ბათუმიდან ფიზიკის სამი მასწავლებელი ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ცერნი) ერთკვირიან სასწავლო კურსს გაივლის. პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ.
ერთ-ერთი გამარჯვებული, ვენერა აბუსელიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ფიზიკის პედაგოგია. საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს პედაგოგიურ მიღწევებთან ერთად უნდა წარმოედგინა ერთი ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია.
„გარდა ამისა, ძალიან კარგად უნდა იცოდე ცერნის ისტორია, ბირთვული კვლევები, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე ელემენტარულ ნაწილაკთა კლასიფიკაციაში და უნდა გესმოდეს, როგორია ფიზიკის როლი თანამედროვე სამყაროში, ცხოვრების განვითარებაში და ა.შ“, – ამბობს ვენერა აბუსელიძე.
მან საპრეზენტაციო თემად „გავლენით დაელექტროება“ აირჩია. „ეს გაკვეთილი თანამედროვე, აქტიური სწავლების მეთოდებით მქონდა ჩატარებული. გარდა ამისა, წარვადგინე პორტფოლიო, სადაც ჩემი მოსწავლეების საკონფერენციო ნაშრომებიც იყო წარმოდგენილი. მათ მიერ დამზადებული ხელსაწყოების სურათების გამოფენა მქონდა.“
პედაგოგის თქმით, მოსწავლეებმა დაამზადეს ხელსაწყო, რომელსაც ელექტრული მშიშარა დაარქვეს. „ეს არის თოჯინა, რომელსაც ცელოფნის თმები აქვს და როცა დამუხტულ სხეულს მიუტან ახლოს, თმები ყალყზე დგება“.
შემდეგი ხელსაწყო ეს არის პერისკოპი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია გამოსახულების დანახვა, ჩვენ ზემოთ ან ქვემოთ.
ვენერა აბუსელიძეს სკოლაში ფიზიკის კლუბიც აქვს, სადაც მოსწავლეები მათთვის საინტერესო საკითხებს განიხილავენ. „ბევრი კითხვა აქვთ მოსწავლეებს შავი ხვრელების შესახებ, ამიტომ ძალიან აინტერესებთ, როგორ მუშაობს ცერნის კოლაიდერი, რომელიც სამყაროს უდიდეს მიკროსკოპს წარმოადგენს და შეიძლება ითქვას, სამყაროს უმცირესი კოსმოსია. ამ ყველაფერზე ბავშვებს ვესაუბრები, მაგრამ ცერნში მექნება იმის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი რეალურად ვნახო და შემდეგ მოვუყვე ჩემს მოსწავლეებს. რეალურად მექნება შეხება იმ ადამიანებთან, რომლებიც მიმიყვანენ გარკვეულ პასუხებამდე“.
ვენერა აბუსელიძე ორ სკოლაში მუშაობს. ამბობს, რომ კერძო სკოლაში ტექნიკური საკითხების მოგვარების მხრივ, უფრო მეტი ხელშეწყობა აქვს. საჯარო სკოლის ტექნიკური ბაზა მოძველებულია და იმასთან, რაც რეალურად სჭირდებათ, ნაკლებად აქვთ წვდომა. „როცა მასალებს ვამზადებ, ამაში ჩართული მყავს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. გარდა მასალის ცოდნისა, ამით ბავშვები სოციალურ ურთიერთობებსაც სწავლობენ, ვატარებთ საერთო კონფერენციებსაც,“ – გვეუბნება ის.
ვენერა აბუსელიძე დღემდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, მიმდინარე წლის ზაფხულში პედაგოგის საგნობრივი გამოცდების ჩაბარების შემდეგ კი, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.
სასწავლო კურსს ატომური კვლევების ლაბორატორიაში ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მარინა ჩაგანავაც გაივლის. უფროსი მასწავლებლის სტატუსი ამ პედაგოგმაც წელს მიიღო. „ძალიან მაინტერესებს ცერნის ლაბორატორიების ნახვა და მუშაობის პროცესი. ჩემი საპრეზენტაციო თემა უფრო პრაქტიკაზეა დამყარებული, ექსპერიმენტალური სამუშაოა მარტივი მექანიზმებით და ამ მარტივი მექანიზმებიდან დახრილი სიბრტყის მარგი ქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა. ჩავატარეთ პრაქტიკული სამუშაოები და მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ხელსაწყოებთან მუშაობა. ჩაწერეს ცდები და წარმოადგინეს,“ -გვეუბნება პედაგოგი.
მარინა ჩაგანავა ამბობს, რომ ცერნში მიღებული გამოცდილების შემდეგ, მოსწავლეებს საკონფერენციო თემებსაც მოამზადებინებს.
„მინდა, ბავშვებმა გაითავისონ, რომ ფიზიკის გარეშე არაფერი არ ხდება. ყველაფერი დაფუძნებულია ფიზიკაზე და იმ ატომის აგებულებაზე, რომელსაც უშუალოდ ახლა იკვლევენ. ჩემს ერთ-ერთ მოსწავლეს ჰქონდა საკონფერენციო თემა წარდგენილი თბილისში დიდი აფეთქების თეორიაზე და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან ჯილდოც მივიღეთ“.
მარინა ჩაგანავაც, კოლეგის მსგავსად, სკოლების მწირ ტექნიკურ აღჭურვილობაზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ახალი ტექნიკური საშუალებების შემოტანა სკოლებში აუცილებელია. „ჩემს ერთ-ერთ კოლეგას აქვს ლაბორატორიების კონკურსში წარდგენილი პროექტი და თუ გაიმარჯვებს, იქნებ მოგვაწოდონ ვირტუალური ლაბორატორიები და მისი მეშვეობით შევძლებთ ყველა გაკვეთილზე ცდების ჩატარებას“.
მესამე გამარჯვებული პედაგოგი, რომელიც ნოემბერში ცერნში გაემგზავრება, მე-6 საჯარო სკოლის ფიზიკის პედაგოგი, მერაბ გობაძეა. პედაგოგი ამბობს, რომ მისთვის არა მარტო ცერნი იქნება პირველი უდიდესი პროფესიული გამოცდილება, უცხო ქვეყანაშიც პირველად იმოგზაურებს.
პედაგოგის თქმით, ცერნში მოხვედრა არა მარტო ფიზიკოსებისთვის არის საინტერესო. „რასაც ვნახავ და მოვისმენთ, ბუნებრივია ამ ყველაფერს სკოლაშიც ნაყოფიერად გამოვიყენებთ. 14 წელია მასწავლებელი ვარ, თუმცა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მქონია“.
მერაბ გობაძის პრეზენტაციის თემა ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენას უკავშირდება. სამოდელო გაკვეთილი წარმოვადგინე. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ცერნთან დაკავშირებით თუ რა ინფორმაცია მქონდა.
სამყაროს თეორიებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია საინტერესო და მნიშვნელოვანია, ამიტომ მოლოდინი დიდი მაქვს და ვიცი, რომ კარგი და საინტერესო მოგზაურობა გველოდება. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ნობელის პრემიის ლაურეატები წაგვიკითხავენ ლექციებს ახალ აღმოჩენებთან დაკავშირებით, რაც, ბუნებრივია, ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ეს ერთგვარი მოტივაციაც იქნება ჩვენთვის, პედაგოგებისთვის,“-გვეუბნება მერაბ გობაძე.
გამარჯვებული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში,ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (ცერნში). პედაგოგები ცერნში 12 ნოემბერს ჩავლენ. საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის კონკურსი აჭარის განათლების ფონდმა გამოაცხადა.
2016 წელს ატომური კვლევის ცენტრში მახუნცეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი, მერაბ დიასამიძეც იმყოფებოდა.
_____________________
მთავარი ფოტო: ვენერა აბუსელიძე