კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

18.10.2016 • 2629
შპს  „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

ბათუმში, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი შპს „სტადიონმა“ მეათე თვეა ვერ შეარჩია. „სტადიონმა“ შესაბამისი ტენდერი ოთხჯერ გამოაცხადა, სატენდერო თანხა 2 მილიონ 100 ათასი ლარია, სტადიონის მშენებლობა კი ამ ტენდერის დასრულებაზეა დამოკიდებული. კომპანიას, რომელიც მხოლოდ ორი პროექტის [სტადიონისა და საავადმყოფოს] განხორციელების მიზნით ერთი წლის წინ სპეციალურად შექმნეს, დავების განხილვის საბჭოში უკვე 18-ჯერ უჩივლეს.

„სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მრავალწლიან შესყიდვაზე“ შპს „სტადიონმა“ ტენდერი მეოთხედ, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოაცხადა. მხოლოდ ამ ერთი ტენდერის გამო კომპანიას შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში უკვე ოთხჯერ უჩივლეს, საიდანაც საბჭომ მხოლოდ ერთი არ დააკმაყოფილა.

რატომ ვერ ხერხდება ტენდერის დასრულება და ტექნიკური ზედამხედველის შერჩევა?

ამ კითხვაზე შპს „სტადიონის“ დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს: „ყველას უნდა გამარჯვება, კომპანიებს კანონი აძლევს საშუალებას ტენდერი გაასაჩივრონ მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. ამჯერადაც გასაჩივრებულია და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დაგვაბრუნა კვლავ შერჩევა-შეფასების ეტაპზე.“

დირექტორის თქმით, საკითხი უახლოეს რამდენიმე დღეში გადაწყდება. საკითხის გადაწყვეტა კი ან გამარჯვებულის გამოვლენას გულისხმობს, ან ტენდერის მეხუთედ გამოცხადებას.

პირველ აგვისტოს გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა: თბილისში რეგისტრირებული შპს LENI [რომლის შეთავაზება იყო 1 მილიონ 300 ათასი ლარი] და პოლონური შპს კომანდიტური საზოგადოება „პერბო ინვესტიციე“ [შეთავაზება – 1 მილიონ 274 ათასი ლარი].

ეს ტენდერი დასრულებამდე გაასაჩივრა შპს „ოიკო ჯგუფიმ“. კომპანია საჩივარში მიუთითებდა, რომ: „მაღალი რისკის მქონე მე-4 და მე-5 კლასის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობაზე არსად ცხადდება ტენდერები, რომელშიც იმპერატიულად არ იქნება მოთხოვნილი კომპანიის გამოცდილება მის მიერ ანალოგიური კლასის ობიექტებზე შესრულებულ ტექნიკურ ზედამხედველობაზე. აღნიშნულ ტენდერში კი უგულვებელყოფილია კომპანიის გამოცდილება და მოთხოვნილია მხოლოდ პერსონალის გამოცდილება…
ამასთან, დამატებით არის მოთხოვნა, რომ თითოეულ სპეციალისტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ჰქონდეს მინიმუმ ერთი ანალოგიური სირთულის დასრულებულ ობიექტზე [როცა მაყურებლებისთვის განკუთვნილი ადგილები აღემატება შვიდი ათასს] განხორციელებული საზედამხედველო მომსახურება.

საქართველოში ობიექტი, სადაც მაყურებლებისთვის განკუთვნილი დასაჯდომი ადგილები აღემატება შვიდ ათასს, ჩვენი მონაცემებით, არის ერთი – საკონცერტო დარბაზი შეკვეთილში. შესაბამისად, ამ ჩანაწერით ირღვევა სამართლიანი პაექრობისა და კონკურენციის ძირითადი პრინციპი, ვინაიდან ვერც ერთი ადგილობრივი კომპანია, გარდა იმ კომპანიისა ან სპეციალისტთა ჯგუფისა, რომელმაც განახორციელა ტექნიკური ზედამხედველობა შეკვეთილში საკონცერტო დარბაზის მშენებლობაზე, ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ ტენდერში.

ჩანს, რომ შემსყიდველის მიზანი არ არის კვალიფიციური პრეტენდენტის გამოვლენა, ამიტომ გაუქმდეს სატენდერო დოკუმენტაციის კანონმდებლობის შეუსაბამო ჩანაწერი“.

დავების საბჭომ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა და „სტადიონის“ სასარგებლოდ განაცხადა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს როგორც კომპანიის, ასევე პერსონალის საქმიანობის გამოცდილება. საბჭომ არც სხვა სატენდერო მოთხოვნები – მათ შორის მაყურებელთა ადგილების შესახებ – მიიჩნია სადავოდ.

შესაბამისად, როგორც ნაკლები შეთავაზების მქონეს – პოლონურ კომპანიას, სატენდერო კომისიამ გარკვეული დოკუმენტაციის დამატებით წარდგენა მოსთხოვა. კომისიამ მოგვიანებით აღნიშნა, რომ „პერბო ინვესტიციეს~ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს“ და პოლონური კომპანია მოიწვია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

თუმცა, ტენდერი ცალ-ცალკე გაასაჩივრეს შპს „ტრიჯიტიმ“ და იმედა დვალიძემ. დავების საბჭომ საჩივრები დასაშვებად ცნო და „სტადიონის“ სატენდერო კომისია იძულებული გახდა ტენდერი შეეჩრებინა.

„ჩვენ მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია, რის საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ პრეტენდენტი მრავალ პოზიციაში ვერ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნებს და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, “ – აღნიშნულია შპს „ტრიჯიტის“ საჩივარში. „ტრიჯიტი“ ხაზს უსვამს, რომ პოლონური კომპანიის მიერ დასახელებული სპეციალისტები ვერ აკმაყოფილებდნენ სატენდერო მოთხოვნებს.

რაც შეეხება იმედა დვალიძეს, ის საჩივარში აღნიშნავს: „ჩემს მიერ მოხდა არსებული ტენდერის მსვლელობის გაანალიზება და მინდა სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭომ განიხილოს „სტადიონის“ და „პერბო ინვესტიციეს“ მიერ ტენდერის მსვლელობისას დაშვებული შეცდომები…“

ამ „შეცდომებს“ შორის აღნიშნულია, რომ „პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არ არის კომპანიის რეგისტრაციის ან იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება კომპანიის არსებობა და კომპანიის უფლებამოსილი პირის მონაცემები… ერთ-ერთ ტექზედამხედველს, იაკუბ პიტროვსკის თავის გამოცდილებაში უწერია, რომ 2012 წელს მუშაობდა ქ. ვროცლავის საფეხბურთო სტადიონზე. თუ ვიხელმძღვანელებთ ვროცლავის სტადიონის საიტზე განთავსებული ინფორმაციით, ეს სტადიონი 2011 წლის 10 სექტემბერს დასრულებული იყო. ჩნდება ეჭვი, რომ პრეტენდენტმა ხელოვნურად შეასწორა წლები 5-წლიანი გამოცდილებაზე… აგრეთვე ამ პიროვნებაზე, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსად არ არის დაფიქსირებული 10-წლიანი საინჟინრო გამოცდილება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის დარღვევას და ექვემდებარება დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე“. იმედა დვალიძე მიიჩნევს, რომ არც სხვა ზედამხედველის გამოცდილება პასუხობს სატენდერო მოთხოვნებს.

„ტრიჯიტის“ საჩივართან დაკავშირებით დავების საბჭომ გადაწყვიტა, რომ „სტადიონმა“ გადასინჯოს მიღებული გადაწყვეტილება, იმსჯელოს პოლონური კომპანიის მიერ წარმოდგენილი სპეციალისტები რამდენად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს ტექნიკური ზედამხედველობის გაწევის კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს იმედა დვალიძის საჩივართან დაკავშირებითაც.

დავების საბჭოს ამ გადაწყვეტილებების შემდეგ სატენდერო კომისიამ გააუქმა თავისივე ოქმი, რომლითაც პოლონური კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდა. კომისიამ დაიტოვა დოკუმენტაციის „გადახედვის“ უფლებაც და საბოლოოდ თავისივე ადრინდელი გადაწყვეტილების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო: „დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის გამო~ პოლონურ კომპანიას მიეცა დისკვალიფიკაცია.

ტენდერში მონაწილე კომპანია LENI-ს კომისიამ 22 სექტემბერს დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა და დრო სამი სამუშაო დღე მისცა. LENI-მ დოკუმენტაცია ამ დროში არ წარადგინა, თუმცა, ვიდრე კომისია იმსჯელებდა, 26 სექტემბერს თავად პოლონურმა კომპანიამ გაასაჩივრა სატენდერო კომისიის ბოლო გადაწყვეტილება.
„პერბო ინვესტიციე“ საჩივარში მიუთითებს, რომ მან დააზუსტა მოთხოვნილი ინფორმაცია და ატვირთა შესაბამისი დოკუმენტაცია, „სადაც დაწვრილებით არის აღწერილი სპეციალისტების პროფესიული სავალდებულო გამოცდილება, როგორც საზედამხედველო მომსახურების სფეროში, ასევე სამშენებლო სფეროს სხვა მიმართულებებშიც“.

„სტადიონის“ სატენდერო კომისიის ოქმში კი აღნიშნულია, რომ „პერბო ინვესტიციემ“ დამატებით წარადგინა დანართი #4 [სპორტული ობიექტების ჩამონათვალი] და სარეკომენდაციო წერილები, რომელიც სატენდერო კომისიას არ მოუთხოვია და, შესაბამისად, არც განუხილავს. თუმცა, ამავე ოქმში კომისია დისკვალიფიკაციის საფუძვლად უთითებს, რომ დაზუსტებულ დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაცია არ ემთხვევა დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში [დანართი #4, რომელიც არც მოუთხოვია და არც განუხილავს] მოცემულ ინფორმაციას.

„თუ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია არ განიხილება, მაშინ გაუგებარია როგორ შეიძლება გახდეს ის დისკვალიფიკაციის მიზეზი? – კითხულობს პოლონური კომპანია – „დისკვალიფიკაციის მიზეზი ჩვენთვის გაუგებარია. სხდომის ოქმში საერთოდ არ არის აღნიშნული რა ნაწილში არ შეესაბამება დაზუსტებული დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს… მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადება სრულად შეესაბამება მოთხოვნებს და უნდა გაუქმდეს სატენდერო კომისიის უკანონო გადაწყვეტილება „პერბო ინვესტიციეს“ დისკვალიფიკაციის შესახებ“.

დავების საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიამ „დეტალურად იმსჯელოს პოლონური კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან რომელი აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სატენდერო მოთხოვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“.

„სტადიონის“ სატენდერო კომისიამ, 12 ოქტომბერს, ამჯერად ის ოქმი გააუქმა, რომლითაც პოლონურ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

„ვართ დაბრუნებული შერჩევა-შეფასების რეჟიმში და ველოდებით დოკუმენტაციის წარმოდგენას… წარმოადგენენ, ვიმსჯელებთ და მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. უახლოეს მომავალში გადაწყდება ეს საკითხი,“ – აცხადებს გიორგი ზირაქაშვილი.

კითხვაზე, რა დოკუმენტებია წარმოსადგენი, როცა კომპანია აცხადებს, რომ ყველაფერი სრულად წარადგინა, გიორგი ზირაქაშვილი, რომელიც სატენდერო კომისიის თავმჯდომარეცაა, ამბობს: „არის რაღაც დოკუმენტები ატვირთული, ვარკვევთ დეტალებს“.

თუ კომისია მართალია, რატომ არ ასაჩივრებს „სტადიონი“ თავად დავების საბჭოს გადაწყვეტილებას? – „ეს ასე არ ხდება. ნებისმიერ კომპანიას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეტაპზე აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია და ეს შეაქვს დავების საბჭოში. საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ვმოქმედებთ ჩვენ. არის კრიტერიუმები, რაშიც მომჩივანი მართალია. კიდევ ერთხელ ვარკვევთ და თუ აღმოჩნდა, რომ კომპანია მართალია, ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ,“ – აცხადებს ზირაქაშვილი.

ტექნიკური ზედამხედველის შესარჩევად ტენდერი შპს „სტადიონმა“ პირველად 2016 წლის იანვარში გამოცხადდა. ეს ტენდერი არ შედგა; შემდეგ მარტში – დასრულდა უარყოფითი შედეგით; მესამედ გამოცხადებული ტენდერი კი, ასევე, გასაჩივრების გამო ივლისში შეწყდა; მეოთხედ გამოცხადებულ ტენდერში შედეგი ამ დრომდე ვერ დადგა. აქედან გამომდინარე, როდის გამოცხადდება უშუალოდ სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი ან როდის დაიწყება სტადიონის მშენებლობა, უცნობია. მითუმეტეს, მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებას პარალელურ რეჟიმში „სტადიონი“ არ აპირებს.

„ერთმანეთს ხელს არ უშლის ტექნიკური ზედამხედველის შერჩევა და მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება, მაგრამ გვინდა, რომ ჯერ გამარჯვებული ზედამხედველი კომპანია გამოვლინდეს… რაც შეეხება მშენებლობაზე ტენდერს, სატენდერო დოკუმენტაციაზე ვმუშაობთ. იქ არის ნიუანსები, რაც უნდა გავითვალისწინოთ – საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პირობები, რაც უნდა დააკმაყოფილოს მშენებელმა კომპანიამ… 2-3 დღე დაგვჭირდება გავერკვეთ პოლონურ კომპანიასთან დაკავშირებით და დაველოდებით დავების საბჭო საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს,“ – აცხადებს გიორგი ზირაქაშვილი.
შპს „სტადიონის“ 100%-იან წილს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ფლობს.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით

ბათუმში საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია „BAHADIR KUL ARCHITECTS“ პროექტით აშენდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: