორიის დაგეგმარება. აქ პირველ რიგში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადაც მიყვანილი იქნება საწარმოო ქსელები, ეს იქნება 500-დან 1000 კვადრატამდე მეტრის სხვადასხვა საწარმოო ფართობები, სადაც მეწარმეებს შეეძლებათ გახსნან საწარმოები ან გადაიტანონ საკუთარი წარმოება. ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ბიზნესცენტრს, რომელიც კონცენტრაციას გაუკეთებს მსუბუქი მრეწველობის დარგებს.“ – ამის შესახებ ლაშა კომახიძემ დღეს სასტუმრო რადისონში მერიის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში მერია ითანამშრომლებს შესაბამის პროფესიულ ასოციაციებთან, სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან.

გარდა ამისა, მერიის სტრატეგიული გეგმის ნაწილია ადგილობრივი განვითარების ფორუმების ორგანიზება. მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაარსდება ბათუმის მდგრადი ურბანული განვითარების ფორუმი, როგორც ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც აქცენტს გააკეთებს სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხზე, როგორიცაა: სტრატეგიული და ურბანული დაგეგმარება, სატრანსპორტო სისტემების განვითარება, სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება, კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება.

მერის თქმით, ადგილობრივი განვითარების ფორუმები იქნება ინიციატივა უზრუნველყოს სივრცე მულტიდისციპლინარული დიალოგისათვის მდგრად ურბანულ განვითარებასთან, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მერს არ დაუსახელებია თანხის რაოდენობა, რამდენი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან ბიზნესცენტრის მოსაწყობად.

 

 

 

ანსამბლი ,,ელესა“ საერთაშორისო საგალობლების ფესტივალის მონაწილეა

19 აპრილს ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა“ უკრაინაში, ქალაქ ტერნოპოლში, საერთაშორისო საგალობლების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ ტერნოპოლი ბათუმთან დამეგობრებული ქალაქია. სწორედ, ტერნოპოლის საპატიო მოქალაქე – გოჩა არობელიძეა ინიციატორი ფესტივალზე ,,ელესას“ მიწვევის, რომელსაც ქედის მერიამ მხარი დაუჭირა.

ანსამბლი უკრაინაში 21 აპრილამდე დარჩება და იგეგმება სოლო კონცერტების გამართვაც.

ანსამბლს ,,ელესა“ 1996 წელს ეწოდა. მისი განახლებული შემადგენლობა კი 2011 წლიდან არსებობს. ხელმძღვანელი ირაკლი სირაბიძეა, ლოტბარ-კონსულტანტი კი – ტარიელ მამალაძე. ანსამბლი 12 წევრისაგან შედგება, მათ შორის არიან ხანდაზმული წევრები: ნოდარ გორგაძე, ნოდარ კახიძე და როსტომ ბერიძე.

ქედის „ელესა“

 250 ლარი – ივანიშვილის ხეზე ასვლის ფასი 

მოსამართლე სალიხ შაინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები: სოლომონ ბაჯელიძე და რევაზ ხარაზი 250-250 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ეს ორი პირი ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად მიიჩნია. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი გიგანტური ხის გადატანის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძეს პოლიციელებმა: მერაბ მოწყობილმა და რამინ ადუაშვილმა უთხრეს, რომ სოლომონ ბაჯელიძემ ხესთან ავტომანქანით ჩახერგა გზა, რეზო ხარაზი – ხეზე აძვრა და ამით “პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა”.

გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარეებს შორის პაექრობა გაიმართა.

“ეს იყო მშვიდობიანი აქცია და დასადგენია, რამდენად კანონიერი იყო პოლიციელის მოთხოვნა,” – აღნიშნა პაატა დიასამიძემ, საიას იურისტმა. ეს ორგანიზაცია დაკავებულების ინტერესებს იცავდა.

“ის აქცია თუ მშვიდობიანი იყო, არ ვიცი… ხალხი უყურებდა ამ ყველაფერს,” – თქვა პოლიციელმა.

პაატა დიასამიძემ, საიას იურისტმა, ასევე აღნიშნა, რომ სოლომონ ბაჯელიძე უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის ავტომანქანის გადაყენებას სთხოვდა პოლიციელი, რევაზ ხარაზი კი მაშინვე ჩამოვიდა ხიდან, როცა პოლიციელმა ეს მოითხოვა.

“რევაზ ხარაზი მოძრაობაში მყოფ ხეზე ავიდა და ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, მაინც განაგრძობდა თავის საქციელს”, – დასძინა პოლიციელმა.

მოსამართლემ თქვა, რომ ის ვერ გაარკვევს ამ სხდომის ფარგლებში, რამდენად კანონიერად ხდებოდა გიგანტური ხის ტრანსპორტირება, “მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეშლას ნამდვილად ადგილი ჰქონდა”, – დაასრულა სალიხ შაინიძემ.

“მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ,” – თქვა სოლომონ ბაჯელიძემ, როგორც კი მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

“ეს სამარცხვინოა”, “აქაც ჭორვილეთია” – ეს და სხვა შეძახილები ისმოდა დარბაზში, ვიდრე მას მოსამართლე დატოვებდა.

 

 

კომპანიამ ტენდერი მოიგო და კონსულტანტად სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი დაიქირავა

აჭარაში ქარსაფარი ზოლების შესწავლას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს. ტენდერი 29 ათას ლარად კომპანია „იბერჯეს კონსალტინგმა“ მოიგო, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა სამინისტროს. გამარჯვებული კომპანია კვლევის მოსამზადებლად გიზო გოგიჩაიშვილის დასაქმებას აპირებს. გიზო გოგიჩაიშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განყოფილების უფროსად მუშაობს.

ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 42 372 ლარზე 2018 წლის პირველ მარტს გამოაცხადა. სატენედერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 დღეში უნდა მომზადდეს კვლევა – „ქარსაფარი ზოლების მდგომარეობის შესწავლა, მათი აღდგენის საჭიროებების, ასევე გასატარებელი ღონისძიებების და ამ ღონისძიებათა ტექნიკური აღწერილობა და ფინანსური დანახარაჯების შეფასება.“

„გაბატონებულ ქარებს გამოვიკვლევთ, ქარსაფარ ზოლებს, რაც იყო ჩვენს რეგიონში. ამ კვლევით ასევე დადგინდება, სად არის საჭიროება აღდგეს ქარსაფარი ზოლი,“ – ამბობს ჯიმშერ დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დარგობრივი განყოფილების უფროსი.

22 მარტს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერში მონაწილე კომპანია „იბერჯეს კონსალტინგს“ დაზუსტების წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულია, რომ „წარმოდგენილი სპეციალისტების ჯგუფში სავალდებულოა იყოს მინიმუმ ერთი აგრარული დარგის სპეციალისტი – მემცენარეობის მიმართულებით, რომელსაც ექნება ბოლო 5 წლის განმავლობაში აგრარული დარგის მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილება, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი ხელშეკრულებით ან ცნობებით.“

სატენედერო დოკუმენტაციის მიხედვით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპანია „იბერჯეს კონსალტინგმა“ მისწერა, რომ ამ პროექტში გიზო გოგიჩაიშვილს დაასაქმებს. წერილს ცნობაც ახლავს, რითაც დასტურდება, რომ გიზო გოგიჩაიშვილი 2001 წლიდან მუშაობს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრომეტეოროლოგიისა და აგრომოდელირების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

„არა, ეს არაა ინტერესთა კონფლიქტი. ის ცენტრალური სამინისტროა, ეს კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტენდერი იყო,“ – განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი, ჯიმშერ დიასამიძე. მას ასევე ვკითხეთ მემცენარეობის კუთხით სპეციალისტის საჭიროებაზე, რაც კომპანიამ ვერ წარმოადგინა.

„ასე კონკრეტულად მემცენარეობის დარგის სპეციალისტი არ არსებობს. მას აქვს აგრარულ დარგში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება და შესაბამისი განათლება,“ – გვითხრა ჯიმშერ დიასამიძემ.

სატენდერო დოკუმენტებში ასევე იპოვით 30 მარტს გაგზავნილ წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „იბერჯეს კონსალტინგი“ გამარჯვებულად მიიჩნია და კომპანიის ხელმძღვანელი „სამინისტროში ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს 5 აპრილიდან 10 აპრილამდე“. დოკუმენტებში გაფორმებული ხელშეკრულება არ დევს.

„ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სხვა დოკუმენტებიც მზადაა, უახლოეს დღეებში აიტვირთება საიტზე… დაახლოებით აგვისტოში გვექნება კვლევა ქარსაფარ ზოლებზე,“ – ამბობს ჯიმშერ დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის დარგობრივი განყოფილების უფროსი.

 

მთავარ ფოტოზე: გაჩეხილი ქარსაფარი ზოლი ქობულეთში. ეს ზოლი გზის გაფართოების საჭიროებით გაჩეხეს, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეები რომ გადაეტანათ.

როდის დასრულდება ბსუ-ს სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა 2018 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შენობის დასრულების ვადა, შენობაზე ერთი სართულის დამატების გამო, 25 სექტემბრამდე გადაიწია. სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე შენდება.

ბსუ-ს თავდაპირველი გადაწყვეტილებით სტუდენტთა საცხოვრებელი სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ვექტორმა“ დაიწყო, რომელთანაც ხელშეკრულება 2 359 000 ლარზე გაფორმდა. მშენებლობის პროცესში გადაწყდა ერთი სართულის დამატება, შესაბამისად, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და თანხა 233 083 ლარით, ანუ 2 592 083 ლარამდე გაიზარდა.

მშენებარე სტუდენტთა საცხოვრებლის მეოთხე სართულის დასრულების სამუშაოებზე კი უნივერსიტეტმა ცალკე ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად სატენდერო თანხა 295 ათასი ლარია.

მეოთხე სართულის დასრულების სამუშაოები, მოიცავს შენობის შიდა კედლების მშენებლობის, შებათქაშების, სამღებრო, ჭერებისა და იატაკების, ელექტროობის, ინტერნეტის, ვიდეომონიტორინგის, სახანძრო უსაფრთხოებისა და გათბობის სისტემების, ცივი და ცხელი წყალმომარაგების, შიდა საკანალიზაციო სისტემების, სანიტარული კვანძების მოწყობის და სხვა სახის სამუშაოებს.

ანალოგიურ სამუშაოებს შენობის სამ სართულზე მშენებელი კომპანია „ვექტორი“ ჩაატარბსს, შენობის მეოთხე სართულზე კი სამუშაოები, შესაძლოა, ტენდერში გამარჯვებულმა სხვა კომპანიამ შეასრულოს.

ბსუ-ს სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს / 17.04.2018

როგორი იქნებოდა სამსართულიანი ახალი სტუდენტთა საცხოვრებელი, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, რამდენიმე თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.

ამავე თემაზე:

ბსუ კვლევითი ინსტიტუტისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

 

„ნამე“ – ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს „აპოლოში“ აჩვენებენ

19 აპრილიდან ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს – „ნამე“ კინოთეატრებში აჩვენებენ, მათ შორის ბათუმის „აპოლოშიც“.

„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია და საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.

„ნამე“ საქართველოს მთებში, პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართლმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი – მეჩეთია.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, შემდეგ კი იგი ვილნიუსისა და სოფიას კინოფესტივალებზეც აჩვენეს.

ფილმს „აპოლოში“  26 აპრილამდე აჩვენებენ.

______________

მთავარ ფოტოზე: კადრი ზაზა ხალვაშის ფილმიდან „ნამე“

აივანზე ოთხი ძირი კანაფის მომყვან კაცს სასამართლომ ვერაფერი შეუფარდა

ბათუმელი ჯამბულ გვიანიძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მას მოსამართლე ლევან გელოვანმა ვერაფერი მიუსაჯა. ჯამბულ გვიანიძეს პროკურატურა საკუთარი სახლის აივანზე მარიხუანას დათესვას და მოყვანას, ასევე მარიხუანას შენახვას ედავებოდა.

ვიდრე ბათუმის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჯამბულ გვიანიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა,  რომელმაც მიიჩნია, რომ კანონით გათვალისწინებული სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის გამოყენება მარიხუანას დათესვისა და მოყვანისთვის არაკონსტიტუციურია.

ჯამბულ გვიანიძეს 4 ძირი კანაფის მოყვანისთვის 4-დან 7 წლამდე ელოდა თავისუფლების აღკვეთა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ნედლი კანაფი 151 გრამზე მეტი იქნებოდა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ამოღებული ნედლი კანაფი კი 150-მდე გრამი იყო. 

პარლამენტს ამ დრომდე არ დაუდგენია, რა ფორმით უნდა დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც 151-მდე გრამი კანაფი მოიყვანა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, კანაფის მოყვანა დასჯადია, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს არც ერთ კონკრეტულ სასჯელს ამ დანაშაულისთვის.

„სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც ველოდით. ჯამბულ გვიანიძე დამნაშავედ მიიჩნიეს, მაგრამ სასჯელის გარეშე,“ – ამბობს ადვოკატი მიხეილ მიქანაძე.

ჯამბულ გვიანიძეს კანაფის მოყვანის გარდა მარიხუანას შეძენა-შენახვასაც ედავება გამოძიება. პროკურატურა ჯამბულ გვიანიძისთვის სასჯელის შეფარდებას ამ ნაწილშიც ითხოვდა. ამ შემთხვევაში პროკურატურა  2017 წელს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც 70-მდე გრამ მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება დაადგინა.

სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაიზიარა, რომელიც პროცესზე ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ ბრალდებულს მარიხუანა შარვლის ჯიბეში 2015 წელს უპოვეს, ჯარიმის შეფარდების უფლება კი, სასამართლოს 2017 წელს მიეცა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯამბულ გვიანიძეს ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის კანონის შესაბამისად მხოლოდ კონკრეტული უფლებები შეეზღუდა სამი წლის ვადით, ესენია: სატრანსპორტო საშუალების მართვის, ასევე პედაგოგიური, საექიმო და საადვოკატო საქმიანობის უფლებები. მსჯავრდებულს ასევე არ ექნება იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

ჯამბულ გვიანიძე ამბობს, რომ კანაფი პირადი მოხმარებისთვის 25 წელია მოჰყავს.

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე გამარჯვებაც მოიპოვა

კეიპტაუნში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში მესამე დივიზიონის გუნდებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრები 17 აპრილს ანგარიშით 5:3 დაამარცხა. ეს მათი მეორე გამარჯვებაა ჩემპიონატის ფარგლებში, 16 აპრილს საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებიც დაამარცხა, ანგარიშით 6:2.

ბულგარეთი – საქართველო (ემოციები, გოლები, საუკეთესო მოთამაშე):

19 აპრილს საქართველო ჰონგ-კონგის ნაკრებს ხვდება, 20 აპრილს – სამხრეთ აფრიკას, 22 აპრილს კი – ტაიპეის ნაკრებს.  ტურნირის გამარჯვებული გაისად მსოფლიოს ჩემპიონატის II დივიზიონში ითამაშებს.

 

ამავე თემაზე:

ქართველი ჰოკეისტების წარმატება მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტური ბათუმში

ჰოკეის გუნდის შექმნის მორიგი მცდელობა ბათუმში

ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე გამგზავრებას არ აპირებს

ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თეატრის დირექტორმა ოთარ კალანდაძემ განუცხადა. თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის თეატრი ორლოვის თავისუფალმა თეატრმა მიიწვია.

„გადავწყვიტეთ, რომ არ წავიდეთ. არც თანხები გვაქვს ამ მიმართულებით. წასვლის შემთხვევაში გზის ფული ჩვენ უნდა გადაგვეხადა, დანარჩენი ხარჯი – სასტუმრო, კვება, მასპინძელი მხარის იყო. ასე ეწერა მოწვევის დოკუმენტში“, – გვეუბნება ოთარ კალანდაძე.

დირექტორის თქმით, ორლოვის ფესტივალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც: „პოლონეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და ა.შ. მათ შორის ვიყავით მიწვეული ჩვენც“, – ამბობს დირექტორი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა თეატრში აზრი გაყოფილი ამ საკითხზე? ოთარ კალანდაძე ამბობს, რომ არა. თუმცა დასძენს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია.

„მან თქვა, რომ კულტურას არ აქვს საზღვარი, მაგრამ ჩვენ მაინც ოფიციალური თანხმობა ორლოვში წასვლაზე, პოლიტიკური მოვლენების ფონზე, არ გაგვიგზავნია და არც ვაპირებთ“, – გვეუბნება ის.

როგორც დირექტორი ამბობს, ორლოვის თეატრის წარმომადგენლებმა ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლები პოლონეთსა და ლიტვაში ნახეს და ძალიან მოეწონათ: „ამის შემდეგ გაუჩნდათ მიწვევის სურვილიც“.

თეატრმა რუსეთიდან მოწვევა 26 მარტს მიიღო. გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება კი თეატრს 6 აპრილამდე უნდა მიეღო.

ბათუმის თეატრის  შესაძლო გასტროლზე რუსეთში სიუჟეტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგმა“ 17 აპრილს მოამზადა. „ჰეშთეგთან“ ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ მათ ფესტივალში მონაწილეობაზე დასტური აქვთ ბათუმის დრამატული თეატრიდან.

______________

მთავარ ფოტოზე: სპექტაკლის აფიშა 

იპოთეკით დაზარალებულებმა ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში იპოთეკით დაზარალებულმა მოქალაქეებმა რამდენიმე წუთით ბაგრატიონის ქუჩა გადაკეტეს. ამ ფორმით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობას დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხების დაპირება შეახსენეს.

დღეს, 18 აპრილს, აღსრულების პოლიცია ვაჟა-ფშაველას 147-ში მცხოვრები ოჯახის გამოსახლებას აპირებს. იპოთეკით დაზარალებული სხვა პირები სწორედ ამ მისამართზე შეიკრიბნენ და გამოსახლების შეჩერება მოითხოვეს.

„ამ ოჯახს აქვს მოლაპარაკებები საბანკო ინსტიტუტებთან და შესაძლებელია მას სესხი დაუმტკიცონ. ამიტომ მოვითხოვთ გამოსახლების შეჩერებას. ხალხის ერთად დგომას აქვს შედეგი – გუშინ, ანგისის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ხვალ საპროტესტო აქციის გამართვას ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ვაპირებთ,“ – გვითხრა ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ.

აქცია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე / 18.04.2018 / როინ გუნდაძის ფოტოები

 

ბათუმის ციხეში პატიმარი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა

„ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი – ნუგზარ თაბაგარი მეშვიდე დღეა შიმშილობს,“ – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე. იგი ორი დღის წინ შეხვდა ამ მსჯავრდებულს. სახალხო დამცველი პატიმრის შიმშილობის ფაქტს ადასტურებს. ომბუდსმენის აპარატი ამ შემთხვევას უკვე სწავლობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ნუგზარ თაბაგარმა შიმშილობა გუშინ საღამოს შეწყვიტა.

„ჩვენ გვითხრა ნუგზარ თაბაგარმა, რომ შიმშილობს სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამბობს, რომ სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების ადმინისტრაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. ამავე დროს, იგი უნდობლობას უცხადებს ბათუმის მე-3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალს. რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დროებითი განჩინება და სასჯელაღსრულების სამინისტროს დაავალა, ნუგზარ თაბაგარის მკურნალობა უზრუნველყოს,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ, რომელიც დღესაც ბათუმის ციხეში აპირებს პატიმრებთან, მათ შორის, ნუგზარ თაბაგართან შეხვედრას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნუგზარ თაბაგარი 11 აპრილიდან შიმშილობდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნუგზარ თაბაგარმა შიმშილობა შეწყვიტა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გადის თუ არა ნუგზარ თაბაგარი მკურნალობის კურსს, როცა ის მე-3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალს უნდობლობას უცხადებს და ამავდროულად სასამართლომ სასჯელაღსრულების სამინისტროს დაავალა ნუგზარ თაბაგარის მკურნალობის უზრუნველყოფა? – სამინისტროში გვითხრეს, რომ პაციენტი ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ექიმ-სპეციალისტთა მიერ დანიშნულ მკურნალობაზე.

„ნ.თ 28.11.2017 წლიდან- 28.02.2018 წლამდე მკურნალობის კურსს გადიოდა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია. არა ერთხელ იყო გაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ასევე ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები და ექიმის კონსულტაცია,“ – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილობით განმარტებაში.

ნუგზარ თაბაგარი იგი ციხის ბადრაგს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, თუმცა 20 მარტის სხდომაზე  ნუგზარ თაბაგარის ტრანსპორტირება ბათუმიდან თბილისში ციხის ადმინისტრაციამ ავტომობილების არასაკმარისი რაოდენობის მიზეზით ვერ უზრუნველყო. ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ მინიმუმ ორი კვირით ადრე იცოდა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, რომ ნუგზარ თაბაგარის პროცესი 20 მარტს იყო ჩანიშნული.

ადვოკატის, ბესარიონ ბოჭორიშვილის თქმით, ნუგზარ თაბაგარი აპირებდა მოსამართლის წინაშე დეტალურად ესაუბრა, თუ რა პირობებში იხდის სასჯელს ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში და რაში ადანაშაულებს კონკრეტულად ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი თბილისის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან ის პროცედურები, რაც დაუნიშნა ექიმმა, ბათუმის არცერთ საავადმყოფოში და არც მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის ხელმისაწვდომი. ადვოკატი ასეთ მდგომარეობაში პატიმრის ყოფნას ბათუმის ციხეში “სამედიცინო წამებას” უწოდებს.

ნუგზარ თაბაგარი ასევე გახლავთ გიორგი ოქროპირიძის საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც ბათუმის ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა არაადამიანურ მოპყრობაში. თაბაგარმა ოქროპირიძის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მგზავრობისას ბადრაგი მოკვლით დაემუქრა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

„ბათომი“ მოითხოვს პატარაძემ სააგენტოს ხელმძღვანელი კონსულტაციების შემდეგ წარადგინოს

საზოგადოება „ბათომი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს, ჩართოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის შერჩევის საკითხში. „ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექტს:

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს

ბატონო ზურაბ,

ბოლო წლებში ბათუმში გატარებულმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ურბანულმა პოლიტიკამ კატასტროფული შედეგების წინაშე დაგვაყენა. მრავალი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით თქვენი დარწმუნება, რომ არსებული მავნე პრაქტიკა კანონიერების ჩარჩოში მოგექციათ. არ მიიღეთ არცერთი სასარგებლო სამართლებრივი აქტი, არ შეასრულეთ მოცემული პირობა.

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით,  უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინ დაიკავებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას, ამიტომაც მოვითხოვთ, აჭარის მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ წარადგინოს.

პატივისცემით,

საზოგადოება „ბათომი“

„ბათომი“ აჭარაში ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე მუშაობს.

__________________

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

„ბათომის“ კიდევ ერთი მიმართვა ზურაბ პატარაძეს

ისტორიულ ქალაქს მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე შენობები არ ქმნიან – „ბათომის“ ღია წერილი მერს

„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად 

საზოგადოება “ბათომის” ღია წერილი ზურაბ პატარაძეს

 

პედაგოგებისთვის საგნობრივი და პროფესიული უნარების უფასო ტრენინგები იწყება

მასწავლებლებისთვის საგნობრივი და პროფესიული უნარების ტრენინგზე რეგისტრაცია იწყება. ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგები განკუთვნილია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში პრაქტიკოს მასწავლებლად განაწილებული პედაგოგებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულები არიან მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე.

„სატრენინგო პროგრამა ხელს შეუწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის მობილიზებას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიული უნარების განვითარებას.

ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა“.

როგორც ცენტრში აცხადებენ, სატრენინგო პროგრამის „ზოგადი კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის“ გავლა უფასოა საჯარო სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის, ასევე იმ კერძო სკოლების პედაგოგებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე.

სტადიონის მშენებლობა ტექნიკური ზედამხედველის გარეშე გრძელდება – ტენდერი შეჩერებულია

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოები მეოთხე თვეა ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობს. ტექნიკური ზედამხედველის გამოსავლენად გამოცხადებული მორიგი ტენდერი ამჯერად ერთდროულად გაასაჩივრა სამმა კომპანიამ, რომლებიც აცხადებენ, რომ სათანადო გამოცდილების მქონე ტექნიკური ზედამხედველის გარეშე აშენებული სტადიონი ექსპლუატაციისას სხვადასხვა პრობლემის გაჩენის რისკებს შეიცავს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი ასეთი გამოცდილება არ აქვს.

სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ 2 მილიონ 847 ათას ლარად სთავაზობს კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“, რომელიც ხელშეკრულების გასაფორმებლად შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ მიმდინარე წლის 16 აპრილს მიიწვია.

კომისიის შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ კომპანიამ 2018 წლის პირველ მაისამდე უნდა წარადგინოს შესაბამისი გარანტია და გააფორმოს ხელშეკრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის შეტყობინებიდან

ამ შეტყობინების გაგზავნის დღესვე, ანუ 16 აპრილს, შპს „სტადიონს“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სამმა კომპანიამ [შპს „მშენტექზედამხედველი – ნიკოლოზ ბოკუჩავა“, შპს „ოიკო-ჯგუფი“ და შპს „ტრიჯიტი“], რომლებმაც სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმის გაუქმება და ხელშეკრულების გასაფორმებლად მიწვეული კომპანიის დისკვალიფიკაცია მოითხოვეს.

მომჩივანი კომპანიები აღნიშნულ ტენდერში არ მონაწილეობდნენ. ისინი აცხადებენ, რომ „მიუხედავად იმისა, აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ტექნიკური ზედამხედველობის ბაზარზე, ტენდერში მონაწილეობა არ მიიღეს, ვინაიდან ჩათვალეს, რომ სრულად არ აკმაყოფილებდნენ გამოცდილებასთან დაკავშირებულ გარკვეულ სატენდერო პირობებს“.

საჩივრის ავტორები ასევე აცხადებენ, რომ „მათ შეისწავლეს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დაზუსტებული დოკუმენტაცია, საიდანაც ვერ დასტურდება ვერც პრეტენდენტის და ვერც სპეციალისტების გამოცდილება, რაც მოთხოვნილი იყო სატენდერო პირობებით“.

ამონარიდი ადმინისტრაციული საჩივრიდან:

შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ გუშინ, 17 აპრილს, ტექნიკურ ზედამხედველის შესარჩევი ტენდერის პროცედურები, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა.

იმავე დღეს, 17 აპრილს, შპს „სტადიონის“ დირექტორმა სულხან ხალვაშმა წერილით მიმართა საჩივრის ავტორ კომპანიებს.

„…თქვენს მიერ აღნიშნულია, რომ მოცემულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არ მიგიღიათ და შესაბამისად, არ წარმოადგენთ პრეტენდენტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სტადიონი“-ს სატენდერო კომისიის გასაჩივრებული ოქმი ვერანაირად ვერ დაარღვევდა თქვენს რომელიმე უფლებას, ვინაიდან, ის თქვენს მიმართ არ არის გამოცემული.

ამასთან, იკვეთება, რომ არ გაგაჩნიათ კანონიერი ინტერესი ელექტრონულ ტენდერში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული გადაწყვეტილება არავითარ პირდაპირ და უშუალო გავლენას არ ახდენს თქვენს კანონიერ ინტერსებზე და წარმოადგენთ არაუფლებამოსილ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე არსებობს ადმინისტრაციული საჩივარის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები“, – აღნიშნულია სულხან ხალვაშის წერილში.

„სტადიონის“ დირექტორი მიმართავს საჩივრის ავტორებს, 2018 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, წერილობითი სახით მიაწოდონ მოსაზრება, თუ რამდენად და რის საფუძველზე წარმოადგენენ ისინი დაინტერესებულ მხარეს/უფლებამოსილ პირებს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან მიმართებაში.

„ოიკო ჯგუფიმ“ საფეხბურთო სტადიონის ტექნიკურ ზედამხედველობაზე გამოცხადებული ტენდერი 2016 წელსაც გაასაჩივრა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში, თუმცა საბჭომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. 2016 წელს ტენდერი სხვა პირებმაც გაასაჩივრეს, რის გამოც „სტადიონი“ იძულებული გახდა ტენდერი მაშინაც შეეჩერებინა.

უკვე მესამე წელია სტადიონის ტექნიკური ზედამხედველი ვერ გამოავლინეს, სტადიონის მშენებლობა კი მეოთხე თვეა დაწყებულია.

„ბათუმელები“ დაახლოებით ერთი თვის წინ წერდა, რომ სტადიონი ტექნიკური ზედამხედველის გარეშე შენდებოდა, თუმცა აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევდა ზედამხედველობას.

კონკრეტულად ვინ, რა კვალიფიკაციის სპეციალისტი უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას და რას გულისხმობს ეს ზედამხედველობა – ამ ინფორმაციას აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ამ სამინისტროს შპს „სტადიონი“ ასაიდუმლოებენ.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება კი 157 344 846 ლარია [დღგ-ს ჩათვლით].
მათ შორის:

[checklist]

  • სტადიონის ნაგებობის მშენებლობა, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, განათება – 149 636 790 ლარი;
  • მინდვრის საფარის მოწყობის სამუშაოები – 2 158 056 ლარი;
  • სამშენებლო სამუშაოების საავტორო, ტექნიკური და საექსპერტო ზედამხედველობა – 5 550 000 ლარი.

[/checklist]

ზედამხედველობისთვის გათვლილი 5 550 000 ლარიდან:

  • ტექნიკური ზედამხედველობისთვის 3 520 474 ლარია გათვალისწინებული. „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ კი „სტადიონს“ ზედამხედველობას 2 847 000 ლარად სთავაზობს;
  • საექსპერტო ზედამხედველობისთვის 25 424 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა, შესაბამისი ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ რევაზ კახიძესთან 13 650 ლარზე გაფორმდა;
  • საავტორო ზედამხედველობაზე შპს „სტადიონი“ მოლაპარაკებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან აწარმოებს და მასთან ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს, თუმცა რა თანხაზე, „სტადიონში“ არ დაგვიკონკრეტეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ „თურქულმა პროექტმა, რომლის მიხედვითაც შენდება საფეხბურთო სტადიონი, სწორედ „სამხარაულში“ გაიარა ექსპერტიზა და ამიტომ „სამხარაული“ პროექტის ერთგვარი თანაავტორი გამოდის“. 

სტადიონის ნაგებობის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია, თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით: „ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ჩემპიონთა ლიგის და უეფას ლიგის თამაშებს უმასპინძლებს [გარდა ფინალური თამაშებისა]. ევროპის ჩემპიონატის ფინალის და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არ არის შესაძლებელი“.

ბათუმის სტადიონზე აღნიშნული ფინალური თამაშები და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სტადიონი 30-35 ათას მაყურებელზე იქნებოდა გათვლილი. აჭარის მთავრობამ კი გადაწყვიტა, 157 მილიონ ლარად [ეს, მათ მიერ დასახელებული სავარაუდო თანხაა] ააშენოს 20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც UEFA-ს იგივე სტანდარტებს დააკმაყოფილებს, რასაც აკმაყოფილებს 8-10 ათას ადამიანზე გათვლილი სტადიონი.

სპეციალისტები ასევე ამბობენ, რომ დახარჯული მილიონების უკან დასაბრუნებლად და მომავალში მოგების მისაღებად, სტადიონის ფუნქციონირების დეტალური გეგმა მის მშენებლობამდე უნდა არსებობდეს. ასევე გარკვეული უნდა იყოს, თუ ვინ გაუწევს მენეჯმენტს ახლადაშენებულ სტადიონს, ანუ ოპერატორი კომპანია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ „ამ დროისთვის მიმდინარეობს ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პროცესი, რაც არ საჭიროებს ოპერატორი კომპანიის არსებობას. პროექტის განხორციელების ფარგლებში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ოპერატორი კომპანიის თაობაზე“.

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

როგორ გამოვიცნოთ კონიუნქტივიტი და რამდენად საშიში დაავადებაა

დაავადება ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ზოგჯერ კონიუნქტივიტს „ვარდისფერ თვალს“ უწოდებენ. შეიძლება განვითარდეს ერთ თვალზე ან ორივეზე. კონიუნქტივიტის ზოგიერთი ფორმა გადამდებია და შესაბამისად, მარტივად ვრცელდება სკოლებსა და სახლში, ოჯახის წევრებში. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა ინფექცია სერიოზულ პრობლემად იქცეს. კონიუნქტივიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

კონიუნქტივიტი შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ინფექციამ. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციის ფონზე, მაგალითად, ყვავილის მტვრისა და კვამლის გამო, საცურაო აუზში მდებარე ქლორით, კოსმეტიკის ინგრედიენტებით ან თვალის კონტაქტური ლინზის წყალობით. ინტიმური კავშირით გადამდები დაავადებები ნაკლებად იწვევს კონიუნქტივიტს.

მიუხედავად გამომწვევი ფაქტორების მრავალფეროვნებისა, კონიუნქტივიტს საერთო სიმპტომები აქვს.

რა სიმპტომები აქვს ქონიუქტივიტს:

[checklist]

  • თვალის სიწითლე
  • ქუთუთოების შეწებება ან შეშუპება
  • ხელით შეხებისას ტკივილის შეგრძნება
  • ქავილი
  • ცრემლდენა
  • პაციენტი შეიძლება უჩიოდეს თვალში უცხო სხეულის, წვის შეგრძნებას

[/checklist]

ალერგიული კონიუნქტივიტი

ეს დაავადება ალერგენზე დაუცველობის დროს ვითარდება, განსაკუთრებით ყვავილის მტვერსა და ცხოველის ქერტლზე. ალერგიული კონიუნქტივიტი მიკროორგანიზმებისგან არ არის გამოწვეული და შესაბამისად, არც გადამდებია. მისთვის დამახასიათებელია: ორივე თვალიდან ცრემლდენა, ცხვირისა და ხორხის ქავილი, ცემინება.

ამ დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური გზაა, ალერგენს მოერიდოთ. იმისთვის კი, რომ დაადგინოთ, კონკრეტულად რომელ ალერგენზე გაქვთ რეაქცია, ალერგიის ტესტის ჩატარებაა რეკომენდებული.

ბაქტერიული კონიუნქტივიტი

ბაქტერიულ კონიუნქტივიტს ბაქტერიები იწვევს, მათ შორის სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბაქტერიები ჯანმრთელ თვალში ბუდობენ და ჩვეულებრივ, დაავადებას არ იწვევენ. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ კონიუნქტივიტის ზოგიერთი სიმპტომი გამოიწვიონ, როგორიცაა სიმშრალე. იმუნური სისტემის შესუსტების შემდეგ  კი  ვითარდება ბაქტერიული  კონიუნქტივიტი.

ასევე, ბაქტერიული კონიუნქტივიტი მაშინ ვლინდება, როცა დაავადება დაინფიცირებული პაციენტიდან ჯანმრთელ ადამიანზე გადადის; ვირუსულის მსგავსად, ბაქტერიული კონიუნქტივიტიც გადამდები დაავადებაა. შესაძლოა, ორივე თვალი დაავადდეს და გამოვლინდეს შეწითლება, გაღიზიანება. ამასთან, ბაქტერიულ კონიუნქტივიტს მოთეთრო ან მოყვითალო გამონადენი ახასიათებს. ეფექტურია წვეთობრივად თვალის ანტიბიოტიკის გამოყენაბა.

ვირუსული კონიუნქტივიტი

ვირუსული კონიუნქტივიტი ინფექციურ კონიუნქტივიტს შორის ყველაზე გავრცელებულია. ის ასევე იწვევს რესპირატორულ ინფექციებსა და დიარეას. კონიუნქტივიტის გამოწვევა შეუძლია ჰერპესსა და ჩუტყვავილასაც. შედეგად, თვალი შეწითლებულია, ქავილის შეგრძნება მატულობს და თავს იჩენს ცრემლდენა.  შესაძლოა დაავადებას თან სდევდეს ხორხის ანთება ან გაციებისთვის დამახასიათებელი – ცხვირიდან გამონადენი. დაავადება გადამდებია, შესაბამისად, სკოლებში, ბავშვთა ბაღებსა  და სამსახურებში ეპიდემიის სახეს იღებს.

[highlight color=”red”]მნიშვნელოვანია დაიცვათ ჰიგიენა, რომლის წყალობითაც დაავადების გავრცელებას შეუშლით ხელს. თუ დიაგნოზი კონიუნქტივიტია, დაიცავით შემდეგი წესები:[/highlight]

[checklist]

  • ხელით არ შეეხოთ თვალს
  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • ყოველდღე გამოცვალეთ პირსახოცი
  • არ გამოიყენოთ სხვისი კოსმეტიკა

[/checklist]

ავტორი: ზარინა ჩავლეიშვილი, კლინიკა საგიტარიუსის ოფთალმოლოგი 

კონსულტაციისთვის გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N91

ტელ.: 422 27 95 53

 

რა შესთავაზა მერმა მუსლიმებს ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ ისინი 2018 წლის მარტის ბოლოს მეჩეთის მშენებლობის საკითხზე შეხვდნენ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს. მორიგი შეხვედრა მერთან 12 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ „მუსლიმთა მეჯლისის“ წევრები ხულოში აცხადებენ, რომ მათთვის უცნობი მიზეზის გამო შეხვედრა არ შედგა. მოლაპარაკებას რომ გამართავდნენ, ამაზე მხარეები სასამართლოში შეთანხმდნენ.

დღეს „ხულოს მუსლიმთა მეჯლისის“ სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომელსაც გამგეობის ექვსი წევრი აწერს ხელს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მერმა ლაშა კომახიძემ შეხვედრაზე „ა(ა)იპ-ი ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფს“ შესთავაზა, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მრევლის მიერ შეძენილი მიწა, „მუსლიმთა სამმართველოს“ გადაეცეს.

„გადაცემის შემთხვევაში გამოხატა მერიის მზადყოფნა მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მუსლიმთა მეჯლისის“ წევრები ხულოში, თავის მხრივ, დღეს გავრცელებული განცხადებით მიმართავენ „ა(ა)იპ-ი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“, რომ მრევლის მიერ ნაყიდი მიწა „მუსლიმთა სამმართველოს“ არ გადაეცეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეჩეთი, ისე როგორც მის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა. სახელმწიფომ ეს ქონება სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ 2011 წლის აგვისტოდან გადასცა სარგებლობის უფლებით.

დათანხმდება თუ არა ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ სახელმწიფოს გადასცეს მის მიერ ნაყიდი მიწის ნაკვეთი? – გვინდოდა გვეკითხა ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტარიელ ნაკაიძისთვის. თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

„ბათუმელები“ მეჩეთის მშენებლობის ფონდის თავმჯდომარეს, ნოდარ პაქსაძეს ესაუბრა. მას მერთან შეხვედრის დეტალებზე ვკითხეთ, რომელიც დღემდე არ გასაჯაროებულა. მან დაადასტურა, რომ მერთან შეხვედრის დროს საუბარი მართლაც იყო „მუსლიმთა სამმართველოსთვის“ მიწის გადაცემაზე.

„გიდასტურებთ, რომ ასეთი საუბარი იყო ლაშა კომახიძის მხრიდან, რომ თუ გადასცემთ მიწას, შემდგომ პროცედურები გაგრძელდება და მივცემთ მშენებლობის ნებართვასო. რატომ „მუსლიმთა სამმართველოს“? ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. სამართლებრივად ფონდს აქვს უფლება, რომ ააშენოს მეჩეთი“, – გვითხრა მან.

ნოდარ პაქსაძის აზრით, „მუსლიმთა სამმართველოსთვის“ მიწის გადაცემას იმიტომ ითხოვენ, რომ არ სურთ მეჩეთის მშენებლობა. „მუსლიმთა სამმართველო“ რას გააკეთებს, მათი მოსაზრება არ ვიცი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხედვა და ვიცით, რომ ვიღაცას არ სურს აშენდეს ბათუმში მეჩეთი…“ – ამბობს ნოდარ პაქსაძე.

ნოდარ პაქსაძეს ამის არგუმენტად მოჰყავს 2014 წელს „მუსლიმთა სამმართველოს“ მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც მუფტები ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებას ვერ ხედავდნენ.

„ბათუმელები“ ხულოს „მუსლიმთა მეჯლისის“ გამგეობის კიდევ ერთ წევრს, ნოდარ ბერიძესაც ესაუბრა, რომელიც ასევე აწერს ხელს დღეს გავრცელებულ განცხადებას. 

„ჩვენ მიწვეული ვიყავით მასთან [ლაშა კომახიძესთან] და მაშინ მოვისმინეთ ეს შემოთავაზება. მაგრამ როცა ვიკითხეთ რა მნიშვნელობა ჰქონდა თუ ვის სახელზე გაიცემოდა მშენებლობის ნებართვა, პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ დაინიშნა განმეორებითი შეხვედრა. 12 აპრილს უნდა ყოფილიყო, თუმცა შემდეგ ეს შეხვედრაც არ შედგა“, – ამბობს ნოდარ ბერიძე.

ნოდარ ბერიძის თქმით, მერმა ისაუბრა იმაზე, რომ ტერიტორიაზე, სადაც მუსლიმებმა ახალი მეჩეთისთვის მიწა იყიდეს და მშენებლობა სურთ, გზა უნდა გავიდეს. „სულ სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც მშენებლობის ნებართვაზე გვეთქვა უარი. იყო საუბარი იმაზე, რომ ქალაქს აქვს განვითარების გეგმა და ამ ხედვაში ეს პროექტი ვერ ჯდებაო“, – გვეუბნება ნოდარ ბერიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა მერის მხრიდან იმაზე საუბარი, მიწის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემის შემთხვევაში როგორ აშენდებოდა მეჩეთი, თუკი მშენებლობა არ ჯდება ქალაქის განვითარების გეგმაში? – ნოდარ პაქსაძე გვპასუხობს:

„ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ეს, რომ თუკი ჩვენ „მუსულიმთა სამმართველოს“ მიწას გადავაბარებდით, მშენებლობაზე პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენც ვიკითხეთ, რომ თუკი სამმართველოს შეეძლო მშენებლობა, ჩვენს ორგანიზაციას რატომ არ შეუძლია. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის სამმართველო უფრო ადვილად სამართავია“, -გვეუბნება ის.

ნოდარ ბერიძის აზრით, თუკი ქალაქის განვითარებას მართლაც შეუშლის ხელს მეჩეთის მშენებლობა, მერიას შეუძლია მათ ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზოს.

„ალბათ ამას ფიქრობს ხელისუფლება. თუმცა ყველაფრის პასუხი ამ შეხვედრაზე მერს არ ჰქონდა. ამიტომ დავნიშნეთ მორიგი შეხვედრა“, -გვეუბნება ის. – „ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე გამგეობაშიც, იმ ადამიანებთან, ვისაც ჭკუა მოეკითხება და სწორედ მათთან საუბრის შემდეგ გამოვაქვეყნეთ ეს განცხადება“.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიასაც დაუკავშირდა კომენტარისთვის. თუმცა, როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს „მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფთან“ და „შეხვედრების დასრულებამდე კომენტარს არ გააკეთებენ“.

ხულოს მუსლიმთა მეჯლისის განცხადება

„წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე“ – დეპუტატი აჭარა TV-ში კრიმინალის გაშუქებაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „ქართული“ ოცნებიდან, ირაკლი ჭეიშვილს აჭარის ტელევიზიაში გასულმა სიუჟეტმა ბათუმში მანქანის გაქურდვის შესახებ, ეჭვები გაუჩინა. დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ამბავს შეიძლება „პოლიტიკური ქვეტექსტი“ ჰქონდეს. რა პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს კრიმინალის გაშუქებას? – ამაზე „ბათუმელებმა“ ირაკლი ჭეიშვილს ჰკითხა.

ბატონო ირაკლი, თქვენ წერდით, რომ მანქანის „ფარების“ მოპარვის ფაქტზე აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ, გადამოწმებულ ამბავს [ნიუსს] შესაძლოა პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდეს. რას გულისხმობთ?

როდესაც ვწერდი ამ პოსტს, ზუსტად ვიცოდი რასაც ვწერდი, ზუსტად ვიცოდი, რომ კარგს არაფერს გამოიწვევდა ჩემი პოსტი ვიღაცებში და, შესაბამისად, კრიტიკაც მოჰყვებოდა. მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც კრიტიკის ეშინია და რასაც ვფიქრობ, ის დავწერე. დავანებოთ თავი იმას, რომ ვარ უმაღლესი საბჭოს, იმ ორგანოს წევრი, რომელიც ირჩევს ბორდს [აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს]და ბორდი ირჩევს დირექტორს. აბსოლუტურად იმავე შეკითხვების დასმა შემიძლია მაისში, როდესაც გვექნება ბორდის ანგარიში უმაღლეს საბჭოში.

ვიკითხე, ადგილზე შეესწრო თუ არა ჟურნალისტი-თქო, ვინ გამოიძახა-თქო, შეიძლება მოქალაქემ დარეკა, ვინც დაზიანდა. კი ბატონო, ბოდიშს ვიხდი, თუ მოქალაქემ დაურეკა, მაშინ არაფერი მაქვს სათქმელი. იმ ადამიანმა შეიძლება პატრულიც გამოიძახა და აჭარის ტელევიზიაც, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან დაინტერესებულები ასეთი ფაქტებით, არის კონკრეტული ჯგუფი, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ჰყავს ასეთი ჯგუფი, რომ სადმე რაღაცა თუ გაფუჭდა, დაშავდა, კრიმინალი ჩაიდინა ვიღაცამ, ელვისებურად ატყობინებენ ჟურნალისტებს და ტელევიზიას. ეს მაქვს ზუსტად პოლიტიკურ კონტექსტში ნაგულისხმევი.

ურეკავენ და ამ ყველაფერს აყოლებენ იმას, რომ დავბრუნდით შევარდნაძის ხანაში. კომენტარიც ნახეთ ალბათ ჩემს პოსტზე, წაიკითხავდით, ვითომ სააკაშვილის დროში არ ხდებოდა არც სარკის მოპარვა, არც ფარის მოპარვა.

ამ ყველაფერს მოიცავდა ჩემი პოსტი, თორემ კრიტიკა მიზანშეწონილობის ამბავია, უნდა – გააშუქებს ჟურნალისტი. ამ რეგიონში თუ მეტი ცუდი არაფერი ხდება და ფარების მოპარვით ხდება კრიმინალთან ბრძოლა…  ჩემი სტატუსი იყო სხვა: ვამბობ, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც რეკავენ. ეს იყო – მე არც მაგათ ცხოვრებაში ვერევი და არც საქმეში. მაისში, რომ მობრძანდებიან ბორდის წევრები და ანგარიშს წარმოადგენენ, იქ დავუსმევ კითხვას, რას აკეთებენ, რაში ვიხდით ხელფასს, როგორც მე მისმევენ კითხვას, რას აკეთებ, რაში გიხდიან ხელფასსო. ამას ვისმენ მე ექვსი წლის განმავლობაში.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ტელევიზიამ როგორ გაიგო ამბავი, როცა ის ზუსტია?

დიახ, იქნებ შეეჩეხა ფაქტს ჟურნალისტი, იქნებ მეზობელი იყო მისი, მე არც ამას არ გამოვრიცხავ.

ანუ თუ მეზობელი იყო, მაშინ უნდა გაშუქებულიყო?

ფარების მოპარვის ფაქტი უნდა გაშუქებულიყო, თუ არ უნდა გაშუქებულიყო? – მე უფრო გავამახვილე ყურადღება იმაზე, თუ როგორ გაიგეს ეს ინფორმაცია… წყარომ მოგვაწოდაო დამიწერეს კომენტარებში. ყველაფერს წყაროს ეძახიან, წყაროა ყველა, ვინც ინფორმაციის მატარებელი და მიმწოდებელია. მაგრამ საიდან გაჩნდა ჟურნალისტი? – ვიღაცა დაინტერესებულმა პირმა დაურეკა, ოღონდ ეს დაინტერესებული პირი არ არის ამ შემთხვევაში მანქანის მეპატრონე. მეპატრონეს შეიძლება მართლა დაერეკა გაბრაზებულზე. მე ვხედავ, რომ პოლიტიკურად აპელირებულმა პირმა დაურეკა. მერე აპელირებენ, რომ თურმე დავბრუნდით შევარდნაძის დროში.

საზოგადოებას ხომ აქვს უფლება ინფორმაცია ჰქონდეს ქალაქში მომხდარი დანაშაულის შესახებ. ბოლოს როდის გაიგეთ, რომ მანქანის ფარები მოიპარეს?

მართლა არ გამიგია დიდი ხანია მანქანის ფარები ვინმეს მოეპარა, მაგრამ… ან როგორ მოიპარეს, ფარი რომ მოიპარო, „კაპოტი“ უნდა ახადო მანქანას და მთელი პროცედურები უნდა. ეს როგორ გააკეთეს მექანიკურად? – მანქანის მფლობელი ვარ მეც და ვიცი.

თქვენ ზუსტად იცით, ვინ მიაწოდა აჭარის ტელევიზიას ინფორმაცია? ან რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

ირაკლი ჭეიშვილი

ხშირად ხდება ასეთი რამ, როცა შეიძლება ბუზი სპილოდ აქციო, მაგრამ არავის საქმეში არ ვერევი. მე, როგორც მოქალაქეს, არ შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო? – ასე ვფიქრობ.

მაგრამ თქვენ ხართ დეპუტატი…

მე ვარ ის დეპუტატი, რომლის უწყებასთანაც რაღაც დონით ანგარიშვალდებულია ეს ტელევიზია და მე მგონია, რომ უფრო მეტი უფლება მაქვს, ვიდრე რიგით მოქალაქეს დავსვა კითხვები.

ეს ზეწოლა ხომ არ არის თქვენი მხრიდან აჭარის ტელევიზიაზე?

რატომ არის ზეწოლა ტელევიზიაზე? კითხვა რომ დავსვა და ჩემი მოსაზრება გამოვხატო. დავმუნჯდე?  უმსგავსობაც რომ გააკეთოს ტელევიზიამ დავმუნჯდე, ხმა არ ამოვიღო იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩამითვალოს ზეწოლად?

უმსგავსობად აფასებთ ფარების მოპარვაზე მომზადებულ სიუჟეტს?

არა, ეს არ არის უმსგავსობა. ზოგადად ვამბობ. მე რომ ვიყო მთავარი პროკურორი ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, შეიძლება ზეწოლად ჩაგითვალონ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვარ, რომელთანაც ანგარიშვალდებულია ბორდი მაინც. ბორდთან არის ანგარიშვალდებული ტელევიზია. ეს კითხვა რომ დავუსვა განხილვის დროს, ესეც ზეწოლაა?

არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულია არა თქვენთან, არამედ საზოგადოებასთან, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ქურდობის ფაქტზე?

საზოგადოებას რომ აქვს უფლება, გაიგოს გაქურდეს თუ არა მანქანა, ინფორმაციას გებულობენ შს სამინისტროდან, მასაც აქვს პრესსამსახური. ფაქტები ელექტრონულად იტვირთება.

მე არ მითქვამს, რომ არასწორად გააკეთა [აჭარის ტელევიზიამ], მე ვთხოვ, რომ როგორ გაიგო. ყველაფერს წყაროს ეძახიან, კი ბატონო, წყარო ჰქვია მაგას, აბა ნაკადული არ ჰქვია. წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და გაშუქდა. თუ არ დაურეკია მეპატრონეს, რაღაც ნაწილში ვხედავ მე პოლიტიკურს არა ჟურნალისტის მოქმედებიდან, არამედ იმ ადამიანებიდან, ვინც ეს შეატყობინა.

როდესაც კარგი ხდება არ ატყობინებენ? ხშირ შემთხვევაში ნეგატიური ინფორმაციის შეტყობინება ხდება და შესაბამისად კომენტარებიც მოყვა, ზუსტად ვიცოდი რა კომენტარებიც მოყვებოდა, დავბრუნდით ამის ხანაში, იმის ხანაშიო. ეს ყველაფერი ისე არ ხდება. ერთხელ რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი და არ დავწერდი. ეს ხდება რამდენიმე წელია უკვე. წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე.

არსებობს ჯგუფი, რომლებიც დადიან ქალაქში, ასურათებენ რაღაცას წაქცეულს, გაფუჭებულს და ამას უგზავნიან.

მართლა გგონიათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავლენა აქვს აჭარის ტელევიზიაზე?

ინფორმაციებს აწვდიან და შემდეგ მიზანშეწონილობის საკითხია, ჟურნალისტი რას გააკეთებს. მე ხელს ვერ დავადებ და ვერ დავადანაშაულებ. არ მგონია, რომ ტელევიზია ვინმეს გავლენის ქვეშ იყოს.

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია

ხელვაჩაურის მერიამ 32 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი მუნიციპლიტეტის მერიასა და ადმინისტრაციულ თემებში, სულ 32 თანამდებობაზეა გამოცხადებული. ეს პოზიციებია;

  • სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
  • ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი;
  • მუნიციპალური მშენებლობის ტექნიკური კონტროლის განყოფილების უფროსი;
  • ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი;
  • ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
  • სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი;
  • ადამიანურ რესურსების განყოფილების უფროსი;
  • სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
  • ქონების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
  • საპროექტო განყოფილების უფროსი;
  • ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობითი სამსახურის ხელმძღვანელი;
  • ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
  • მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
  • მასმედიასა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ერგესა და ზედა ერგეში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვედა ჯოჭოსა და ზემო ჯოჭოში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მახინჯაურში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შუა მახინჯაურში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალშენსა და ხეღრუში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ განთიადში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამებასა და ქვედა სამებაში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ განთიადში
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ფერიში
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მნათობში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალშენის მეურნეობაში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქვედა სილიბაურსა და სილიბაურში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წინსვლაში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი სარფის ადმინისტრაციულ ერთეულში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კირნათსა და კობალეთაში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მარადიდსა და ძაბლავეთში;
  • ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის განყოფილების უმცროსი აჭარისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კიბესა და კაპნისთავში

კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპზე კომისია საბუთებს გადაარჩევს, მეორე  – წერითი დავალებაა და ბოლო, მესამე ეტაპი გასაუბრებაა.

მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული  ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტებს უმაღლესი განათლება განათლება და სამუშაო გამოცდილება მოეთხოვება, ხოლო  ადმინისტრაციულ თემებში, არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე უმაღლესი განათლება და სამუშაო გამოცდილება კონკურსანტებს არ მოეთხოვება.

ხელვაჩაურის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებული პირები, საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე: hg.gov.ge-ე  უნდა დარეგისტრირდნენ.

ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი, მირზა ბახტაძე ამბობს, რომ ვაკანტური პოზიციები მერიაში რეორგანიზაციის შემდეგ გაჩნდა. იგი განმარტავს, რომ მერიაში რეორგანიზაციამდეც იყო ვაკანტური პოზიციები, ხოლო თემებში დღეს არსებული ვაკანსიები არსებული კანონმდებლობის შედეგად გაჩნდა.

„ადმინისტრაციულ თემებში ვაკანსიები ძირითადად იქედან გამომდინარე გაჩნდა, რომ მერის წარმომადგენელი, როგორც შტატი, აღარ იქნება და ისინი გახდნენ საჯარო მოხელეები, ვაკანსიის დიდი ნაწილი სწორედ მერიის წარმომადგენლებზე მოდის. გარდა ამისა, გვქონდა 9 სტრუქტურული ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ კი 11 გვექნება. ასევე, რეორგანიზაციის შედეგად მერიაში ორი ახალი სამსახური შეიქმნა – იურიდიული და ზედამხედველობის სამსახური. შეიძლება ითქვას, ახალი შტატი დაახლოებით ათამდეა,  რამდენიმე კი რეორგანიზაციამდეც ვაკანტური იყო.“

რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში

„ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში“ – ბათუმელი პედაგოგი ბირთვული კვლევების ლაბორატოარიაში

სამი ბათუმელი ფიზიკის მასწავლებელი გასული წლის შემოდგომაზე, ჟენევაში, ცერნში იმყოფებოდა. ცერნი ბირთვული კვლევების უდიდესი ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ბათუმელი პედაგოგები ათი დღის განმავლობაში უსმენდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექციებს და პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ცერნში იმყოფებოდა, ბათუმის მე-18 საჯარო და კერძო სკოლა „განათლებას“ ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძეა.

ქალბატონო ვენერა, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ცერნზე?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცერნი მსოფლიო ფიზიკოსების მექაა, სადაც ყველაზე მაღალი დონის ექსპერიმენტები ტარდება და არანაირი შეზღუდვა არაფერზე არ არსებობს. ამ ლაბორატორიაში შეიძლება ჩავატაროთ ექსპერიმენტი და მივიღოთ სამყაროში არ არსებული ტემპერატურა -271°C, მივიღოთ 12 000 A დენი, ასეთი დიდი მასშტაბები სხვა ლაბორატორიაში წარმოუდგენელია. ამიტომ აქვს ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა. აქ არის შექმნილი კოლაიდერი, დიდი ამაჩქარებელი, სადაც ჩქარდება ელემენტარული ნაწილაკები – პროტონები. როცა ნაწილაკები ეჯახებიან ერთმანეთს, ხდება გამოსხივება. აჩქარებული ნაწილაკების დაჯახების რაოდენობა წამში 600 მილიონია.

ამჟამად რა კვლევებზე მუშაობენ ცერნში, კონკრეტულად რას გაეცანით ქართველი პედაგოგები?

ცერნი დაფუძნებულია პოლ გოგენის სურათზე – საიდან ვართ, ვინ ვართ და საით მივდივართ. აი, ზუსტად ეს აინტერესებს ცერნს.

რომელ კითხვაზე აქვთ ცერნში პასუხი?

საიდან ვართ? – დღესდეობით ამ კითხვაზე აქვს მეცნიერებას პასუხი, დიდი აფეთქების თეორიიდან ვართ. აქედან გასულია 14 მილიარდი წელიწადი, ანუ ჩვენი სამყაროს ასაკი დადგენილია. დიდი აფეთქების შედეგად მოხდა ჰიგსის ნაწილაკის გამოსხივება. დიდი აფეთქების თეორია, როცა 2013 წელს კოლაიდერში გაიმეორეს, აღმოაჩინეს ჰიგსის ნაწილაკი.

კიდევ რაზე მუშაობენ ლაბორატორიაში?

ახლა ცერნი ეძებს პარალელურ სამყაროებს, რომელსაც ბრანებს უწოდებენ. როგორც ქართველი მეცნიერი გია დვალი გვეუბნებოდა, ეს ბრანები ფურცლებივით არის ჩალაგებული. ძალიან ბევრ განზომილებაზეა საუბარი და ესეც მალე გახდება ცნობილიო. ეძებენ ანტიმატერიას. სამყაროს მატერიის ასი პროცენტიდან დაახლოებით 96 პროცენტი ანტიმატერიაა, რომელიც სადღაც იმალება. ეს უნდა აღმოაჩინონ. საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევები აქვთ ამაზე ჩატარებული. მიმდინარეობს შავი ხვრელების შესწავლა, რომელიც დღემდე გამოუცნობია. გვესაუბრნენ შვარცილდის რადიუსზე, რომელიც არის ვარსკვლავი და კვდომის შემდეგ ხდება შავი ხვრელი.

დედამიწასაც აქვს შვარცილდის რადიუსი, რომელიც 1 სმ-ია, მზის შვარცილდის რადიუსი კი დაახლოებით 4 სმ-ია. ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში, გაფართოვდა ცოდნის საზღვრები, ამოიხსნა დიდი აფეთქების საიდუმლო და ყველაზე მთავარია ის, რომ განვითარდა ახალი ტექნოლოგიები, შეიქმნა ვებგვერდი ინტერნეტით, – გრიდი, რომელსაც მალე გაუშვებენ საზოგადოებრივ მოხმარებაში.

საუბარია ასევე ადრონული თერაპიის გამოყენებაზეც მედიცინაში.

აღმოჩნდა, რომ ადრონული თერაპია უმაღლეს დონეზეა იმ ქვეყნებში, რომლებიც ინტელექტუალური და ფინანსური რესურსით აფინანსებენ ცერნს. ადრონული ნაწილაკებით ხდება სიმსივნური უჯრედების განადგურება ისე, რომ არ ზიანდება ჯანმრთელი უჯრედები.

თქვენ თუ გქონდათ რომელიმე ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა?

პროგრამის ხელმძღვანელი იყო ჯეკ ბაიმერი, რომელმაც გვაჩვენა მის მიერ შექმნილი ფიზიკის ლაბორატორია. აქ ჩვენც შეგვეძლო ჩაგვეტარებინა მცირე ფიზიკის ექსპერიმენტები. ასევე, მასტერკლასი ჩაგვიტარა ბერნის უნივერსიტეტის ქართველმა პროფესორმა ირმა მგელაძემ.

მათი დახმარებით შევძელით ექსპერიმენტების ჩატარება, რომელიც შემდეგ კლასში გადმოვიტანეთ და ვაკეთებთ. მაგალითად, ელექტრომაგნიტური ტაბების ჩახშობა, ელემენტარული ნაწილაკების, – ტრეკების მიღება და სხვა ბევრი საინტერესო ცდა, რომლის გაკეთება სკოლის პირობებში შეიძლება.

ჩავედით ასი მეტრის სიღრმეზე მიწის ქვეშ, სადაც ტარდება ცდები და დავათვალიერეთ. ჩვენთვის პრიორიტეტი იყო ის, რომ ლექციებს ქართველი მეცნიერები გვიტარებდნენ და ენის ბარიერი არ გვქონდა. ძალიან მაღალი დონის ქართველი მეცნიერები გავიცანით, სადღაც 35-მდე ქართველი მუშაობს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ცერნში.

იმ გამოცდილებიდან რაც ცერნში მიიღეთ, რისი გაკეთება შეიძლება ჩვენი სკოლის ბაზაზე?

ძალიან ცუდია, რომ სკოლაში კვანტური ფიზიკა თითქმის არ ისწავლება. უნდა ისწავლებოდეს, რადგან მე-11 კლასში როცა მოსწავლეები ფიზიკას აბარებენ, შემდეგ ამ მეცნიერებით აღარ ინტერესდებიან – სასკოლო პროგრამაში არ არის წარმოდგენილი კვანტური ფიზიკა, რომელიც ძალიან საინტერესოა.

კვანტურმა ფიზიკამ ყველაფერი შეცვალა. პერიოდული სისტემაც კი ელემენტარულ ნაწილაკებზე დადის. ამიტომ, როცა მე ვეუბნები ბავშვს, რომ რაღაც ელემენტი, რომელიც პერიოდულ სისტემაში წერია, ეს ელემენტარული ნაწილაკების წყობაა და ვაჩვენებ, როცა ვეუბნები, – თუ გინდა ამისგან მივიღებ ათასნაირ ქიმიურ ელემენტს, ეს უკვე მისთვის ძალიან საინტერესოა.

ამიტომ, თანამედროვე განათლების სისტემას დახვეწა სჭირდება, რომ ეს საკითხები იყოს შეტანილი პროგრამაში. იმედია, აღმოჩნდება ისეთი ხალხი, ვინც ამას გააკეთებს.

ახალ სახელმღვანელოებშიც არ არის წინსვლა ამ მიმართულებით?

მეცხრე კლასში ასტრონომიის რამდენიმე საკითხი არის და მე ვცდილობ განვავრცო. თვითონ ვაკეთებ მოდიფიცირებას და პროგრამაც მაძლევს საშუალებას. ადრონული კოლაიდერი, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში უდიდესი მიკროსკოპი, სადაც ყველაზე მაღალი ტემპერატურა მიიღება მთელ სამყაროში, მზის ტემპერატურაზე ასიათასჯერ დიდი და ყველაზე დაბალი ტემპერატურა მიიღება. როცა ამაზე მოსწავლეს ესაუბრები, შეუძლებელია რომ არ დაინტერსდეს.

ამასთან დაკავშირებით წელს დავამზადებინე ჩემს მოსწავლეებს კოლაიდერის მაკეტი. მოთხოვნა იყო, რომ უნდა გამომეყენებინა ნიუტონის მესამე კანონი და როცა კოლაიდერი დავათვალიერე, მივხვდი, რომ იქ სწორედ მესამე კანონია გამოყენებული.

ბავშვებს ამის ფონზე ავუხსენი მე-3 კანონი საკმაოდ გასაგებად და საინტერესოდ. ჩვენმა ხელსაწყომ, რომელიც მე დავამზადებინე, თბილისში ექსპერიმენტორიუმში პრიზი დაიმსახურა. გაიმარჯვა ორმა თემამაც, რომელიც კოლაიდერზე და შავ ხვრელებზე გააკეთეს მოსწავლეება.

ცერნის მისიაც ეს იყო, რომ მასწავლებლებმა ყველაფერი მიიტანონ მოსწავლეებამდე. ვფიქრობ, მე ჩემი მხრივ ეს გავაკეთე.

ქალაქის გაცნობის შესაძლებლობა თუ გქონდათ, კიდევ რამ დაგიტოვათ შთაბეჭდილებები?

მთელი პროგრამა იყო გაწერილი და ძალიან საინტერესოდ დატვირთული. ერთი დღე დაეთმო ჟენევის დათვალიერებას. ვნახეთ შვეიცარიის ბანკები, შენობები, შვეიცარული საათები, მსოფლიოში ყველაზე მაღალი, ჟენევის ცნობილი შადრევანი, ჟენევის ტბაზე გავისეირნეთ, რომლის სიგრძე 80 კილომეტრია, ცნობილი ფრანგი განმანათლებლის ჟან ჟაკ რუსოს ძეგლთან გადავიღეთ ფოტო და აღმოჩენა იყო ჩემთვის ჟან პიაჟეს, შვეიცარიელი ფსიქოლოგის ძეგლის ნახვა პარკში. მისი თეორიები თითქმის ყველა მასწავლებელმა იცის, რადგან როცა უნარების ტესტს ვაბარებთ, იქ სწორედ პიაჟეს თეორიებია განხილული. ასე რომ, ძალიან გამიხარდა მისი ძეგლის ნახვა.

ცერნში ბათუმის განათლების ფონდის ხელშეწყობით წავედით. ვფიქრობ, ეს ვიზიტი შინაარსიანი და ნაყოფიერი იყო.

 

ამავე თემაზე: 

სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში

ქართველი მეცნიერები ცერნში

Exit mobile version