ბათუმში ხანძარია – საცხოვრებელი სახლები იწვის

ბათუმში, ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელთან ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან. სასწრაფო სამედიცინო სამსახური ადგილზე იმყოფება. 

 

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on Tuesday, April 24, 2018

„არანაირი გეგმა არ მაქვს, სასაფლაო მაქვს სამაგიეროდ” – ყოფილი პატიმარი

ყოფილ პატიმარს, 61 წლის ამირან იობიძეს, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ვულკანიზაცია აქვს გახსნილი და დაზიანებულ ავტომანქანებს აკეთებს. საქმე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გაიჩინა. საპატიმროში სულ 7 თვე დაჰყო: წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ შეიწყალეს.

მანამდე იყო მძიმე გამოცდილებით სავსე წლები: 90-იან წლებში ქვეყანაში არეულობის გამო რუსეთში გადახვეწა, მუშაობა და ოჯახის რჩენა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი, სოციალური პრობლემების გამო რეალობისგან გაქცევა, წამალდამოკიდებულება, ოჯახის დანგრევა, შვილის ავადმყოფობა, ბინის გაყიდვა სამკურნალო თანხისთვის და შვილის გარდაცვალება.

„ჩემი ცხოვრება ნარკოტიკებმა სულ სხვა გზით წაიყვანა,“ – ამბობს ამირანი. -„ახალგაზრდამ თავი ამით არ უნდა მოიშხამოს, ძალიან იშვიათად ვინმემ ნარკოტიკი ერთხელ მოიხმაროს და დამოკიდებული არ გახდეს“.

მიუხედავად მძიმე წარსულისა და უახლოესი ადამიანების დაკარგვისა, ამირან იობიძე ყველანაირად ცდილობს, რომ ფეხზე დადგეს და ბოლომდე დაიხარჯოს, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ის 4 წლის წინ გათავისუფლდა საპატიმროდან.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის – ყოფილი პატიმრების გაძლიერების  ფარგლებში 5000-ლარიანი დაფინანსება მიიღო და დანადგარები შეიძინა, ვულკანიზაცია მოაწყო. პროგრამას ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ახორციელებს.

სახლი, რომელიც გაყიდა, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჰქონდა, ახლაც ამ სოფელში ცხოვრობს, ოღონდ ბიძაშვილთან. მის საძინებელს არ აქვს ფანჯრები. სახლს, რომელიც გაყიდა, ყოველდღე ხედავს, აუვლის-ჩაუვლის… ახლა იქ სხვები ცხოვრობენ. ვულკანიზაციაც აქვე აქვს, სახლთან ახლოს. რაც უნდა მოხდეს, სოფლიდან წასვლას არ აპირებს, მაღლაკში შვილის საფლავია, რომლის მოვლითაც ინუგეშებს თავს.

მეორე შვილიც ჰყავს, თუმცა დიდი ხანია აღარ უნახავს.

ამირან იობიძე:  „ჩემი გოგო 6 წლის წინ წავიდა საბერძნეთში, მისი ქმარ-შვილი და დედამთილი ქუთაისში ცხოვრობენ, მთელ ოჯახს არჩენს, რა უნდა ვუთხრა, რა გამომიგზავნე-მეთქი. ყველას თავისი პრობლემა აქვს. რასაც ვშოულობ, თვიდან თვემდე მყოფნის, სახლი აღარ მაქვს, მაგრამ რა ვუყო, ფანჯრების ჩასმასაც რა აზრი აქვს უკვე ჩემთვის. რაღა მაქვს დარჩენილი წინ?! სიბერე, ტკივილი, წვალება. რა გეგმებზე მეკითხებით? არანაირი გეგმა არ მაქვს. სასაფლაო მაქვს სამაგიეროდ უკვე მოწყობილი. რაც უფრო ბერდები, მით მეტი ახლობლის სიკვდილს იგებ“.

ამირანი, მიუხედავად საკუთარი პრობლემებისა, ცდილობს სხვებს რითაც შეძლებს იმით დაეხმაროს. ცოტა ხნის წინ ვულკანიზაციაში მეზობელი დაასაქმა, ისიც ყოფილი პატიმარია. თავიდან ხელობა ასწავლა და მერე სამსახურიც შესთავაზა.

მიწის საკუთარი ნაკვეთი ამირანს არ აქვს. სასოფლო სამუშაოებზე გული აიცრუა. ამბობს, რომ ვისაც სოფელში სათბური აქვს, პროდუქტს ხშირად ვერ ყიდის და ბაზრამდე ხილ-ბოსტნეულის ტრანსპორტირების ფულსაც ძლივს აგროვებს. მის ბიძაშვილს, მაგალითად, ცერეცოს, ოხრახუშის, კიტრისა და პომიდვრის სათბური ჰქონდა. „მთელი ზამთარი ტიროდა ჩემი ბიძაშვილი, 10 და 20 თეთრად იბარებდნენ ყველაფერს“, – ყვება ამირან იობიძე.

შვიდთვიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ყოფილ პატიმარს სამწლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა. ყოველ პარასკევს უნდა გამოცხადებულიყო შესაბამის უწყებაში. ერთხელ დაავიწყდა, რომ პარასკევი იყო, ვერ გამოცხადდა და 100 ლარით დააჯარიმეს. რომ ვერ გადაიხადა, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცეს, როცა წარმომადგენლები მივიდნენ და ამირანის საცხოვრებელი პირობები ნახეს, ვერაფერი თქვეს, გაბრუნდნენ და ჯარიმა აღარ მოუთხოვიათ.

„არ გადამიხდია. მოვიდნენ წარმომადგენლები, დაგიყადაღებთ ქონებასო, არაფერი მაქვს, სხვასთან ვცხოვრობ და რა უნდა დამიყადაღონ? ერთი საწოლი და კარადა მაქვს. თუ რამე მაქვს, ზედვე მაცვია. დააყადაღეთ რაც გინდათ-მეთქი ვუთხარი, მას მერე აღარ მოუკითხავთ,“ – ამბობს ამირან იობიძე.

მისი აზრით, მშიერი არავინ  მოკვდება, თუ ოდნავ ხელს გაანძრევს. რაც არ უნდა უბედური იყო, ლუკმაპურს უნდა გამოიმუშავებდე შენით, მშიერი ადამიანი ყველაფრის გამკეთებელიაო – ამბობს. საკუთარ სიტყვებს ქმედებით ამართლებს – პროექტი, რომლის მიხედვითაც „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ვულკანიზაციის მოსაწყობი დანადგარები შეუძინა, თვითონვე დაწერა.

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს

ოჯახში ძალადობის განმეორების შემთხვევაში მოძალადის მიმართ კანონი მკაცრდება 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის გამკაცრებას აპირებს იმ პირების მიმართ, რომლებიც ოჯახში ძალადობის გამო არიან ნასამართლევი და ხელახლა ჩაიდენენ დანაშაულს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეხვედრის შემდეგ ლონდა თოლორაიას „ბათუმელებმა“ ჰკითხა, თუ რას ითვალისწინებს კონკრეტულად კანონპროექტი.

„კონკრეტულ დეტალებს ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მაისში წარვადგენთ ამ კანონპროექტს პარლამენტში. იგი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამძიმებას, როცა პირი სასჯელის მოხდის შემდეგ ხელახლა ჩაიდენს ოჯახში ძალადობას,“ – გვითხრა მან.

სისხლის სამართლის კოდექსის არსებული რედაქცია ოჯახში ძალადობისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

შსს: ვერ გეტყვით, როდის დავიწყებთ მოძალადეებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამებს

“სახელმწიფო ხედავს სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების საჭიროებას. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, როდის ამოქმედდება მსგავსი პროგრამები. ეს თემა შიდა ჯგუფებში განიხილება,” – გვითხრა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ლონდა თოლორაიამ. მას “ბათუმელებმა” ჰკითხა, რატომ არ ასრულებს სახელმწიფო კანონით აღებულ ვალდებულებას და დღემდე არ არსებობს ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული პირების სარეაბილიტაციო პროგრამები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა. ლონდა თოლორაიას თქმით, ჯერ კიდევ პრობლემაა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე გამომძიებლების მხრიდან შესაბამისი მოპყრობა.

“ეს ისეთი თემაა, რისთვისაც მხოლოდ სამართლებრივი კვალიფიკაცია საკმარისი არ არის. ჩვენ დავიწყეთ გამომძიებლების გადამზადების ახალი ტალღა… არავის არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს ექნება ვინმეს მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება, როცა საქმე ოჯახში ჩადენილ დანაშაულს ეხება,” – აღნიშნა შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.

შსს-ს მონაცემებით, გასულ წელს ძალადობის შემთხვევა 1500-მდე ოჯახში დაფიქსირდა, წელს სამ თვეში – 1100.

“ამის მიუხედავად გამოვლენის მაჩვენებელი მაინც დაბალია,” – ამბობს ლონდა თოლორაია. მან გაეროს ქალთა ფონდის ბოლო კვლევა მოიყვანა მაგალითად. კვლევით დაფიქსირდა, რომ ძალადობის შესახებ ქალების 40 პროცენტს არავისთვის არაფერი უთქვამს.

“ხშირია ასევე შემთხვევა, როცა ქალი მოგვმართავს, მაგრამ როგორც კი ემოციური ფონი გადაივლის, მას სურს საჩივრის უკან გატანა, ან აღარ აძლევს ჩვენებას მოძალადის წინააღმდეგ,”- აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

პროექტი „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

დისკრიმინაციის გაგრძელება ქობულეთში – ომბუდსმენი მერიას სასამართლოში უჩივის

პირველი საჯარო უწყება, რომლის წინააღმდეგაც დისკრიმინაციის ფაქტზე სახალხო დამცველმა სასამართლოს მიმართა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაა. ამ უწყებამ არ შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“. პანსიონს 2014 წლიდან დღემდე ქობულეთის მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვაზე.

„უკვე მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ველოდებით პროცესის დანიშვნას. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც არ შეასრულებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ამ შემთხვევაში უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასთან გვექნება საქმე, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა,“ – გვითხრა ქეთი შუბაშვილმა, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა.

სახალხო დამცველმა მუსლიმური პანსიონისთვის მოთხოვნის დაკმაყოფილების რეკომენდაციით 2016 წელს მიმართა ქობულეთის გამგეობას. 2016 წლის 19 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალურ შპს „ქობულეთის წყალს“ ოფიციალურად დაავალა „ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ნომერ 13-ში მდებარე შენობა-ნაგეობის წყალანირების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობას“ შესძლებოდა შენობით სარგებლობა“.

დავალება ამ დრომდე არ შესრულებულა.

საინტერესოა ისიც, რომ 2016 წლის 19 სექტემბერს მუსლიმმა თემმა სასამართლო დავა მოიგო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებმაც პანსიონის შენობაზე ღორის თავი მიაჭედეს და ადამიანებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ ფაქტზე დისკრიმინაცია დაადგინა.

რატომ არ უზრუნველყო ქობულეთის მერიამ დაწესებულებისთვის წყლის მიწოდება და რას გეგმავს ომბუდსმენის სარჩელთან დაკავშირებით? – ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს: „არ ვიცი ამის შესახებ, რომ სასამართლოს მიმართა სახალხო დამცველმა. ჩვენ სასამართლოსგან გზავნილი არ მიგვიღია… როცა მივიღებთ სასამართლოსგან შეტყობინებას, იქ გავცემთ პასუხს“.

რატომ ვერ შეასრულა ორი წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტმა სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება? – ქობულეთის მერმა „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. მან გაგვიმეორა, რომ სასამართლოსგან გზავნილის მიღებას ელოდება.

„გეტყვით, რომ ეს საკითხი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვა და არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ჩვენ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ვახდენთ. სხვა კომენტარს ვერ გაგიკეთებთ,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

სახალხო დამცველს კანონით უფლება აქვს, საჯარო უწყებას მოსთხოვოს პასუხი კონკრეტული რეკომენდაციის შეუსრულებლობაზე. ქეთი შუბაშვილი, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველმა სასამართლოში საჯარო უწყების წინააღმდეგ დავა წამოიწყო. საუბარია შემთხვევებზე, როცა დისკრიმინაცია დადგინდა და საჯარო უწყებამ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებაზე უარი თქვა.

ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის მცდელობა სარფში, ქუთაისის აეროპორტში, წითელ ხიდსა და სადახლოში

17-19 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ქუთაისის აეროპორტი“, „სადახლო-საავტომობილო“, „წითელ ხიდი“ და „სარფი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ბრიტანეთის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილებისა და ფიზიკური  დათვალიერებისას, 38 აბი ნარკოტიკული, 150 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები და 0,37 გრამი  მარიხუანა  აღმოაჩინეს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

„სანდასუფთავება“ მოსახლეობიდან სამშენებლო ნარჩენების იაფად გატანას გეგმავს – ახალი სერვისი

ბათუმის მერიის შპს „სანდასუფთავებაში“ ახალ პროგრამაზე მუშაობენ, რაც სამშენებლო ნარჩენების გატანის ღირებულების გადახედვას და ახალი ფასების შემოღებას ითვალისწინებს.

„თუ ვთქვათ, 5 ტომარა სამშენებლო ნარჩენი აქვს მოქალაქეს, ის 120 ლარს, ბუნებრივია, არ გადაგიხდის და ურნა უნდა დაგვიზიანოს. ვმუშაობთ ფასების დადგენაზე არა იმიტომ, რომ მომგებიანი იყოს მომსახურება, არამედ მივაჩვიოთ ხალხი პასუხისმგებლობას. მაგალითად, 1 ტომარა ნარჩენი რომ გავიტანოთ 30-40 თეთრად. ოღონდ დაფასოებული უნდა იყოს. თუ აქვს 5 ტომარა ნარჩენი, გამოგვიძახებენ, თანამშრომელს მანქანაში ექნება სალარო აპარატი და იქვე გადაიხდის მოქალაქე 1,5 თუ 2 ლარს და გავიტანთ ნარჩენებს ნაგავსაყრელზე. ამაზე ვმსჯელობთ, ვმუშაობთ და გვინდა ეს, პროგრამა ზაფხულამდე ავამუშაოთ“, – აცხადებს ონისე ცნობილაძე, „სანდასუფთავების“ დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში.

„გადავსებული და დაზიანებული სანაგვე ურნები ხშირად იმის შედეგია, რომ მოსახლეობა თუ სავაჭრო ობიექტები შიგ სამშენებლო ნარჩენებსა და მუყაოს ყუთებს ყრიან“, – აცხადებენ „სანდასუფთავებაში“.

„ჩვენ მოსახლეობა ვერ მივაჩვიეთ იმას, რომ ტახტი არ ეტევა ურნაში, კარდონი არ უნდა ჩააგდონ შიგ, არ უნდა ჩაყარონ სამშენებლო ნარჩენები. თუ გაქვს სამშენებლო ნარჩენი, გვყავს მცირე და საშუალო მანქანა, რომლებითაც ვემსახურებით ერთდროულად მაქსიმუმ 7 ტონამდე ტვირთის გატანას. მომსახურების  ღირებულება 120 ლარიდან იწყება და 170 ლარზე ადის. გავიტანთ ნაგავსაყრელზე. თუმცა, მოსახლეობა ქირაობს კერძო მძღოლებს, აძლევენ 200 ლარს და ისინი შემდეგ ამ ნარჩენებს ქალაქში ყრიან – ან ჭოროხის ნაპირზე, ბულვართან, ან პუშკინის თუ ლერმონტოვის ბოლოში და შემდეგ ჩვენი დასასუფთავებელი ხდება“, – ამბობს ონისე ცნობილაძე.

რაც შეეხება გადავსებულ მიწისქვეშა ურნებს, დირექტორის მოადგილის თქმით, „ასეთი ფაქტები სულ უფრო ნაკლებად ხდება, თუმცა 99% გამოძახების, როცა იყო შემთხვევა, რომ უცებ გაივსო ურნა – ან კარდონია შიგ, ან სამშენებლო ნარჩენები, ამიტომ საყოფაცხოვრებო ნარჩენი ვეღარ ეტევა ურნაში, ავხდით თავს და ურნა ნახევრად ცარიელია. 3 სპეციალური ამწეკრანიანი მანქანა გვყავს და ვცლით მიწისქვეშა ურნებს. თუ ქალაქში განთავსებულ მწვანე ურნებთან ზოგჯერ 4-5 ჯერ გვიწევს მისვლა, აქ საკმარისია ერთხელ მისვლა, ძირითადად ღამის ან ადრე დილის საათებში ვცლით. სამტონიანია მიწისქვეშა ურნა, მაგრამ მისი ამწეობა გათვლილია 2 ტონაზე. შიგ რომ სამშენებლო ნარჩენებს, სილას და გაჯს ჩაყრი, ზიანდება ყუთები და შემდეგ გვიწევს მათი გარემონტება“.

ბოლო სამ წელში ქალაქში 71 მიწისქვეშა ურნა დამონტაჟდა. სანდასუფთავების ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი დაიწვა და ზაფხულამდე შეცვლიან განადგურებულ ურნებს, დაზიანებულებს კი შეაკეთებენ. ხშირად იწვება მწვანე ურნებიც „დღეში ერთი-ორი მაინც, იმიტომ, რომ შიგ მუყაოს აგდებენ“.

„მოსახლეობა რომ არ შევაწუხოთ, ღამით 5-ის ნახევრისთვის გავდივართ, რომ დილის 8 საათამდე ქალაქი დასუფთავდეს. მაგრამ დღის განმავლობაშიც გადის მანქანები და ყველა მაღაზიამ უნდა იცოდეს შუადღის გრაფიკი, ამიტომ მაღაზიებმა გაატანონ ამ შუადღის ცვლის მანქანებს მუყაოს ყუთები რამდენიც უნდათ, ფულსაც არ მოვთხოვთ. ან დაგვირეკონ, სპეციალური ორი მანქანა გვყავს კონკრეტულად მუყაოს გასატანად“, – ამბობს ონისე ცნობილაძე.

მისივე თქმით, „ნელ-ნელა დაიწყო გამოძახებებიც“ და დაინტერესებულ პირებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ შეეხმიანონ „სანდასუფთავებას“ ცხელ ხაზზე – მობ.: 577 49 59 59

მიწისქვეშა სანაგვე ურნა კობალაძის ქუჩაზე, ბათუმი / 24.04.2018 , 13:00 სთ / როინ გუნდაძის ფოტო

ბათუმში დაკარგული 15 წლის გოგო თბილისში იპოვეს

15 წლის გოგოს ბათუმში ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მოზარდი 20 აპრილს სკოლაში წავიდა, თუმცა იქ არ მისულა.

შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, თუმცა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ბათუმელი მოზარდი დღეს იპოვეს. იგი თბილისში, მეგობართან იმყოფებოდა.

___________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან.

ანა ნაცვლიშვილის კრიტიკული გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე – მედია, სასამართლო

“დამოუკიდებელი პროფესიული სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება არის გადადებული,” – განაცხადა დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როსის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას.

ანა ნაცვლიშვილი თავის გამოსვლაში საკონსტიტუციო ცვლილებებს, სასამართლო ხელისუფლებას და საქართველოში არსებულ მედია გარემოს შეეხო.

“ვიცით, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობა ერთ ღამეში შეუძლებელია. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს – ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ტოტალიტარული წარსული, სადაც სასამართლო ხელისუფლება არ არსებობდა. უახლოესი წარსული, სადაც სასამართლო ასევე არ იყო დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, რთულია ამ ყოველივეს დაძლევა. მაგრამ იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სასამართლო, ათი წლის თავზე, ჩვენ ხუთი წლის წინ უნდა დაგვეწყო ეს პროცესი. და, სამწუხაროდ, ისტორიული მომენტი ჩვენ ხელიდან გავუშვით. ხელიდან გაუშვა მმართველმა პარტიამ. აქვე ხაზი უნდა გავუსვა ერთ რამეს, არ მიმაჩნია, რომ სასამართლო ხელისუფლებას რეფორმა დაეხმარება. უნდა ვისაუბროთ ტრანსფორმირებაზე, გარდაქმნაზე,” – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც უკვე ძალაშია შესული. მისი თქმით, ქვეყანას აქვს არა შესწორებული, არამედ ახალი კონსტიტუცია.

“პრაქტიკულად შეიქმნა ახალი კონსტიტუცია. შეგვიძლია საათობით ვისაუბროთ, რომელი დებულება არის კარგი და რომელი არა, მაგრამ მინდა დავიწყო იმ ფაქტის ხაზგასმით, რომ ეს კონსტიტუცია არის ერთი პარტიის კონსტიტუცია. დაიკარგა შესაძლებლობა, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო კონსენსუსზე დაფუძნებული დოკუმენტი. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ძალიან გული მწყდება ამაზე. მე ვიყავი საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის წევრი, უნდა ვაღიარო, რომ კომისია საკმაოდ ინკლუზიური იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ინკლუზიურობამ არ გახადა კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი. მინდა ხაზი გავუსვა – სამოქალაქო საზოგადოების არც ერთ წარმომადგენელს, რომლებიც იყვნენ კომისიის წევრები, ხმა არ მიუციათ ამ კონსტიტუციისთვის. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა მაინც მიიღო შესწორებული ვერსია. საპრეზიდენტო ვეტოც იქნა დაძლეული, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვეტო იყო კონსენსუსზე დაფუძნებული და ჩართული იყო ყველა პოლიტიკური პარტია. და ახლა გვაქვს ერთი პარტიის კონსტიტუცია. ეს არის სერიოზული გამოწვევა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს დემოკრატიული ქვეყანა”.

მედია გარემოზე საუბრისას ანა ნაცვლიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ თუ წინა ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა მედიის დამორჩილებას, ამჟამინდელი მთავრობა იგივეს სასამართლო ხელისუფლების გამოყენებით ცდილობს:

“2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განიცადა მედია გარემომ, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. მაგრამ უახლოეს წარსულში ვხედავთ თითქოს ძველ დროში დაბრუნებას. ფორმა, რომელიც გამოიყენება, თავისუფალი მედიის გარემოს შეზღუდვისთვის, განსხვავებულია. ამისათვის აღარ გამოიყენება ძალისმიერი მეთოდით ტელევიზიის დახურვა. სასამართლო, როგორც იარაღი, გამოყენებულია კრიტიკული მედიის წყაროს წინააღმდეგ. თითქოს საუბარი იყო საკუთრების ელემენტზე [იგულისხმება რუსთავი 2-ის საქმე. რედ.], რა თქმა უნდა, საკუთრების ელემენტი მნიშვნელოვანია… მაგრამ არა მგონია შევძლოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო ჩაერია ყველა პროცესში და სასამართლო ხელისუფლებას უთხრა ჩვენს ქვეყანაში, რომ მათ არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რასაც აკეთებენ. ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვენცია ევროპის ადამიანის უფლებათა  სასამართლოს მიერ.

რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ინდიკატორი, რომ ასევე მცირდება სივრცე მედია თავისუფლებისა და პლურალიზმისათვის. ეს იწვევს ძალიან დიდ შეშფოთებას. თუ გავიხსენებთ უახლოეს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ასევე პრეზიდენტმა ვეტო დაადო. სიტუაცია იყო შემდეგი – მედია, სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები – ყველა ერთ მხარეზე იდგა და მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი მმართველი გუნდი, მხოლოდ ერთი მხარე ეწინააღმდეგებოდა ყველას აზრს, რომ ეს ცვლილებები ყველას ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობა მაინც მივიღეთ. ეს არამარტო გვაჩვენებს პრობლემებს, არამედ ასევე გვაჩვენებს თუ რა მიდგომა არსებობს ალტერნატიული/კრიტიკული მოსაზრებისათვის”.

ბათუმის მერია ბიზნესცენტრის დაპროექტებაში 50 ათას ლარს გადაიხდის

ბათუმის მერია ინდუსტრიულ ზონაში, მდინარე ჭოროხისპირას, 5 ჰექტარზე, ბიზნესცენტრის შექმნას გეგმავს. ბიზნესცენტრის შექმნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში მერია 50 ათასამდე ლარს გადაიხდის. სწორედ დაპროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის  შედგენის შემდეგ გაირკვევა, თუ რამდენი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს ბიზნესცენტრის მოწყობა.

„ინდუსტრიული/საწარმოო ბიზნესცენტრის შექმნა იმ პროგრამის ნაწილია, რომლის განხორციელებასაც მერია ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გეგმავს“, – განაცხადა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის [2018-2021 წწ] პრეზენტაციაზე.

„ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში ჩვენ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, ეს არის მეწარმეობისა და ინოვაციების სტიმულირება, საერთაშორისო ბიზნესცენტრის შექმნის ხელშეწყობა და ადგილობრივი განვითარების ფორუმების ორგანიზება“, – განაცხადა ბათუმის მერმა.

ბიზნესცენტრის შექმნის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 4 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება. დოკუმენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა მოამზადოს.

„მერიამ უკვე დაიწყო ამ ტერიტორიის დაგეგმარება. აქ, პირველ რიგში, მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადაც მიყვანილი იქნება საწარმოო ქსელები. ეს იქნება 500-დან 1000 კვადრატამდე მეტრი სხვადასხვა საწარმოო ფართობი, სადაც მეწარმეებს შეეძლებათ გახსნან საწარმოები ან გადაიტანონ საკუთარი წარმოება. ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ ბიზნესცენტრს, რომელიც კონცენტრაციას გაუკეთებს მსუბუქი მრეწველობის დარგებს“, – განაცხადა ლაშა კომახიძემ 18 აპრილს, სასტუმრო „რადისონში“, მერიის სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე.

50 077 კვ.მ ტერიტორია ბათუმის ბიზნესცენტრისთვის
50 077 კვ.მ ტერიტორია ბათუმის ბიზნესცენტრისთვის

 

თალაკვაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე: საქართველოში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია

„საქართველოში არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაპატიმრებული,“ – განაცხადა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე საუბრისას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ბათუმში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როსის სემინარის ერთ-ერთი სპიკერი იყო. დღევანდელი სესია საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე  საუბარს დაეთმო.

თალაკვაძემ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და განაცხადა, რომ მომავალი პარლამენტი უფრო დაბალანსებული იქნება, ვიდრე დღესაა. თავისი გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი უმრავლესობის ლიდერმა მედია გარემოზე საუბარს დაუთმო.

„მინდა ვუპასუხო კრიტიკას, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მედიის თავისუფლების მხრივ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. ვერც შევადარებ სიტუაციას, რაც გვქონდა ადრე, რამდენიმე წლის წინ.

რასაკვირველია უნდა ვაღიაროთ წვლილი, რომელიც ყველამ შეიტანა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ, საქართველოს პარტნიორებმა რომ გაგვეუმჯობესებინა მედია გარემო საქართველოში. როგორ შეგვიძლია განვსაჯოთ არის თუ არა მედია თავისუფალი? არის მკაფიო კრიტერიუმები, რომელიც შეიძლება მოვარგოთ საქართველოს რეალობას.  ჩვენი მმართველობის დროს, პროცედურულად, რეგისტრაცია ახალი მედია საშუალებების გამარტივებულია. ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ორგანიზაციისთვის. ინდიკატორი არის კრიტიკული შინაარსის მოცულობა, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ მედიაში. დღევანდელი მედიის შინაარსი, გუშინდელი, ერთი წლის წინანდელი კონტენტი მედიის შეიცავს არსებითად დიდ კრიტიკულ მოცულობას მთავრობის მიმართ. ეს ადასტურებს მედია გამოცემების დამოუკიდებლობას, რომ კონტროლისგან არიან თავისუფლები, აკრიტიკონ მთავრობა და მმართველი პარტია. და ბოლოს ჟურნალისტები როგორ გრძნობენ თავს მათ პროფესიულ საქმიანობაში? ვიტყოდი, რომ საქართველომ გადალახა ის დრო, როდესაც ჟურნალისტებს აპატიმრებდნენ მათი დამოუკიდებელი პროფესიული აქტივობისათვის. არცერთი ჟურნალისტი [ვიცი, რომ ეს არის ძალიან ფუნდამენტური და არსებითი რამ იმ დემოკრატიებისთვის, საიდანაც თქვენ ხართ], ჟურნალისტი ამჟამად არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლება აღკვეთილი მთავრობის კრიტიკის ან მსგავსი შინაარსის რეპორტაჟის გამო. ფრთხილად უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვახდინოთ მდგრადობა და გაუმჯობესება მომავალში არსებული სიტუაციის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერს გამოსვლის დროს არ უხსენებია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა თუ „საზოგადოებრივ მაუწყებელში აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა“. მას არც აფგან მუხთარლის გატაცების საქმე უხსენებია და არც რამდენიმე ნაციონალური მაუწყებლის ერთ მედიაჰოლდინგში გაერთიანება. Freedom House-ს ანგარიშის მიხედვით, ეს ის ფაქტორებია, რამაც 2017 წელს ქვეყანა მედიის დამოუკიდებლობის კუთხით უკან დახია.

ამავე სესიაზე მოხსენებით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. მათი პოზიციები მედიაგარემოსთან და ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მკვეთრად განსხვავებული იყო იმ პოზიციისგან, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ჰქონდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გუშინ, 23 აპრილს, გაიხსნა ბათუმში და ხვალ სრულდება.

ზოოკუთხისთვის თივის შესყიდვა ტენდერით ვერ ხერხდება – რეორგანიზაცია ბათუმის მერიაში

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ლიკვიდაციის გამო, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვერ ესწრება ზოოკუთხის მობინადრე ჩლიქოსნებისთვის თივის ტენდერით შესყიდვა, ამიტომ ერთი ტონა თივა ტენდერის გარეშე უნდა შეისყიდონ, გამარტივებული წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში „ზოოკუთხის მობინადრეები დარჩებიან საკვების გარეშე, ეს კი ცუდად აისახება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგზე“.

„წინასწარ იყო განსაზღვრული შესყიდვა ექვსი თვის მარაგის, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, დადგა საკითხი, რომ შეგვესყიდა მხოლოდ ის მარაგი, რაც სჭირდებათ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისამდე, შემდგომ უკვე ზოოკუთხის განყოფილება გადადის სხვა ორგანიზაციის დაქვემდებარებაში. ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შევისყიდეთ ირმებისა და ანტილოპებისათვის, ასევე პონებისათვის მზა კომბინირებული საკვები, რაციონისთვის პარარელურად საჭიროა თივის მიწოდებაც. დაგეგმილი შესყიდვის დაახლოებით 4000 ლარისა, შესყიდვა უნდა განვახორციელოთ დაახლოებით 400 ლარზე“, – აცხადებენ ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საკითხს გამარტივებული წესით შესყიდვაზე 27 აპრილამდე განიხილავს.

დაგეგმილია ასევე ცენტრალური პარკიდან ზოოკუთხის ჩაქვში გადატანა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის მშენებლობა დაბა ჩაქვში, ასევე ბათუმის ცენტრალური პარკიდან მისი გადატანა საბიუჯეტო დანახარჯებს არ გამოიწვევს – საჭირო თანხას ფონდი „ქართუ“ გაიღებს. ეს ფონდი უზრუნველყოფს ასევე  უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ახალი ზოოპარკის პროექტირებასა და მის მშენებლობაში.

ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად, სააგენტოს ლიკვიდაცია 2018 წლის პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს.

 

 

ბათუმში მაგთის ინტერნეტი გაითიშა, კომპანიაში აცხადებენ, რომ არ იციან როდის ჩაირთვება


ბათუმში „მაგთიკომის“ აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ. როგორც კომპანიის სერვის-ცენტრში აცხადებენ, ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობენ.

კომპანიის სერვისცენტრში „ბათუმელებს“ შემდეგი განუმარტეს: „ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, როდის ჩაირთვება [ინტერნეტი]. ჯერ არკვევენ მიზეზებს, როგორც კი დასრულდება სამუშაოები ჩაირთვება. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით“.

ინტერნეტი დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 20:00 საათისთვის გამოირთო.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ბათუმში „მაგთის“ ინტერნეტი გაითიშა. აბონენტები აცხადებენ, რომ ინტერნეტს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თიშავენ.

 

 

 

საოჯახო რესტორანი მტირალაზე

გაზაფხული საუკეთესო პერიოდია ლაშქრობების დასაგეგმად და დროის ბუნებაში გასატარებლად. ბათუმთან ახლოს მდებარე მტირალას პარკი ერთ-ერთი ადგილია, რომლის სიკეთეებითაც სარგებლობა არც ძალიან ძვირი ღირს და არც შორსაა. ბათუმის ავტოსადგურიდან ზუსტად მტირალას პარკის შესასვლელამდე კვირაში ორჯერ მოძრაობს სამარშრუტო ტაქსი: ორშაბათსა და პარასკევს. ტრანსპორტი ბათუმიდან 7:50-ზე გადის და პარკიდან იმავე დღეს, საღამოს 9 საათზე ბრუნდება უკან.

მტირალას პარკი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ქალაქიდან შორს ვერ მიდის, მაგრამ თან გარემოს შეცვლა და ბუნებაში ფეხით სიარული სჭირდება ცოტა ხნით მაინც.

ხიდი მტირალას პარკისკენ მიმავალ გზაზე

მტირალას პარკში ახლა შქერი, იგივე როდოდენდრონი ყვავის. გაზაფხულზე ეს აქ ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი პერიოდია, რომელიც დიდხანს არ გრძელდება.

მტირალა მხოლოდ დაცული ტერიტორია არ არის. აქ დღემდე ცხოვრობენ ადგილობრივები, აქ ცხრა საოჯახო სასტუმროა, სადაც ზაფხულის სეზონის დასაწყისიდან ღამისთევა და ტრადიციული, აჭარული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

მოყვავილე შქერი

„რატომ გყავთ დაბმული ეს ხბო, აუშვით! დაკომპლექსდება!“ – იხსენებენ გორჯელაძეები ყველაზე უცნაურ ტურისტს, ვინც კი ოდესმე შეხვედრიათ. მათი ოჯახი წლებია უცნაურ თუ ჩვეულებრივ ტურისტებს ტრადიციული, აჭარული კერძებით უმასპინძლდება.

ხასან გორჯელაძისა და დოდო ტაკიძის სახლი მტირალას პარკის ტერიტრიაზე, სოფელ ჩაქვისთავშია. სახლის წინ მდინარე ჩამოდის, რომელზეც ხასან გორჯელაძემ თვითნაკეთი, ხის საბაგირო დაამონტაჟა. ერთი ნაპირიდან მეორეზე საჭის ტრიალით გადადიხარ და მტირალას ტყეში მოგზაურობას იწყებ.

წლების წინ აქ არაფერი იყო ტყის გარდა, ახლა კი გორჯელაძეების ეზოში თაფლის მაღაზია და ფუტკრის უამრავი სკაა. სწორედ აქ მოწეულ თაფლს ყიდის ცოლ-ქმარი მაღაზიაში. ყიდულობ იმას, რაც შენ თვალწინ მზადდება.

ხასან გორჯელაძის საოჯახო რესტორანი

გორჯელაძეების ოჯახში აჭარული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ შინაურულ გარემოში. სახლის მეორე სართულზე ხის დიდი ვერანდაა, საიდანაც მტირალას მთებისა და კოლხური ტყეების ხედი იშლება. ტრადიციულ კერძებს ტურისტები აქ აგემოვნებენ. რადგან შარშან ტურსტების რაოდენობა იმედისმომცემი იყო, ოჯახმა საოჯახო რესტორნის გაფართოება გადაწყვიტა: წელს უფრო დიდი ვერანდა ექნებათ, ვიდრე შარშან და გაცილებით მეტ ტურისტს უმასპინძლებენ.

მტირალას ჩანჩქერისა და ტბის მონახულების შემდეგ დაღლილებმა აჭარული კერძების დაგემოვნება გადავწყვიტეთ და მათ მივადექით.

ვერანდაზე საღამოს აცივდა და ხასან გორჯელაძის მეუღლემ, დოდო ტაკიძემ, სავახშმოდ სამზარეულოში მიგვიწვია. შვილთან ერთად უსწრაფესად გაგვიმზადა აჭარული სინორი და ბორანო, თან ბოსტანში ახალდაკრეფილ, ქორფა პრასს ამზადებდა დასაწნილებლად. ჩვენ მხოლოდ სინორი და ბორანო შევუკვეთეთ, მაგრამ უცებ გაჩნდა სუფრასთან ცხელი ხაჭაპური, უგემრიელესი ნიგვზიანი სალათი, თეთრი ბლის მურაბა, ცხელი ჩაი მოსაღამოვებულზე სიცივის დასაძლევად და ბონუსად აგუზგუზებული ბუხარი.

ბორანო გორჯელაძეების საოჯახო რესტორნიდან

ჩვენს ვახშამს მალე ეზოში შრომით დაღლილი ხასან გორჯელაძე და მისი შვილიც შემოუერთდნენ. გაიხსენეს ყველა უცნაური ტურისტი, რომლებსაც გამასპინძლებიან. ქალბატონი დოდო ამბობს, რომ ტურისტების სხვადასხვა ჯგუფის კვებასაც აკვირდება, მთელი ზაფხული სამზარეულოში უწევს ფუსფუსი და მისმა კერძებმა ერთმანეთისგან განსხვავებული მოგზაურების გემოვნება უნდა დააკმაყოფილოს. ზოგი პრეტენზიულია, ზოგიც უპრეტენზიო და მადლიერი, ხაჭაპურსა და ბორანოში ყველი ზოგს მარილიანი მოსწონს, ზოგსაც საერთოდ უმარილო და ა.შ.

ხასან გორჯელაძის საოჯახო რესტორანი მტირალას ხშირი სტუმრებისთვის კარგად ნაცნობი ადგილია.

კვერცხი, ხორცი, რძის ნაწარმი, კაკალი, თაფლი, ხილი და ბოსტნეული გორჯელაძეებს საკუთარი აქვთ, ეზოში მოყვანილი. სახლშივე ამზადებენ არაყს. აქ მოსული ტურისტი ნახავს, როგორ ხდიან არაყს ღია ცისქვეშ სახელდახელოდ მოწყობილ კუთხეში. ოჯახი ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ოთახს აქირავებს სახლში ორი ადამიანისთვის, თუმცა საოჯახო რესტორანში ბევრი ტურისტი ისადილებს ერთდროულად, გაშლილ ვერანდაზე.

გორჯელაძეების სკები

კერძების უმრავლესობა, რომელსაც ტურისტებს სთავაზობენ, მათივე ოჯახის პროდუქტებით მზადდება და ძალიან ნოყიერია. ქალბატონი დოდოს მიერ მომზადებულ ერთ ულუფა ბორანოსა და სინორს, მაგალითად, ორი მშიერი ადამიანიც კი ვერ მოვერიეთ.

გემრიელმა ვახშამმა, ქალბატონი დოდოს და მისი მეუღლის მოყოლილმა ამბებმა და ბუხარმა თავისი ქნა. მე და ჩემი მეგზური ერთმანეთს გადავხედავდით ხოლმე, უსიტყვოდ ვნანობდით, რომ საოჯახო სასტუმროში არ დავრჩით და ვიზიტორთა ცენტრში უნდა დავბრუნებულიყავით, სადაც გველოდა კომფორტი, მაგრამ არ გველოდნენ ადამიანები.

გორჯელაძეების ოჯახი

წარმოგიდგენიათ, უცნობებს 3-4 საათი გაუჩერებლად ესაუბროთ და ყველა ამბავი ერთად გახალისებდეთ? ხანდახან წარმოუდგენელია. ზოგჯერ ვხვდებით ახლობლებს, მეგობრებს და სასაუბრო თემებს ვერ ვპოულობთ, უხერხულად ვდუმვართ. თუ ასეთი დუმილი მობეზრებული გაქვს, ნიშნავს, რომ ამბები ამოგეწურა და ახალი ადგილები უნდა ნახო, ახალი ადამიანები გაიცნო, მოისმინო ის, რაც არასდროს მოგისმენია. ჩვენი შაბათ-კვირის ახალი ადამიანები ხასან გორჯელაძე, დოდო ტაკიძე და მათი შვილები იყვნენ. ყველას შეუძლია მტირალას პარკში იქ მცხოვრებლები გაიცნოს. ჩვენ მხოლოდ ერთი ოჯახის გაცნობა მოვასწარით. თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ყველა.

ტელევიზორის დრო

ავტორი: ლია ლიქოკელი

გათენდა. ვზივარ და ვფიქრობ, ვის შეიძლება დაველაპარაკო. ვინ შეიძლება დამეხმაროს. ჯერ ადრეა. ჯერ ალბათ ყველას სძინავს.

მერე ვფიქრობ – უკვე მერამდენედ – დავწერო გრძელი წერილები და გავუგზავნო ადამიანებს, ვინც მიყვარს და ვუთხრა ყველაფერი, რის თქმაც პირდაპირ მიჭირს და რის მოსმენაც არ უყვართ. ცუდი ის არის, რომ ვერასოდეს იღებ ისეთ პასუხებს, როგორიც გჭირდება. თუ ელაპარაკები, ადამიანები თავს ვალდებულად გრძნობენ, გიპასუხონ და, ხშირად, უბრალოდ, დაიძვრენენ ხოლმე თავს, მარტივად, მარტივი, გაცვეთილი, ათასგზის გადაღეჭილი სიტყვებით, შინაარსი რომ დაუკარგავთ უკვე და ფორმულებად ქცეულან: „მესმის შენი, ვიცი ძნელია, ყველაფერი კარგად იქნება“. ამ დროს დგება ყველაზე სასტიკი მარტოობა. დაიძახე, იყვირე, შველა ითხოვე, მოვიდნენ, დაგხედეს, თავი გადააქნიეს და თქვეს: „ჰო, ცუდად არის, მაგრამ არ მოკვდება“. და წავიდნენ.

ან უარესი: შენი თავი განსაკუთრებული ხომ არ გგონია? ხომ არ ფიქრობ, რამე ისეთი გჭირს, რაც სხვას არ მოსვლია, სხვას არ გადაუტანია?

ვიცი, ვიცი, მაგრამ ეს ცოდნა რატომღაც არ ამსუბუქებს ტკივილს.

ჩემი აივნიდან ჭრელი ხედია: დაბალი და მაღალი, ძველი და ახალი სახლები. ჭუჭყიანი და ახალშეღებილი საცხოვრებელი და უცხოვრებელი კორპუსები. ხეები. ხეები გამწვანდნენ. სულ პირდაპირ ახალი სახლი შენდება. მრავალსართულიანი. მაღალი, წითელი ამწე დგას და აშენებს. მშვენიერია ეს ამწე. ჩემი შეყვარებულია ეს ამწე. ვზივარ და დილიდან საღამომდე ვუყურებ. ნელა მოძრაობს. ისე, თითქოს ეშინია, ჩემი ფიქრების ჯაჭვი არ გაწყვიტოს, ჩემი ნელი წესრიგი არ დაარღვიოს. უნებურად იქცა ჩემი მონოლოგების მსმენელად.

ალბათ გაიღვიძებდნენ, – ვეუბნები. გაიღვიძებდნენ ჩემი ადამიანები. მაგრამ დილაა, ყველას თავისი საქმე აქვს, ჩემთვის ვის ეცლება ახლა. მოდი, ცოტა მერე დაველაპარაკები.

მერე შუადღეა. ვის ეცლება ჩემთვის, ვამბობ მე. ამწე დგას უძრავად გაზაფხულის გრილ შუადღეში.

საღამოს მივწერ, ვამბობ მე. საღამოს ვილაპარაკებ.

ჩემი ამწე ნელ-ნელა იკარგება საღამოს ბინდში და მე ისევ არ ვლაპარაკობ.

ერთ გოგოს ვიცნობდი სტუდენტობისას. ვიცნობდი კი არა, ერთად ვსწავლობდით მთელი ოთხი წელი. თავისთვის იყო ხოლმე შებუდებული, არ ერეოდა ჯგუფურ მხიარულობებში, არც მეგობრობებში. რომელიღაც მშიშარა მღრღნელივით მიჯდებოდა აუდიტორიის კუთხეში, ჩვენს ზურგებს ამოფარებული, ლაპარაკობდა ძალიან ხმადაბლა, იცინოდა ასევე ხმადაბლა, პირზე ხელის აფარებით. თითქოს რცხვენოდა, რომ არსებობდა. ეცვა სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი. მაჯაზე სამაჯურგადაქექილი საათი ეკეთა და მას ვეკითხებოდით, რომელი საათი იყო, დროის გაგება თუ გვინდოდა. კიდევ, ყოველთვის ჰქონდა კევი. ყოველთვის პიტნის გემოთი. მეც ბევრჯერ მითხოვია, კევი ხომ არ გაქვს-მეთქი. ყოველთვის ჰქონდა, ყოველთვის.

ახლოს ცხოვრობდა და ლექციების შემდეგ მაშინვე სახლში გარბოდა. ერთხელ მოვხვდი იმ სახლში, ან რატომ მოვხვდი. სარდაფი იყო, ერთი უფანჯრო ოთახი, სქელი, ნესტიანი კედლებით. ობის სუნი იდგა და თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა, ისეთი სივიწროვე იყო. იაფად ჰქონდა ნაქირავები, თან ახლოც არის და მაწყობსო, თქვა მაშინ.

ერთ შემოდგომაზე ნელ-ნელა გაქრა. ჯერ ლექციების გაცდენა დაიწყო აქა-იქ, მერე სულ უფრო და უფრო იშვიათად მოდიოდა. ბოლოს საერთოდ შეწყვიტა სიარული. თითქმის მთელი ზამთარი არ გამოჩენილა. მერე დაბრუნდა, დაბრუნდა რა – მოვიდოდა ხოლმე, ჩამოდგებოდა დერეფანში და იმ ლექტორებს ელოდებოდა, ვის საგნებშიც გამოცდები ჰქონდა დარჩენილი. მთელი გაზაფხული გაცდენილ გამოცდებს აბარებდა. ისეთივე ჩუმი მღრღნელი იყო, ოღონდ შესამჩნევად მოსუქებული და კიდევ უფრო საშინლად ეცვა, თითქოს მეზობლის თოკიდან ჩამოეხსნა დეიდური ქვედაბოლოები და სახელდახელოდ ჩამოეფხატებინა.

იმ წელს დამთავრდა კიდეც ჩვენი სტუდენტობა. გავიფანტეთ, რამდენიმე შემოვრჩით და ვმეგობრობთ ხანდახან. ის კი დიდხანს აღარ მინახავს.

წლები გავიდა და შემთხვევით შევხვდით. შეცვლილი იყო, მხიარული, ისე გადამეხვია, გამიკვირდა კიდეც. თუ გცალია, სადმე დავსხდეთ, ვილაპარაკოთ-მეთქი, შევთავაზე. საღამო იყო, გრილი, მშვენიერი საღამო. წავედით და ცოტა წითელი ღვინო დავლიეთ. შევთვერით. ვიცინოდით, ამბებს ვიხსენებდით. მე ვიხსენებდი უფრო. მომენატრა ის წლები, რა კარგები ვიყავით, რა მშვენიერი იყო-მეთქი ყველაფერი.

რა იყო მშვენიერიო, მითხრა. და მოყოლა დაიწყო.

იჯდა და ყვებოდა, როგორ გაატარა ის მშვენიერი წლები სიმარტოვეში, ტელევიზორთან. მოდიოდა დილას, გვიყურებდა, გვისმენდა, ვერაფრით ერთვებოდა ჩვენს სიცილში და ლაპარაკში, მერე მიდიოდა სახლში, ჩართავდა ტელევიზორს, აიღებდა პულტს, გადადიოდა არხიდან არხზე და ცდილობდა, დაევიწყებინა ყველა და ყველაფერი.

ჩვენ ნელ-ნელა ვეცნობოდით და ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, ჩვეულებრივად, რამდენადაც გვჭირდებოდა, და როგორც შეუძლიათ ადამიანებს ასეთ სიტუაციაში, მას კი თანდათან უფრო ეშინოდა ჩვენი, იჯდა ტელევიზორთან და გადიოდა დრო.

მერე თანდათან გაუჭირდა სახლიდან გამოსვლა. თანდათან უფრო შეუძლებელი მოეჩვენა ჩვენთან მოსვლა. თუ შეამჩნიეთ საერთოდ, რომ არ დავდიოდიო. მახსოვს-მეთქი, როგორ არა. როგორ არ მახსოვს, გამიკვირდა კიდეც, ისე ბეჯითად დადიოდა მანამდე, სწავლობდა კიდეც.

და იჯდა მთელი ის ზამთარი და კროსვორდებს ავსებდა. გამოვიდოდა სახლიდან, ყიდულობდა საჭმელს და გაზეთებს, სადაც კროსვორდები იბეჭდებოდა, განსაკუთრებით – სადაც ბევრი სუდოკუ იყო. იჯდა მერე ჩართული ტელევიზორის წინ, ჭამდა გაუჩერებლად და ავსებდა ამ კროსვორდებს თავაუღებლად. კარჩაკეტილი. ბნელ, დაობებულ სახლში. გარეთ კი მიდიოდა ჩვეულებრივი ცხოვრება.

გარეთ იყო ცხოვრება და მე არ ვიყავი იქ, მივხვდი, რომ არ იყო ჩემი ადგილი იმ ცხოვრებაშიო, ყვებოდა. არ ვიცოდი არაფერი, არ მესმოდა თქვენი წესები, არ ვიცოდი, როგორ გავმხდარიყავი თქვენნაირი. და თქვენიანი. თქვენ ისე ცხოვრობდით, თითქოს თავისთავადი იყო ეს ცხოვრება, თითქოს თქვენთვის შეიქმნა სამყარო. მე კი შემთხვევით მოვხვდი, შემთხვევით შემოვაღე რომელიღაც კარი და აღმოვჩნდი აქ, სადაც საერთოდ არ იყო ჩემი ადგილი და არავინ ლაპარაკობდა ჩემს ენაზე. ვცდილობდი, ძალიან ვცდილობდი, მაგრამ ვერაფრით ვისწავლე, როგორ მელაპარაკა თქვენსავით ადვილად, როგორ ჩამეცვა, როგორ მეცინა, როგორ ვყოფილიყავი ისეთი, რომ ჩემთან გემეგობრათ, მომეყოლა ჩემი ამბები, რაც ხდებოდა ჩემს თავს, რაც მიხაროდა თუ ავად მხდიდა, მომესმინა თქვენთვისაც, და მეგრძნო, რომ მარტო არ ვარ, ვიღაცას მაინც ადარდებს, ვიღაც მაინც ამჩნევს, რომ ვარსებობო.

თქვენ კიდევ, ან დროს მეკითხებოდით, ან კევს მთხოვდით, ეგ იყო სულ, რასაც ამჩნევდით. ეგ იყო სულ, რაც ჩემგან გინდოდათ. თითქმის მთელი წელი არ მივლია და არც კი გიკითხავთ, რატომ, რა მჭირდა, რამე ხომ არ მჭირდებოდა, როგორ ვიყავი. თითქოს ადამიანი კი არა, ნივთი იყო თქვენ გვერდით მთელი ის წლები და არაფერი შეიცვლებოდა ჩემი ყოფნით თუ არ ყოფნით. არაფერი შეიცვლებოდა, თუ მოვკვდებოდი, აი, თუნდაც მოვმკვდარიყავი, ისევ ისე გააგრძელებდით ცხოვრებას, ვითომც არაფერი, და ეგ იქნებოდაო.

ყველანი მძულდითო, მითხრა. ახლაც-მეთქი? კი, ახლაცო. მეც გძულვარ-მეთქი? კი, შენცო, თქვა და გაიცინა. ეგ კი არა, არასოდეს ვპასუხობ, თუ შემთხვევით ვინმემ მკითხა, რომელი საათიაო.

იჯდა ასე ჩემ წინ, წრუპავდა ღვინოს თვალებმოჭუტული და ვძულდი. მთელი სხეულით ვიგრძენი უცებ ეს სიძულვილი. სიმარტოვე. შიში. უმწეობა. და კიდევ და კიდევ სიმარტოვე.

ჩვეულებრივად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ვერ ვკითხე, რა იყო მაინც, რის გამო დაემართა ის ზამთარი. მარტო ჩვენ გამო? სიმარტოვის და გარიყულობის გამო? რა თქმა უნდა, დამნაშავე არ ვარ-მეთქი, ვფიქრობდი სახლისკენ მიმავალი. ხომ ვხედავდი, რომ რაღაც არ იყო რიგზე, მაგრამ რა შემეძლო. ზოგჯერ სიყვარულიც არ არის საკმარისი, ადგე და სხვის ცხოვრებაში ჩაერიო. ან როგორ უნდა ემეგობრო ვინმეს, თუ თვითონ არ გამოხატავს შენთან ურთიერთობის სურვილს? როგორ უნდა მიხვდე, რომ შეგიძლია უშველო? მიხვიდე, ხელი მოკიდო და შეანჯღრიო? ძალით ალაპარაკო? ეფერო? ჩემს თავს რა ვუყო, მეც ხომ მიჭირს. განა ჩემთვის ადვილი იყო მაშინ. ებრძოლა მასაც. ჩვენ ხომ გამოგვდიოდა, მეც ხომ შევძელი.

მაგრამ ზოგჯერ ძალიან მინდება, ვინმე მოვიდეს, ხელი მომკიდოს და შემანჯღრიოს. გარეთ გამათრიოს და მატაროს ქუჩებში. სადმე წამიყვანოს. მაიძულოს, ველაპარაკო. მაიძულოს, ვიცოცხლო. ასე კი არა, რომ ვწევარ და ვსუნთქავ, – ნამდვილი სიცოცხლე მოითხოვოს ჩემგან. მომთხოვოს, ვიყო ბედნიერი. მაგრძნობინოს, რომ ვჭირდები. თორემ მე აღარ შემიძლია. აღარ მყოფნის ჩემი თავი. აღარ მყოფნის ჩემი შეყვარებული წითელი ამწე, რომელიც სხვა ადამიანების ტკივილების სახლებს აშენებს.

ზოგჯერ მეჩვენება, რომ პრანჭვაა ყველაფერი. პრანჭვაა წერა, ლაპარაკი, ადამიანად ყოფნა – ყველაფერი. სიცოცხლე, როგორც კეკლუცობა. აი, რა კოხტად მადგას ტანზე ჩემი სიმარტოვე. აი, რა კარგად შევიკერე ჩემი შიშები. რა მშვენიერია ჩემი სიუშნოვე. რა კარგ ფერზეა ჩემი უნარები თუ უუნარობა. რა ყოჩაღი ვარ, როგორ ყოჩაღად ჩვეულებრივი.

როგორ ყვირიან ადამიანები, როგორ ითხოვენ შველას და როგორ სულ ერთია ჩვენთვის. რას ნიშნავს ეს ვითომ-ვითომ მეგობრობები, ვითომ-ვითომ სიყვარული, ვითომ-ვითომ სექსი, ვითომ-ვითომ შეხებები. ვითომ-ვითომ მოსმენა. მერე რა მოხდა, ეს არაფერს ნიშნავს – უბრალოდ, შევეხეთ და დავემშვიდობეთ ერთმანეთს. აი, ასეა ბუნებრივი.

როგორ ემსგავსება ზოგჯერ ცხოვრება სარეკლამო პაუზებს. ზიხარ ტელევიზორთან, არხიდან არხზე გადადიხარ, შუალედებში კი სარეკლამო ჭრასავით ერთვება სიცოცხლე. სხვა დროს არ ხარ. სხვა დროს არაფერია. და არავინ მოვა და არ გადართავს ტელევიზორს ნამდვილ ცხოვრებაზე.

ქალაქში ახალი სახლები შენდება. ადამიანები შეავსებენ ამ სახლებს, შესახლდებიან ფუტკრებივით და გამოზუზუნდებიან ხოლმე ყოველდღე. იცხოვრებენ, იქნებიან. დაწერენ გრძელ წერილებს და არ გაგზავნიან. მოუსმენენ და იტყვიან: მესმის შენი, ვიცი ძნელია, ეგ არაფერი, ყველაფერი კარგად იქნება. გაივსება ამ სიტყვებით ეს ახალი სახლები. გამოიტენება უამრავი ტირილით და ყველაფერი კარგად იქნება. ზოგჯერ მოვლენ, დაგხედავენ. არ მოკვდებიო, გეტყვიან. და შენც არ მოკვდები.

მერე რა მოხდა, ყველა ასეა. დიდი ამბავი.

_____________

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

მთავარ ფოტოზე: ლია ლიქოკელი. შოთა გუჯაბიძის ფოტო 

რა მოხდება, თუკი ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციას არ გაივლით

კანონმდებლობის მიხედვით, თუკი თქვენ პირადობის მოწმობის აღების დროს მითითებული საცხოვრებელი ადგილი 6 თვეზე მეტი ხნით შეიცვალეთ, ვალდებული ხართ ახალ მისამართზე რეგისტრაციის გასასვლელად იუსტიციის სახლს მიმართოთ.

ახალ მისამართზე რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადად მიხვიდეთ იუსტიციის სახლში ან სახელმწიფო სერვისების სააგენტოს რომელიმე ფილიალში და წარადგინოთ იმ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობთ; ასევე საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა.

იუსტიციის სახლში ასევე უნდა გამოგყვეთ ორი სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი, რომლებიც წერილობით დაადასტურებენ, რომ თქვენ ნამდვილად მითითებულ მისამართზე ცხოვრობთ ბოლო სამი თვის განმავლობაში.

ეს ინფორმაცია იუსტიციის სახლის ინტერნეტგვერდზეა გაწერილი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი მესაკუთრე წერილობით თანხმობას არ მოგცემთ, ხოლო მისამართზე რეგისტრაციას კანონი გავალებთ? – იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ პირის უფლებაა მისამართზე, სადაც იგი 6 თვეზე მეტი ხანი ცხოვრობს, რეგისტრაცია გაიაროს. თუ მესაკუთრე თანხმობას არ აცხადებს, ამ შემთხვევაში მოწმეებმა უნდა დაადასტურონ ფაქტი და მესაკუთრის თანხმობა სავალდებულო არ არის.

პირის მისამართზე რეგისტრაცია უფასოა, თუკი პირს პირადობის მოწმობის გამოცვლა არ სჭირდება. პირადობის მოწმობაში ფიზიკური პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი მითითებული არ არის. იუსტიციის სახლის ცხელი ხაზის ოპერატორის განმარტებით, მისამართზე რეგისტრაცია ელექტრონულ ბაზაში გამოჩნდება.

მისამართზე რეგისტრაცია ფინანსურ დანახარჯებთან მაინცაა დაკავშირებული. პირმა, ვისაც ახალი მისამართზე რეგისტრაცია სურს, ნოტარიულად უნდა დაამოწმოს ბინის მესაკუთრის თანხმობა, ან სრულწლოვანი მოწმეების ქმედუნარიანობა.

როგორ აკონტროლებს სახელმწიფო პირი ახდენს თუ არა მისამართის რეგისტრაციას და არის თუ არა გათვალისწინებული სანქცია? – იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ „საველე სამუშაოები ამ მიმართულებით არ ტარდება“ და თუ თავად მოქალაქე არ მიმართავს იუსტიციის სახლს მისამართზე რეგისტრაციისთვის, ამის გამო ვერავინ დაჯარიმდება.

იუსტიციის სახლის მონაცემებით, თუ პირს გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, რეგისტრაცია ხორციელდება ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად.

შესაძლებელია ასევე მისამართის გარეშე რეგისტრაციაც. „თუ პირი, რომელიც ობიექტურ მიზეზთა გამო არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი იმყოფება. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში,“ – აღნიშნულია იუსტიციის სახლის ოფიციალურ გვერდზე. 

 

 

 

ტურისტი: კარგი იდეა ცუდი სისტემით – რას სთავაზობს ბათუმველო მომხმარებელს 

ბათუმველოს ბალანსზე დღეისთვის 370 ველოსიპედია. როგორც აიპ-ში გვითხრეს, ველოსიპედები ყოველ წელს რემონტდება. მაგალითად, გასულ წელს ველოსიპედების დეტალების შესაძენად 25 600 ლარი დაიხარჯა. ველოსიპედები გარდა ბუნებრივი ცვეთისა, ვანდალიზმის გამოც ზიანდება.

ველოსიპედების სკამები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაზიანებადი ნაწილია. სკამებს უმეტესად ავტოკალმებითა ან/და ბასრი ნივთებით აზიანებენ, რის გამოც ნაწვიმარზე შეუძლებელია ასეთი ველოსიპედით სარგებლობა. წელს ველოსიპედების შესაკეთებლად 2000-მდე ლარია დახარჯული, წლის ბოლომდე ველოსიპედების შესაკეთებლად თანხა კიდევ დაიხარჯება.

2016 წელს ბათუმველოს 5 560 ველობარათი გაიყიდა. ამავე პერიოდში ველოსიპედების გასაახლებლად ბათუმველომ 10 922 ლარის სათადარიგო ნაწილები შეიძინა.

2017 წელს გაიცა 7 818 ველობარათი და შეიძინეს 25 600 ლარის ველოსიპედის ნაწილი, ასევე, 34 250 ლარის ველოტერმინალის ბოქსები.

საგზაო მოძრაობის, რეგულირებისა და ველოპარკის სამსახურის უფროსი, ირაკლი ხაბაძე ამბობს, რომ ვანდალიზმის შემთხვევა ხშირია, თუმცა ამისთვის თითქმის არავინ ჯარიმდება:

“არის დაზიანებები ჩვენი ხალხის დაუდევრობის გამოც. ვერ ხვდებიან, რომ ეს არის ქალაქის საკუთრება და არის ყველასი, მოქალაქეების. ველოსიპედების მონიტორინგი ხდება დღისით და საღამოს, ტექნიკური ჯგუფი გადის, ათვალიერებს. ვანდალური ფაქტები არის, მაგრამ ისეთი საგანგაშო არა. თუ არის ელემენტარული დაზიანება, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. ვანდალიზმის ფაქტზე ვერ დავიჭირეთ ვერავინ. წვრილმანი ვანდალიზმის შემთხვევები უფრო ხშირია ზაფხულის პერიოდში. თვეში ერთი ან ორი შემთხვევა მაინც”, – ამბობს ის.

ჯარიმის ოდენობა ასეთ შემთხვევაში დამოკიდებულია ზიანზე.

ბათუმველოს არსებობის ისტორიაში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მომხმარებელი დააჯარიმეს. ირაკლი ხაბაძე ამბობს, რომ ბოლო ასეთი შემთხვევა გასულ წელს იყო, როცა მომხმარებელმა ველოსიპედის გასაღები დააზიანა, შემდეგ კი გასაღების თვითღირებულების თანხა გადაიხადა.

 

“წვრილმანი” ვანდალიზმისგან განსხვავებით, საქმე პოლიციას გადაეცემა ბათუმველოს ველოსიპედის დაკარგვის შემთხვევაში. ხელშეკრულების მიხედვით, თუ 24 საათის განმავლობაში ველოსიპედი არ მოიძებნა, საქმე პოლიციას გადაეცემა, მომხმარებელს კი ველოსიპედის თვითღირებულების, დაახლოებით 1200 ლარის გადახდა მოუწევს.

როგორც “ბათუმის ავტოტრანსპორტში” გვითხრეს, ველოსიპედების დამზიანებელი პირების იდენტიფიცირებისთვის (ტერმინალებთან განთავსებული) ვიდეოკამერების ჩანაწერებს არ იყენებენ. ირაკლი ხაბაძე ამბობს, რომ არსებული კამერები მოძველებულია, რომ ისინი ბათუმველოს დაარსებიდან არ შეცვლილა და წლების განმავლობაში ნალექმა დააზიანა. ახალ კამერებზე ტენდერი მალე გამოცხადება.

2018 წლის ბიუჯეტით “ბათუმის ავტოტრანსპორტის” კაპიტალის ზრდა ველოტერმინალის ბოქსებისა და ვიდეოკამერების სისტემის შეძენის მიზნით, მართლაც არის დაგეგმილი. “ბათუმის ავტოტრანსპორტის” ბიუჯეტი წელს 6 536.600 ლარია.

ბათუმის ველოსერვისი თვითმომსახურების 24-საათიანი სისტემით ქალაქში 2011 წელს დაარსდა, წლების განმავლობაში ქალაქში წითელი ფერის ველობილიკების სახით განვითარდა ველოინფრასტრუქტურა, მომრავლდნენ ველოსიპედისტებიც, თუმცა ველოსიპედი ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქალაქო ტრანსპორტად მაინც ვერ იქცა. 24 ველოტერმინალიდან უმეტესობა  ბათუმის ზღვისპირა ზოლსა და ცენტრალურ ადგილებშია განთავსებული. პერიოდულად ველოტერმინალები არ მუშაობს. ქალაქში არსებულ ველობილიკებზე კი ყოველ კვარტალში შეხვდებით ქვეითებსა და არასწორად პარკირებულ ავტომობილებს.

გათიშული ველოტერმინალი ერას მოედანზე

ბათუმველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი ბესიკ დათიაშვილი ამბობს, რომ მათი სამსახური სისტემატიურად იკვლევს მომხარებელს და აკვირდება იმას, თუ რა დატვირთვით მუშაობს ესა თუ ის ველოტერმინალი. შედეგად წელს ორ ველოტერმინალს ადგილი შეუცვალეს, რადგან მათ ძველ ლოკაციაზე მომხმარებელი თითქმის არ ჰყავდა.

“ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან (სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან) გადავიტანეთ ბათუმის ცენტრალის ტერიტორიაზე, ახალ სადგურთან. მეორე ტერმინალი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავიტანეთ თამარის დასახლებაში”, – ამბობს ის.

დაარსებისას ბათუმველოს ბალანსზე 120 ველოსიპედი იყო, ახლა 370-ია. ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ წელს ახალი ველოსიპედების შეძენა არ იგეგმება, რადგან არსებული რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისია.

ერთ-ერთ ყველაზე დიდი სამოგზაურო საიტზე TripAdvisor , ტურისტების ნაწილი, ბათუმველოს შეფასებისას იწონებენ სერვისის იდეას, მაგრამ უარყოფითად აფასებენ გაუმართავ სისტემას:

ველოსიპედებს სჭირდება შეკეთება. მოვლა სჭირდება ტერმინალებსა და ველობილიკს ბათუმის ბულვარში, რადგან ხეები გხვდება სახეში, – წერს ჰიუგო პორტუგალიიდან.

ცუდი მომსახურება, საშინელი ხარისხი” – წერს ტიგრანი სომხეთიდან. – “არა მარტო ველოსიპედებია ნელი და რთული სატარებლად, შეგრძნება გაქვს, რომ ისინი არასოდეს შეკეთებულა – ველოსიპედების უმეტესობას არ აქვს ზარები ან აქვს მუხრუჭის პრობლემები. ზოგიერთ ველოსიპედზე, რომელიც მე ავიღე, მუხრუჭი საერთოდ არ მუშაობდა და თუ იქამდე არ შეამოწმებთ, სანამ გზაზე გახვალთ, წარმატებებს გისურვებთ…

პირველი 5 წუთი ტარება უფასოა იმ შემთხვევისთვის, თუ ველოსიპედის გამოცვლა მოგიხდათ, სწორედ ამდენი დრო სჭირდება აპარატს, რომ წაიკითხოს თქვენი ბარათი და მოგცეთ/ჩაიბაროს ველოსიპედი. ძალიან ნელი და გამაღიზიანებელია. ზოგჯერ ამბობს, რომ ველოსიპედი არ არის ხელმისაწვდომი, როცა ადგილზე ბევრი თავისუფალი ველოსიპედია.

 

 

შესანიშნავი იდეა, ცუდი სისტემით – ჩვენ დავხარჯეთ ჩვენი დილის ნახევარ საათზე მეტი, იმის გასარკვევად თუ როგორ დაგვექირავებინა ველოსიპედი… ჩემს მეუღლეს ორჯერ მისცეს გასაღები ველოსიპედისთვის, რომელიც არ იდგა ველოსადგურში… ჩვენ ასევე მივედით ერთ-ერთ ველოსადგურში, სადაც შევეცადეთ ველოსიპედები დაგვებრუნებინა, მაგრამ ტერმინალი ამბობდა რომ ის არ მუშაობს… ველოსიპედი სატარებლად კომფორტული იყო, მაგრამ ნახევარ გზაზე ჩემი ველოსიპედის სკამი გახდა არასტაბილური და შემდეგ სადგურზე ველოსიპედის გამოცვლა მომიწია… სისტემა კარგად იმუშავებს თუ 1) პერსონალი იქნება მეგობრული და დამხმარე და 2) იქნებოდა ვინმე, ვინც შეამოწმებდა ველოსიპედებს, ტურისტული ცენტრის მიღმა, შეაკეთებდა მათ და შეამოწმებდა მუშაობს თუ არა ველო-ტერმინალები! მიუხედავად ამისა, ეს შესანიშნავი გზა ბულვარის გასაცნობად – წერს ქლერი ბრიტანეთიდან. 

იმისთვის, რომ გახდეთ ბათუმველოს მომხმარებელი და შეძლოთ  ველოსერვისით სარგებლობა,  პირველ რიგში, საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და შეიძინოთ „ბათუმველოს“ ბარათი, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში, საინფორმაციო სერვისცენტრში (ბათუმი ნინოშვილის №2). მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 2 სახის ბარათით: ერთწლიანი ველობარათით – რომლის ღირებულება 20 ლარია (10 ლარი  ბარათის ღირებულებაა, ხოლო 10 ლარი დეპოზიტზე აისახება) და ათდღიანი ბარათით (ფასი – 10 ლარი, 4 ბარათის ღირებულებაა ხოლო 6 დეპოზიტზე აისახება). ერთი საათით სარგებლობის ღირებულება 2 ლარია. დრო მრგვალდება ყოველ 15 წუთზე (0,5 ლარით).

 

სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედაში 80 ათასი ლარი დაიხარჯება

სამთო ტურიზმის განვითარებისთვის ქედის მერიას მიმდინარე წლის ბიუჯეტში 80 000 ლარი აქვს გაწერილი. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სულიკო ბოლქვაძე განმარტავს, რომ ეს თანხა საზაფხულო იალაღებზე  – დიდვაკე, მლაშე, ნაკონაღვარი, ღარათი, ღომა, თივნარი, საბადური – გზებისა და ბილიკების მოწესრიგებას მოხმარდება, ამ დროისთვის კი მერია პროექტირებაზე მუშაობს.

„ეს ის მთებია, სადაც ზაფხულობით ბევრი ადამიანი გადის. მთებთან მისასვლელი გზების მოსაწესრიგებლად, პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ, სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერს გამოვაცხადებთ. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებისთვის არსებული თანხა არასაკმარისი იქნება, დავამატებთ.

გარდა იმისა, რომ ამ გზებს მოიალაღეები იყენებენ და მათი გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია გზის მოწესრიგება, ხშირად მთებს უცხოელი ტურისტებიც სტუმრობენ, მთებში ზოგი ველოსიპედით, ზოგიც ავტომობილით ადის, შესაბამისად გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას იძლევა განვითარდეს მთის ტურიზმიც,“ – ამბობს სულიკო ბოლქვაძე.

მისივე თქმით, მთებში მისასვლელი გრუნტის გზები მანამდე მოწესრიგდება, ვიდრე მოიალაღეები მთაში წასვლას დაიწყებენ:

„ერთ კვირაში მზად იქნება პროექტი, ვცდილობთ, მანამდე დავიწყოთ გზების მოწესრიგება, ვიდრე მოიალაღეები მთაში გადაიბარგებიან. საჭიროებისამებრ გზების ორმული შევსება, ვიწრო მონაკვეთების გაფართოება და გაწმენდა მოხდება“.

ქედის იალაღებიდან ყველაზე მეტი ოჯახი მემთეურობას ღომას მთაზე ეწევა, ამ მთაში უცხოელი ტურისტებიც ხშირი სტუმრები არიან.

ქობულეთის შემოვლითი გზა ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს

ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ის მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში გაიხსნება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აშენების მთავარი მიზანი ქობულეთის სატრანზიტო მოძრაობისგან განტვირთვაა. ახალი გზა ორზოლიანია და დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 90 [თუ გზა თავისუფალია 105] კილომეტრია საათში. აჭარის გარეთ, ოთხზოლიან ავტობანზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე კი – 110 კმ/სთ-ია.

ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან ქობულეთის სოფელ გვარამდე მონაკვეთში გახსნილია. გვარადან მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი კი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიხსნება. მთლიანობაში ეს გზა ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს.

ამ გზის სრულად გახსნის შემდგომ ავტომანქანით გადაადგილება მახინჯაურის გვირაბიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილამდე [და პირიქით] ისე იქნება შესაძლებელი, რომ მანქანა არ გაივლის ჩაქვს [უღელტეხილს], ქობულეთსა და ჩოლოქს [ფიჭვნარს].

ქობულეთის შემოვლით გზაზე, სოფელ საჩინოსთან, აშენდა საქართველოში ყველაზე გრძელი – 1180 მეტრი სიგრძის ხიდი.

მახინჯაურის გვირაბიდან ხელვაჩაურამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე] მონაკვეთში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის მოსამზადებელი ეტაპი დაწყებულია და მშენებლობა განსახლების პროცესის დასრულებისთანავე დაიწყება.

შეკვეთილიდან ახალი გზა გრიგოლეთი-სამტრედიის მშენებარე გზას შეუერთდება. დაგეგმილია ახალი გზისა და გვირაბების აშენებაც რიკოთის უღელტეხილზე, რაც საბოლოოდ მგზავრობის დროს ბათუმსა და თბილისს შორის დაახლოებით 3 საათამდე შეამცირებს.

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა ოჩხამურთან

ახალი ავტომაგისტრალი სარფიდან წითელ ხიდამდე [დაგეგმილი, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების მიხედვით] / წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ამავე თემაზე:

როდის გაიხსნება ქობულეთის შემოვლითი გზა და როდის დაიწყება ბათუმის გზის მშენებლობა

 

 

60 წელს გადაცილებული შეყვარებულები მატარებლის გვირაბთან, კარავში

მახინჯაურში, მატარებლის გვირაბის ერთ მხარეს კარავია გაშლილი. კარავი ჩვეულებრივი არ არის – მიწაში ჩარჭობილ ხის პატარა ბოძებზე ფერადი ნაჭრებია დახვეული. არც ამ კარავში მცხოვრები ადამიანები არიან ჩვეულებრივები. მესამე თვეა ხანდაზმული წყვილი აქედან ერთად უყურებს ზღვაში მზის ჩასვლას. თუკი ამ დროს მათთან მიხვალ, გეტყვიან, რომ არ უნდა იკითხო, რატომ გადაწყვიტეს კარავში ცხოვრება – პაუზების გარეშე მოგიყვებიან ყველაფერს სიყვარულის შესახებ, იმას, თუ როგორ დაკარგეს ადამიანებმა გულწრფელი სიცილის უნარი.

64 წლის ალექსი და 62 წლის მირანდა [სახელები შეცვლილია, რადგან არ უნდათ ოჯახის ახლობლებმა მათ შესახებ გაიგონ] სამი წლის წინ დაოჯახდნენ. ქორწილი ოზურგეთის უფასო სასადილოში ჰქონდათ, სადაც ერთმანეთი გაიცნეს. სამი თვის წინ ორი ჩანთა ჩაალაგეს და ზღვის პირას, კარავში ცხოვრება გადაწყვიტეს.

ალექსი: ბებიამ ჩამომიყვანა გურიაში, თორემ უკრაინაში ვიზრდებოდი… დედა შოტლანდიელი მყავდა. მამამ და დედამ უკრაინაში გაიცნეს ერთმანეთი. მეექვსე კლასში ვიყავი, ბებია ჩამოვიდა და წავიყვანო უნდა აგიო, ჩემზე თქვა. მამაც მალე გურიაში დააბრუნა. გურიაში ბებიაჩემი ვარგოდა მარტო და ახლა იგიც აღარაა…

ფინთი ქალი იყო ბებიაჩემი, მარა ძალიან მშრომელი. ქათამიო, ძროხაო, ყანაო. მე ხან ჩაის ვკრეფდი, ხან – ოჯახებში ვმუშაობდი და ბოსტანს ვუვლიდი. მერე ცოლი მოვიყვანე. არ მინდოდა ის ქალი, მარა რას იზამდი? შვილი მყავს, ერთი ბიჭი. ცოლს დავშორდი. შვილს ვერ ვეწყობი, სულ კონფლიქტი მაქვს, ამიტომაც წამოვედი.

მირანდა: მე რძალი მყავდა ფინთი. ექიმებთან დამჭირდა სიარული და რა ამბავია ამდენი სიარული ექიმებშიო. რა ვიცი, ვერ ამიტანა… როცა შემეძლო, კი ვმუშაობდი დამლაგებლად და ახლა უმაღლესი არ მაქვს მე დამთავრებული. რვა კლასის განათლება მივიღე. მერე უფასო სასადილოში დავიწყე სიარული და ალექსი გავიცანი.

წყვილს გაცნობის პერიოდის გახსენება ვთხოვე. ალექსიმ მიპასუხა, ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოო. მირანდა ბრაზობს, სულაც არ იყო ჩვეულებრივიო და იწყებს:

„ამოჩემებული ადგილი გვქონდა სასადილოში მეც და ამასაც. ეგი სულ ჩემ წინ ჯდებოდა, მარა საერთოდ არ მიყურებდა. რამდენჯერ ვცადე გამოლაპარაკება, მარა ვერ გავბედე. მე სულ ვუყურებდი, ის – არა. ჭამდა და მიდიოდა. მერე მზარეულს ვუთხარი, ასე და ასე მომწონს ეს კაცი-მეთქი და იმან უთხრა,“ – სიცილს აყოლებს ამბავს მირანდა და წყაროდან მოტანილ წყალს ჩაიდანში ასხამს, ჩაი უნდა დავლიოო.

„ვატყობდი, რომ მოვწონდი, ჰო, მარა თავს ვიკავებდი ჯერ. მერე მეც ვუთხარი, რომ მიყვარდა,“ – ამატებს ალექსი და თან კარავთან დაყრილ ჩანთებში რაღაცას ეძებს.

მირანდა კარავს წრეს არტყამს, სათითაოდ ნახულობს და ეფერება კატას და ლეკვებს, რომლებიც იქვე ცხოვრობენ და სიხარულით სავსე იწყებს ქორწილის სცენის აღწერას:

„ქორწილი ოლეგი ბიძიამ გადაგვიხადა… ჰო, იქვე სასადილოში, ნამცხვრები იყო ბევრი. საჭმელი რა იყო, აღარ მახსოვს. დამკვრელებიც გვყავდა, მაგრამ არ იყო დიდად კაი მუსიკა. მე ძალიან მიყვარს ცეკვა, მაგრამ არ მიცეკვია საერთოდ… გავბრაზდი და იმიტომ აღარ ვიცეკვე – სადედოფლო კაბა არ ჩამაცვეს“, – ამბობს მირანდა და რიტმულად არწევს ხელში დაჭერილ კატას.

მერე მირანდა ბრუნდება და ხელს მაჩვენებს: „ეს ბეჭდები ალექსიმ მაჩუქა სასადილოში“.

„აი, ვიპოვე,“ – იძახის ალექსი და ჩანთებიდან ძვრება. ხელში ის ნახატი უჭირავს, ქორწილის შემდეგ რომ დაუხატავს. მიყვება, რომ ძალიან უყვარს ხატვა და კარვიდან დანახულ ქალაქსაც დახატავს ერთხელაც.

წყვილს ვეკითხები, რამდენად შემაწუხებელია კარავში ცხოვრება, როცა წვიმს.

„ქოლგა მაქვს,“ – მოკლედ მპასუხობს მირანდა და ამჯერად ლეკვების მოსანახულებლად გარბის. “.

„ჰოდა, ასე ვცხოვრობთ ახლა,“ – განაგრძობს ალექსი და კარვის წინ, პატარა ხის სკამზე ჯდება. – „ახლა ფიჩხები უნდა მოვაგროვო და ღუმელი დავანთო. ჩაი ხომ უნდა დავლიოთ ზღვის ჩასვლის დროს?… ადამიანები ზედმეტად ართულებენ ცხოვრებას, ეს მინდა დაწეროთ. ადამიანებმა საერთოდ დაკარგეს გულწრფელობა და სიცოცხლის ხალისი. მოდიან და გვეკითხებიან, არ გიჭირთ, ასე როგორ ცხოვრობთ? რატომ უნდა მიჭირდეს? დილით ვიღვიძებ და მიწიდან პირდაპირ ვუყურებ ზეცას… მეზობლები გადასარევი ხალხია, გვეხმარებიან. მთავარია, ერთად ვართ. დღისითაც ერთად დავდივართ – ეკლესიის სასადილოში და იქიდან საჭმელი მოგვაქვს“.

„იმდენი პიმპილი ჰქონდა მაგ საჭმელს, ვერ შევჭამე საერთოდ,“ – ჩაგვერთო დიალოგში მირანდა.

„მთავარია საჭმელი იყოს, გადაკეთება შემიძლია,“ – ამბობს ალექსი და ფიჩხების მოგროვებას იწყებს.

„დღეს ისე დამაღამებიე, „საკატაოებზე“ არ წამიყვანე ხომ?“ – კითხულობს მირანდა კატეგორიული ხმით და კარავს ზურგს აქცევს, ზღვას გაჰყურებს.

წყვილის თქმით, ისინი ყოველდღე დადიან მახინჯაურის ცენტრალურ სკვერში, სადაც რამდენიმე ატრაქციონია. მირანდას თქმით, „ზოგი საკატაო გაფუჭებულია და არავინ აკეთებს“.

რამდენ ხანს აპირებთ კარავში ცხოვრებას? – ვეკითხები წყვილს.  მირანდა მოკლედ მპასუხობს: „ვაშავებთ რამეს თუ? არსად წასვლას არ ვაპირებ, კარგად ვარ აქ“.

ალექსი სამსახურს ეძებს. ამბობს, რომ კომპიუტერების შეკეთება და პროგრამების ჩაწერა შეუძლია, მაგრამ გადამზადება სჭირდება. „თუ არ გამოვიდა, ალბათ თურქეთში წავალთ ერთად, იქ ვიშოვი რამეს,“ – ამბობს ის.

„თურქეთში არ მინდა, მობილური გვაჩუქეს და მუსიკა ვერ ჩაუწერია. მიყვარს სიმღერები,“ – თქვა საყვედური მირანდამ.

ალექსი ჩუმი ხმით იწყებს სიმღერას. მირანდა ისევ ალექსის გვერდით დგება და ყურადღებით უსმენს.

„ჰო, სიმღერა კაი იცის ამან ძალიან…“, – ამბობს ის, როცა ალექსი სიმღერას ასრულებს. ალექსი ისევ ნახატების ძებნას იწყებს კარავში თუ მის გარეთ დაყრილ ნივთებში. მირანდა მეუბნება, რომ თვითონაც შეუძლია სიმღერა, სახით ზღვისკენ ჩერდება, ხელებს ბოლომდე შლის და იწყებს: „ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა…“

საბაგირო, რომელსაც მეორე ნაპირზე ხელით სამართავი მექანიზმით გადაჰყავხარ [ვიდეო]

მტირალას ეროვნულ პარკში, სოფელ ჩაქვისთავში მცხოვრებმა ხასან გორჯელაძემ ტურისტების სოფელში მოსაზიდად ხელით სამართავი საბაგირო გზა ააგო. მდინარე ჩაქვისწყალზე გაჭიმული საბაგირო გზა სოფელს ეროვნულ პარკთან აკავშირებს. სეზონზე ყოველდღიურად ათეულობით ტურისტი სარგებლობს ამ პატარა, უცნაური ტრანსპორტით.

ხასან გორჯელაძე

ხასან გორჯელაძე ამბობს, რომ საბაგიროს 39 დღე აშენებდა. 15 დღე მარტო უზარმაზარი ქვის ლოდის დამტვრევას დასჭირდა, რომელიც მდინარის მეორე მხარეს იყო და ხელს უშლიდა საბაგიროს გამართვას.

საბაგიროთი გადაადგილება ფასიანია და ორი ლარი ღირს.

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს გამწვანებულ ადგილს სავაჭრო ცენტრის აშენების პირობით ყიდის

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქ.#9ა-ს მიმდებარედ, 581 კვ.მ მიწის ნაკვეთს ბათუმის მერია პირობებიან აუქციონზე 240 ათას ლარად, ანუ 1კვ/მ-ს 413 ლარად ყიდის. ტერიტორია ზღვის პირას, არდაგანის ტბასთან ახლოს, შერიფ ხიმშიაშვილისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მდებარეობს და იქ ახლა მწვანე საფარია. ამ ადგილის ირგვლივ მრავალსართულიანი კორპუსები დგას, მოპირდაპირე მხარეს კი [სასპორტო სკოლის უკან] დიდი სასტუმრო კომპლექსი შენდება.

აუქციონში გამარჯვებულმა საკუთრებაში გადაცემულ  მიწის ნაკვეთზე უნდა ააშენოს ჩამოთვლილი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)იდან ერთ-ერთი: საგამოფენო დარბაზი, უნივერსალური მაღაზია, სავაჭრო ცენტრი, სილამაზის სალონი, ოფისი. მშენებლობა უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვის ვადაში.

აუქციონის პირობის თანახმად, გასაყიდად გამოტანილ ნაკვეთზე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის (შენობ(ებ)ის) სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მეტრს [2 სართული].

ბათუმის მერია მიწის მყიდველს უკრძალავს ნაკვეთზე განათავსოს სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობა ან/და აშენებული შენობა-ნაგებობა გამოიყენოს სხვა დანიშნულებით, გარდა ზემოთ მითითებული ობიექტებისა. თუმცა, ეს აკრძალვა მხოლოდ 10 წლის განმავლობაშია ძალაში, რომლის გასვლის შემდეგაც მესაკუთრეს უფლება ექნება, ნაკვეთი თუ შენობა მისთვის სასურველი დანიშნულებით გამოიყენოს.

აუქციონში ბიჯი 5 ათასი ლარია. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2018 წლის 2 მაისს დასრულდება. რაც შეეხება გამარჯვებულს, მან შეძენილი ქონების სრული ღირებულება უნდა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.

ბათუმის საკრებულომ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელშიც აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ნაკვეთიცაა შეტანილი, 2018 წლის 15 თებერვალს დაამტკიცა.

ბათუმის მერია ტროტუარის გასწვრივ აქ 581 კვ/მ მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან – ქიმიური წამლობა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე ყველაზე აქტიურ და ეფექტურ საშუალებად ქიმიური შეწამვლა მიიჩნევა (საყურადღებოა, რომ მცენარეები, რომლებიც ყვავილობის პერიოდში იმყოფებიან, მათი ქიმიური დამუშავება არ შეიძლება).

ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვეცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. ბაღლინჯოს დაფრთიანებამდე – ეს პერიოდი, აზიური ფაროსანას სიცოცხლის ის ციკლია, რა დროსაც სპეციალისტები ქიმიური წამლობის ჩატარებას გვირჩევენ.

მავნებელთან ქიმიური ბრძოლის პროცესში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამისთვის საჭიროა შეწამვლისას შესაბამისი წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ის უარყოფით ზემოქმედება, რაც თან ახლავს პესტიციდების არასწორ გამოყენებას.

უსაფრთხოების ნორმები

ბაღლინჯოს წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალური კომბინიზონი და ხელთათამანი, რესპირატორი (პირბადე) და რა თქმა უნდა დამცავი სათვალე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რეზინის ბოტები. ამით თავიდან ავიცილებთ, პრეპარატის ადამინის სხეულზე, სასუნთქ გზებში და ლორწოვან გარსზე მოხვედრას. ეს უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ მაშინაც, როცა ქიმიური საშუალებით ვამუშავებთ საკარმიდამო ნაკვეთს ან დიდ პლანტაციებს.

ფერმერი რომელიც შეწამვლისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს გამოიყურება ასე:

ერთი შეხვედით უსაფრთხოების ამ ნორმების დაცვა ფერმერისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ხშირია მოსაზრებები, რომ მათთვის სპეციალური კომბინიზონის, რესპირატორისა თუ დამცავი სათვალის შეძენა გარკვეულწილად რთულია, ამის მიზეზად კი მატერიალურ მდგომარეობას ასახელბენ.
სპეციალისტების თქმით, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მარტივია. დამცავი კომბინიზონის მაგივრად, მოსახლეობას შეუძლი გამოიყენოს ნებისმიერი ტანსაცმელი რომელიც მათ სხეულს სრულად დაფარავს – შარვალი, პერანგი ან მაისური. ასეთ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაციაა, რომ ის სამოსი რომელიც შეწამვლის დროს გვეცმევა, მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოვიყენოთ.
რაც შეეხება პირბადეს, ის არსებობს სხვადასხვაგვარი და მათი შეძენა მარტივად არის შესაძლებელი სამეურნეო და აგრომაღაზიებში, ასევე ნებისმიერ აფთიაქში.

რესპირატორის შეიძლება იყოს ასეთი:

სპეციალლისტები გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ამ ინდივიდუალური ნორმების დაცვის შემთხვევაში, მოსახლეობა ქიმიური პრეპარატების მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაცული იქნება.

შეწამვლის წესები

ერთია უსაფრთხოების დაცვა და მეორეა შეწამვლის სწორად ჩატარება. იმისთვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ეფექტური იყოს, საჭიროა შესაბამისი პერიოდულობისა და ნორმების დაცვა.
დიდი ფართობის შეწამვლისას, რეკომენდირებულია სატრაქტორო ან მაღალი გამავლობის ავტომობილებზე დამონტაჟებული აგრეგატის გამოყენება. რაც შეეხბა საკარმიდამო ნაკვეთებს, ბაღებს ან მცირე ზომის ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავებას, ამ დროს ყველაზე მოსახერხებელია მცირე ზომის აგრეგატებით შეწამვლა. ასეთ ხელსაწყოებს იყენებენ ვაზის, ხეხილის შესწამლად მისი შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში. ასეთი ზურგსაკიდი აგრეგატები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ან ელექტრო ძრავით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მექანიკურიც. ამ გზით შესაძლებელია მაღალი ხეების შეწამვლაც.

შესაწამლი აგრეგატები:

რეკომნედაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩასატარებლად 

სტატიაში გაგაცნობთ წამლობის ჩატრებისას გასათვალისწინებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას. ალბათ ეს ყველა იმ ფერმერისთვის არის ცნობილი, რომელიც აქამდე საკუთარ ტერიტორიებს ქიმიური საშუალებით ამუშავერბდა, მაგრამ მათთვის ვინც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ან ზოგადად ქიმიურ წამლობას ახლა იწყებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:

ქიმიური საშუალების შესხურების დროს აუცილებელია დავიცვათ შესამაბისი დროები. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია შეწამვლა დილის ან საღამოს საათებში განხორციელდეს. ფერმერმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური პირობები, რადგან წამლობა არ შეძლება მაღალი ტემპერატურის დროს. კიდევ ერთი აკრძალვა ეს არის ქარიანი ამინდი, თუ ქარის სიჩქარე 5 მ/წმ-ს აღემატება ქიმიური პრეპარატის გამოყენაბა არ არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელება. პრეპარატის შესხურებისას ასევე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ან საკვების მიღება.

სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, რომ ქიმიური წამლობამდე ამინდის პროგნოზს გაეცნენ, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია წვიმა, ქიმიური საშუალების გამოყებისგან თავი შეიკავონ, რადგან წვიმა პრეპარატს ჩამორეცხავს და წამლობას შედეგი არ ექნება.

არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენება ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. პრეპარატი საზიანოა ასევე მწერებისთვის, შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ამისტომ საჭიროა, სანამ მოსახლეობა ქიმიური საშუალებით დამუშავებას დაიწყებს, იზოლირებულ გარემოში გადაიყვანოს ფრინველები და ცხოველები, შეზღუდოს ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსოს.

შეწამვლის შემდეგ, აუცილებელია დავიცვათ ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე.

იმისთვის რომ ქიმიურ წამლობას შედეგი ჰქონდეს საჭიროა პრეპარატით კარგად დამუშავდეს მცენარე, ფოთლის როგორც ქვედა ასევე ზედა ნაწილი.

ქიმიური წამლობა უნდა მოხდეს ღია სივრცეში აგრეთვე სასათბურე მეურნეობებში ყველა სავალდებულო ნორმის დაცვით.

საცხოვრებელ სახლში დასაშვებია: მექანიკური ბრძოლა – აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია, საპნიანი წყალი და სხვა. აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება.

ქიმიური წამლობა დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში, დახურულ ტერიტორიებზე, სარდაფში, სხვენში და სხვა.

შეგახსენებთ, რომ აზიურ ფაროსანსთან საბრძოლველად, რამდენიმე სახეობის ქიმიური საშუალება გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს საქარველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. სართაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ რომ ყველაზე ეფექტური ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებებია.

___________________________________________________________________

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

„ოცნებას“ ბათუმში ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება დღეს, 23 აპრილს, „ქართული ოცნების“ რეგიონალურ კონფერენციაზე იქნა მიღებული.

ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ჭეიშვილი იყო. მას უფლებამოსილების ვადა უკვე ამოეწურა.

„თუ არ არის ნეპოტიზმი, მაშინ მოგვაწოდონ თანამშრომელთა სია“ – ენმ „ბათუმის წყალზე“

დღეს, 23 აპრილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შპს „ბათუმის წყალში“ დირექტორთან, თენგიზ ქოქოლაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა ენმ-ის წარმომადგენლის, ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის თქმით, შეხვედრა მხოლოდ „ბათუმის წყლის“ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შედგა და არა დირექტორთან.

„ჩვენ დირექტორისგან გვაინტერესებდა კონკრეტული პასუხები, თუმცა დირექტორი არ შეგვხვდა. ამ შპს-დან გამოვითხოვეთ ბევრი ინფორმაცია, მათ შორის საშტატო ნუსხა, თანამშრომელთა სახელობითი სია და ინფორმაციას არ გვაწვდიან, იმ არგუმენტით, რომ თითქოს არ არიან ვალდებულები.

„ბათუმის წყლის“ დამფუძნებელი და მესაკუთრე არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი და საკრებულოს წევრებს არ გვაწვდიან ინფორმაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ გამეფებულია ნეპოტიზმი, სავარაუდოდ, არის კორუფციის ნიშნები და ამიტომაც მალავენ ინფორმაციას.

გასულ წელს ჩვენ მივიღეთ ზუსტად იგივე ინფორმაცია ამ შპს-სგან. ანუ, ერმაკოვის მერობის დროს ეს უწყება იყო უფრო გახსნილი და ახალი მერის პირობებში რა შეიცვალა?! თუ იქ არ არის ნეპოტიზმი, მაშინ მოგვაწოდონ სია. ვითხოვთ და არ გვაძლევენ იმ მოტივით, რომ თითქოს არის პერსონალური ინფორმაცია. პერსონალური ინფორმაცია, პირადი ნომრები, შეუძლიათ დაშიფრონ, მაგრამ თანამშრომელთა სიას და მათ პრემია-დანამატებს ვითხოვთ – რა გაიცა, რადგან ეს შპს ფუნქციონირებს ბათუმელების მიერ წყალში გადახდილი მოსაკრებლით. აქედან გამომდინარე, მისმა დამფუძნებელმა ორგანიზაციამ, მერიამ და მათ შორის საკრებულომ, უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ეს თანხა და ვინ არის დასაქმებული, რადგან ეს არის ბათუმელების საკუთრება და არა თენგიზ ქოქოლაძის პირადი შპს,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

შპს „ბათუმის წყალი“ ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და 100-პროცენტიან წილს მერია ფლობს. საკუთარი შემოსავლების გარდა, „ბათუმის წყალი“ ფინანსდება ბიუჯეტიდანაც. 2017 წელს შპს „ბათუმის წყლისთვის“ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია 10 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენდა

ამავე თემაზე: 

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები 

კანონშეუსაბამო ანაზღაურება “ბათუმის წყალში“ – მასალები პროკურატურაშია

taxi+ ფხიზელი მძღოლის მომსახურებას გთავაზობთ

თუ თქვენ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ერთობით, ალკოჰოლი მიიღეთ და გსურთ უსაფრთხოდ მიხვიდეთ სასურველ მისამართზე, ტაქსი+ უზრუნველყოფს თქვენი და თქვენი ავტომობილის მშვიდად გადაადგილებას.

აქ დასაქმებული ყველა მძღოლი შერჩეულია გამოცდილებისა და სამუშაო პრაქტიკის მიხედვით. თქვენ უსაფრთხო გადაადგილებას კი მხოლოდ მათ შორის საუკეთესოებს ვანდობთ. კომპანიას ჰყავს სათადარიგო მძღოლები და აქვს ავტომანქანები განსაკუთრებული შემთხვევებისა და დაკვეთებისთვის.

გაითვალისწინეთ, ჩვენი ყველა მძღოლი და მანქანა დაზღვეულია!

[highlight color=”blue”]დაგვირეკეთ 24 საათის განმავლობაში კვირის ნებისმიერ დღეს: 593 700 700; 593 800 800[/highlight]

Taxi + უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის

 

1,7 მილიონ ლარად ბათუმის მერია ავტოსადგომს მოაწყობს

ბათუმში, ახალი სპორტული კომპლექსის მიმდებარედ, სადაც მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს, ქალაქის მერია ავტოსადგომის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც 1 701 126 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერი 11 მაისს დასრულდება, ავტოსადგომი კი, პირველ სექტემბრამდე უნდა მოეწყოს.

ავტოსადგომი სელიმ ხიმშიაშვილის, ორბელიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩებს შორის 5 800 კვ/მ ტერიტორიაზე მოეწყობა. ამ სამ ქუჩასა და ლადო ასათიანის ქუჩებს შორის არსებულ ტერიტორიაზე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის ახალი სპორტული კომპლექსი უკვე აშენდა, ასევე შენდება ნაგებობა ყინულის სასახლის ნაცვლად, რომელიც, როგორც აჭარის მთავრობაში ამბობენ, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ყინულის არენად გადაკეთდება.

ბათუმის სპორტული კომპლექსისა და მიმდებარე ტერიტორიის ესკიზი /ლადო ასათიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, სულხან-საბა ორბელიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორია

ბათუმის ბიუჯეტიდან ცალკე – 1 მილიონ 144 ათას 72 ლარი, გამარტივებული შესყიდვით, ანუ ტენდერის გარეშე დაიხარჯება სპორტული კომპლექსის ენერგომომარაგების, გაზის, წყლის სისტემისა და კანალიზაციის დაერთებისთვის.

ბათუმის მერია ორი ქუჩის კეთილმოწყობასაც გეგმავს, რომლებიც ყინულის სასახლესა და სპორტკომპლექსს ესაზღვრება, რისთვისაც 3 მილიონ 934 ათას 739 ლარი აქვს გათვალისწინებული. საუბარია ლადო ასათიანისა და ვახტანგ შამილაძის ქუჩებზე.

ამავე თემაზე:

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში და მილიონიანი პროექტები ფორსმაჟორში

ბათუმში სპორტკომპლექსის მშენებლობა სრულდება – ტერიტორიის კეთილმოწყობაში მილიონი ლარი დაიხარჯება

ყინულის სასახლის მიმდებარე ქუჩების მოსაწყობად ბათუმის მერია 4 მილიონამდე ლარს დახარჯავს

20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: 

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთაში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 

  • დღისით: 6 –  11 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

25, 26 აპრილს, ასევე, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა ამ დროისათვის 12 გრადუსია.

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის

საქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის. ხელშეკრულება რკინიგზასა და კომპანია ,,გრატოს“ შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ათი თვის განმავლობაში რკინიგზის სადგურებში, ბაზებზე, გვირაბებსა და ხიდებზე ამერიკული კომპანია Cree-ს მიერ წარმოებულ ენერგოეფექტურ სანათებს დაამონტაჟებს. ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა დაზოგავს ელექტროენერგიას, მიიღებს თანამედროვე ტიპის განათებასა და ეკოლოგიურად სუფთა სანათებს.

ბათუმში, ზღვისპირას, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

22 აპრილს ბათუმში, თამარის დასახლებაში, ზღვისპირას, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედართან კიდევ ერთი მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც თითქმის უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. სავარაუდოდ, იგი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს – თვითმკვლელობამდე მიყვანა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი ქობულეთის სანაპიროზე: ძალიან სავალალო მდგომარეობაა

დღეს, 22 აპრილს, ქობულეთის ზღვისპირა ზოლში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები გააჭიანურა და შეაჩერა.

„სამწუხაროდ, ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი პირველი მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას. დღეს უკვე მათ მიერ განთავსებულია შეკვეთები ბეტონის ნაკეთობის დამზადებისთვის. ანუ მათ პრაქტიკულად დაწყებული აქვთ საქმიანობა,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, ახალი კომპანიის პირობებში მოხდება სამუშაოების დაჩქარება: „ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება.“

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრების გაზრდა და შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრ კედელზე ტალღების ზემოქმედება. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მთავარი ფოტო: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქობულეთში / აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ფოტო

ამავე თემაზე:

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

საქართველოს ნაკრები ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებულია

დღეს, 22 აპრილს, 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩემპიონატის უკანასკნელ და გადამწყვეტ თამაშში ტაიპეის ყინულის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებთან გაიმარჯვა, ანგარიშით 11:2, რითაც საქართველოს ნაკრები 2018 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის გამარჯვებული გახდა და როგორც ჩემპიონმა II დივიზიონში გადაინაცვლა.

ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონში საქართველოს ეროვნული ნაკრები 5 გუნდს შეხვდა, საიდანაც მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დამარცხდა:

საქართველო – თურქეთი 6:2
ბულგარეთი – საქართველო 3:5
საქართველო – ჰონგ-კონგი 11:1
სამხრეთ აფრიკა – საქართველო 4:2
საქართველო – ტაიპეი 11:2

ჩემპიონები მომავალ წელს გამოვლენ II დივიზიონის B ჯგუფში.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართება დღეს, დღის ბოლო თამაშის შემდგომ, სადაც ჰონგ-კონგი  სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.

 

Ice Hockey World Champs Division 3 Game 13

 

 

მოსწავლეთა აქცია ევროპის მოედანზე

დღეს, 22 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ქვეყანაში სხვადასხვა ძალადობას აპროტესტებენ.

„ბათუმის სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით, ბავშვებმა, აქტივისტებმა, გადავწყვიტეთ გაგვემართა ეს აქცია საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო. ვგულისხმობ იმას, რომ, თვე არ გადის თითქმის, რომ არ გაჟღერდეს ინფორმაცია – ვიღაც ქალი მოკლეს, ვიღაც მამაკაცი მოკლეს და ა.შ. დღითი დღე იზრდება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში, ასევე ბავშვებზე ძალადობისა და სხვა ფაქტები. ამავდროულად ვაპროტესტებთ იმ დაჯგუფებების საქმიანობას, რომლებიც თავიანთი იდეოლოგიით ხალხს მოუწოდებენ ძალადობისკენ,“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თედო შარაბიძე.

მოსწავლეებს აქციაზე გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები და ფერადი ბუშტები სხვადასხვა წარწერით.

ველოსიპედით ევროპაში – ქართველი წყვილის ცხრაწლიანი მოგზაურობა

მოგზაური, მუსიკოსი პაატა ბერიკიშვილი
ველოსიპედი, გიტარა და ჰარმონიკა

9 წლის წინ, თაფლობის თვეში ზღვაზე ჩამოსულ ცოლ-ქმარს, ნინო ხუნდაძეს და პაატა ბერიკიშვილს, ბათუმიდან თბილისში დაბრუნება აღარ მოუნდათ. მათ მოულოდნელად გადაწყვიტეს, ველოსიპედებით წასულიყვნენ სამოგზაუროდ.

ერთი ველოსიპედი ბათუმში სთხოვეს მეგობარს, საკუთარიც გამოაგზავნინეს თბილისიდან ახლობელს და მოგზაურობა თურქეთიდან დაიწყეს. წინასწარ დაუგეგმავი გზა ევროპამდე გაგრძელდა და წყვილი უკვე ცხრა წელია მოგზაურობს. დაბრუნდნენ, როცა მათი პატარა შვილი, ლუკა უნდა დაბადებულიყო. ცოტა დრო რომ გავიდა, რვა თვის ბიჭიც წაიყვანეს თან და პატარასთან ერთად განაგრძეს გზა.

თავიდან მხოლოდ ალუმინის მსუბუქი, მომცრო სამხედრო ჭურჭელი, წყლის მათარა, გიტარა, ჰარმონიკა, ტანსაცმელი და კარავი წაიღეს. გზის დასაწყისშივე მიხვდნენ, რომ ველოსიპედით მოგზაურობის მთავარი წესი ბარგის წონისა და მოცულობის მინიმუმამდე შემცირებაა, ამიტომაც გზადაგზა მოიშორეს ყველა ზედმეტი მაისურიც კი. მოგზაურობა 20 დოლარით დაიწყეს, ეს თანხა პაატამ თურქეთში, ბარში დაკვრით გამოიმუშავა.

ფოტოზე: პაატა ბერიკიშვილი და ნინო ხუნდაძე, მოგზაურები.

მოგზაურობის ყველაზე მთავარი ატრიბუტი ველოსიპედის შემდეგ გიტარა და ჰარმონიკაა – პაატა ყველა ქალაქში ჩასვლისას ადგილობრივ კლუბებში, კაფეებსა და ქუჩებში უკრავს – მუსიკოსია. ნინო მხატვარია, ხელნაკეთ სამკაულებს ამზადებს. საჭირო ფულს ასე გამოიმუშავებენ. საკვების მარაგი თან არასოდეს დააქვთ. მხოლოდ მაშინ ყიდულობენ საჭმელს, როცა შიათ და იმდენს, რომ ერთ ჯერზე ეყოთ.

წყვილი დღეში საშუალოდ 80 დან 140 კილომეტრს გადის, იმის მიხედვით, თუ როგორი რელიეფის გავლა უწევთ, ვაკის თუ მთაგორიანის. ღამეს კარავში ათევენ, თუმცა, როგორც პაატა ამბობს, ყოველთვის უამრავი ადამიანი ეპატიჟებათ შინ, არის დღეები, როცა წვიმასა და თოვლში უხდებათ კარავში ღამისთევა.

                           გზის ამბები

პაატა მოგზაურობის დასაწყისს, თურქეთს იხსენებს: „რიზეში, საშინელ წვიმაში გავშალეთ კარავი შუაღამისას, ყველაფერი დაგვისველდა, 4 საათის განმავლობაში ვეფარებოდი აპარატურას, რომ არ დასველებულიყო. დილით აღმოვაჩინეთ – კარავი გუბეში ცურავდა.

უცნობები ხშირად გვეპატიჟებიან შინ. ყველა სამსახურში დადის. დღე ყველას დაგეგმილი აქვს. შეჩვეულები არიან ყოველდღიურ რუტინას და ეგზოტიკური არსებებივით გვიყურებენ ველოსიპედით მოგზაურებს, იციან, რომ არც ერთი დღე ერთმანეთს არ ჰგავს ჩვენთვის და ხანდახან მიგრძვნია – შემოგვნატრიან. ყველა მზადაა დაგვეხმაროს, შეგვიფაროს, დაგვაპუროს. ხანდახან იმდენხანს დავუტოვებივართ უცნობებს საკუთარ ჭერქვეშ, კარავი მოგვნატრებია და მიფიქრია, დამანებეთ თავი, ღია ცის ქვეშ ღამის გათევა მომენატრა-მეთქი. ველოსიპედით მოგზაური ბევრი მეგობარი გვყავს, მაგრამ ოჯახით მოგზაური ველოსიპედისტები არ შეგვხვედრია“.

ამბობს, რომ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მოგზაურობა ბევრს შეუძლებლად მიაჩნია, თუმცა, როგორც პაატა ამბობს, ერთადერთი პრობლემა, რაც პატარა ლუკასთან ერთად მოგზაურობისას ჰქონდათ, იყო პამპერსის დიდი შეკვრა, რომელიც დიდ ადგილს იკავებდა საბარგულში. ლუკა ახლა ექვსი წლისაა და მამას კარვის გაშლაშიც კი ეხმარება ხოლმე.

პატარა ლუკა დედ-მამას კარვის გაშლაშიც კი ეხმარება ხოლმე

მოგზაურობისას ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. თან ერთადერთ ძველ ტელეფონს ატარებენ, სადმე დარეკვა რომ დასჭირდეთ.

ასე მოიარეს თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი და გერმანია.

ყველაზე კარგად იტალია ახსოვს, პატარა ქალაქი გიოჩიო, ათიოდე კილომეტრი ჰქონდათ დარჩენილი ქალაქამდე, როცა ნინოს ველოსიპედის საბურავი გასკდა. გიოჩიომდე ფეხით იარეს, გვიან ჩავიდნენ. ველოსიპედის საბურავი ვერცერთ მაღაზიაში ვერ იპოვეს. გზას ვეღარ გააგრძელებდნენ. შეიყარა ხალხი. ალაპარაკდნენ იტალიურად. ზოგი რას გაიძახოდა. ზოგი რას. მათ დახმარებაზე ბჭობდნენ გიოჩიოს მცხოვრებლები. მერე ერთმა კაცმა პაატა მანქანაში ჩაისვა, ქალაქის შორეულ უბანში წაიყვანა და საკუთარი, ახალთახალი ველოსიპედი აჩუქა. როცა ნინოსთან და ბავშვთან დაბრუნდა, ვიღაცები უკვე მათ დაზიანებულ ველოსიპედს აკეთებდნენ. ის დღე მეფეებივით დაასრულეს: ზოგს პიცა მოჰქონდა ნინოსთვის და პაატასთვის, ზოგს ნაყინი პატარა ლუკასთვის, მერე სახლშიც წაიყვანეს მოგზაურები და ღამე გაათევინეს.

მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მოგზაურობა ბევრს შეუძლებლად მიაჩნია, თუმცა, როგორც პაატა ამბობს, ერთადერთი პრობლემა, რაც პატარა ლუკასთან ერთად მოგზაურობისას ჰქონდათ იყო პამპერსის დიდი შეკვრა, რომელიც დიდ ადგილს იკავებდა საბარგულში.

მეორე ამბავიც იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში განვითარდა. ერთხელაც ყველაფერი შემოელიათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ პაატას სადმე უნდა დაეკრა, ფული რომ გამოემუშავებინათ. „ავე მარიას“ დაკვრა დაიწყო, არ იცოდა, რომ იტალიის ამ ქალაქში მარიამის კულტია და მთელ ქალაქში მისი სკულპტურები დგას. 80 წლის ბებომ მანქანა შეაჩერა, „ავე მარია!“- შესძახა, მანქანიდან გადმოვიდა, მთელი ქუჩა შეკრიბა: მოუსმინეთ რას მღერისო და იმ დღეს პაატამ და ნინომ 150 ევრო შეაგროვეს და გზა მშვიდად განაგრძეს ახალი ქალაქებისკენ.

 სიმღერების „ჩემოდანი”

პაატა ფიქრობს, რომ სახლზე მიჯაჭვა სახიფათოა. ფულზეც რაც უფრო სერიოზულად ფიქრობს და შფოთავს ადამიანი, მით უფრო რთულად მოიპოვებს საარსებო სახსრებს. „ფულზე საერთოდ არ ვფიქრობთ, არასდროს არ დავრჩენილვართ ჯიბეცარიელები. ვუკრავ, ნინო ხელნაკეთ ნივთებს ყიდის და ყოველთვის ჩნდება საიდანღაც რაღაც. ამაზე ფიქრით თავს არ ვიკლავთ. დედამიწა ძალიან დაპატარავდა ჩვენთვის, ყველაფერი ძალიან ახლოსაა სინამდვილეში. ყველა ქვეყანა, მთელი პლანეტა შენია, ყველასია, საერთოა. რელიგია, ეროვნება, ენა – არაფერს ნიშნავს. ყველა განსხვავება პირობითია. ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან,“ – ამბობს პაატა.

„ყველა ქვეყანა, მთელი პლანეტა შენია, ყველასია, საერთოა. რელიგია, ეროვნება, ენა – არაფერს ნიშნავს. ყველა განსხვავება პირობითია”
„ყველა ქვეყანა, მთელი პლანეტა შენია, ყველასია, საერთოა. რელიგია, ეროვნება, ენა – არაფერს ნიშნავს. ყველა განსხვავება პირობითია”

პაატამ 80-იან წლებში, 9 აპრილემდე შექმნა ჯგუფი „ზუმბა ბლუზბენდი“, სადაც ბას-გიტარაზე უკრავდა. მანამდე იყო ჯგუფი „მოჩვენება“.

სიმღერების „ჩემოდანი“ აქვს. რომელიმე ქვეყანაში წასვლამდე იქაურ სიმღერებს უსმენს და მერე უკრავს. იცის, რომ საფრანგეთში ჩასვლამდე 5-6 ფრანგული სიმღერა მაინც უნდა იცოდეს, რომ დაუკრას. ახლა ნორვეგიულ მუსიკას უსმენს, ნოტები გიტარაზე გადააქვს და სიტყვებს სწავლობს, ეს ნიშნავს, რომ დანიშნულების შემდეგი ადგილი სკანდინავიის ნახევარკუნძული იქნება.

ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა შეძლოს გამოერთოს შტეფსელიდან, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით“

ნინო, პაატა და პატარა ლუკა დროებით საქართველოში არიან. მათი ველოსიპედები ჯერ დაბმული და გაჩერებულია, მცირეხნიანი შესვენების შემდეგ წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი ელით: სკანდინავიის ნახევარკუნძულის მოვლა, ზაფხულში ევროპის კიდევ ერთხელ შემოვლა ველოსიპედით, მომავალ წელს კი ამერიკის შეერთებული შტატები.

„ფულზე საერთოდ არ ვფიქრობთ, არასდროს არ დავრჩენილვართ ჯიბეცარიელები. ვუკრავ, ნინო ხელნაკეთ ნივთებს ყიდის და ყოველთვის ჩნდება საიდანღაც რაღაც”

„ვინმესთვის მუშაობა, როცა სხვა განსაზღვრავს შენს საქმიანობას, ნიშნავს შტეფსელთან იყო მიერთებული ავტომატურ რეჟიმში. ჩემი მეუღლე ამ შტეფსელიდან 9 წლის წინ გამოერთო, თავისუფალი ადამიანია. ახლა ასე ვცხოვრობთ. მე არც არასდროს მიმუშავია ოფიციალურ სამსახურში, სადაც სხვა დამიგეგმავდა რამეს. ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა შეძლოს, გამოერთოს შტეფსელიდან და საკუთარი ცხოვრებით იცხოვროს,“ – ამბობს პაატა.

უცნაური გამოგონება აქვს: მის ჰარმონიკას ყველა ინსტრუმენტის ხმის გამოცემა შეუძლია, რახან ბენდი არ ჰყავს გიტარაზე და ჰარმონიკაზე ერთდროულად უწევს დაკვრა. ჰარმონიკა ხან საქსოფონია, ხან ბასგიტარა, ვიოლინო ან სულაც კონტრაბასი. პაატა აპირებს გამოგონება დააპატენტოს და სამომავლოდ ქარხნული, სერიული წარმოების წესით დაამზადოს ასეთი ინსტრუმენტი.

რას იზამს თუ იდეა გაამართლებს, ინსტრუმენტი პოპულარული გახდება და გამდიდრდება? – მოძრავ სახლს იყიდის, რომელსაც სადაც უნდა იქ წააგორებს და მოგზაურობას გააგრძელებს.

„გიტარაზე და ჰარმონიკაზე ერთდროულად უწევს დაკვრა. ჰარმონიკა ხან საქსოფონია, ხან ბასგიტარა, ვიოლინო ან სულაც კონტრაბასი. პაატა აპირებს გამოგონება დააპატენტოს და სამომავლოდ ქარხნული, სერიული წარმოების წესით დაამზადოს ასეთი ინსტრუმენტი”

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ დასახელებულა

ბათუმისთვის ახალი ავტობუსების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ერთ თვეზე მეტია დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული ამ დრომდე გამოვლენილი არ არის. სატენდერო კომისიას გამარჯვებულის გამოსავლენად ვადა მიმდინარე წლის 15 მაისამდე აქვს.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, სატენდერო კომისია ამ დრომდე სწავლობს ტენდერში მონაწილე კომპანიის ტექნიკურ დოკუმენტაციას, რომელიც 30-ის ნაცვლად 40 ახალი ავტობუსის მოწოდების პირობას იძლევა. ევროდიზელზე მომუშავე ავტობუსები ბათუმის მერიას კომპანიამ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიაწოდოს.

ბათუმისთვის ავტობუსების შეძენაზე ტენდერი მიმდინარე წლის 15 მარტს დასრულდა, რომელშიც წინადადება ერთმა კომპანიამ წარადგინა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, წინადადება უკრაინულ-იაპონურმა კომპანიამ  – „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანია მერიას „ისუზუ ატამანის“ მოდელის  ავტობუსების მიწოდებას სთავაზობს, რომლებიც ადაპტირებული იქნება.

ჯერ კიდევ ზუსტდება ტექნიკური დეტალები ბათუმისთვის 10 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე. „ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ ტენდერი შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე გამოცხადდეს.

„ბათუმის ავტობუსების პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიამ დაბალპროცენტიანი სესხი და 1,5 მილიონი ევრო მიიღო გრანტის სახით. ბათუმის საავტობუსო პარკს 10 ელექტრო და 30-მდე დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება, რისთვისაც 7 მლნ ევრო დაიხარჯება. პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა,“ – განაცხადეს ბათუმის მერიაში.

ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [EBRD] ტენდერი მიმდინარე წლის 30 იანვარს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

ახალი ავტობუსები ბათუმისთვის – ტენდერში ერთი კომპანია მონაწილეობდა

როგორი იქნება რეაბილიტირებული ხიხანის ციხე [ფოტო]

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. თითქმის აღდგენილია ციხის ერთ-ერთი, N3 კოშკი, ხოლო ამავე და კიდევ N2 კოშკის რეაბილიტაციაზე მორიგი ტენდერი 2018 წლის 3 მაისს დასრულდება. არსებობს ციხის სარეაბილიტაციო გეგმა და ამასთან, რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც „ადაპტირების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაიკარგოს ისტორიული ნაგებობის ავთენტურობა… სხვა შემთხვევაში მივიღებთ ახალციხის რაბათის ახლადადაპტირებული კომპლექსის ეფექტს – ადაპტაციას ავთენტურობის დაკარგვის ხარჯზე“.

„არსებული პროექტებით, რაც სააგენტოს ამ ეტაპზე აქვს, ციხის ავთენტურობას საფრთხე არ ემუქრება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი. – „სამუშაოები, ძირითადად, ძეგლის გადარჩენას და იმ სახით რეაბილიტაციას გულისხმობს, რომ მან ღირებულება არ დაკარგოს“.

N3 კოშკის რეაბილიტაციაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2016 წელს გაფორმდა. სამუშაოებზე 108 105 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე ტენდერის მიხედვით კი N2 და N3 კოშკების რეაბილიტაციისთვის დამატებით 110 000 ლარია გათვალისწინებული.

„არსებული რელიეფისა და რთული პირობების გამო სამუშაოები ძალიან შრომატევადი იყო. ფაქტობრივად, არ არის გზა. ციხის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალები სპეციალურად მოწყობილი ლითონის საბაგიროთი ავიტანეთ. ეს საბაგირო უკვე გამოუსადეგარია. რაც შეეხება კოშკის აღდგენას, ნაწილი ქვებისა ციხის ტერიტორიაზე მოვიძიეთ, თუმცა მიწიდან ამოღებული ქვების უმეტესობა გამოუსადეგარი იყო. ამიტომ, ახლომახლო ხევებში და მდინარის ნაპირებთან მოვიძიეთ ქვები და ავიტანეთ საბაგიროთი, რომლის სიგრძე 1,3 კმ იყო. საბაგიროდან კოშკამდე კი 300 მეტრია, სადაც ურიკაც კი ვერ გაივლის… N3 კოშკი აღვადგინეთ და ახლა გარედან შელესვა სჭირდება. დიდი ალბათობით მიმდინარე ტენდერში მივიღებთ მონაწილეობას, თუმცა არის ბევრი დეტალი, იგივე მასალების ატანის პრობლემა, რაზედაც სააგენტოს ხელმძღვანელებს უნდა შევხვდე“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „აპექსის“ დირექტორმა, ლევან ღოღობერიძემ.

„აპექსი“ 2016 წელს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორი იყო.

ხიხანის რეაბილიტაციაზე გასულ წელს გამოცხადებული ტენდერი კი სააგენტოს ჩაუვარდა.

ლაშა ასლანიშვილის თქმით, მიზეზი ის იყო, რომ რთული სამუშაოს გამო კომპანიებმა არ მიიღეს მონაწილეობა: „მე რომ სააგენტოს ხელმძღვანელად დავრჩენილიყავი და ეს ტენდერიც ჩავარდნილიყო, ალბათ შევცვლიდი პირობებს და პრეტენდენტის გამოცდილებიდან ამოვიღებდი ძეგლებზე მუშაობას. თუმცა,  პირობებში გავწერდი, რომ კომპანიას აუცილებლად ჰყოლოდა შესაბამისი კომპეტენციის არქიტექტორ-რესტავრატორი და სხვა სპეციალისტები“.

სააგენტოს პროექტით, N3 კოშკის სრული აღდგენა აუცილებელი იყო მისი სრულყოფილი დაცვისთვის და ამასთან, მიზანშეწონილი – არქიტექტურის წარმოჩენის თვალსაზრისით. რეკომენდაციებში, რომელსაც ხელს აწერს ხელოვნებათმცოდნე გია ჭანიშვილი, აღნიშნულია, რომ „შესაძლებელი ჩანს კოშკის სამხრეთი კუთხის და მიმდებარე ჩამონგრეული კედლების აღდგენა და სართულშუა გადახურვების მოწყობა“.

ლაშა ასლანიშვილის თქმით, მაგალითად, ციხის კედლების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ ნიშნულამდე, რა სიმაღლეც აქვს შემორჩენილ კედლებს, „იმის იქეთ ვერ წავალთ, რადგან არ ვიცით როგორი იყო კედელი… დაგეგმილია კოშკების [ერთი ადრეა აღდგენილი, ერთიც ამჯერად დასრულდება და კიდევ ერთი კოშკი აღდგება], სათავსოების და მცირე ნაგებობების რეაბილიტაცია-კონსერვაცია. მაგალითად, ციხის ტერიტორიაზე გათხრების დროს როცა მარანი აღმოვაჩინეთ, ის ისევ მიწით დავფარეთ. ამას ითვალისწინებს შესაბამისი მეთოდოლოგია, თუ კონკრეტულ დროს სპეციალისტების დასკვნა, მაგალითად მინით გადახურვაზე და ა.შ. არ არსებობს. ასეთ დროს ძეგლს, როცა ის ჯერ კიდევ შეუსწავლელია არქეოლოგიურად, მიწა უკეთ ინახავს. ხიხანის ციხის კედლების სრულად აღდგენა არ განიხილება. არც იმ ერთი კოშკის, რომელთან მისვლაც კი, უკვე შეუძლებელია.“

ასლანიშვილი ამბობს, რომ ვინაიდან ციხესიმაგრე მიუდგომელ ადგილზე მდებარეობს, მის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი ვერ გამოცხადდებოდა და გარკვეული ადგილების რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება.

ხიხანის ციხის რეაბილიტაციის პროექტში აღნიშნულია, რომ საჭიროა ციხის ციტადელში არსებული „ეკლესიის განახლება და ახლო მომავალში მისი ამოქმედება“.

რეკომენდაციის მიხედვით კი, „ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია და მისი შემორჩენილი ნაწილები არ არის საკმარისი ნაგებობის თავდაპირველი მხატვრულ-არქიტექტურული ასახულობის დასადგენად… ამიტომ, მეთოდოლოგიურად აქ შესაძლებელია მხოლოდ კონსრევაცია“.

სააგენტოს პროექტის მიხედვით, „ტაძრის განახლებული და არსებული ნაწილები გამიჯნულ იქნება დემარკაციული ხაზით… განსაზღვრულია ეკლესიის თუნუქით გადახურვა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მისი რეაბილიტაციის ხარჯებს“.

„ეს არის ძველი პროექტი, ზოგადი ხედვა რეაბილიტირებულ ციხეზე და ეკლესიის აღდგენის საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას“, – ამბობს ლაშა ასლანიშვილი. – „მით უმეტეს ამ საკითხს მხოლოდ აჭარის სააგენტო ვერ გადაწყვეტს. ეს კომპლექსურ მიდგომას და შეთანხმებებს საჭიროებს, ვინაიდან ხიხანის ციხე ეროვნული კატეგორიის ძეგლია“.

„იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდება ეკლესიის აშენება, იგი უნდა დაპროექტდეს როგორც ახალი მოცულობა – ეს უნდა იყოს არა ციხის ციტადელში შემორჩენილი ეკლესიის ნანგრევის აღდგენა, არამედ ახალი ეკლესიის მშენებლობა, რომლის საფასადო სახე შესაძლოა წარმოჩენილი იქნეს თანადროული ეპოქის ანალოგიების მხოლოდ მოშველიებით. იგულისხმება იმ დროისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული დეტალებისა და სტილისტური ნიშნების გამოყენება,“ – აღნიშნულია რეკომენდაციებში.

რეკომენდაციების მიხედვით, არსებობს უპირობო მეთოდოლოგიური დებულებები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ხიხანის ციხესთან დაკავშირებული პროექტირებისას:

[checklist]

  • როდესაც ნაგებობა თითქმის მთლიანად დანგრეულია – ფაქტობრივი მასალის (არქიტექტურული მონაცემების) არ არსებობის ან სიმცირის შემთხვევაში და როდესაც არქიტექტურულსახელოვნებათმცოდნეო კვლევაც არ გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ ნაგებობის თავდაპირველი სახე, მეთოდოლოგიურად დაშვებულია არქიტექტურულ ძეგლთა შემორჩენილი ნაშთების მხოლოდ კონსერვაცია;
  • როდესაც ნაგებობა მეტ-ნაკლებად შემორჩენილია – კვლევის შედეგად თუ დგინდება დანგრეული ნაგებობის განსაზღვრული მონაკვეთების არქიტექტურული ელემენტების თავდაპირველი სახე, შესაძლებელია ნაგებობის ნაწილობრივი აღდგენა და მისი დაუდგენელი მონაკვეთების სივრცითი ასახულობის ძირითადი პარამეტრების წარმოჩენა, ახალი მასალითა და ტექნოლოგიით;
  • როდესაც ნაგებობა ნაკლებად არის დაზიანებული – დიდი რაოდენობით ფაქტობრივი მასალის არსებობისა და სტილისტურ-არქიტექტურული კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნების საფუძველზე შესაძლებელია დაზიანებული და დანგრეული ნაგებობის სრული აღდგენაც. ამ შემთხვევაში მიღებულია ასევე ანალოგიების მოშველიება სათანადო დასაბუთებით. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბოლომდე გაურკვეველი კვანძებიც უნდა აღდგეს ახალი ტექნოლოგიებისა და მასალის გამოყენებით.
  • კომპლექსების რეაბილიტაციის დროს ადაპტაციასაც მიმართავენ, ოღონდ მეთოდოლოგიურად ეს დასაშვებია უპირატესად ახალ სტრუქტურათა და ნაგებობათა მოწყობისას ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით (მისასვლელი გზა, პანდუსი, კიბე, მოაჯირი, საცქერი ბაქანი და სხვ.). ხოლო უშუალოდ არქიტექტურულ ძეგლებთან მიმართებაში ადაპტირების გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა არ დაიკარგოს ისტორიული ნაგებობის ავთენტურობა. ასეთ შემთხვევებში, როდესაც ამა თუ იმ არქიტექტურული ელემენტის თავდაპირველი ზუსტი სახე ცნობილი არ არის და თვალსაჩინოებისათვის კი სასურველია მათი დამატება – ამგვარი ჩანართების შემთხვევაში, სასურველია გამოყენებული იყოს განსხვავებული მასალა – ლითონი, მინა, ლითონპლასტმასი და თანამედროვე ტექნოლოგიები. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ახალციხის რაბათის ახლადადაპტირებული კომპლექსის ეფექტს – ადაპტაციას ავთენტურობის დაკარგვის ხარჯზე.

[/checklist]

ხიხანის ციხესთან დაკავშირებით არსებულ რეკომენდაციებში ასევე ხაზგასმულია, რომ „დამკვეთის [სააგენტოს] მიერ ნათლად უნდა იყოს წარმოდგენილი ციხესიმაგრის რეაბილიტაციის მიზანი, მისი პერსპექტიული გამოყენების მიმართულებები და ობიექტის ტურისტული პოტენციალი“.

ლაშა ასლანიშვილის თქმით, ციხესიმაგრეს მნახველები, მიუხედავად უგზოობისა მაინც არ აკლია. ის პროექტები კი, რაც სააგენტოშია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას არ ითვალისწინებს: „ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ხიხანის ციხე და მისი შემოგარენი ერთგვარ არქეოლოგიურ ნაკრძალად  გამოცხადდება“.

ხიხანის ციხე შუა საუკუნეების [X-XI] ძეგლია ხულოს მუნიციპალიტეტში, რომელიც სოფელ ბაკოსთან მდებარეობს. ციხესიმაგრე მთის თხემზეა და იქ ასასვლელად ერთადერთი საცალფეხო ბილიკია. მთის ძირიდან ციხემდე მანძილი დაახლოებით 1 კილომეტრია.

ხიხანის ციხემდე [მთამდე, რომელზედაც ციხე დგას] სამანქანო გზა არის, თუმცა მთის ძირამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანითაა შესაძლებელი. სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ გზის რეაბილიტაციაზე ფულის დახარჯვის უფლება არ აქვთ და ეს ხულოს მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა.

ხულოს მუნიციპალიტეტი /ხიხანის ციხე / აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფოტოები
ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე
ხიხანის ციხე
Exit mobile version