2,8 მილიონი ლარი სტადიონის მშენებლობის ზედამხედველობისთვის – კომპანიის შეთავაზება


ბათუმის საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას შპს „სტადიონს“ კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ 2 847 000 ლარად სთავაზობს. სატენდერო თანხა 3 520 474 ლარი იყო. ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი  შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

შპს „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯია“ თბილისში 2014 წელსაა დარეგისტრირებული. კომპანიას, საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, დღეს 2 დირექტორი და 6 მეწილე ჰყავს. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას ევალება სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა – სამუშაოების სამშენებლო კანონმდებლობისა და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა.

ტექნიკური ზედამხედველის შერჩევაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. შესაბამისად, წინადადებების მიღების შეწყვეტისთანავე, პროგრამულად მხოლოდ ის კომპანია ჩანს ტენდერების ვებგვერდზე, რომელიც შემსყიდველს ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს.

„სტადიონის“ სატენდერო კომისიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომისიამ გადაწყვეტილება კანონით 5 დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუმცა, თუ არის არგუმენტირებული დასაბუთება იმისი, რომ დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, კანონით ვადა შესაძლოა კიდევ 5 სამუშაო დღით გაგრძელდეს. „ვმუშაობთ. პირველ 5 დღეში ალბათ ჩავეტევით და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – გვითხრეს სატენდერო კომისიაში.

თუ კომპანიას, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა შემსყიდველს, გამარჯვებულად კომისია არ გამოავლენს, შემდეგ იმ პრეტენდენტის დოკუმენტაციას შეისწავლიან, რომელსაც შედარებით დაბალი ფასი ექნება შეთავაზებული. მონაწილეობდა თუ არა ერთის გარდა სხვა პრეტენდენტი აღნიშნულ ტენდერში, ეს მას შემდეგ გამოჩნდება, როგორც კი სატენდერო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს.

ბათუმში სტადიონს 2 თვეზე მეტია აშენებენ, ტექნიკური ზედამხედველი კომპანია კი ამ დრომდე შერჩეული არ არის. რამდენიმე დღის წინ აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ სტადიონის მშენებლობას, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, სამინისტროს მიერ გამოყოფილი 2 სპეციალისტი უწევს ზედამხედველობას. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ „ამ ეტაპისთვის ეს საკმარისია სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგისთვის“.

სტადიონის მშენებლობაზე შპს „სტადიონსა“ და შპს „ანაგს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სახელშეკრულებო თანხა, დღგ-ს გარეშე, 99 მილიონ 448 ათას 408 ლარია. თუმცა ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ საერთო ღირებულება არის 117 მილიონ 349 ათას 122 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას საძირკველი მიმდინარე წლის 21 იანვარს ჩაუყარეს.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამავე თემაზე:

ბათუმის სტადიონის მშენებლობა ზედამხედველი კომპანიის გარეშე [ფოტო]

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com