როგორ გამოვიცნოთ კონიუნქტივიტი და რამდენად საშიში დაავადებაა

დაავადება ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ზოგჯერ კონიუნქტივიტს „ვარდისფერ თვალს“ უწოდებენ. შეიძლება განვითარდეს ერთ თვალზე ან ორივეზე. კონიუნქტივიტის ზოგიერთი ფორმა გადამდებია და შესაბამისად, მარტივად ვრცელდება სკოლებსა და სახლში, ოჯახის წევრებში. იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა ინფექცია სერიოზულ პრობლემად იქცეს. კონიუნქტივიტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

კონიუნქტივიტი შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსულმა ან ბაქტერიულმა ინფექციამ. შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციის ფონზე, მაგალითად, ყვავილის მტვრისა და კვამლის გამო, საცურაო აუზში მდებარე ქლორით, კოსმეტიკის ინგრედიენტებით ან თვალის კონტაქტური ლინზის წყალობით. ინტიმური კავშირით გადამდები დაავადებები ნაკლებად იწვევს კონიუნქტივიტს.

მიუხედავად გამომწვევი ფაქტორების მრავალფეროვნებისა, კონიუნქტივიტს საერთო სიმპტომები აქვს.

რა სიმპტომები აქვს ქონიუქტივიტს:
  • თვალის სიწითლე
  • ქუთუთოების შეწებება ან შეშუპება
  • ხელით შეხებისას ტკივილის შეგრძნება
  • ქავილი
  • ცრემლდენა
  • პაციენტი შეიძლება უჩიოდეს თვალში უცხო სხეულის, წვის შეგრძნებას

ალერგიული კონიუნქტივიტი

ეს დაავადება ალერგენზე დაუცველობის დროს ვითარდება, განსაკუთრებით ყვავილის მტვერსა და ცხოველის ქერტლზე. ალერგიული კონიუნქტივიტი მიკროორგანიზმებისგან არ არის გამოწვეული და შესაბამისად, არც გადამდებია. მისთვის დამახასიათებელია: ორივე თვალიდან ცრემლდენა, ცხვირისა და ხორხის ქავილი, ცემინება.

ამ დაავადების მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური გზაა, ალერგენს მოერიდოთ. იმისთვის კი, რომ დაადგინოთ, კონკრეტულად რომელ ალერგენზე გაქვთ რეაქცია, ალერგიის ტესტის ჩატარებაა რეკომენდებული.

ბაქტერიული კონიუნქტივიტი

ბაქტერიულ კონიუნქტივიტს ბაქტერიები იწვევს, მათ შორის სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ბაქტერიები ჯანმრთელ თვალში ბუდობენ და ჩვეულებრივ, დაავადებას არ იწვევენ. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ კონიუნქტივიტის ზოგიერთი სიმპტომი გამოიწვიონ, როგორიცაა სიმშრალე. იმუნური სისტემის შესუსტების შემდეგ  კი  ვითარდება ბაქტერიული  კონიუნქტივიტი.

ასევე, ბაქტერიული კონიუნქტივიტი მაშინ ვლინდება, როცა დაავადება დაინფიცირებული პაციენტიდან ჯანმრთელ ადამიანზე გადადის; ვირუსულის მსგავსად, ბაქტერიული კონიუნქტივიტიც გადამდები დაავადებაა. შესაძლოა, ორივე თვალი დაავადდეს და გამოვლინდეს შეწითლება, გაღიზიანება. ამასთან, ბაქტერიულ კონიუნქტივიტს მოთეთრო ან მოყვითალო გამონადენი ახასიათებს. ეფექტურია წვეთობრივად თვალის ანტიბიოტიკის გამოყენაბა.

ვირუსული კონიუნქტივიტი

ვირუსული კონიუნქტივიტი ინფექციურ კონიუნქტივიტს შორის ყველაზე გავრცელებულია. ის ასევე იწვევს რესპირატორულ ინფექციებსა და დიარეას. კონიუნქტივიტის გამოწვევა შეუძლია ჰერპესსა და ჩუტყვავილასაც. შედეგად, თვალი შეწითლებულია, ქავილის შეგრძნება მატულობს და თავს იჩენს ცრემლდენა.  შესაძლოა დაავადებას თან სდევდეს ხორხის ანთება ან გაციებისთვის დამახასიათებელი – ცხვირიდან გამონადენი. დაავადება გადამდებია, შესაბამისად, სკოლებში, ბავშვთა ბაღებსა  და სამსახურებში ეპიდემიის სახეს იღებს.

მნიშვნელოვანია დაიცვათ ჰიგიენა, რომლის წყალობითაც დაავადების გავრცელებას შეუშლით ხელს. თუ დიაგნოზი კონიუნქტივიტია, დაიცავით შემდეგი წესები:
  • ხელით არ შეეხოთ თვალს
  • ხშირად დაიბანეთ ხელები
  • ყოველდღე გამოცვალეთ პირსახოცი
  • არ გამოიყენოთ სხვისი კოსმეტიკა

ავტორი: ზარინა ჩავლეიშვილი, კლინიკა საგიტარიუსის ოფთალმოლოგი 

კონსულტაციისთვის გვეწვიეთ მისამართზე: ბათუმი, გორგილაძის ქუჩა N91

ტელ.: 422 27 95 53

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი