სპორტი

ჰოკეის გუნდის შექმნის მორიგი მცდელობა ბათუმში

04.04.2015 • 3186
ჰოკეის გუნდის შექმნის მორიგი მცდელობა ბათუმში

 

ბათუმის სპორტულ-ახალგაზდრულ ცენტრში დღესდღეობით 30 ბავშვი დადის ყინულის ჰოკეის შესასწავლად. მათ მოციგურავე 30 წლის ნუგზარ ჯანჯალაშვილი ავარჯიშებს. ის ერთადერთი მწვრთნელია ამ მიმართულებით, რომელიც ამავე დროს ფიგურული ციგურაობის მწვრთნელიცაა. ის გვეუბნება, რომ სანამ ბავშვები ყვანჭს აიღებენ ხელში, მანამდე მათ ციგურებზე დგომას და სრიალს ასწავლის. ჰოკეის წესების სწავლა კი რამდენიმე თვეშია შესაძლებელი. ყინულის ჰოკეის სექციაში ბავშვები 20 ლარს იხდიან.

„სამოყვარულო ჯგუფიდან, სადაც ციგურებზე დგომასა და სრიალს ვასწავლით, გადაგვყავს ბავშვები ჰოკეის ჯგუფში. კვირაში სამჯერ გვაქვს 45-წუთიანი ვარჯიში. ჯერ გუნდი არ არის ჩამოყალიბებული. ამისთვის ინვენტარიც არ გვაქვს. ბავშვს ფორმა უნდა ჰქონდეს, რომ თამაშის დროს ტრავმა არ მიიღოს. ჯერჯერობით ჩემი მოვალეობაა ბავშვებს ვასწავლო ციგურებზე დგომა, სრიალი და ყვანჭთან ურთიერთობა“, – გვეუბნება ის.

საქართველოში ყინულის ჰოკეი 1960-იან წლებში გავრცელდა. ამ პერიოდში შექმნილა პირველი გუნდი, რომელსაც მოსკოვიდან მოწვეული ვალენტინ ზახაროვი წვრთნიდა. ბათუმში ყინულის ჰოკეის შექმნის მცდელობა რამდენიმე წლის წინაც იყო, როცა 2007 წელს ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ყინულის სასახლე გაიხსნა. ნუგზარ ჯანჯალაშვილი მაშინაც ავარჯიშებდა ბავშვებს.
აჭარაში ყინულის ჰოკეის ფედერაცია არ არსებობს. საქართველოში ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია 2004 წელს შეიქმნა. როგორც ნუგზარ ჯანჯალაშვილი გვეუბნება, ბათუმის სექციას ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა ალექსანდრე (სანდრო) ნაკაშიძემ საჩუქრად 40 ყვანჭი და 30 შაიბა გადასცა.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ბერიძის თქმით, ყინულის ჰოკეი ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციულ რესურსებზე შექმნილი სექციაა.

„გვინდოდა, ეს სახეობა ბათუმში დაარსებულიყო, რადგან გვაქვს სტანდარტული ყინულის მოედანი, რომელიც ერთადერთია საქართველოში. როგორც ცალკე აღებული იურიდიული პირი – ჰოკეის კლუბი ბათუმში არ არის. არის სექცია, რომელიც ყველა ადმინისტრაციული ხარჯისგან თავისუფალია და მისთვის დამოუკიდებელი ბიუჯეტი არ არსებობს, საჭიროების შემთხვევაში კი, თანხას ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოვყოფთ“.

ჰოკეის სექციაში ერთად სწავლობენ 2003, 2004, 2005, 2006, 2008 წელს დაბადებულები, ასევე ის ახალგაზრდები, რომლებიც ჰოკეის 2007-2008 წლებში გოგებაშვილზე არსებულ ყინულის სასახლეში სწავლობდნენ.

„გუნდი რომ ჩამოყალიბდეს, ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობა თითო წელი უნდა იყოს. 30 ბავშვში სხვადასხვა წლოვანებაა და გუნდს ვერ გავაკეთებთ. სხვადასხვა ფორმაცაა საჭირო. ფორმები საკმაოდ ძვირია, ერთი ბავშვის ფორმა 300-400 დოლარამდე ღირს. როგორც კი გვეყოლება ერთი ასაკის – 20-25 ბავშვი, მერე შეიძლება გუნდის ჩამოყალიბება, რის შემდეგაც შევძლებთ საერთაშორისო და შიდა ჩემპიონატებზე მონაწილეობას. სექციაში გოგოები არ გვყავს. თუმცა მსურველები არიან და გვინდა, მომავალში შევქმნათ გოგოების ჯგუფიც“.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ირაკლი ბერიძე ამბობს, რომ პროფესიული ყინულის ჰოკეის შექმნისთვის საქართველო ეროვნული ნაკრებიდან სურთ მწვრთნელის მოწვევა.

„ჰოკეის სექციას ამჟამად ჩვენი რესურსებით ვწვდებით, მაგრამ ვეძებთ მწვრთნელს, ვინც პროფესიულ დონეზე გადაიყვანს ყინულის ჰოკეის. ერთ მწვრთნელზეა საუბარი. საქართველოს ნაკრების წევრებთან, რომლებიც ახლა რუსეთსა და უკრაინაში ცხოვრობენ, მოლაპარაკება გვაქვს, რომ ჩამოვიდნენ ჩვენთან მწვრთნელად სამუშაოდ“.

როგორც ნუგზარ ჯანჯალაშვილი ამბობს, ჰოკეის გუნდი წლების წინ უსახსრობის გამო დაიშალა – ამ გუნდს მაშინ ფორმები ვერ შეუძინეს. ის იმედოვნებს, რომ ამჯერად ჰოკეის სექცია იმავე ბედს აღარ გაიზიარებს, რადგან სამომავლოდ სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი მათთვის ფორმების შეძენას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: