მთავარი,სიახლეები

ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – აჭარის მთავრობა ინფორმაციას ასაიდუმლოებს

05.04.2018 • 2283
ვინ ზედამხედველობს სტადიონის მშენებლობას? – აჭარის მთავრობა ინფორმაციას ასაიდუმლოებს

აჭარის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ამ სამინისტროს შპს „სტადიონი“ ასაიდუმლოებენ, თუ ვინ უწევს ზედამხედველობას ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას. „ბათუმელები“ წერდა, რომ სტადიონი ტექნიკური ზედამხედველის გარეშე შენდებოდა, თუმცა აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევდა ზედამხედველობას.

„ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისთვის“, – გვითხრეს მიმდინარე წლის 22 მარტს აჭარის მთავრობაში. ვინაიდან პროექტი არის მრავალმილიონიანი და მნიშვნელოვანი, „ბათუმელებმა“ მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წერილობით, 2018 წლის 23 მარტს გამოითხოვა, როგორც აჭარის მთავრობის აპარატიდან, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და შპს „სტადიონისგან“.

აჭარის მთავრობაში გვითხრეს, რომ მათ ჩვენი წერილი ჩათვალეს, როგორც „ინფორმაციული ხასიათის“ და პასუხს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამზადებდა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ საკითხი ეხება სტადიონს და ვინაიდან „ბათუმელებმა“ მიმართა შპს „სტადიონს“, პასუხიც ამ კომპანიაში უნდა მოვითხოვოთ.

სამინისტროს დღეს, 5 აპრილს, ისიც ვკითხეთ, ხომ არ ამზადებდნენ დამატებით პასუხს ჩვენს წერილზე, თუმცა, დეტალების გასარკვევად „სტადიონის“ დირექტორთან გადაგვამისამართეს.

[red_box]„ბათუმელების“ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია:[/red_box]

[crosslist]

  • ვინ ახორციელებს/ახორციელებდა ქალაქ ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას, სტადიონის სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან დღემდე, 2018 წლის 23 მარტამდე, პერიოდში;
  • მოგვაწოდოთ ამ ზედამხედველ[ებ]ის CV/კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია;
  • მათთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ელექტრონული ასლები [რაც უკავშირდება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას];
  • მათ მიერ მომზადებული ყველა ანგარიშის/დასკვნის/აქტის/წერილის [რაც უკავშირდება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას აღნიშნულ პერიოდში] ელექტრონული ასლები.
  • ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის გეგმა-გრაფიკი;
  • ასევე ამ გეგმა-გრაფიკის მიხედვით მშენებელ კომპანიასთან, სამუშაოების დაწყებიდან დღემდე პერიოდში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ელექტრონული ასლები [რაც უკავშირდება მშენებლობის ეტაპებს].

[/crosslist]

შპს „სტადიონის“ პასუხი:

[checklist]

  • სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას სტადიონის სამშენებლოს სამუშაოების დაწყებიდან დღემდე ახორციელებს შპს „სტადიონის“ მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ინჟინერ-კონსტრუქტორი.
  • რაც შეეხება ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ფინანსურ გეგმა-გრაფიკს, აღნიშნული შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

[/checklist]

ეს, ე.წ. პასუხი, შპს „სტადიონისგან“ დღეს, 5 აპრილს, ოფიციალურად, წერილობით მივიღეთ.

სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ 2 მილიონ 847 ათას ლარად სთავაზობს კომპანია, რომელიც სატენდერო კომისიას ჯერ ტენდერში გამარჯვებულად არ გამოუცხადებია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია ადრეც დამალა. მან არ მოგვაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც აჭარის ყოფილი უშიშროების მინისტრის, სოსო გოგიტიძისთვის ჩამორთმეული ქონების, გოგიტიძის ნათესავისთვის, ენვერ ცეცხლაძისთვის დაბრუნებას ეხებოდა. ამ ქონების დაბრუნება ხელისუფლებასა და ცეცხლაძეს შორის მორიგების საფუძველზე განხორციელდა.

„ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრით სამინისტროს ზემდგომს, აჭარის მთავრობას მიმართა, რათა მან დაავალდებულოს სამინისტროს, გასცეს აღნიშნული ინფორმაცია. მთავრობა ჩვენს საჩივარს ამ დრომდე განიხილავს. პასუხის მიღებამდე კი, ის დოკუმენტაცია მოვიპოვეთ, რაც სამინისტრომ არ მოგვაწოდა.

რაც შეეხება სტადიონის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის 2017 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებას – სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას საძირკველი მიმდინარე წლის 21 იანვარს ჩაუყარეს. თუმცა, მოსამზადებელი და სხვა სამუშაოები ტერიტორიაზე კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყო.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: