მთავარი,სიახლეები

„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად

16.02.2017 • 3258
„ბათომი“: მორატორიუმი ერთადერთი გამოსავალია ქალაქის ნგრევის შესაჩერებლად

15 თებერვალს ბათუმის მერიაში ქალაქის მერთან დახურული შეხვედრა შედგა, რომელსაც საზოგადოება „ბათომის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რაზე ისაუბრეს დახურულ შეხვედრაზე? „ბათუმელები“ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა.

შოთა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გუშინ შედგა შეხვედრა მერიაში, ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. რა იყო საუბროს თემა?

საუბრის თემა ძირითადად იყო ბარათაშვილის 24  [ისტორიული სახლი ბათუმში, რომელიც კომპანიამ დემონტაჟის ნებართვის გარეშე დაანგრია] და ის პრობლემები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფულად მძიმე – ჩვენ ასე ვაფასებთ და პრინციპში, არც ქალაქის მერი უარყოფს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ მას აქვს არგუმენტები, რომ, მაგალითად, სამართლებრივად, რაღაცას რომ ხელს მოაწერს, სხვა გზა არა აქვს.

თუ გრძნობს მერი პასუხისმგებლობას ბარათაშვილის #24-თან დაკავშირებით? ეს თქვენს საუბარში გამოჩნდა?

მე ვფიქრობ, ფაქტი, რომ მან ჩვენთან შეხვედრა ითხოვა, ნიშნავს იმას, რომ რაღაც დონის პასუხისმგებლობას გრძნობს.

ბარათაშვილის 24-თან დაკავშირებით ძირითადად ჩვენგან იყო საყვედურები, თვითონ ამბობდა, რომ არ გვინდა ჩხუბი და მოვილაპარაკოთ, რა შეიძლება გაკეთდეს და პრინციპში ჩვენ ამის მომხრე ვართ, მაგრამ ხანდახან ემოციები გვძლევდა ხოლმე. ითქვა, რომ უახლოეს დღეებში ისევ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, რადგან რამდენიმე პუნქტია აუცილებლად შესასრულებელი, ძირითადად მაინც მორატორიუმზე ვლაპარაკობდით.

როგორც ვიცი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ბათომი“ მორატორიუმის აუცილებლობაზე საუბრობს.  აპირებთ თუ არა ამ საკითხის გააქტიურებას და მერი რას ფიქრობს ამ თემაზე?

მორატორიუმზე საუბარი პირველად დავიწყეთ 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა. დღითი დღე ეს საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება, ძველი ბათუმი კრიტიკულ მდგომარეობაშია,  გადარჩენაც კი არ იქნება, თუ მორატორიუმი გამოცხადდება, ეს იქნება ხავსი წყალწაღებულისთვის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

არა მგონია, მერი მოხიბლული იყოს ამ იდეით, ეჭვი მაქვს, რომ მას ცალკე პასუხისმგებლობები აქვს კომპანიებთან, მაგრამ ჩვენ  გავააქტიურებთ მუშაობას ამ მიმართულებით, ეს იქნება აქციები, სოციალური აქტივობა, საჯარო გამოსვლები და ა.შ. ამას იქეთ გზა არ გვაქვს, ეს არის ერთადერთი გამოსავალი ახლა.

მორატორიუმი გულისხმობს ძველ ბათუმში ნგრევისა და მშენებლობის შეჩერებას და ვცდილობთ, რომ ძველი ბათუმი, რომელიც ამ წუთას არის ზღვიდან კონსტანტინე გამსახურდიას კენტ მხარეს, გადმოვიტანოთ მელიქიშვილის ქუჩამდე, ანუ გაფართოვდეს ძველი ბათუმის საზღვრები.

აუცილებლად ვაპირებთ აქციებს. ნელ-ნელა იზრდება საზოგადოებაში პროტესტი იმის გამო, რაც ხდება ბათუმში და განსაკუთრებით ძველ ბათუმში.

საზოგადოების პროტესტის შედეგიანი მაგალითი იყო ბათუმის ბულვარი.  ფიქრობთ, რომ საზოგადოების აქტიურობამ შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი? იგივე – მივიდეთ მორატორიუმამდე?

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, სხვა საშუალება არ გაგვაჩნია. გვაქვს არაერთი სამართლებრივი დავა,  მაგრამ იმდენად, რამდენადაც ქვეყანა ჩალით არის დახურული, მე ამის დიდი იმედი არ მაქვს. უბრალოდ, ჩვენ არ შეგვიძლია სხვანაირად, თვალი დავხუჭოთ და გავატაროთ, იმიტომ, რომ არაფერი არ გამოვა. ყველაზე დიდი ძალაა ხალხი, რომელიც, ვფიქრობ, რომ ამ საკითხს ჯანსაღად უდგება.

ბოლო ხანებში არის საუბარი იმაზე, რომ მიდის აჭარის მთავრობაში მუშაობა ქალაქმშენებლობის საკითხებზე, ამ ჯგუფში ერთ-ერთი წევრია მანუჩარ მახათაძე, რომელიც პარალელურად „USAID“-ის დაფინანსებით ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს. ამ ჯგუფიდან ხომ არ ყოფილა „ბათომთან“ შეხვედრის სურვილი?

ბატონ მახათაძესთან გვქონდა შეხვედრა ადრე, ბათუმის მერიაში, როცა პირველად გავიგეთ, რომ მიწათსარგებლობის გეგმა მზადდებოდა, რასაც აფინანსებს USAID-ი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ USAID-მა დაასკვნა, რომ კატასტროფულადაა საქმე ბათუმში და აუცილებელია ამ გეგმის მომზადება. მაშინ ვისაუბრეთ მორატორიუმზე, მაგრამ ბატონ მახათაძეს ჰქონდა რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება მორატორიუმის მიმართ. იგი ამბობდა, რომ ეს გააჩერებს ქალაქის განვითარებას. მაშინ ვუთხარით, რომ ის, რასაც „განვითარებას“ უწოდებენ, სინამდვილეში არის განადგურება და ეს უნდა შეჩერდეს.

მორატორიუმზე ვისაუბრეთ ბატონ პატარაძესთან შეხვედრის დროსაც და ვერ  ვიტყვი, რომ დიდი აღტაცებით მიიღო მან ეს იდეა. ასე, რომ მორატორიუმს ყველა უფრთხის გასაგები მიზეზების გამო. არადა, სხვა გამოსავალი არ არის.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თქვენი აზრით, რა იყო ბათუმის მერთან შეხვედრის მიზანი და შედეგი?

მე ვფიქრობ, რომ ბატონ მერს უნდოდა შთაბეჭდილება დაეტოვებინა, რომ მას მაინცადამაინც არ მიუძღვის ბრალი ბარათაშვილის 24-ის დანგრევაში და უნდოდა ეთქვა, რომ თვითონაც შეწუხებულია იმით, რაც ხდება ძველ ბათუმში. მან აღნიშნა, ერთად დავსახოთ გეგმებიო, მაგრამ გეგმები დასახული იყო, მანამ, სანამ მერი გახდებოდა, იმიტომ, რომ მემორანდუმზე აქვს ხელი მოწერილი და იმ ხუთი პუნქტიდან, რაც მემორანდუმში იყო, არც ერთი არ არის შესრულებული, თუ არ ჩავთვლით USAID-ის ინიციატივას, რომელიც მიწათსარგებლობის გეგმის ტექნიკური პირობების შედგენას ეხება.

შედეგს, მართალი გითხრათ, ნაკლებად ველი. ისევ საზოგადოების გააქტიურების იმედი მაქვს, აქციებით და კონკრეტული მოთხოვნებით, იმიტომ, რომ ძალა არის მხოლოდ ეს. შეხვედრების შედეგის იმედი აღარ მაქვს, მაგ ილუზიებიდან კარგა ხანია გამოვედი.

თუმცა ის ფაქტიც საინტერესო იყო, რომ ქალაქის პირველი პირი პასუხისმგებლობას გრძნობს. რამდენად გულწრფელი იყო, ეს არ ვიცი, მაგრამ ამით შეიძლება შევაფასოთ, რომ ეს არის რეალურად ცუდი მდგომარეობის აღიარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: