მთიანი აჭარა

ბინები დაზარალებული წაბლანელებისთვის

01.03.2016 • 2400
ბინები დაზარალებული წაბლანელებისთვის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრები 212 ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი ბინები შენდება. მაღალმთიანი აჭარის გეოლოგიურად აქტიური სოფლის მოსახლეობისთვის მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად მშენებლობის პროექტი, 5 001 კვადრატული მიწის ნაკვეთი და მილიონ 550 000 ლარი აჭარის მთავრობამ მოსახლეობის მიერ შექმნილ ამხანაგობას უსასყიდლოდ გადასცა.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მცხოვრებ 212 ოჯახის მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობა „წაბლანა-2015-ს~ აჭარის მთავრობამ ქალაქ ბათუმში, რურუასა და ტაბიძის ქუჩების კვეთაში, 5001 კვადრატული მიწის ნაკვეთი გასულ წელს გამოუყო და სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად გადასცა. გარდა მიწის ნაკვეთისა, ხელისუფლებამ წაბლანის მოსახლეობის სასარგებლოდ ამხანაგობას პროექტი უსასყიდლოდ შეუძინა და ბიუჯეტიდან მილიონ 550 000 ლარი მშენებლობის თანადაფინანსებისთვის გასულ წელს ჩაურიცხა. მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ხელშეკრულება აჭარის მთავრობას, ამხანაგობასა და ჰესის მშენებელ კომპანია „აგე-ბათუმს~ შორის გაფორმდა.

როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე და სოფელ წაბლანის მკვიდრი ავთანდილ მახარაძე ამბობს, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ხელისუფლების მიერ გამოყოფილი თანხით დაიწყეს. მას შემდეგ კი, რაც მშენებლობაზე ხელისუფლების მიერ თანადაფინანსების მიზნით (საძირკვლის მოსაწყობად) გამოყოფილი თანხა გაიხარჯება, მშენებლობას „აგე-ბათუმის“ მიერ ამხანაგობის ანგარიშზე ჩარიცხულ დაახლოებით მილიონ 700 000 ლარით გააგრძელებენ. ავთანდილ მახარაძის თქმით, ჰესის მშენებელმა კომპანიამ ეს თანხა სოფლის მოსახლეობას იმ მიწების სანაცვლოდ ჩაურიცხა, რომელსაც კომპანია ჰესის ასაშენებლად იყენებს და დასძენს, რომ ამ თანხის ამოწურვის შემდეგ მშენებლობას მათ მიერ მოძიებული ის ინვესტორი გააგრძელებს, ვინც მოიწონებს ამხანაგობის შეთავაზებას – 416 ბინიდან 212 ბინას ამხანაგობას გადასცემს, 202 ბინას კი საკუთრებაში დაიტოვებს.
„დამატებით ინფორმაცია მშენებლობასთან დაკავშირებით მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ხელშეკრულებას გავაფორმებთ ინვესტორთან“, – ამბობს ავთანდილ მახარაძე.

სოფლის მკვიდრი და ხულოს გამგებლის წარმომადგენელი სოფლებში – წაბლანასა და წაბლიანში რაულ შაინიძე ამბობს, რომ ყველა ოჯახზე გათვლილია სტანდარტულად, საერთო მოცულობის ფართობი. „როგორც ვიცი, ყველა ოჯახს გადაეცემა 65 კვადრატული ფართობი. ვფიქრობ, არ არის ცოტა. მოსახლეობას კარგი მოლოდინი აქვს ამ მშენებლობიდან და ყველა მშენებლობის დასრულებას ელოდება“.

მშენებლობის საქმისმწარმოებელი ამირან აბაშიძეც სოფელ წაბლანის მკვიდრია. მისი თქმით, ხელშეკრულების მიხედვით კორპუსის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულდეს. საქმისმწარმოებელი ამბობს, რომ თანხის დაზოგვის მიზნით ამხანაგობას ტენდერი არ გამოუცხადებია და სამუშაოებში მათ მიერ შერჩეული მუშათა ბრიგადაა ჩართული. ამირან აბაშიძის ინფორმაციით, იმ საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც წაბლანის მოსახლეობისთვის შენდება, ექნება გამწვანება 1500 კვადრატულ პერიმეტრზე, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედანი. კორპუსს ასევე ექნება 200 ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი.

ამირან აბაშიძე: „ხელისუფლებასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში გაწერილი იყო, რომ ის თანხა, რაც ჩაგვირიცხეს, მშენებლობის საძირკვლის მოსაწყობად გამოგვეყენებინა, რაც პირნათლად შესრულდა. ამ დროისთვის საძირკვლის მშენებლობა დასრულებულია და დაიწყება პირველი სართულის დასხმა. თანხა რომ დაგვეზოგა, ტენდერი არ გამოვაცხადეთ და ჩვენ ვაწარმოებთ მშენებლობას. სამშენებლო სამუშაოებში 40 ადამიანია დასაქმებული, პროფესიონალი მშენებლები მუშაობენ. ორივე სახლი 14-სართულიანი იქნება და ბათუმის ურბანული დაგეგმარების სამსახურის ნებართვით 2017 მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს“.

სოფელ წაბლანაში 1989 წელს განვითარებულმა მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიური მოვლენების შემდეგ წაბლანის მოსახლეობას არც ერთი ხელისუფლება არ დაეხმარა. გასულ წელს წაბნალის სიახლოვეს ჰესის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაეწყო კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას„, რასაც სოფლის მოსახლეობის მკვეთრი პროტესტი მოჰყვა. მოსახლეობა მაშინ ხელისუფლებას კომპენსაციის სახით 11 მილიონ ლარს სთხოვდა.

წაბლანაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სოფელში არსებული საცხოვრებელი სახლებით სარგებლობის უფლება კვლავაც ექნებათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: