მთავარი,სიახლეები

ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]

22.03.2018 • 3786
ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 3 მილიონ 520 ათას 474 ლარი აქვს გათვალისწინებული. სტადიონის მშენებლობა 2 თვეა მიმდინარეობს, ტექნიკური ზედამხედველი კი შერჩეული არ არის.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ „სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ ტენდერი ბოლოს, მიმდინარე წლის 28 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 23 მარტს დასრულდება. ადრე გამოცხადებულ ტენდერებში კი ზედამხედველის შერჩევა ვერ მოხერხდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულს ევალება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა – სამუშაოების სამშენებლო კანონმდებლობისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა.

აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სტადიონის მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევს ზედამხედველობას: „ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისთვის“.

სტადიონის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას საძირკველი მიმდინარე წლის 21 იანვარს ჩაუყარეს.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა / 20.03.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტოები

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/119519/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: