როდის დასრულდება ბსუ-ს სტუდენტთა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის [ბსუ] სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა 2018 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა შენობის დასრულების ვადა, შენობაზე ერთი სართულის დამატების გამო, 25 სექტემბრამდე გადაიწია. სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე შენდება.

ბსუ-ს თავდაპირველი გადაწყვეტილებით სტუდენტთა საცხოვრებელი სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ვექტორმა“ დაიწყო, რომელთანაც ხელშეკრულება 2 359 000 ლარზე გაფორმდა. მშენებლობის პროცესში გადაწყდა ერთი სართულის დამატება, შესაბამისად, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და თანხა 233 083 ლარით, ანუ 2 592 083 ლარამდე გაიზარდა.

მშენებარე სტუდენტთა საცხოვრებლის მეოთხე სართულის დასრულების სამუშაოებზე კი უნივერსიტეტმა ცალკე ტენდერი გამოაცხადა. ამჯერად სატენდერო თანხა 295 ათასი ლარია.

მეოთხე სართულის დასრულების სამუშაოები, მოიცავს შენობის შიდა კედლების მშენებლობის, შებათქაშების, სამღებრო, ჭერებისა და იატაკების, ელექტროობის, ინტერნეტის, ვიდეომონიტორინგის, სახანძრო უსაფრთხოებისა და გათბობის სისტემების, ცივი და ცხელი წყალმომარაგების, შიდა საკანალიზაციო სისტემების, სანიტარული კვანძების მოწყობის და სხვა სახის სამუშაოებს.

ანალოგიურ სამუშაოებს შენობის სამ სართულზე მშენებელი კომპანია „ვექტორი“ ჩაატარბსს, შენობის მეოთხე სართულზე კი სამუშაოები, შესაძლოა, ტენდერში გამარჯვებულმა სხვა კომპანიამ შეასრულოს.

ბსუ-ს სტუდენტთა ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს / 17.04.2018

როგორი იქნებოდა სამსართულიანი ახალი სტუდენტთა საცხოვრებელი, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, რამდენიმე თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.

ამავე თემაზე:

ბსუ კვლევითი ინსტიტუტისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com