მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ინდუსტრიული საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს

18.04.2018 • 1888
ბათუმის მერია ინდუსტრიული საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს

ბათუმის მერის ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მერია ინდუსტრიული საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს. მისივე განმარტებით, ეს იმ პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მერია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს:

„ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში ჩვენ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ეს არის მეწარმეობისა და ინოვაციების სტიმულირება საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობა და ადგილობრივი განვითარების ფორუმების ორგანიზება.“

მერის ინფორმაციით, ბიზნესცენტრისთვის აჭარის  მთავრობამ გონიოს ხიდის მიმდებარედ ხუთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოყო.

„მერიამ უკვე დაიწყო ამ ტერიტორიის დაგეგმარება. აქ პირველ რიგში მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადაც მიყვანილი იქნება საწარმოო ქსელები, ეს იქნება 500-დან 1000 კვადრატამდე მეტრის სხვადასხვა საწარმოო ფართობები, სადაც მეწარმეებს შეეძლებათ გახსნან საწარმოები ან გადაიტანონ საკუთარი წარმოება. ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ბიზნესცენტრს, რომელიც კონცენტრაციას გაუკეთებს მსუბუქი მრეწველობის დარგებს.“ – ამის შესახებ ლაშა კომახიძემ დღეს სასტუმრო რადისონში მერიის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში მერია ითანამშრომლებს შესაბამის პროფესიულ ასოციაციებთან, სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან.

გარდა ამისა, მერიის სტრატეგიული გეგმის ნაწილია ადგილობრივი განვითარების ფორუმების ორგანიზება. მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაარსდება ბათუმის მდგრადი ურბანული განვითარების ფორუმი, როგორც ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც აქცენტს გააკეთებს სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებულ საკითხზე, როგორიცაა: სტრატეგიული და ურბანული დაგეგმარება, სატრანსპორტო სისტემების განვითარება, სასმელი წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა, კატასტროფების რისკების შემცირება, კლიმატის ცვლილების შერბილება და ადაპტაცია, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განათლება და შესაძლებლობების გაძლიერება.

მერის თქმით, ადგილობრივი განვითარების ფორუმები იქნება ინიციატივა უზრუნველყოს სივრცე მულტიდისციპლინარული დიალოგისათვის მდგრად ურბანულ განვითარებასთან, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მერს არ დაუსახელებია თანხის რაოდენობა, რამდენი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან ბიზნესცენტრის მოსაწყობად.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: