მთავარი,სიახლეები

20 წლის ბიჭი თბილისიდან დაცლილ თუშეთს უბრუნდება

19.04.2018 • 8999
20 წლის ბიჭი თბილისიდან დაცლილ თუშეთს უბრუნდება

გიორგი სეხნიაიძე 20 წლის თუშია, წლების წინ დაინტერესდა თუშეთის მცენარეების სამკურნალო თვისებებით. შეიტყო, რომ გვირილას, ბეგქონადარას, თავშავას, დეკასა და სხვებს სასიამოვნო გემოს გარდა ადამიანისთვის ჯანმრთელობაც მოაქვს. გადაწყვიტა შეეგროვებინა ყველა მცენარე, რომლებისგანაც  თუშეთში ყოველდღიურად ამზადებენ ნაყენს და ბარის ადამიანებამდე ცხელი სასმლის სახით მიეტანა თუშეთის მთების არომატი.

თავიდან მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა, შენაქოში, მის სახლში მოსულ უცხოელ ტურისტებს დაეგემოვნებინათ თუშური ჩაი. დააკვირდა, რომ ყველას მოსწონდა და გადაწყვიტა ბარშიც შეეთავაზებინა დეკის, გვირილის, თავშავას, კრაზანასა და ბეგქონდარას ჩაი.

18 წლის იყო გიორგი, როცა დედასთან ერთად 2016 წელს მცენარეების შეგროვება დაიწყო. შესაფუთი მასალებიც შეიძინა, რომელზეც ამ მცენარეების სამკურნალო თვისებებია დატანილი და თბილისის სუპერმარკეტებში, ტურისტულ ზონებში დაიწყო ჩაის დარიგება.

გიორგი თბილისში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობს, მუშაობს და ჩაი „უშაროს“ აწარმოებს. დედისერთაა. მას და დედას, ნანო სეხნიაიძეს, საქმე განაწილებული აქვთ: დედა ჩაის კრეფს, აფასოებს და ფუთავს, გიორგი – მარკეტინგულ ნაწილზე ზრუნავს.

გიორგის თქმით, მცენარეების კრეფისას დიდი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, აუცილებელია მაკრატლით მოიჭრას მცენარის ახალწამოსული ყლორტები, რომ ფესვიანად არ ამოიძირკვოს. ასევე სასურველია შეძლებისდაგვარად სხვადასხვა ადგილას დაიკრიფოს მცენარე ყოველ სეზონზე, რომ ერთსა და იმავე ნაკვეთზე კრეფის გამო არ გადაშენდეს.

ფოტოზე: გიორგი სეხნიაიძე

გიორგის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც თუშეთს უკავშირდება. ამბობს, რომ მისი წინაპრები დიდი ხნის წინ დასახლდნენ თუშეთში, შენაქოში და პაპის პაპების ამბებს ჰყვება:

„მერვე-მეცხრე თაობის თუში ვარ. ჩემი წინაპარი შენაქოში გადმოსულა საცხოვრებლად. თუშური წესების მიხედვით, აქ გადმოსულ ადამიანს სოფელში მაშინვე არ ადგმევინებდნენ სახლს, სამი წელი სოფლის განაპირას უნდა ეცხოვრა ახალმოსულს. შენაქოსა და ომალოს შორის ხევი ყოფილა, სადაც კოშკი იდგა, სიყვარულის კოშკს ეძახდნენ, იქ უცხოვრია ჩემს  წინაპარს, შენაქოელი ქალი შეურთავს ცოლად. სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ თუშები ახალმოსულ სტუმარს, ამ დროის განმავლობაში თეთრი მოზვერი უნდა გაეზარდა და დაეკლა, ნიშნად იმისა, რომ მის გადმოსახლებაში ღვთის ხელი ერია. მერე რომელიმე თუშურ გვარს უნდა დანათესავებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა სოფლის მკვიდრად და ხმასაც ვეღარავინ გასცემდა, ასეთი ყოფილა მაშინდელი წესი.

ერთხელ შენაქოელებს ბრძოლა ჰქონიათ და ჩემი წინაპრისთვის, როგორც უცხოსთვის არ დაუძახნიათ, თავისით წასულა და თავიც გამოუჩენია. ამის შემდეგ თემის ნამდვილ წევრად მიუღიათ“, – ჰყვება გიორგი.

მათი სახელები არ ახსოვს, მაგრამ იცის რომ, პაპის პაპა სეხნიაიძე ლადო იყო. როგორც თვითონ ამბობს, „დიდ პაპა ლადო სეხნიაიძე” ფოტო ბიძისგან აქვს სახსოვრად. ლადო პაპა ფოტოზე მარცხნიდან პირველია.

ფოტოზე: თუში პაპები

თუშეთი ახლა დაცლილია. როგორც გიორგი გვეუბნება, შენაქოში სულ სამი ადამიანი ცხოვრობს მუდმივად, მთელ თუშეთში კი, როგორ თუშეთში ახმეტის გამგებლის წარმომადგენელი, ლადო კახოიძე ამბობს,  მუდმივად მცხოვრები, ზამთარსაც თუშეთში რომ ატარებს, ასეთი წელს მხოლოდ 22 კაცი იყო.  60-იანი წლების ფოტოზე ჩანს, რომ ამ პერიოდში სოფელი შენაქო ცოცხლობდა და სახლებიც საცხოვრებლად  გამართული იყო.

ფოტოზე: 60-იოანი წლების შენაქო/გიორგი სეხნიაიძის ფოტოარქივიდან

უკვე ერთი წელია, რაც თუშეთში კვირაში ერთხელ დაფრინავს ვერტმფრენი, არის ინტერნეტიც, რამაც ადამიანებს გაუადვილა ყოფა: თუ ზამთრიდან მოყოლებული ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში თუშეთთან კავშირი წყდებოდა, ახლა იქ მყოფებს მუდმივი კავშირი აქვთ ახლობლებთან.

20 წლის გიორგის საოჯახო სასტუმროსა და კაფეს მოწყობის გეგმაც აქვს, ამისთვის პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გრანტი მოიპოვა და შენაქოს მამაპაპისეული სახლი აგვისტომდე უნდა შეაკეთოს, გაალამაზოს. მისი გათვლებით, ივლისის ბოლოდან თუშეთში უკვე საკუთარ სასტუმროსა და კაფეში უმასპინძლებს უცხოელ ტურისტებს.

ფოტოზე: გიორგი სეხნიაიძის სახლი თუშეთში, შენაქო

ჩაიზე ნელ-ნელა მოთხოვნა იზრდება და როცა გიორგის დედა, ნანო სეხნიაიძე, მცენარეების კრეფასა და შეფუთვას ვერ უმკლავდება, მკრეფავ-შემგროვებლებს ქირაობენ თუშეთში. გიორგიმ 2017 წელს ასე დაასაქმა თუშეთში ზაფხულის სეზონზე სამი ადამიანი.

თუშური ჩაის შესახებ უცხოელი ტურისტები ფესტივალებიდანაც იგებენ, ახლაც შაბათ-კვირას, 21-22 აპრილს, მთაწმინდის ჩაის ფესტივალი იმართება, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ჩაისთან ერთად თუშური სურნელიც დატრიალდება.

ფოტოზე: გიორგი სეხნიაიძე ჩაი ,,უშაროს” დახლთან, ერთ-ერთ ფესტივალზე

20 წლის გიორგი მიიჩნევს, რომ ცხოვრებაში გაუმართლა, აკეთებს იმას, რაც მოსწონს და ყველა საქმიანობა საოცნებო ადგილს – თუშეთს უკავშირდება. თუშეთის სივრცითი დაგეგმარების პროექტშია ჩართული, რაც ბევრ რამეს გულისხმობს, მათ შორის 12 სოფლის განაშენიანების გეგმის დამუშავებას, მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევა-ძიებას, აღწერას და ა.შ.

გიორგის საოცნებო მომავალი თუშეთია. „ჯერ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტი და სამსახურია. სწავლას რომ მოვრჩები, ერთი წლის შემდეგ, თუშეთში  ვაპირებ დასახლებას, იქ ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ, სხვანაირად გრძნობ თავს, თუშისთვის ბარი ჯოჯოხეთია… გაუქმებული და დატოვებული სახლიდან რომ კვამლი ამოვა, მეტი რა უნდა ვინატრო? ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს გიორგი.

ცოტა ხნის წინ ბათუმს ესტუმრა. აქ შეხვდა პირველად ზღვას, როცა ვკითხე, რას ნიშნავდა თუშისთვის ზღვასთან პირველი შეხვედრა-მეთქი, მიპასუხა: „ბევრი წყალია ერთად დაგროვილი და მოძრაობს, სხვა რაო“, თან იცინოდა, მაგრამ ყველამ იცის, რომ თუშები ბევრს არასდროს ლაპარაკობენ და ვერავინ გაიგებს სინამდვილეში რას ფიქრობს მთის ხალხი ზღვაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: