მთავარი,სიახლეები

ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე გამგზავრებას არ აპირებს

18.04.2018 • 2839
ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე გამგზავრებას არ აპირებს

ბათუმის დრამატული თეატრი რუსეთში ფესტივალზე არ გაემგზავრება. ამის შესახებ „ბათუმელებს“ თეატრის დირექტორმა ოთარ კალანდაძემ განუცხადა. თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის თეატრი ორლოვის თავისუფალმა თეატრმა მიიწვია.

„გადავწყვიტეთ, რომ არ წავიდეთ. არც თანხები გვაქვს ამ მიმართულებით. წასვლის შემთხვევაში გზის ფული ჩვენ უნდა გადაგვეხადა, დანარჩენი ხარჯი – სასტუმრო, კვება, მასპინძელი მხარის იყო. ასე ეწერა მოწვევის დოკუმენტში“, – გვეუბნება ოთარ კალანდაძე.

დირექტორის თქმით, ორლოვის ფესტივალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალია, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც: „პოლონეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და ა.შ. მათ შორის ვიყავით მიწვეული ჩვენც“, – ამბობს დირექტორი.

„ბათუმელების“ კითხვაზე, იყო თუ არა თეატრში აზრი გაყოფილი ამ საკითხზე? ოთარ კალანდაძე ამბობს, რომ არა. თუმცა დასძენს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია.

„მან თქვა, რომ კულტურას არ აქვს საზღვარი, მაგრამ ჩვენ მაინც ოფიციალური თანხმობა ორლოვში წასვლაზე, პოლიტიკური მოვლენების ფონზე, არ გაგვიგზავნია და არც ვაპირებთ“, – გვეუბნება ის.

როგორც დირექტორი ამბობს, ორლოვის თეატრის წარმომადგენლებმა ბათუმის დრამატული თეატრის სპექტაკლები პოლონეთსა და ლიტვაში ნახეს და ძალიან მოეწონათ: „ამის შემდეგ გაუჩნდათ მიწვევის სურვილიც“.

თეატრმა რუსეთიდან მოწვევა 26 მარტს მიიღო. გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილება კი თეატრს 6 აპრილამდე უნდა მიეღო.

ბათუმის თეატრის  შესაძლო გასტროლზე რუსეთში სიუჟეტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშთეგმა“ 17 აპრილს მოამზადა. „ჰეშთეგთან“ ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა განაცხადა, რომ მათ ფესტივალში მონაწილეობაზე დასტური აქვთ ბათუმის დრამატული თეატრიდან.

______________

მთავარ ფოტოზე: სპექტაკლის აფიშა 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: