მთავარი,სიახლეები

 250 ლარი – ივანიშვილის ხეზე ასვლის ფასი 

18.04.2018
 250 ლარი – ივანიშვილის ხეზე ასვლის ფასი 

მოსამართლე სალიხ შაინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები: სოლომონ ბაჯელიძე და რევაზ ხარაზი 250-250 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ეს ორი პირი ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად მიიჩნია. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი, სოლომონ ბაჯელიძესთან ერთად, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში მორიგი გიგანტური ხის გადატანის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლე სალიხ შაინიძეს პოლიციელებმა: მერაბ მოწყობილმა და რამინ ადუაშვილმა უთხრეს, რომ სოლომონ ბაჯელიძემ ხესთან ავტომანქანით ჩახერგა გზა, რეზო ხარაზი – ხეზე აძვრა და ამით “პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა”.

გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარეებს შორის პაექრობა გაიმართა.

“ეს იყო მშვიდობიანი აქცია და დასადგენია, რამდენად კანონიერი იყო პოლიციელის მოთხოვნა,” – აღნიშნა პაატა დიასამიძემ, საიას იურისტმა. ეს ორგანიზაცია დაკავებულების ინტერესებს იცავდა.

“ის აქცია თუ მშვიდობიანი იყო, არ ვიცი… ხალხი უყურებდა ამ ყველაფერს,” – თქვა პოლიციელმა.

პაატა დიასამიძემ, საიას იურისტმა, ასევე აღნიშნა, რომ სოლომონ ბაჯელიძე უმაღლესი საბჭოს წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის ავტომანქანის გადაყენებას სთხოვდა პოლიციელი, რევაზ ხარაზი კი მაშინვე ჩამოვიდა ხიდან, როცა პოლიციელმა ეს მოითხოვა.

“რევაზ ხარაზი მოძრაობაში მყოფ ხეზე ავიდა და ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, მაინც განაგრძობდა თავის საქციელს”, – დასძინა პოლიციელმა.

მოსამართლემ თქვა, რომ ის ვერ გაარკვევს ამ სხდომის ფარგლებში, რამდენად კანონიერად ხდებოდა გიგანტური ხის ტრანსპორტირება, “მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეშლას ნამდვილად ადგილი ჰქონდა”, – დაასრულა სალიხ შაინიძემ.

“მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ,” – თქვა სოლომონ ბაჯელიძემ, როგორც კი მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

“ეს სამარცხვინოა”, “აქაც ჭორვილეთია” – ეს და სხვა შეძახილები ისმოდა დარბაზში, ვიდრე მას მოსამართლე დატოვებდა.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: