განათლება,მთავარი,სიახლეები

რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში

17.04.2018 • 5914
რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში

„ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში“ – ბათუმელი პედაგოგი ბირთვული კვლევების ლაბორატოარიაში

სამი ბათუმელი ფიზიკის მასწავლებელი გასული წლის შემოდგომაზე, ჟენევაში, ცერნში იმყოფებოდა. ცერნი ბირთვული კვლევების უდიდესი ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ბათუმელი პედაგოგები ათი დღის განმავლობაში უსმენდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექციებს და პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ცერნში იმყოფებოდა, ბათუმის მე-18 საჯარო და კერძო სკოლა „განათლებას“ ფიზიკის მასწავლებელი ვენერა აბუსელიძეა.

ქალბატონო ვენერა, როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ცერნზე?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცერნი მსოფლიო ფიზიკოსების მექაა, სადაც ყველაზე მაღალი დონის ექსპერიმენტები ტარდება და არანაირი შეზღუდვა არაფერზე არ არსებობს. ამ ლაბორატორიაში შეიძლება ჩავატაროთ ექსპერიმენტი და მივიღოთ სამყაროში არ არსებული ტემპერატურა -271°C, მივიღოთ 12 000 A დენი, ასეთი დიდი მასშტაბები სხვა ლაბორატორიაში წარმოუდგენელია. ამიტომ აქვს ამას ასეთი დიდი მნიშვნელობა. აქ არის შექმნილი კოლაიდერი, დიდი ამაჩქარებელი, სადაც ჩქარდება ელემენტარული ნაწილაკები – პროტონები. როცა ნაწილაკები ეჯახებიან ერთმანეთს, ხდება გამოსხივება. აჩქარებული ნაწილაკების დაჯახების რაოდენობა წამში 600 მილიონია.

ამჟამად რა კვლევებზე მუშაობენ ცერნში, კონკრეტულად რას გაეცანით ქართველი პედაგოგები?

ცერნი დაფუძნებულია პოლ გოგენის სურათზე – საიდან ვართ, ვინ ვართ და საით მივდივართ. აი, ზუსტად ეს აინტერესებს ცერნს.

რომელ კითხვაზე აქვთ ცერნში პასუხი?

საიდან ვართ? – დღესდეობით ამ კითხვაზე აქვს მეცნიერებას პასუხი, დიდი აფეთქების თეორიიდან ვართ. აქედან გასულია 14 მილიარდი წელიწადი, ანუ ჩვენი სამყაროს ასაკი დადგენილია. დიდი აფეთქების შედეგად მოხდა ჰიგსის ნაწილაკის გამოსხივება. დიდი აფეთქების თეორია, როცა 2013 წელს კოლაიდერში გაიმეორეს, აღმოაჩინეს ჰიგსის ნაწილაკი.

კიდევ რაზე მუშაობენ ლაბორატორიაში?

ახლა ცერნი ეძებს პარალელურ სამყაროებს, რომელსაც ბრანებს უწოდებენ. როგორც ქართველი მეცნიერი გია დვალი გვეუბნებოდა, ეს ბრანები ფურცლებივით არის ჩალაგებული. ძალიან ბევრ განზომილებაზეა საუბარი და ესეც მალე გახდება ცნობილიო. ეძებენ ანტიმატერიას. სამყაროს მატერიის ასი პროცენტიდან დაახლოებით 96 პროცენტი ანტიმატერიაა, რომელიც სადღაც იმალება. ეს უნდა აღმოაჩინონ. საკმაოდ მნიშვნელოვანი კვლევები აქვთ ამაზე ჩატარებული. მიმდინარეობს შავი ხვრელების შესწავლა, რომელიც დღემდე გამოუცნობია. გვესაუბრნენ შვარცილდის რადიუსზე, რომელიც არის ვარსკვლავი და კვდომის შემდეგ ხდება შავი ხვრელი.

დედამიწასაც აქვს შვარცილდის რადიუსი, რომელიც 1 სმ-ია, მზის შვარცილდის რადიუსი კი დაახლოებით 4 სმ-ია. ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში, გაფართოვდა ცოდნის საზღვრები, ამოიხსნა დიდი აფეთქების საიდუმლო და ყველაზე მთავარია ის, რომ განვითარდა ახალი ტექნოლოგიები, შეიქმნა ვებგვერდი ინტერნეტით, – გრიდი, რომელსაც მალე გაუშვებენ საზოგადოებრივ მოხმარებაში.

საუბარია ასევე ადრონული თერაპიის გამოყენებაზეც მედიცინაში.

აღმოჩნდა, რომ ადრონული თერაპია უმაღლეს დონეზეა იმ ქვეყნებში, რომლებიც ინტელექტუალური და ფინანსური რესურსით აფინანსებენ ცერნს. ადრონული ნაწილაკებით ხდება სიმსივნური უჯრედების განადგურება ისე, რომ არ ზიანდება ჯანმრთელი უჯრედები.

თქვენ თუ გქონდათ რომელიმე ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა?

პროგრამის ხელმძღვანელი იყო ჯეკ ბაიმერი, რომელმაც გვაჩვენა მის მიერ შექმნილი ფიზიკის ლაბორატორია. აქ ჩვენც შეგვეძლო ჩაგვეტარებინა მცირე ფიზიკის ექსპერიმენტები. ასევე, მასტერკლასი ჩაგვიტარა ბერნის უნივერსიტეტის ქართველმა პროფესორმა ირმა მგელაძემ.

მათი დახმარებით შევძელით ექსპერიმენტების ჩატარება, რომელიც შემდეგ კლასში გადმოვიტანეთ და ვაკეთებთ. მაგალითად, ელექტრომაგნიტური ტაბების ჩახშობა, ელემენტარული ნაწილაკების, – ტრეკების მიღება და სხვა ბევრი საინტერესო ცდა, რომლის გაკეთება სკოლის პირობებში შეიძლება.

ჩავედით ასი მეტრის სიღრმეზე მიწის ქვეშ, სადაც ტარდება ცდები და დავათვალიერეთ. ჩვენთვის პრიორიტეტი იყო ის, რომ ლექციებს ქართველი მეცნიერები გვიტარებდნენ და ენის ბარიერი არ გვქონდა. ძალიან მაღალი დონის ქართველი მეცნიერები გავიცანით, სადღაც 35-მდე ქართველი მუშაობს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ცერნში.

იმ გამოცდილებიდან რაც ცერნში მიიღეთ, რისი გაკეთება შეიძლება ჩვენი სკოლის ბაზაზე?

ძალიან ცუდია, რომ სკოლაში კვანტური ფიზიკა თითქმის არ ისწავლება. უნდა ისწავლებოდეს, რადგან მე-11 კლასში როცა მოსწავლეები ფიზიკას აბარებენ, შემდეგ ამ მეცნიერებით აღარ ინტერესდებიან – სასკოლო პროგრამაში არ არის წარმოდგენილი კვანტური ფიზიკა, რომელიც ძალიან საინტერესოა.

კვანტურმა ფიზიკამ ყველაფერი შეცვალა. პერიოდული სისტემაც კი ელემენტარულ ნაწილაკებზე დადის. ამიტომ, როცა მე ვეუბნები ბავშვს, რომ რაღაც ელემენტი, რომელიც პერიოდულ სისტემაში წერია, ეს ელემენტარული ნაწილაკების წყობაა და ვაჩვენებ, როცა ვეუბნები, – თუ გინდა ამისგან მივიღებ ათასნაირ ქიმიურ ელემენტს, ეს უკვე მისთვის ძალიან საინტერესოა.

ამიტომ, თანამედროვე განათლების სისტემას დახვეწა სჭირდება, რომ ეს საკითხები იყოს შეტანილი პროგრამაში. იმედია, აღმოჩნდება ისეთი ხალხი, ვინც ამას გააკეთებს.

ახალ სახელმღვანელოებშიც არ არის წინსვლა ამ მიმართულებით?

მეცხრე კლასში ასტრონომიის რამდენიმე საკითხი არის და მე ვცდილობ განვავრცო. თვითონ ვაკეთებ მოდიფიცირებას და პროგრამაც მაძლევს საშუალებას. ადრონული კოლაიდერი, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში უდიდესი მიკროსკოპი, სადაც ყველაზე მაღალი ტემპერატურა მიიღება მთელ სამყაროში, მზის ტემპერატურაზე ასიათასჯერ დიდი და ყველაზე დაბალი ტემპერატურა მიიღება. როცა ამაზე მოსწავლეს ესაუბრები, შეუძლებელია რომ არ დაინტერსდეს.

ამასთან დაკავშირებით წელს დავამზადებინე ჩემს მოსწავლეებს კოლაიდერის მაკეტი. მოთხოვნა იყო, რომ უნდა გამომეყენებინა ნიუტონის მესამე კანონი და როცა კოლაიდერი დავათვალიერე, მივხვდი, რომ იქ სწორედ მესამე კანონია გამოყენებული.

ბავშვებს ამის ფონზე ავუხსენი მე-3 კანონი საკმაოდ გასაგებად და საინტერესოდ. ჩვენმა ხელსაწყომ, რომელიც მე დავამზადებინე, თბილისში ექსპერიმენტორიუმში პრიზი დაიმსახურა. გაიმარჯვა ორმა თემამაც, რომელიც კოლაიდერზე და შავ ხვრელებზე გააკეთეს მოსწავლეება.

ცერნის მისიაც ეს იყო, რომ მასწავლებლებმა ყველაფერი მიიტანონ მოსწავლეებამდე. ვფიქრობ, მე ჩემი მხრივ ეს გავაკეთე.

ქალაქის გაცნობის შესაძლებლობა თუ გქონდათ, კიდევ რამ დაგიტოვათ შთაბეჭდილებები?

მთელი პროგრამა იყო გაწერილი და ძალიან საინტერესოდ დატვირთული. ერთი დღე დაეთმო ჟენევის დათვალიერებას. ვნახეთ შვეიცარიის ბანკები, შენობები, შვეიცარული საათები, მსოფლიოში ყველაზე მაღალი, ჟენევის ცნობილი შადრევანი, ჟენევის ტბაზე გავისეირნეთ, რომლის სიგრძე 80 კილომეტრია, ცნობილი ფრანგი განმანათლებლის ჟან ჟაკ რუსოს ძეგლთან გადავიღეთ ფოტო და აღმოჩენა იყო ჩემთვის ჟან პიაჟეს, შვეიცარიელი ფსიქოლოგის ძეგლის ნახვა პარკში. მისი თეორიები თითქმის ყველა მასწავლებელმა იცის, რადგან როცა უნარების ტესტს ვაბარებთ, იქ სწორედ პიაჟეს თეორიებია განხილული. ასე რომ, ძალიან გამიხარდა მისი ძეგლის ნახვა.

ცერნში ბათუმის განათლების ფონდის ხელშეწყობით წავედით. ვფიქრობ, ეს ვიზიტი შინაარსიანი და ნაყოფიერი იყო.

 

ამავე თემაზე: 

სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში

ქართველი მეცნიერები ცერნში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: