მთავარი,სიახლეები

ბათუმის ციხეში პატიმარი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა

18.04.2018 • 2471
ბათუმის ციხეში პატიმარი სამედიცინო მომსახურების მიღების მოთხოვნით შიმშილობდა

„ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი – ნუგზარ თაბაგარი მეშვიდე დღეა შიმშილობს,“ – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ანნა მდინარაძე. იგი ორი დღის წინ შეხვდა ამ მსჯავრდებულს. სახალხო დამცველი პატიმრის შიმშილობის ფაქტს ადასტურებს. ომბუდსმენის აპარატი ამ შემთხვევას უკვე სწავლობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ ნუგზარ თაბაგარმა შიმშილობა გუშინ საღამოს შეწყვიტა.

„ჩვენ გვითხრა ნუგზარ თაბაგარმა, რომ შიმშილობს სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამბობს, რომ სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულების ადმინისტრაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს აკეთებს. ამავე დროს, იგი უნდობლობას უცხადებს ბათუმის მე-3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალს. რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დროებითი განჩინება და სასჯელაღსრულების სამინისტროს დაავალა, ნუგზარ თაბაგარის მკურნალობა უზრუნველყოს,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ, რომელიც დღესაც ბათუმის ციხეში აპირებს პატიმრებთან, მათ შორის, ნუგზარ თაბაგართან შეხვედრას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განმარტავენ, რომ ნუგზარ თაბაგარი 11 აპრილიდან შიმშილობდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნუგზარ თაბაგარმა შიმშილობა შეწყვიტა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გადის თუ არა ნუგზარ თაბაგარი მკურნალობის კურსს, როცა ის მე-3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალს უნდობლობას უცხადებს და ამავდროულად სასამართლომ სასჯელაღსრულების სამინისტროს დაავალა ნუგზარ თაბაგარის მკურნალობის უზრუნველყოფა? – სამინისტროში გვითხრეს, რომ პაციენტი ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ექიმ-სპეციალისტთა მიერ დანიშნულ მკურნალობაზე.

„ნ.თ 28.11.2017 წლიდან- 28.02.2018 წლამდე მკურნალობის კურსს გადიოდა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია. არა ერთხელ იყო გაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც ასევე ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები და ექიმის კონსულტაცია,“ – აღნიშნულია სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილობით განმარტებაში.

ნუგზარ თაბაგარი იგი ციხის ბადრაგს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ეს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება, თუმცა 20 მარტის სხდომაზე  ნუგზარ თაბაგარის ტრანსპორტირება ბათუმიდან თბილისში ციხის ადმინისტრაციამ ავტომობილების არასაკმარისი რაოდენობის მიზეზით ვერ უზრუნველყო. ბათუმის ციხის ადმინისტრაციამ მინიმუმ ორი კვირით ადრე იცოდა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან, რომ ნუგზარ თაბაგარის პროცესი 20 მარტს იყო ჩანიშნული.

ადვოკატის, ბესარიონ ბოჭორიშვილის თქმით, ნუგზარ თაბაგარი აპირებდა მოსამართლის წინაშე დეტალურად ესაუბრა, თუ რა პირობებში იხდის სასჯელს ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში და რაში ადანაშაულებს კონკრეტულად ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისი თბილისის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან ის პროცედურები, რაც დაუნიშნა ექიმმა, ბათუმის არცერთ საავადმყოფოში და არც მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არის ხელმისაწვდომი. ადვოკატი ასეთ მდგომარეობაში პატიმრის ყოფნას ბათუმის ციხეში “სამედიცინო წამებას” უწოდებს.

ნუგზარ თაბაგარი ასევე გახლავთ გიორგი ოქროპირიძის საქმის მთავარი მოწმე, რომელმაც ბათუმის ციხის ადმინისტრაცია დაადანაშაულა არაადამიანურ მოპყრობაში. თაბაგარმა ოქროპირიძის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ ბათუმიდან თბილისისკენ მგზავრობისას ბადრაგი მოკვლით დაემუქრა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: