მთავარი,სიახლეები

„წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე“ – დეპუტატი აჭარა TV-ში კრიმინალის გაშუქებაზე

17.04.2018 • 3390
„წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე“ – დეპუტატი აჭარა TV-ში კრიმინალის გაშუქებაზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „ქართული“ ოცნებიდან, ირაკლი ჭეიშვილს აჭარის ტელევიზიაში გასულმა სიუჟეტმა ბათუმში მანქანის გაქურდვის შესახებ, ეჭვები გაუჩინა. დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ ამბავს შეიძლება „პოლიტიკური ქვეტექსტი“ ჰქონდეს. რა პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს კრიმინალის გაშუქებას? – ამაზე „ბათუმელებმა“ ირაკლი ჭეიშვილს ჰკითხა.

ბატონო ირაკლი, თქვენ წერდით, რომ მანქანის „ფარების“ მოპარვის ფაქტზე აჭარის ტელევიზიის მიერ მომზადებულ, გადამოწმებულ ამბავს [ნიუსს] შესაძლოა პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდეს. რას გულისხმობთ?

როდესაც ვწერდი ამ პოსტს, ზუსტად ვიცოდი რასაც ვწერდი, ზუსტად ვიცოდი, რომ კარგს არაფერს გამოიწვევდა ჩემი პოსტი ვიღაცებში და, შესაბამისად, კრიტიკაც მოჰყვებოდა. მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც კრიტიკის ეშინია და რასაც ვფიქრობ, ის დავწერე. დავანებოთ თავი იმას, რომ ვარ უმაღლესი საბჭოს, იმ ორგანოს წევრი, რომელიც ირჩევს ბორდს [აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს]და ბორდი ირჩევს დირექტორს. აბსოლუტურად იმავე შეკითხვების დასმა შემიძლია მაისში, როდესაც გვექნება ბორდის ანგარიში უმაღლეს საბჭოში.

ვიკითხე, ადგილზე შეესწრო თუ არა ჟურნალისტი-თქო, ვინ გამოიძახა-თქო, შეიძლება მოქალაქემ დარეკა, ვინც დაზიანდა. კი ბატონო, ბოდიშს ვიხდი, თუ მოქალაქემ დაურეკა, მაშინ არაფერი მაქვს სათქმელი. იმ ადამიანმა შეიძლება პატრულიც გამოიძახა და აჭარის ტელევიზიაც, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არიან დაინტერესებულები ასეთი ფაქტებით, არის კონკრეტული ჯგუფი, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ჰყავს ასეთი ჯგუფი, რომ სადმე რაღაცა თუ გაფუჭდა, დაშავდა, კრიმინალი ჩაიდინა ვიღაცამ, ელვისებურად ატყობინებენ ჟურნალისტებს და ტელევიზიას. ეს მაქვს ზუსტად პოლიტიკურ კონტექსტში ნაგულისხმევი.

ურეკავენ და ამ ყველაფერს აყოლებენ იმას, რომ დავბრუნდით შევარდნაძის ხანაში. კომენტარიც ნახეთ ალბათ ჩემს პოსტზე, წაიკითხავდით, ვითომ სააკაშვილის დროში არ ხდებოდა არც სარკის მოპარვა, არც ფარის მოპარვა.

ამ ყველაფერს მოიცავდა ჩემი პოსტი, თორემ კრიტიკა მიზანშეწონილობის ამბავია, უნდა – გააშუქებს ჟურნალისტი. ამ რეგიონში თუ მეტი ცუდი არაფერი ხდება და ფარების მოპარვით ხდება კრიმინალთან ბრძოლა…  ჩემი სტატუსი იყო სხვა: ვამბობ, რომ არიან ჯგუფები, რომლებიც რეკავენ. ეს იყო – მე არც მაგათ ცხოვრებაში ვერევი და არც საქმეში. მაისში, რომ მობრძანდებიან ბორდის წევრები და ანგარიშს წარმოადგენენ, იქ დავუსმევ კითხვას, რას აკეთებენ, რაში ვიხდით ხელფასს, როგორც მე მისმევენ კითხვას, რას აკეთებ, რაში გიხდიან ხელფასსო. ამას ვისმენ მე ექვსი წლის განმავლობაში.

თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ტელევიზიამ როგორ გაიგო ამბავი, როცა ის ზუსტია?

დიახ, იქნებ შეეჩეხა ფაქტს ჟურნალისტი, იქნებ მეზობელი იყო მისი, მე არც ამას არ გამოვრიცხავ.

ანუ თუ მეზობელი იყო, მაშინ უნდა გაშუქებულიყო?

ფარების მოპარვის ფაქტი უნდა გაშუქებულიყო, თუ არ უნდა გაშუქებულიყო? – მე უფრო გავამახვილე ყურადღება იმაზე, თუ როგორ გაიგეს ეს ინფორმაცია… წყარომ მოგვაწოდაო დამიწერეს კომენტარებში. ყველაფერს წყაროს ეძახიან, წყაროა ყველა, ვინც ინფორმაციის მატარებელი და მიმწოდებელია. მაგრამ საიდან გაჩნდა ჟურნალისტი? – ვიღაცა დაინტერესებულმა პირმა დაურეკა, ოღონდ ეს დაინტერესებული პირი არ არის ამ შემთხვევაში მანქანის მეპატრონე. მეპატრონეს შეიძლება მართლა დაერეკა გაბრაზებულზე. მე ვხედავ, რომ პოლიტიკურად აპელირებულმა პირმა დაურეკა. მერე აპელირებენ, რომ თურმე დავბრუნდით შევარდნაძის დროში.

საზოგადოებას ხომ აქვს უფლება ინფორმაცია ჰქონდეს ქალაქში მომხდარი დანაშაულის შესახებ. ბოლოს როდის გაიგეთ, რომ მანქანის ფარები მოიპარეს?

მართლა არ გამიგია დიდი ხანია მანქანის ფარები ვინმეს მოეპარა, მაგრამ… ან როგორ მოიპარეს, ფარი რომ მოიპარო, „კაპოტი“ უნდა ახადო მანქანას და მთელი პროცედურები უნდა. ეს როგორ გააკეთეს მექანიკურად? – მანქანის მფლობელი ვარ მეც და ვიცი.

თქვენ ზუსტად იცით, ვინ მიაწოდა აჭარის ტელევიზიას ინფორმაცია? ან რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

ირაკლი ჭეიშვილი

ხშირად ხდება ასეთი რამ, როცა შეიძლება ბუზი სპილოდ აქციო, მაგრამ არავის საქმეში არ ვერევი. მე, როგორც მოქალაქეს, არ შემიძლია ჩემი აზრი გამოვხატო? – ასე ვფიქრობ.

მაგრამ თქვენ ხართ დეპუტატი…

მე ვარ ის დეპუტატი, რომლის უწყებასთანაც რაღაც დონით ანგარიშვალდებულია ეს ტელევიზია და მე მგონია, რომ უფრო მეტი უფლება მაქვს, ვიდრე რიგით მოქალაქეს დავსვა კითხვები.

ეს ზეწოლა ხომ არ არის თქვენი მხრიდან აჭარის ტელევიზიაზე?

რატომ არის ზეწოლა ტელევიზიაზე? კითხვა რომ დავსვა და ჩემი მოსაზრება გამოვხატო. დავმუნჯდე?  უმსგავსობაც რომ გააკეთოს ტელევიზიამ დავმუნჯდე, ხმა არ ამოვიღო იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება ჩამითვალოს ზეწოლად?

უმსგავსობად აფასებთ ფარების მოპარვაზე მომზადებულ სიუჟეტს?

არა, ეს არ არის უმსგავსობა. ზოგადად ვამბობ. მე რომ ვიყო მთავარი პროკურორი ან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი, შეიძლება ზეწოლად ჩაგითვალონ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვარ, რომელთანაც ანგარიშვალდებულია ბორდი მაინც. ბორდთან არის ანგარიშვალდებული ტელევიზია. ეს კითხვა რომ დავუსვა განხილვის დროს, ესეც ზეწოლაა?

არ ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ანგარიშვალდებულია არა თქვენთან, არამედ საზოგადოებასთან, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ქურდობის ფაქტზე?

საზოგადოებას რომ აქვს უფლება, გაიგოს გაქურდეს თუ არა მანქანა, ინფორმაციას გებულობენ შს სამინისტროდან, მასაც აქვს პრესსამსახური. ფაქტები ელექტრონულად იტვირთება.

მე არ მითქვამს, რომ არასწორად გააკეთა [აჭარის ტელევიზიამ], მე ვთხოვ, რომ როგორ გაიგო. ყველაფერს წყაროს ეძახიან, კი ბატონო, წყარო ჰქვია მაგას, აბა ნაკადული არ ჰქვია. წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და გაშუქდა. თუ არ დაურეკია მეპატრონეს, რაღაც ნაწილში ვხედავ მე პოლიტიკურს არა ჟურნალისტის მოქმედებიდან, არამედ იმ ადამიანებიდან, ვინც ეს შეატყობინა.

როდესაც კარგი ხდება არ ატყობინებენ? ხშირ შემთხვევაში ნეგატიური ინფორმაციის შეტყობინება ხდება და შესაბამისად კომენტარებიც მოყვა, ზუსტად ვიცოდი რა კომენტარებიც მოყვებოდა, დავბრუნდით ამის ხანაში, იმის ხანაშიო. ეს ყველაფერი ისე არ ხდება. ერთხელ რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი და არ დავწერდი. ეს ხდება რამდენიმე წელია უკვე. წინა ხელისუფლებაში რატომღაც არ შუქდებოდა ასე.

არსებობს ჯგუფი, რომლებიც დადიან ქალაქში, ასურათებენ რაღაცას წაქცეულს, გაფუჭებულს და ამას უგზავნიან.

მართლა გგონიათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გავლენა აქვს აჭარის ტელევიზიაზე?

ინფორმაციებს აწვდიან და შემდეგ მიზანშეწონილობის საკითხია, ჟურნალისტი რას გააკეთებს. მე ხელს ვერ დავადებ და ვერ დავადანაშაულებ. არ მგონია, რომ ტელევიზია ვინმეს გავლენის ქვეშ იყოს.

მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: